USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«The Independent» (დიდი ბრიტანეთი): „პუტინის ბოროტი გენია“: რა დეტალები იმალება ტრამპ-პუტინის სავარაუდო გარიგებაში“
თარიღი:  833

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინის ბოროტი გენია“: რა დეტალები იმალება ტრამპ-პუტინის  სავარაუდო გარიგებაში“ (ავტორი - ოუენ მეთიუზი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპისათვის კრემლთან მოლაპარაკება უკრაინის ომის სწრაფი შეწყვეტის საშუალებას წარმოადგენს. და თუ მას ამისათვის ნობელის მშვიდობის პრემიას მიანიჭებენ, მაშინ აშშ-ის პრეზიდენტს ოცნება აუხდება (პლუს მომგებიანი გარიგებები ექნება ამერიკული ბიზნესისათვის - როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთშიც). თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინისათვის მოლაპარაკება ომში გამარჯვების აღიარების საშუალებაა, ხოლო გამარჯვებულს სამხედრო ტროფეიც ელოდება. პუტინმა სწორად გათვალა, თუ როგორ დაითანხმოს აშშ-ის პრეზიდენტი მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე - დაატკბოს ნებისმიერ გარიგება რაიმე მიმზიდველი საქმიანი წინადადებით ამერიკელებისათვის.

თეთრი სახლის ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, სატელეფონო საუბრის დროს ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ქვეყნისათვის უდიდეს ეკონომიკურ მოგებას უზრუნველყოფს.

რომელ დარგებში შეიძლება დაიდოს გრანდიოზული ეკონომიკური გარიგებები? 1990-იან წლების დასაწყისში ამერიკულმა და ევროპულმა ტრანსეროვნულმა კომპანიებმა, რომლებიც საკუთარ თვალს და ყურს არ უჯერებდნენ რაც მოხდა - საბჭოთა იმპერიის დაშლა - მზერა რუსეთს მიაპყრეს, რომ კომუნისტურ ნანგრევებზე გამდიდრებულიყვნენ. ამერიკულმა გიგანტებმა - ისეთებმა, როგორებიცაა Procter & Gamble, Ford, McDonald's и Philip Morris, და ევროპულმა ბრენდებმა, როგორებიცაა Pirelli, Ikea, Volkswagen, Danone და Siemens, უამრავი ფული იშოვეს და მთელ რუსეთში ქარხნები და ფაბრიკები ააშენეს. 2020 წლისათვის McDonald's-ის ვაჭრობამ რუსეთში კომპანიის მთელი ვაჭრობის 10% შედგინა.

მაგრამ უკრაინასთან ომის დაწყების გამო ბევრმა დასავლურმა კომპანიამ რუსეთი დატოვა და თუ ისინი ისევ მოისურვებენ რუსულ ბაზარზე დაბრუნებას, ამისათვის საკმად ბევრი დრო იქნება საჭირო, პლუს აუცილებელი გახდება მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როგორც ჩარლზ ჰეკერი, რუსულ ბაზარზე 40-წლიანი გამოცდილების მქონე გეოპოლიტიკური რისკების კონსულტანტი ამბობს, „იმ კომპანიებისათვის, რომლებიც რუსეთში დაბრუნდებიან,  პოლიტიკური რისკების დაზღვევა ასტრონომიულად მაღალი იქნება და საერთოდ საეჭვოა, რომ დაზღვევა განხოციელდეს. განა თეთრი სახლი მათი ბოლო ინსტანციის გარანტორი იქნება?“.

და მაინც თეთრი სახლის ლაპარაკმა იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობაში აშშ „დიდ მოგებას“ და „უდიდეს ეკონომიკურ გარიგებებს“ მიაღწევს, უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების შეშფოთება გამოიწვია. ფაქტიურად, ეს ნიშნავს იმას, რომ მალე აშშ რუსეთს სანქციებს მოუხსნის ან შეასუსტებს. გავიხსენოთ, რომ 2022 წელს აშშ-ის ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ დასავლური სანქციები რუსეთის ეკონომიკას სწრაფად დაანგრევს და ვლადიმერ პუტინს სამხედრო ხარჯებისათვის ფული აღარ ექნებაო, მაგრამ მოხდა პირიქით - კრემლმა მოახერხა რუსეთის ეკონომიკის სწრაფი გადაყვანა საომარ ყაიდაზე (სამხედრო რელსებზე) და ირიბი გზები გამონახა ნავთობისა და გაზის ექსპორტისათვის. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსკოვს პრობლემები არ აქვს... აქვს და თანაც საკმაოდ ბევრი, ამიტომ ვლადიმერ პუტინი, პრინციპში, ალბათ, მიესალმებოდა სანქციების გაუქმებას, თუმცა მას კიდევ აქვს შესაძლებლობა ორი-სამი წლის განმავლობაში ბრძოლა თავისუფლად გააგრძელოს.

რუსეთს ბევრი სიმდიდრე და მეტი რეზერვი აქვს. შტოკმანის გაზის საბადო, რომელიც არქტიკაში, კუნძულ ახალ მიწასთან ახლოს მდებარეობს, მსოფლიოში უდიდეს ბუნებრივი გაზის ისეთ საბადოს წარმოადგენს, რომლის დამუშავება ჯერ არ დაწყებულა, ანუ საბადო, შეიძლება ითქვას, [ამერიკელ] ინვესტორებს ელოდება. გარდა ამისა, ბევრი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 40-45 წლის წინ მიტოვებული ნავთობ-გაზის საბადოები შეიძლება ხელახლა ამოქმედდნენ, თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით [იმავე აშშ-ის ხელშეწყობით).

თეორიულად, დონალდ ტრამპის სამომავლო დაპირება, რომ რუსეთს ეკონომიკური სანქციები (ან მათი ნაწილი მაინც), სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ მოეხსნებაო, ამერიკას ევროკავშირთან დაპირისპირებას უქადის. იმიტომ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ანტირუსულ სანქციებს კიდევ უფრო გაამკაცრებენ და გააფართოვებენ. და თუ ვაშინგტონ-ბრიუსელის დაპირისპირება მართლაც გაღრმავდება ისედაც უკვე დაძაბულ ფონზე, ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს. გარდა ამისა, ევროპას აშშ-სთან დაპირისპირება კარგს არაფერს მოუტანს, მას გაუჭირდება ერთდროულად ეკონომიკაც გაანვითაროს, სამხედრო ხარჯებიც გაზარდოს და უკრაინასაც დაეხმაროს. ნებისმიერ შემთხვევაში ევროპას აუცილებლად დაჭირდება რუსული იაფი გაზი, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ერთი (აუფეთქებელი) მილსადენის მეშვეობით. მეორე (აფეთქებული) მილსადენის რემონტი დაახლოებით 200 მილიონი ევრო დანახარჯს მოითხოვს. გერმანული „ბილდის“ (Bild) მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი“ შეიძლება იჯარით ამერიკას გადაეცეს გაზის ექსპორტის განახლების მიზნით (ამისათვის შესაბამისი კონტრაქტის შემუშავება უკვე მიმდინარეობს).

რასაკვირველია, რუსული გაზის იმპორტის განახლება გერმანიასა და საერთოდ ევროკავშირში პოლიტიკურ დავებს გამოიწვევს. არიან მოწინააღმდეგებიც, მაგრამ არიან მომხრეებიც, მაგალითად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“, რომელმაც ბუნდესტაგის არჩევნებში ხმების 21% მიიღო.

რაც შეეხება „ყბადაღებული“ მინერალებით (იშვიათმიწა ლითონების) სარგებლობის შეთანხმებას, რომელიც თეთრ სახლში მომხდარი ცნობილი სკანდალის შემდეგ ჯერაც არ დადებულა, საკმაოდ საეჭვოა ფართო ბიზნესის საწარმოებლად. მართლაცდა, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, უკრაინაში პრაქტიკულად არ არის იმ „იშვიათმიწა ქიმიური ელემენტების“ დიდი საბადოები, რომლებიც განსაკუთრებულ ჯგუფში შედის, 17 დასახელებით და რომლებიც ელექტრონულ წარმოებაში და აკუმულატორების დასამზადებლად გამოიყენებიან.

და თუნდაც ასე არ იყოს და ჩავთვალოთ, რომ უკრაინას იშვიათმიწა ლითონების დიდი მარაგები აქვს, სამწუხაროდ, მათ ექსპლოატაციას კიევი ვერ ახორციელებს და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ლითიუმის ყველაზე მომგებიანი საბადო რუსებს აქვთ ოკუპირებული. ასე რომ, მინერალების შესახებ აშშ-უკრაინის სავარაუდო ხელშეკრულებას უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პრაქტიკული.

მაგრამ დონალდ ტრამპი თავისი „გარიგების დადების ოსტატის“ იმიჯით ძალიან არის გატაცებული. ვლადიმერ პუტინმა ეს შენიშნა და მზადაა ამერიკელი კოლეგა ნებისმიერი შეთავაზებით მოხიბლოს და სანქციები გააუქმებინოს, რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ რუსეთი ისევ იქნება აღიარებული ძლიერ სახელმწიფოდ.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის