USD 2.7775
EUR 3.0186
RUB 3.2174
Тбилиси
«The Independent» (დიდი ბრიტანეთი): „ევროპისათვის ჯერ კიდევ უცნობი გასტრონომიული სამოთხე, სადაც ღვინო და საჭმელი ძალზე იაფია“
дата:  382

ბრიტანულ ცნობილ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) რუბრიკით „მოგზაურობა“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპისათვის ჯერ კიდევ უცნობი გასტრონომიული სამოთხე, სადაც ღვინო და საჭმელი ძალზე იაფია“ (ავტორი - მარიანა ჰანტი). ბრიტანელებს ძალიან მოეწონებათ საქართველო, სადაც ბევრი ბევერი რამ იუნსკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ჩვენ იმ საღამოს ათამდე სადღეგრძელო დავლიეთ. წითელი ღვინო ძალიან იოლად და მსუბუქად ისმებოდა და მიუხედავად იმისა, რომ არ მშიოდა, ხაჭაპურის ბოლო ნაჭერი იმდენად მაცდუნებლად მოჩანდა, რომ ვერ მოვითმინე... ვუყურებდი სუფრას და ვფიქრობდი: რას მიქვია საფრანგეთი... აი, სწორედ აქ, საქართველოში იციან მეღვინეობა და ღვინის კულტურა. 

ღვინო, რომელსაც ვსვამდით, „ქართული საფერავი“ იყო, რომელიც ფრანგული „ბორდოს“ ჰგავს. ვაზის ჯიში „საფერავი“ საქართველოში ვენახის მეფეა - ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს მსოფლიოში მეღვინეობის ყველაზე უძველესი კულტურის ცენტრი.

მე ვიყავი სახალხო მომღერლის, ფერმერ სიმონ რუაძის ოჯახში, რომელიც განთქმულია მთელ კახეთში - საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ქართული ღვინის 80% მზადდება.

აქაური ღვინის ხარისხი მაღალია, ფასი კი ძალიან დაბალი - ბევრ ადგილობრივ რესტორანში ერთი ბოთლი უმაღლესი ხარსისხის ღვინო სულ რაღაც 2 გირვანქა სტერლინგი ღირს. ღვინო საქართველოში ეროვნული სიამაყის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც იუნესკოს მიერ არის აღიარებული.

ქართული ღვინის მოხმარების წესებს მეტ-ნაკლებად რომ დაეუფლო, ამისათვის აუცილებელია მონაწილეობდე ტრადიციულ სუფრაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია გემრიელი ეროვნული საჭმელები, სასმელები და სიმღერები. ქართული ტრადიციული სუფრა („ქეიფი“) შეიძლება მთელი დღე  გაგრძელდეს (ზოგჯერ მთელი ღამის განმავლობაშიც!) და მას თან ახლავს მრავალრიცხოვანი სადღეგრძელოები. სუფრას უძღვება სპეციალურად დანიშნული თამადა ანუ „სადღეგრძელოთმცოდნე“.

სიმონი გულუხვად გვიმასპინძლდება ტრადიციული ქართული სუფრით, რომლის ორგანიზება ტურისტული ოპერატორის Regent Holidays-ის ხელშეწყობით განხორციელდა (მეც სწორედ მისი დახმარებით ვმოგზაურობ). სიმონის შვილი და შვილიშვილი სუფრას რომ შლიდნენ, გაკვირვებული დავრჩი ეროვნული კერძების სიუხვით - ისინი უწყვეტად, საჭმელების ერთგვარი აღლუმის სახით, ეზიდებოდნენ ათასნაირ ქართულ ნუგბარს: ხაჭაპურებს, ბადრიჯნისგან მომზადებულ კერძებს (ნიგვზით), შემწვარ გოჭს და, რა თქმა უნდა, ბევრ ღვინოს. საჭმელთა ნაკადი დროებით მხოლოდ სიმონის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოების დროს ჩერდებოდა.

თამადის მიერ თქმული სადღეგრძელოები მრავალი ელემენტისაგან შედგება - დაწყებული „შევსვათ უფლისა და სამშობლოს დიდებისათვის“ და დამთავრებული გრძელი ისტორიებით  ბავშვობაზე, ხუმრობებით ვლადიმერ პუტინზე და სიმღერა-ცეკვებით - თვითონ თამადისა და მისი შვილიშვილის შესრულებით. ეს არის სრულიად უნიკალური გამოცდილება, რომელიც არ ჰგავს არცერთ მათგანს, რომლებიც მე მსოფლიოს მეღვინეობის რეგიონებში მინახავს.

და რაც ყველაზე სასიამოვნოა, თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი მალე თვითონვე ნახოთ და გაიზიაროთ - რამდენიმე ავიაკომპანია გეგმავს დიდი ბრიტანეთიდან საქართველოსკენ რეგულარული რეისების გახსნას. 2025 წელს  British Airways (30 მარტიდან) და  EasyJet (პირველი აპრილიდან), ლონდონიდან თბილისში.

საქართველოში სამოგზაუროდ ყველაზე კარგი დრო შემოდგომაა. მე კავკასიის ამ ლამაზ ქვეყანაში სექტემბრის ბოლოს ვიყავი, როცა ხეები დახუნძლული იყო ნაყოფით, ტემპერატურა კი 22 გრადუსს აღემატებოდა. და რაც მთავარია, ეს ის დროა, როცა საქართველოში ეროვნული მეღვინეობის კულტურის უნიკალური ასპექტი ვლინდება - რთველი, ყურძნის მოსავლის აღების დღესასწაული. რთველი კახეთში სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში იწყება, როცა ოჯახის წევრები, ნათესაობა ერთად იკრიბება ვენახში ყურძნის საკრეფად, რომლისგანაც ღვინოს ამზადებენ. რთველს თან ახლავს სიმღერები, ცეკვები და სუფრა-ქეიფი.

საკურორტო სპა-სასტუმრო და მარანი „ლოპოტას ტბა“, რომელიც კახეთის რეგიონში მდებარეობს, ყოველწლიურად ატარებს რთველის ფესტივალებს, რომელშიც მონაწილეობა ყველა სტუმარს შეუძლია. სასტუმრო-რესტორნის კომპლექსი შედგება ტბის გარშემო  მდგარი 16 ვილისაგან, რომელთაგან თითოეულში რამდენიმე ნომერია. დაკლაკნილ ბილიკებს, ბაღ-ბოსტნებთან ახლოს (სადაც ერთი კაცი უშველებელ კვახებს აგროვებდა), ღვინის მარანის ქვით აგებულ დარბაზთან მივყავართ...

რთველში მონაწილეობის მისაღებად წავედით ვენახში, სადაც წინასწარ იყო მომზადებული სეკატორები და დაწნული კალათები. მწიფე ქარვისფერი და ლალისფერი ყურძნით სავსე კალათები მივიტანეთ საწნახელთან, სადაც ვაზის ნაყოფის დაწურვა ხდებოდა, შემდგომი ფერმენტაციისა და დაღვინებისათვის.. შემდეგ ჩვენ დავსხედით მწვანე მინდორზე, სასტუმრო-რესტორან „ლოპოტას“ პერსონალი კი ღორის  მიმზიდველად დაცვარული გემრიელი მწვადით, შემწვარი კვახით და ხილით გვიმასპინძლდებოდა. „ლოპოტა“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა 9 საცურაო აუზით, სპა-სალონით, და 5 რესტორნით (ჯაზ-კლუბის ჩათვლით) და რეგიონში ერთ-ერთ ძვირად ღირებულს წარმოადგენს. თუმცა ამ ძვირფასი სასტუმროს ნომრის ღირებულება მხოლოდ 220 გირვანქა სტერლინგს შეადგენს ერთ ღამეში.

თქვენ რომ ანალოგიურ სასტუმროში სადღაც ბურგუნდიაში ან ტოსკანაში (იტალია) იცხოვროთ, ერთ ღამეში 350 და მეტ გირვანქა სტერლინგს დახარჯავთ. საქართველოში კი რთველის დღესასწაულში მონაწილეობის დროს სასმელ-საჭმელი და გართობა-დასვენება უფასოა.

ასეთ სამოთხისებურ ადგილზე ყოფნისას ძნელი დასაჯერებელია, რომ  კავკასიის მთების ძირში მდებარე კურორტ ლოპოტას მიღმა რუსეთი მდებარეობს. თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლები, მაგალითად, ნინო მამისაშვილი, ექსკურსიების გიდი, ოპტიმისტურად არის განწყობილი: „ჩვენ აქ რაიმე საფრთხეს არ ვგრძნობთ... საქართველოში ოდითგანვე ხდებოდა კონფლიქტები, ახლა კი სიმშვიდეა“.

საღამოს თბილისისაკენ რომ ვბრუნდებოდით, გზაში საკმაო დრო დავხარჯეთ, თუმცა სასიამოვნო მიზნისათვის - ჩვენმა ტუროპერატორმა Regent Holidays-მა დაგვათვალიერებინა საუკეთესო ადგილობრივი ვენახები და სადეგუსტაციო ღვინის მარნები, მაგალითად, კომპანია „შუმის“ მარანი, რომელიც პოპულარულია თავისი „მომღერალი შადრევნებით“ და მანათობელი გირლიანდებით, რომლებიც ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნიან.

დეგუსტაცია საფრანგეთში უფასოა, მაგრამ ძალიან ცოტას თუ გთავაზობენ იმ ანგარიშით, რომ რაღაცას მაინც შეიძენ. საქართველოში კი სულ რაღაც 10 გირვანქა სტერლინგად შეგიძლიათ რამდენივ გსურთ იმდენი დალიოთ, ყველა ჭურჭელი ღვინით შეავსოთ, რომელიც თან გაქვთ და წაიღოთ. პარალელურად მეღვინე უფასოდ გაგისმასპინძლდება ადგილობრივი გემრიელი საჭმელებით. პირადად მე ღვინოც დავაგემოვნე და საჭმელებიც მივირთვი.

„ჩვენ, ქართველებს, ასეთი ბრძნული გამოთქმა გვაქვს: „სტუმარი ღვთისაა“, - ამბობს ლალი ბალამწარაშვილი, Regent Holidays-ის გიდი, - სტუმართმოყვარეობა ყველა ქართველისათვის ბუნებრივი გრძნობაა“.

მე თამადა არ ვარ, მაგრამ ყველას გთავაზობთ შესვათ ქართული სტუმართმოყვარეობის სადღეგრძელო.

 

культура
„მამის მეგარმუნე ქალი“ – ლელა თათარაიძე

თუშური სიმღერებისა და მელოდიების განუმეორებელ ავტორ-შემსრულებელთან, ლელა თათარაიძესთან ინტერვიუს ჩაწერის იდეა მის 75 წლის იუბილეს უკავშირდება.

ალბათ ინტერვიუზე დათანხმება გაგვიჭირდებოდა, რომ არა ეთერ (ეთერო) თათარაიძე – პოეტი, ფოლკლორისტი, ლელა თათარაიძის და. იგი ესწრებოდა ინტერვიუს ჩაწერის პროცესსაც. ამიტომ, ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება მისი ჩართვებისა და კომენტარების გაცნობა.

ლელა თათარაიძის საიუბილეო საღამო 24 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ იუბილეს მიეძღვნა ფოლკლორის ცენტრის ფოტოპროექტიც „ლელა და ეთერო“.

– ვეცადე, თქვენთან ინტერვიუსთვის მაქსიმალურად მოვმზადებულიყავი, თუმცა თქვენი სხვა ინტერვიუ ვერსად ვიპოვე, არ იძებნება. ალბათ, შეიძლება ითქვას, ეს ექსკლუზიური ინტერვიუა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, დიდ მადლობას გიხდით.

– დიახ, შეიძლება ასეც ითქვას, რადგან არასოდეს არაფერზე არ ვლაპარაკობ.

– გვიამბეთ, როგორ ცხოვრობთ ახლა? როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

– ასაკი, ჯანმრთელობა – ყველაფერი წარმავალია, ასაკს მოაქვს ან ეს, ან – ის.

– მალე თქვენი 75 წლის იუბილეა. საინტერესოა, როგორ აფასებთ თქვენს განვლილ ცხოვრებას? წარსულზე როცა ფიქრობთ, პირველად რა გახსენდებათ? სად გაიმარჯვეთ და სად დამარცხდით?

– გამარჯვებისა და მარცხისა რა მოგახსენოთ, არაფერი მახსოვს, არც ჩავეძიები ხოლმე, როდის რა იყო, როდის რა შევქმენი და გავაკეთე. რაღაც სულ სხვანაირი განწყობა მაქვს ხოლმე. არც მილაპარაკია, არც მიყვირია, როდის რა გავაკეთე და რა ვერ გავაკეთე. რით მეტკინა გული და გამიხარდა. უფრო მდუმარება მიყვარს, ვიდრე ლაპარაკი. ფიქრი მიყვარს, ფიქრი ნისლია მთებისა...

– გაიხსენეთ, როდის იგრძენით პირველად სიმღერასთან კავშირი.

– სიმღერასთან ბავშვობიდან მქონდა შეხება, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ პროფესიად გავიხდიდი, გავყვებოდი და გამოვჩნდებოდი. ასეთი სურვილი არასოდეს მქონია. სულ სხვა პროფესია მინდოდა, არ გამიშვეს და ამიტომ...

– რა პროფესია გინდოდათ?

– მფრინავობა, ფრენა მინდოდა და დედაჩემმა გაიგიჟა თავი, არაო. მამა ბევრს არ იტყოდა, ან ჰო, ან არა. დედამ, არაო. ვკითხე, რატომ-მეთქი? ახლა მე იქ შენ სად გისაგონოო (სად ვიფიქრო, შენ სად ხარ ცაშიო – რ.კ.), რაღაც რომ მოხდესო?! მე ვუთხარი, მიწაზე არა კვდებიან-მეთქი? არაო და გამზადებული საბუთებით დამტოვა ასე.

– პირველად როდის იმღერეთ?

– საშუალო სკოლა რომ დავამთავრე, გიორგი (ბუხუტი) დარახველიძე ჩამოვიდა ალვანში. ანსამბლი ჩამოაყალიბა. იქ წამყვანი სოლისტი ვიყავი, სხვათა შორის, ეს აზრიც ბუხუტისგან იყო, მან მითხრა, შენ ამ საქმეს უნდა გაჰყვე და ისწავლოო. რამდენიმე მეგარმონე ქალი იყო ბუხუტისთან. ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადა იმართებოდა იმ დროს (იგულისხმება 1958 წელს მოსკოვში ჩატარებული ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადა – რ.კ.). ბუხუტი ჩამოვიდა ახმეტის რაიონში, რომ სასწრაფოდ ჩამოეყალიბებინა ანსამბლი. ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, უნიჭიერესი ქორეოგრაფი. მოიფიქრა, რომ ფოლკლორი ყოფილიყო წინა ხაზზე, 65 გარმონიანი ქალი შეგვკრიბა, თან ვცეკვავდით. ცეკვის ნახაზი ისე იყო გაკეთებული, რომ 65 მეგარმონე ქალი ციფრ 50-ს ვწერდით. მოსკოვში, ყრილობათა სასახლის დარბაზში, ვიცეკვეთ. სამი ფერი ეცვათ შემსრულებლებს, თეთრი მარტო მე მეცვა, წამყვანი სოლისტი ვიყავი იმ ანსამბლისა.

– ეს იყო თქვენი დებიუტი დიდ სცენაზე?

– ქვეყნის გარეთ პირველი გასვლა იყო, ისე რაიონულ ოლიმპიადებზე, სკოლაში სულ ვმღეროდი გარმონით.

– თქვენს ბავშვობას რომ დავუბრუნდეთ, რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად?

– ალვანში და, მით უმეტეს, თუშეთში სხვა რა გასართობი გვქონდა, შევიკრიბებოდით ბავშვები, ვდგამდით რაღაცა ლხინს, ცეკვას, ნოველებს; მგელსა და კრავს და რაღაცებს ვასახიერებდით დეკორაციებით. სახლში ხომ ყველა ვმღეროდით. სულ მუსიკის ხმა ისმოდა ჩვენი სახლიდან.

საუბარში ერთვება ლელას და, ეთერო თათარაიძე:

– ჩავერთვები, რა. არ მამღერებდნენ. როგორც კი ამათთან სიმღერას ვიწყებდი, წკუპ და ჩემი სამივე და-ძმა წკაპუნით გაჩერდებოდა. დედა ეკითხებოდა, რად არ ამღერებთო. სამივე ერთდროულად წამოიძახებდა: „ურევს!“

– გარმონი თქვენს ცხოვრებაში რუსეთში წასვლის შემდეგ შემოვიდა?

– არა, იქამდეც. სკოლაში სულ ჩემი გარმონი იყო. ოლიმპიადებზე, სკოლის და რაიონის ღონისძიებებზე – ყველგან გარმონით სულ მე ვიყავი. თავიდან გარმონი არ მქონდა და თუშეთში თხელ ფიქალს (სიპი ქვა) გავხვრეტდი, კლავიატურას ნახშირით დავუხატავდი, ბაწარს გავუყრიდი და ვითომ გარმონზე ვუკრავდი, მელოდიას ხმით ვასრულებდი.

კვლავ ერთვება ეთერო:

– ეს ფიქალი ხომ ჭრიდა ბაწარს, ბაწარი არის თუშური დართული საქსოვი ძაფი. დედამ, სულ ფეხები ჰქონდა დალურჯებული და გაჭრილი, ის უცებ გაუწყდებოდა და ზედ ეცემოდა სიპი ქვა, მაგრამ არ ადარდებდაო. სახლს რომ ვაშენებდით, მეორე სართულზე ფანჯრები არ გვქონდაო; ლელა გადაყოფდა ფეხებს და ეს სიპი ქვა „გარმონი“ ეჭირა, დილიდან საღამომდე რომ არ ჩამოგეყვანა, საჭმელიც კი არ ახსოვდა, მღეროდა ამვლელ-ჩამვლელისთვისო. ვინ გამოხვალო, რომ ეკითხებოდა, მამის მეგარმუნე ქალიო.

– სხვა საგნებს როგორ სწავლობდით სკოლაში?

– ტექნიკური საგნები შორს ჩემგან, უფრო ჰუმანიტარული – ქართული, ისტორია. მასწავლებლებს გარმონისთვის ვუყვარდი და მიწერდნენ ნიშნებს.

– ბავშვობის სიმღერა რომელია? ყველაზე ხშირად რომელ სიმღერას ღიღინებდით?

– მაგალითად, მამასა და ბიძებისგან გვესმოდა „შირაქში ერთმა მეცხვარემ სიზმარი ნახა ზიანი, ადგა და ბიძას უამბო...“ (მღერის).

ისევ ეთერო საუბრობს:

– ისეთი ხმა ჰქონდა, ღამე სოფელი რომ ჩუმდებოდა, ნიავს მიჰქონდა ლელას სიმღერა, წარმოუდგენელი ხმა იყო.

– ბავშვობაში ოჯახში როგორი ურთიერთობა გქონდათ მშობლებთან?

– ბავშვობაში და შემდეგ ახალგაზრდობაშიც მშობლების ხათრი და რიდი გვქონდა ყველაფერში, დიდად არც შევეწინააღმდეგებოდით, მე ეს მინდა, ან არ მინდა. ამას ვერც გავბედავდით და ვიკადრებდით. ჩვენ სხვა მენტალიტეტით ვიზრდებოდით, მით უმეტეს, მთის ხალხი. მამა უფრო დამთმობი იყო. ჩვენს ახალგაზრდობაში არტისტი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყავი. სცენა, არტისტი – არ შეიძლებოდა, მით უფრო, სოფელში. არ მახსოვს, მამაჩემს ეთქვა, რომ არ წახვალ მაგ პროფესიაშიო. კონცერტები გვქონდა, ღამით გვიან ან გამთენიისას მოვიდოდი სახლში. არ მახსოვს, მამას ეთქვას, სად იყავი ამდენ ხანსო. დედა დიდად არ იტყოდა, მაგრამ იჯდა და ათენებდა ღამეს, მით უფრო, როცა ჩემი მანქანა მყავდა. დედას არასოდეს არ დაუძინია, სანამ არ მივიდოდი, თუნდაც გამთენიისას. რომ მოვიდოდი, დამშვიდდებოდა.

– ალვანის სკოლასა და ბაღში მუშაობდით მასწავლებლად და გუნდის ხელმძღვანელად. როგორც ლოტბარი და პედაგოგი, როგორი იყო თქვენი მიდგომა ბავშვებისა და სწავლების მიმართ?

– დიპლომი დავიცავი ოჟიოს სკოლაში, ახმეტის რაიონია. ერთი წელი იმ სკოლაში ვმუშაობდი, გაკვეთილებიც იქ მქონდა, გუნდიც და ყველაფერი. იმ დროს ახალგაზრდა ხარ და არ აქცევ ყურადღებას, მაგრამ წლები გადიოდა და შემხვდებოდნენ მოწაფეები ან მასწავლებლები. არც ვიცნობდი ბევრს, „ლელა მასწავლებელო!“ და „ლელა მასწავლებელო!“ – მხვდებოდნენ თბილად. დასკვნა გამოვიტანე, რომ სიყვარული დავტოვე იქ. გაკვეთილზე რომ შევდიოდი, ზარი რომ დაირეკებოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, არცერთი გარეთ არ იყო, კლასში მელოდებოდნენ. ჩვენს მასწავლებლებს უკვირდათ, ჩვენ ვერაფრით მოვიხელთეთ ეს ბავშვები, გადარეული არიან, ნახევარი გაკვეთილის მერე შემოხსნიან კარებს ან ხმაურობენ, შენ როგორ ახერხებო. რომ მეკითხებოდნენ, ამას როგორ ვაკეთებდი, არ ვიცი, ეტყობა, სულ სხვა მიდგომა მქონდა. ამ სიმღერებზე, ტრადიციებზე ველაპარაკებოდი, ინტერესს ვუღვივებდი, მარტო სიმღერას არ ვასწავლიდი.

– ბავშვების ამბავი ერთია, მეორე კი უკვე ზრდასრულებთან რომ გიწევს მუშაობა და ანსამბლის, გუნდის ხელმძღვანელობა. თქვენი აზრით, რა გამოწვევებსა და სირთულეებთან არის დაკავშირებული ანსამბლის ხელმძღვანელობა?

– ტრიო, კვარტეტები, ანსამბლები... რა ვიცი, რთულია. უბრალოდ, დაგვიანებას ვერ ვეგუები. ერთი საათით რომ დააგვიანებს და მოვა, ვითომ არაფერი, აქ კი ამდენი ადამიანი ელოდება, არ ვიცი, ეს ჩემთვის რა არის. გარმონთან ძირითადად მეხით მოძრაობა მაქვს, პირველი მე შემოვიტანე ეს მოძრაობა. ჩარჩოში არაფერი მაქვს; სიმღერაა თუ ინსტრუმენტია, რა ხასიათზეც ვარ, ორთვლიანს ზოგჯერ რვაზე გავუშვებ და პირიქით.

– 1992 წლიდან მუშაობდით მერაბ კოსტავას სახელობის ეროვნულ თეატრში, იყავით მუსიკალური გამფორმებელი და მსახიობიც. ეს ახალი სფეროა. გვიამბეთ თქვენი ცხოვრების ამ ეპიზოდზეც, რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის, როგორც მსახიობისა და როგორც მუსიკალური გამფორმებლისათვის, თეატრის ეს მიმართულება?

– ეგ თეატრშიც მქონდა, კინოშიც და ყველგან. გოდერძი ჩოხელის ფილმები, იურა კვაჭაძის ფილმები. ვთამაშობდი კიდეც ორივე ფილმის ეპიზოდებში. ბევრი ფილმი მაქვს მუსიკალურად გახმოვანებული. „სურამის ციხისთვის“ ზურაბის დედის ტირილი მე ჩავუწერე. ფარაჯანოვი და დოდო აბაშიძე იყვნენ მაშინ.

– კოსტავას ეროვნულ თეატრში ვთამაშობდი სპექტაკლში „ნურც რა მოგშლია, არწივო, ბუდეი“, თუშების ცხოვრებაზე იყო. ნინუა, თეატრის ხელმძღვანელი, ერთი წელი მითვლიდა, მიბარებდა, ჩვენთან უნდა მოხვიდეო. კინო არ არის იმდენი სალაპარაკო, რა მაქვს ისეთი, არაფერი. „ადამიანთა სევდა“, „ექვსი თოვლიანი დღე“, „წიგნი ფიცისა“ – ამ ფილმებში ჩემი სიმღერაა გამოყენებული. „წიგნი ფიცისა“ რომ გადაიღეს, ბიძინამ (კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე – რ.კ.) სიმღერა გააკეთა, გიგა ლორთქიფანიძე იყო რეჟისორი. მითხრეს, რომ იქ უნდა მემღერა ინგილო ქალის „ნანა“. ვუთხარი, ვიმღერებ, მაგრამ ისე, როგორი განწყობაც მოვა, მელიზმები, ჩახვევები უნდა ყოფილიყო ჩემი. მერე მითხრეს, რომ „დალაი“ – თუშური „ზარი“ გვჭირდებაო. ვუთხარი, რომ ეს კაცების „ზარი“ იყო და ამას თავისი განუყოფელი მელოდია ჰქონდა. იქვე შევასრულე, ძალიან მოეწონათ და მითხრეს, რომ ესეც მე უნდა შემესრულებინა. უარი ვუთხარი, რადგან ქალები არ ასრულებდნენ „ზარს“. მოიყვანეს ჰამლეტ გონაშვილი. ჰამლეტი სიმღერის დას მეძახდა, სახელით არ მომმართავდა. საოცარი ადამიანი იყო, ბუნების, მთების მოყვარული. ისწავლა, მაგრამ ხმის ტემბრი არ მიესადაგა, თვითონაც ასე ფიქრობდა. მოიყვანეს თემურ ქევხიშვილი და ჩაწერეს თემური.

ყველა ლექსს თავისი ისტორია აქვს, თუ ეს ისტორია არ იცი და შენს გულში არ ჯდება, შეიძლება ტკივილით, სიხარულით, იმას მე ვერ მივიღებ. მეუბნებიან, როგორ ძლიერ ლექსებს იღებ და ძლიერ ლექსებზე აკეთებო.

თუშური მელოდიები, რაც ბავშვობაში, ახალგაზრდობაში მესმოდა, რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა, ყველაფერი ზეპირად ვიცი. ამ მელოდიებზე ტექსტებს მე ვადებ და მე ვარგებ, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია, რამდენიმეს გარდა. ლექსი არის ფშავ-ხევსურების, მით უმეტეს, ხევსურების. მელოდია-მუსიკა არის თუშების.

– თქვენი და თქვენი დის ვარსკვლავი ერთად გაიხსნა. თქვენს შემოქმედებაშიც არის ეთეროს პოეზია. საერთო ისტორია გაქვთ, ერთი ამბავი გადაგხდენიათ, ერთი გაგხარებიათ და გწყენიათ. როცა თქვენი დის ლექსს არჩევთ, მის ტექსტში თუ ხედავთ ხოლმე თქვენი ბავშვობის ემოციებს? აკავშირებთ საერთო მოგონებებს?

– ის, რაც ჩემია, ამისია... ტირილიც ერთია, სიხარულიც, ტკივილიც და ყველაფერი. ის ჩემში ისეთ ემოციებს იწვევს, რომ სხვებისგან შეიძლება ისე ვერ აღვიქვა და ვერ შევისისხლხორცო. ზოგჯერ მეუფლება განცდა, რომ არც ეს არის ლექსის ავტორი და არც მე ვარ სიმღერის ავტორი, თუშეთია ყველაფერი თავისი სილამაზით, თავისი ბრძოლებით, ემოციებით, სიხარულით, ყველაფრით, რაც ჰქონდათ და იყვნენ ჩვენი წინაპრები.

ადრე თუშეთში რომ სატვირთო მანქანებით დავდიოდით, ბარგზე ვისხედით ხოლმე მთელი ოჯახი. გამაძლიერებლები ედგათ ბიჭებს, ჩემი სიმღერები იყო ჩართული... მაშინაც კი ვფიქრობდი, რომ ის მე არ ვიყავი, მე არ ვმღეროდი. სულ სხვა სამყაროა იქ, თუშეთში.

კვლავ ეთერო ერთვება:

– ბოლო საღამოს ვიყავით დანოს (ეთეროს და ლელას სოფელი თუშეთში – რ.კ.) გორზე. ვისხედით და ხან მე მაკითხებდნენ ლექსს და ხან შენ გამღერებდნენ. ქალებმა თქვეს: „ვაიმე, არ გებრალებათა თუშეთ, ხვალ რო წახვალთად, ვეღარც თქვენ ლექსს გიგონებსად ვეღარც თქვენ ნამღერს?!“ – ეს ფრაზა ძალიან მოქმედებს ჩემზე, ეს დროც ხომ მოვა, სულ რომ წავალთ (საუბრისას თვალზე ცრემლი მოადგა).
– ბავშვობის წყენა? რა გაწყენინათ ეთერომ ბავშვობაში?

– არაფერი. დედას გაეკიდებოდა ხოლმე ხშირად, დედა თუ მიდიოდა საქმეზე, დედა მობრუნდებოდა. „ლელა!“ – დამიძახებდა და აბა, ნუ მოხვალ შინ! მობრუნდებოდა ეგრევე. სიმღერის და სიყვარულის მეტი, სხვა არაფერი გვქონია სახლში. სხვათა შორის, მამაც და დედაც მღეროდნენ, მაგრამ ვერ გამოჩნდნენ იმდროინდელი ცხოვრების გამო. მუსიკოსობა, კაცის სიმღერა სირცხვილი იყო და დამალულად მღეროდნენ ხოლმე.

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

– უყვარდეთ სამშობლო, ქართული, ეროვნული, წარსული... იფიქრონ მომავალზე და იყვნენ ისეთი ადამიანები, რომ უყვარდეს ყველას, თავის ერსა და სამშობლოს.

– რომ არა სიმღერა, რა იქნებოდა?

– რომ არა სიმღერა, იქნებოდა მფრინავობა.

ინტერვიუ დაიბეჭდა ფოლკლორის ცენტრის ელექტრონულ ჟურნალში და მიეძღვნა ლელა თათარაიძის 75 წლის იუბილეს.

ფოტო - ლაშა ღუღუნიშვილი

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати