USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
Tbilisi
«The Independent» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპი უკრაინის „ძლიერი მხარდამჭერი“ იქნება!? მოკავშირეები ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად იზოლაციონისტ ჯეიმს ვენსის დასახელებამ შეაშფოთა“
Date:  2044

 „დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერი ბორის ჯონსონის განცხადებით, როცა დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, იგი „ძლიერ და გადამწყვეტ“ მხარდაჭერას გამოავლენს უკრაინის მიმართ“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „ინდეფენდენთის“ (The Independent) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპი უკრაინის „ძლიერი მხარდამჭერი“ იქნება!? მოკავშირეები ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად იზოლაციონისტ ჯეიმს ვენსის დასახელებამ შეაშფოთა“ (ავტორი - ენდი გრეგორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ამ კვირაში ბრიტანელი კონსერვატორი ექს-პრემიერი ბორის ჯონსონი აშშ-ში იმყოფებოდა, რესპუბლიკური პარტიის ყრილობას დაესწრო, პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს შეხვდა და მასთან თითქმის ერთი საათი ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი პირადად ვნახე, იგი საუკეთესო ფორმაშია მასზე სამარცხვინო თავდასხმის შემდეგ“, - წერს ბორის ჯონსონი „იქს-ქსელში“, - ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე და მე ეჭვიც არ მეპარება, რომ იგი ძლიერ და გადამწყვეტად დაუჭერს მხარს ამ ქვეყანას და მის დემოკრატიას“.

იმ დღიდან, როცა რუსეთის არმია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა, კიევი დიდ ბრიტანეთს და ბორის ჯონსონის მთავრობას ერთგულ მოკავშირედ განიხილავდა. მაგრამ ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან საკუთარმა კონსერვატიულმა პარტიამ ჩამოაშორა, შიდაპოლიტიკური სკანდალების გამო.

ამასთან, ბორის ჯონსონის იმედიანი განცხადება მკვეთრად კონსტრასტულია იმ საგანგაშო და პესიმისტური განწყობის პარალელურად, რომელიც დონალდ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შესაძლებლობა იწვევს უკრაინის მოკავშირეებში - ვაითუ აშშ-ის მომავალმა ლიდერმა უკრაინის მიმართ დახმარება შეწყვიტოსო. ამ შეშფოთებას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე იზოლაციონისტი თანაპარტიელი ჯეიმს ვენსი წამოაყენა, რომელიც ანტიუკრაინული განწყობით არის ცნობილი.

ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ორშაბათს გაზეთ „პოლიტიკოსათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯეიმს ვენსის დამტკიცება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად „უკრაინისათვის კატასტროფას მოასწავებს“, ხოლო ბრიტანული ტელეარხის „სქაი ნიუსის“ ეთერში გამოსვლისას ერთ-ერთმა ყოფილმა ბრიტანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ „თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის შესვლა ნიშნავს, რომ კიევი ამერიკული დახმარების გარეშე დარჩება“.

სენატორი ჯეიმს ვენსი, რომლის სახელი ფართოდ გახდა ცნობილი 2016 წელს, მემუარების გამოქვეყნების შემდეგ, უკრაინის დახმარების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ამერიკას არ აქვს იმდენი ფინანსური და საწარმოო შესაძლებლობები, რომ უკრაინას რუსეთთამ ომში წლების განმავლობაში დაეხმაროს

ჯეიმს ვენსი ასევე ეთანხმება დონალდ ტრამპის რიტორიკას ნატოსთან მიმართებით და იმეორებს ექს-პრეზიდენტის თვალსაზრისს, რომ ევროპა მუდამ ამერიკის იმედზე არ უნდა იყოს და მეტი ფული უნდა დახარჯოს საკუთარი უსაფრთხოებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გასაძლიერებლად.

ამასთან, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპს უკრაინის მიმართ წინააღმდეგობრივი მიდგომები ახასიათებს: იგი [პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს] ჯერ საჯაროდ აცხადებდა უკრაინის სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობას, მაგრამ შემდეგ თავს იკავებდა დახმარებაზე. როგორც მისი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ფიონა ჰილი აცხადებდა, დონალდ ტრამპი ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ უკრაინას დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი აქვს“. ფაქტიურად, მისი ასეთი პოზიცია ვლადიმერ პუტინის ხედვებს ემთხვევა.

78 წლის პოლიტიკოსს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, იგი რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში შეწყვეტს, თანაც ისე, რომ სავარაუდოდ, დონბასი და ყირიმი რუსეთს დარჩება.

დონალდ ტრამპის ასეთ განცხადებებს არასერიოზულად თვლიდა დევიდ კემერონი, რიში სუნაკის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ომის შეწყვეტის 24-საათიანი“ წინადადება „პრიმიტიულად“ ჩათვალა.

საერთოდ, ბორის ჯონსონი ადრეც მხარს უჭერდა ტრამპის კანდიდატურას (მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, გაზეთ „დეილი მეილისათვის“ დაწერილ სტატიაში, და აღნიშნავდა, რომ თუ დონალდ ტრამპი სწორად მოიქცევა და უკრაინელებს მხარს დაუჭერს, აშშ-ის პრეზიდენტად მისი არჩევა მთელი მსოფლიოსათვის დიდი გამარჯვება იქნება“.

რაც შეეხება ბორის ჯონსონის განცხადებას დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ - „იგი მხარს დაუჭერს უკრაინასო“ - რეალურად გამართლდება თუ არა, ამას არჩევნების შემდეგ ვნახავთ.

წყარო: https://www.independent.co.uk/news/uk/politics/boris-johnson-trump-ukraine-putin-b2580892.html

 

World
European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, ევროპელები აშშ-ს უფრო მეტად მიიჩნევენ საფრთხედ, ვიდრე ჩინეთს

POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.

2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს მიმართ ეჭვქვეშ დააყენა, დაიმუქრა გრენლანდიისა და კანადის ანექსიით, მოკავშირეებს ტარიფები დააკისრა და ირანთან ომი დაიწყო, რომელში მონაწილეობაზეც ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს.

მარტში პოლონეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა აღიქვა ამერიკა ახლო მოკავშირედ, ხოლო 36%-მა - საფრთხედ. ამის საპირისპიროდ ჩინეთს საფრთხედ ექვსი ქვეყნის გამოკითხულთა 29%-მა აღიქვამს.

ეროვნულ დონეზე, ვაშინგტონიდან მომდინარე საფრთხე პეკინის საფრთხეს ოთხ ქვეყანაში აჭარბებს, მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში გამოკითხულებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო მაღალ დონედ აღიქვეს.

„აშშ-ის მიმართ შეხედულებების გამკაცრების სიგნალით, გამოკითხვამ ასევე მიუთითა ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის გულში არსებულ წინააღმდეგობაზე. ამომრჩევლებს სურთ, რომ ევროპა უკეთ იყოს შეიარაღებული და უფრო თვითკმარი, რადგან აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ მათი მადა ქრება, თუ თავდაცვა პირად მსხვერპლს, უფრო დიდ ბიუჯეტს ან უკრაინისთვის უვადო მხარდაჭერას გულისხმობს“, - წერს გამოცემა.

POLITICO-ს კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ისიც, რომ რუსეთი აშკარა მტერია. მას საფრთხედ ყველა გამოკითხული ადამიანის 70% მიიჩნევს.

European Pulse-ის კვლევის მიხედვით, რომელიც POLITICO-სა და beBartlet-ისთვის Cluster17-მა ჩაატარა, 13 მარტიდან 21 მარტამდე ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ბელგიაში 6 698 ევროპელი გამოიკითხა.

ესპანეთში ყველაზე ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ და 51% ამბობდა, რომ ვაშინგტონი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რაც გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მადრიდმა ლიდერობა დაიკავა ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის წინააღმდეგ, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დაბალი ხარჯების გამო ესპანეთი გაკიცხა.

იტალიაში 46% მიიჩნევს, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პოზიციას, ბელგიელების 42% უჭერს მხარს, ფრანგ გამოკითხულთა 37% და გერმანელების 30%.

გამონაკლისი იყო პოლონეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და აშშ-თან ალიანსს უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევს: გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა თქვა, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა მხარდაჭერა უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომიის მიმართ.
ექვსი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 76%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ქვეყნების სამხედროების გაგზავნას ნატოს მოკავშირის დასაცავად, თავდასხმის შემთხვევაში. მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, როდესაც სცენარი ევროკავშირის წევრის დაცვას მოიცავდა. ყველა გამოკითხულ ქვეყანაში სამხედრო დახმარების მხარდაჭერა აშკარად აჭარბებდა წინააღმდეგობას.

გამოცემა წერს, რომ ზემოთ აღნიშნული კონსენსუსი მკვეთრად შესუსტდა, როდესაც საკითხი პირად ჩართულობას შეეხო. გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ ისინი მზად იქნებოდნენ „იარაღი აეღოთ და ებრძოლათ“, თუ მათ ქვეყანას თავს დაესხმებოდნენ. თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ არასაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, როგორიცაა ლოგისტიკა, სამედიცინო დახმარება ან სამოქალაქო დაცვა. 16%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთ ქვეყანას პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ხოლო, 12%-მა თქვა, რომ განიხილავდნენ ქვეყნის დატოვებას.

„თავდაცვის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ბრძოლის ინდივიდუალურ მზაობას შორის არსებული უფსკრული ხაზს უსვამს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ევროპული მთავრობები დგანან, როდესაც ისინი თავიანთ სამხედრო ამბიციებს ზრდიან და წვევამდელების დეფიციტს ებრძვიან.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამომრჩევლები ზოგადად აღიარებენ ევროპის უფრო ძლიერი თავდაცვის პოზიციის საჭიროებას, თუმცა დაფინანსების საკითხზე მათი აზრები იყოფა. ექვსივე ქვეყანაში, 86% დაეთანხმა, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, აქედან 56% ამ აზრს ძლიერად ეთანხმებოდა. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო პოლონეთსა და ბელგიაში (ორივეში 95%), ასევე გერმანიაში (89%).

ფართო მხარდაჭერა დაფიქსირდა უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაციის მიმართ - გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც იმოქმედებდა ეროვნული არმიების პარალელურად. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-დან საფრანგეთში 83%-მდე ბელგიაში“, - წერს POLITICO.

თუმცა, გამოცემა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ხარჯებს შეეხო, აზრები გაიყო.

გამოკითხვის მიხედვით, 37%-მა თქვა, რომ მათი ქვეყანა თავდაცვაზე თანხის „დაახლოებით სწორ ოდენობას“ ხარჯავს, ხოლო ზუსტად იმავე რაოდენობამ მიიჩნია, რომ ხარჯები „არ არის საკმარისი“. ამავე დროს, 22%-მა აღნიშნა, რომ მათი ქვეყანა უკვე ძალიან ბევრს ხარჯავს თავდაცვაზე.

ასევე ფართოდ იყო მხარდაჭერილი უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაცია, გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც ეროვნულ არმიებთან ერთად იმოქმედებდა. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-მდე საფრანგეთში, 83%-მდე ბელგიაში, თუმცა ხარჯების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავდებოდა.

„ქვეყნების დონეზე განსხვავებები აშკარა იყო. გერმანიაში (40%), საფრანგეთში (44%) და ესპანეთში (43%) გამოკითხულთა თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. იტალიაში, 39%-მა თქვა, რომ ხარჯები ძალიან მაღალი იყო - ყველაზე მაღალი დონე გამოკითხულ ქვეყნებს შორის. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ მიმდინარე ხარჯების დონე დაახლოებით სწორია.
ეს შეხედულებები ზოგადად ასახავს მიმდინარე ხარჯების დონეს. პოლონეთი გეგმავს მშპ-ს 4.8%-ის დახარჯვას თავდაცვაზე წელს, რაც ნატოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და გაცილებით მეტი, ვიდრე გამოკითხულ სხვა ქვეყნებს შორის“, - წერს POLITICO.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები ააშკარავებს ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ექვს ქვეყანაში, 34% ამბობს, რომ ევროპა საკმარის მხარდაჭერას არ უწევს უკრაინას, 31% ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკა დაახლოებით სწორია, ხოლო 30% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად ბევრს აკეთებს.

ეროვნულ დონეზე განსხვავებები კვლავ გამოიკვეთა. გერმანიაში, რომელიც ევროპიდან უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, 45% ამბობს, რომ ევროპა საკმარისს არ აკეთებს. იტალიაში, რომელიც გამოკითხულ ექვს ქვეყანას შორის მშპ-ის ყველაზე დაბალ წილს გამოყოფს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო დახმარებაზე, „კილის მხარდაჭერის ტრეკერის“ მონაცემებით, 42% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ესპანეთი და ბელგია „არასაკმარისის“ ბანაკისკენ იხრებოდნენ, ხოლო საფრანგეთში შეხედულებები უფრო თანაბრად იყო გაყოფილი.

„ამ უთანხმოების მიუხედავად, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების მხარდაჭერა მტკიცე დარჩა გამოკითხულ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. შედეგები ასევე ეფუძნება გაწვევასა და სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებულ დებატებს, რადგან მთავრობები ეძებენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოების გზებს.

გერმანიაში სავალდებულო სამსახურის გარკვეული ფორმის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო. გერმანელი რესპონდენტების 3/4-ზე მეტმა (78%) მხარი დაუჭირა გაწვევის ან სამოქალაქო სამსახურის ვალდებულებების აღდგენას, რომლებიც 2011 წელს შეჩერდა. თუმცა, კოალიციაში წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გასულ წელს კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უარი თქვა სრული გაწვევის აღდგენის გეგმებზე და ამის ნაცვლად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 2031 წლისთვის ჯარის პირადი შემადგენლობის 203 000 აქტიურ სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას.

მხარდაჭერა ასევე ძლიერი იყო ბელგიაში - 76%, ხოლო აზრი უფრო ორად იყოფა იტალიაში, 53% მომხრე იყო და ესპანეთში, სადაც 54% ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას”, - ასკვნის POLITICO.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way