USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«The Independent» (დიდი ბრიტანეთი): „ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი-თვითმკვლელები უკრაინელი სამხედროებისთვის ახალ საფრთხეს წარმოადგენენ“
თარიღი:  515

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი-თვითმკვლელები უკრაინელი სამხედროებისთვის  ახალ საფრთხეს წარმოადგენენ“ (ავტორები - ჯონ ჯედი და ჯუ მინ პაკი). პუბლიკაციაში გადმოცემულია ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების მდგომარეობა რუსეთ-უკრაინის ომში, მათი სამხედრო მომზადების დონე და სპეციფიკური მოქმედებები ბრძოლების დროს: რატომ არ უნდა ჩავარდეს ტყვედ და რატომ უნდა მოიკლას თავი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

რუსეთის კურსკის ოლქის დათოვლილ ველებზე უკრაინელმა მებრძოლებმა ათზე მეტი დაღუპული ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის გვამი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ჯარისკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რომლმაც, უკრაინელი სამხედროების დანახვისას, თავი გრანატით აიფეთქა. უფრო ადრე კი უკრაინელებმა ორი ცოცხალი, მაგრამ მძიმედ დაჭრილი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვედ ჩაიგდეს.

სულ უფრო მეტი ფაქტი ვრცელდება იმის შესახებ, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთის მხარეზე იბრძვიან, რიგ შემთხვევებში უკიდურეს ზომას მიმართავენ, რომ ტყვედ არ ჩავარდნენ.

„თვითმკვლელობა და საკუთარი თავის აფეთქება დღევანდელი ჩრდილოკორეული არმიისათვის რეალობას წარმოადგენს“, - ამბობს კიმი, 32 წლის ყოფილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი, რომელიც 2022 წელს დეზერტირი გახდა - სადემარკაციო ხაზის გადალახვა მოახერხა და სამხრეთ კორეაში გაიქცა. იგი ანონიმურად გვესაუბრება, რადგან ეშინია, რომ გვარის დასახელების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეაში დარჩენილ მის ოჯახს რეპრესიები დაემუქრება.

„ამ ჯარისკაცებს, რომლებიც თავიანთი სამშობლოსაგან შორს იბრძვიან, ტვინები გამოურეცხეს და ისინი ნამდვილად მზად არიან საკუთარი სიცოცხლე კომუნისტ კიმ ჩენ ინის რეჟიმს შესწირონ“, - აცხადებს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე.

კიმი, რომელიც სამხრეთ კორეაში უფლებადამცველ ორგანიზაციას - „ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მსხვერპლი ოჯახების ასოციაციას“ - ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ 2021 წლამდე იგი რუსეთში მშენებლობაზეც მუშაობდა.

უკრაინის შეფასებით, გაუსლ წელს ფხენიანმა მოსკოვის მხარდასაჭერად კურსკის ოლქში 11 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა, რომელთაგან დღეისათვის 3 ათასი ჯარისკაცი უკვე მოკლული და დაჭრილია.

ჟენევაში არსებულ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლობას {გაეროს ეგიდით) ჩვენს შეკითხვაზე არნაირი პასუხი არ გაუცია და კომენტარი არ გაუკეთებია. 

მოსკოვმა და ფხენიანმა თავდაპირველად უარყვეს კურსკის ოლქში ჩრდილოკორეული არმიის ქვედანაყოფების დისლოცირების ფაქტი და ინფორმაციები „ფეიკებად“ მონათლეს, მაგრამ მოგვიანებით თვითონ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კორეელი სამხედროები ნამდვილად არიან რუსეთში და მათი ყოფნა კანონიერია.

ამ კვირაში უკრაინის არმიის სარდლობამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილნი არიან ორი ტყვედ ჩავარდნილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მათგან ერთმა უკრაინაში დარჩენის სურვილი გამოხატა, მეორემ სამშობლოში დაბრუნება აირჩია.

რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოკორეული სამხედრო ქვედანაყოფების განთავსება და მათი მონაწილეობა კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში ჩრდილოკორეელებისათვის საბრძოლო ნათლობის პირველ მასობრივ შემთხვევას წარმოადგენს, 1950-53 წლებში მომხდარი კორეის ომის შემდეგ. მართალია, ზოგიერთი კორეელი სამხედრო მოსამსახურე ვიეტნამის ომშიც მონაწილეობდა და სირიის სამოქალაქო კონფლიქტშიც, მაგრამ ასეთები მხოლოდ ერთეულები იყვნენ.

აშშ-ის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების მონაწილეობა კიმ ჩენ ინის რეჟიმს უფრო განამტკიცებს და ფხენიანს შესაძლებლობა ექნება თავის სამხრეთელ მეზობელთან (სამხრეთ კორეასთან) ომი, სავარაუდოდ, უფრო წარმატებით აწარმოოს“.

კორესი სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მასმედიის მონაცემებით, კიმ ჩენ ინი თავის არმიას „მსოფლიოში ყველაზე ძლიერს“ უწოდებს. პროპაგანდისტულ ვიდეორგოლებში, რომელიც კომუნისტურმა რეჟიმმა 2023 წელს გამოაქვეყნა, წრთვნების დროს კორეელი ჯარისკაცები შიშვლები დარბიან დათოვლილ მინდვრებში, ხტებიან ყინულიან ტბებში და მუშტებით ყინულის ლოდებს ამტვრევენ. ასეთი კადრები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები დევგმირები არიან, მაგრამ როგორც სამხრეთ კორეის სადაზვერვო უწყებამ აცნობა ქვეყნის პარლამენტს, კურსკის ოლქში დაღუპული კორეელთა რაოდენობა მატულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არ არიან თანამედროვე ომისათვის. რა თქმა უნდა, ყინულების მუშტებით მტვრევა შთამბეჭდავია, მაგრამ მუშტებით დრონების შეტევას ვერ აიცილებ... ჩრდილოკორეელებს რუსეთი „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს.

„კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რომ ჩრდილოკორეელმა ჯარისკაცებმა სარდლობისაგან თვითმკვლელობის ბრძანება მიიღეს, ანუ ისინი ტყვედ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაბარდნენ, - ნათქვამია სამხრეთ კორეის დაზვერვის უწყების მოხსენებაში.

„ამას წინათ ერთ-ერთ ჩრდილოკორეელ ჯარისკაცს ტყვედ ჩავარდნა ემუქრებოდა. მან დაიყვირა „დიდება ამხანაგ კიმ ჩენ ინს“ და გრანატის აფეთქება დააპირა, თუმცა უკრაინელებმა დაასწრეს და მოკლეს“, - ამბობს დეპუტატი ლი სონ კვუნი, სამხრეთ კორეის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის წევრი, - ჩრდილოკორეელ სამხედროებს ჯიბეში მუდმივად უდევთ სამახსოვრო, რომლის მიხედვით, ტყვედ ჩავარდნა მისი და მისი ოჯახის სამუდამო სირცხვილია და რომ მან სამარცხვინო ტყვეობას თვითმკვლელობა უნდა ამჯობინოს.

ჯარისკაცების თვითმკვლელობა არამარტო კიმ ჩენ ინის რეჟიმისადმი ლოიალობას  წარმოადგენს, არამედ იმისაც ნიშნავს, რომ ამით ჯარისკაცები თავიანთ ოჯახების წევრებსაც იცავენ რეპრესიებისაგან“, - ამბობს იან უკი, სეულის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 იანვარს განაცხადა, რომ ტყვედ ჩავარდნილ კორეელ ჯარისკაცს კიმ ჩენ ინს გადასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იშუამდგომლებს რუსეთის წინაშე უკრაინელი ტყვეების გათავისუფლების მიზნით.

თუმცა ზოგიერთი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცისათვის ტყვედ ჩავარდნა და შემდეგ სამშობლოში დაბრუნება უფრო უარესია, ვიდრე ცოცხლად დარჩენა: „ტყვედ ჩავარდნა სახელმწიფოს ღალატის ტოლფასია. ტყვედ ჩავარდნა ნიშნავს იმას, რომ სამხედრო ფიცი დაარღვიე და სამშობლოს უღალატე. ამიტომაც მუდმივად უნდა გქონდეს შენახული ერთი ვაზნა, რომ გულში დაიხალო და სირცხვილი თავიდან აიცილო - როგორც შენთვის, ასევე ოჯახის წევრებისათვის და ნათესავებისათვის“, - ამბობს კიმი, ყოფილი ჩრდილოკორეელი დეზერტირი.

წყარო: https://www.independent.co.uk/news/world/europe/north-korea-soldiers-ukraine-zelensky-b2679168.html

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის