USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
«The Independent» : „რას მოუტანს ზამთარი უკრაინას და რატომ დებს პუტინი ფსონს ტრამპზე“.
თარიღი:  295

ბრიტანული გაზეთი „ინდეფენდენთი“ (The Independent) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რას მოუტანს ზამთარი უკრაინას და რატომ დებს პუტინი ფსონს ტრამპზე“ (ავტორი - ენდი გრეგორი). მასალაში გამოთქმულია ექსპერტთა მოსაზრებები, რომელთა თანახმად,  უკრაინაში ომი შესაძლოა 2024 წლამდე „პატურ სიტუაციაში“ დარჩეს, რადგან სიტუაცია ჩიხში შედის და კიევის კონტრშეტევის იმედები ქრება.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

უკრაინისათვის დასავლური დახმარების დაყოვნებამ სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ მოსკოვმა დრო თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ძლიერი თავდაცვითი ზღუდეები ააგო - ისეთი, რომლებმაც უკრაინის არმიის მრავალთვიან ინტენსიური შეტევებს გაუძლო. მთავარი, რაც კიევს დღეს აკლია (სხვათა შორის, მოსკოვსაც), ეს არის საბრძოლო მასალები. ორივე მოწინააღმდეგე არმია ჭურვებისა და სხვა საბრძოლო მასალების დეფიციტს განიცდის: მათი ხარჯვა უფრო მეტად ინტენსიურია, ვიდრე მომარაგება.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის პერსპექტივის გათვალისწინებით, რომელიც, სავარაუდოდ, დიდ გავლენას მოახდენს ვაშინგტონის - უკრაინის უდიდესი მოკავშირის პოლიტიკაზე, თანაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების პირობებში, ვლადიმერ პუტინის სტრატეგია, სავარაუდოდ, იმით იქნება გამოხატული, რომ ფრონტის ხაზის ამჟამინდელი მდგომარეობა შეინარჩუნოს და „შედარებით მშვიდად გამოიზამთროს“.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, უკრაინისა და რუსეთის ჯარების საომარი ტემპი, შემოდგომა-ზამთრის კლიმატური პირობების გამო, სავარაუდოდ, ახლო მომავალში შემცირდება: უგზოობის გამო სამხედრო ტექნიკას მანევრირება გართულდება.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რას მიაღწია უკრაინამ წლევანდელ ზაფხულს დაწყებული კონტრშეტევით, რომელიც მეხუთე თვეა გრძელდება?

„ფრონტის ხაზის სტრატეგიული გარღვევა არ მომხდარა, უკრაინის არმიამ მხოლოდ ზოგიერთ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია - დაბალი დონის ოპერატიული მნიშვნელობით“, - ასე პასუხობს ამ კითხვას პატრიკ ბერი, ბათის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სომერსეტის საგრაფო) დოქტორი, რომელიც დიდი ბრიტანეთის არმიის ოფიცერია და ნატოში ანალიტიკოსად მუშაობდა. მისი თქმით, „გასულმა ზაფხულმა აჩვენა, რომ უკრაინის არმია კარგად იბრძვის ასეულის დონეზე (რაოდენობა დაახლოებით 100 ჯარისკაცი), მაგრამ როცა ბრძოლაში უფრო დიდი ქვედანაყოფი ერთვება, ვთქვათ, ბატალიონი, აშკარად ჩანს, რომ მეთაურობას მოქმედების კოორდინაციის გამოცდილება აკლია“.

 „იმ დროს, როცა ამერიკა უკრაინისათვის „ფალკონების“ (F-16-ების) მიწოდებას აგვიანებს, რუსეთის ავიაცია ჰაერში ბატონობას ინარჩუნებს. ავიაგამანადგურებელ F-16-ების მართვა უკრაინელი პილოტებისათვის იოლი არ არის და რადგან მფრინავების მომზადებას დრო ჭირდება, ამიტომ, სავარაუდოდ, 2024 წლისათვის ვითარება „პატურ სიტუაციაში“ დარჩება. ვფიქრობ, ბრძოლის ველზე  რაიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცვლილება, ალბათ, არ მოხდება“.

სიტუაციის შეფასების თვალსაზრისით პატრიკ ბარს ეთანხმება პორტსმუტის უნივერსიტეტის დოქტორი ფრენკ ლედვიჯი, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, რომელიც ერთმანეთს ადარებს უკრაინისა და რუსეთის არმიების ტაქტიკურ მონაცემებს: „დიახ, სიტუაცია პატურია, შეიძლება ითქვას, ჩიხშია შესული. ყველაზე ელემენტარული სამხედრო ალგორიტმების მიხედვით, უკრაინის არმიამ კონტრშეტევის დროს წარმატებას რომ მიაღწიოს, რუსების ჯარს სამჯერ უნდა აღემატებოდეს და რადგანაც ამას ვერ ვხედავთ, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ უახლოეს ხანში კიევი რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს“.

დოქტორი ფრენკ ლევიჯი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ფრონტზე სიტუაციას ვერც ამერიკული თვითმფრინავების - F-16-ების გამოჩენა ვერ შეცვლის. იგი იხსენებს პირველი მსოფლიო ომის საომარ მომენტებს და ამბობს, რომ დასავლეთის ფრონტზე გარდატეხა და გარღვევა მოკავშირეების სასარგებლოდ მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა 1917 წელს ევროპაში ამერიკის ორმილიონიანი არმია გამოჩნდა. ამიტომ, „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ, ამჟამად შექმნილი ვითარების ფონზე, გაბედულება გამოიჩინოს და თქვას, რომ უკრაინა უახლოეს ხანში რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტროიებს უკან დაიბრუნებს“.

თუმცა განსხვავებულად ფიქრობს ჯეიმს ნიქსი, ლონდონის ანალიტიკური ცენტრის „ჩეთემ ჰაუსის“ (Chatham House) დოქტორი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის არმიას ჯერ კიდევ შეუძლია მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა, ვთქვათ, ყირიმის მიმართულებით, სამხრეთის ფრონტზე. ამასთან, იგი მიუთითებს, რომ ვლადიმერ პუტინი „ვა-ბანკზე“ მიდის და რუსი ჯარისკაცების სიცოცხლეს არ უფრთხილდება, ტოტალური ომის პრინციპით მოქმედებს“. ჯეიმს ნიქსიც ეთანხმება იმ აზრს, რომ უკრაინის ბრძოლის ველზე გავლენა რომელიმე საერთაშორისო  ფაქტორმა მოახდინოს.

კრემლს იმედი აქვს, რომ საერთაშორისო სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ შეიცვლება. „ვლადიმერ პუტინი ფსონს დებს აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის დაბრუნებაზე“, - ამბობს ჯეიმს ნიქსი. რუსეთის პრეზიდენტი ასევე იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაწყებული ომი უფრო გაფართოვდება და მასში „ჰეზბოლაც“ ჩაერთვება, სავარაუდოდ, ირანიც. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის რესურსები და ფინანსების ნაკადი უკრაინიდან ისრაელისაკენ გადაინაცვლებს.

თუმცა ჯო ბაიდენმა უარყო მსგავსი პერსპექტივა და CBS New-ის ეთერში განაცხადა, რომ ამერიკა მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფოა და არავის დახმარების გარეშე არ დატოვებს: „ჩვენ გვაქვს ვალდებულებაც და შესაძლებლობაც. ჩვენ თუ არა, აბა სხვა ვინ?“, - რიტორიკულად იკითხა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დოქტორები პატრიკ ბერი და ფრენკ ლედვიჯი თანხმდებიან იმაში, რომ მეორე კონფლიქტის გაჩენას ნადვილად აქვს აშშ-ის დასუსტების პოტენციალი და თუ უკრაინის ომი ჩიხში შევა, ეს რუსეთის პრეზიდენტს „ძალიან აწყობს“.

„ვლადიმერ პუტინის სტრატეგია - ეს არის მოლოდინი. მან მოხერხებულად ისარგებლა ბირთვული იარაღის „ჟღარუნით“ და აშშ-სა და გერმანიას უკრანისათვის ავიაციისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდება გააჭიანურებინა“, - ამბობს პატრიკ ბერი.

„და ამ ყველაფერმა რუსეთს შესაძლებლობა მისცა ძალიან კარგი თავდაცვითი ზღუდეები აეშენებინა, რითაც უკრაინას სიტუაცია გაურთულა“, - ამატებს ფრენკ ლედვიჯი.

წყარო: https://www.independent.co.uk/news/world/europe/putin-trump-ukraine-russia-war-b2430967.html

 

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.