USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«The Hindu» (ინდოეთი): „ინდოეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ“
Date:  448

ინდოეთის ინგლისურენოვან გაზეთ The Hindu-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ინდოეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ“ (ავტორი - სტენლი ჯონსი), რომელშიც განხილულია, თუ რატომ გამოხატავს ნიუ-დელი მოსკოვისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას და რატომ არ უჭერს მხარს დასავლეთის მიერ შემოღებულ ანტირუსულ სანქციებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გაეროს რეზოლუციის კენჭისყრის დროს, რომელიც, რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე იქნა მიღებული და რომელშიც კრემლის აგრესიაა დაგმობილი, ინდოეთმა თავი შეიკავა, რაც სრულებით შეესაბამება ნიუ-დელის მიერ არჩეულ პოზიციას უკრაინის კრიზისის დაწყებიდან. ინდოეთმა უარი თქვა რუსეთის მოქმედების დაგმობაზე, არ შეუერთდა დასავლურ ანტირუსულ სანქციებს და რეგულარულად თავს იკავებს გაეროში იმ დოკუმენტებისადმი ხმის მიცემისაგან, რომლებიც უკრაინის კონფლიქტს ეხება. სამაგიეროდ, ინდოეთი რუსეთისაგან ნავთობს იაფად ყიდულობს.

რა თქმა უნდა, ნიუ-დელის პოზიციამ დასავლეთში მკვეთრი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. კონფლიქტამდე ბევრი პოლიტიკური მიმომხილველი თვლიდა, რომ ინდოეთი აუცილებლად დასავლეთის მხარეზე დადგებოდა, ამიტომაც ძალიან გაუკვირდათ, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ დემოკრატიას რუსეთის აგრესია არ დაუგმია. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ნიუ-დელი, რუსული ნავთობის შესყიდვით, რუსეთის სამხედრო მანქანას აფინანსებს. რატომ არ მიჰყვება ინდოეთი თავისი დასავლელი პარტნიორების კურსს? ამაში გასარკვევად საჭიროა გავარკვიოთ, თუ როგორ უყურებს ნიუ-დელი რუსეთ-უკრაინის ომს.

დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ

როგორც პოლიტიკური მიმომხილველი საიმონ ტისდალი წერდა გაზეთ გარდიანში, ჯო ბაიდენისათვის რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე დადგომა „დემოკრატიისათვის ჯვაროსნულ ლაშქრობას“ ნიშნავს. მან რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრას „დემოკრატიის საუკუნო გამოცდა“ უწოდა. ნატოსათვის კი ავტორიტარული რუსეთის მიერ დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი მთლიანობაში კრემლის მიერ „მსოფლიო დემოკრატიის გამოწვევას“ წარმოადგენს. ამ კონცეფციის მიხედვით, თუ რუსეთი საბოლოოდ არ დამარცხდება,  ამით „მსოფლიო წესრიგი დასრულდება“. ამიტომაც, მსოფლიო წესრიგისა და გლობალური დემოკრატიის გადასარჩენად, ყველა დემოკრატიულმა და კანონმორჩილმა სახელმწიფოებმა ანტირუსული პოზიცია უნდა დაიკავონ და დასავლურ კოალიციას უნდა შეუერთდნენ.

ესე იგი, გამოდის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დემოკრატიისა და ავტოკრატიის ერთმანეთთან ბრძოლას წარმოადგენს? გაეროს წევრ-სახელმწიფოთა უმრავლესობამ ზემოთ ხსენებულ რეზოლუციას - ანუ ომის შეწყვეტას - მხარი დაუჭირა, მაგრამ კენჭისყრის შედეგებს თუ დაკვირვებით გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ამერიკის შეერთებულმა სტატებმა მაინცდამაინც დიდი წარმატებით ვერ შეძლო იმ დემოკრატიული ქვეყნების მობილიზება, რომლებიც დასავლური ალიანსების ტრადიციული სისტემის ფარგლებს მიღმა დგანან. ინდოეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - აზიისა და აფრიკის უდიდესი დემოკრატიული სახელმწიფოები - სისტემატურად თავს იკავებენ მსგავსი რეზოლუციებისადმი ხმის მიცემისაგან და უარს ამბობენ სანქციებისადმი მხარდაჭერაზე - იმიტომ, რომ ის სანქციები განსაზღვრულმა ქვეყნებმა და ბლოკებმა ცალმხრივად დააწესეს გაეროს თანხმობის გარეშე. ბრაზილია, რომელიც სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდ დემოკრატიულ ქვეყანას წარმოადგენს, არ მიურთდა დასავლურ სანქციებს - ისევე როგორც შედარებით უფრო პატარა დემოკრატიული ქვეყნები (და სხვა პოლიტიკური სისტემის მქონე სახელმწიფოებიც) მთელ მსოფლიოში. თვით ის ქვეყნებიც კი, რომლებიც დასავლური ალიანსების ტრადიციულ სისტემას მიეკუთვნებიან - მაგალითად, თურქეთი და ისრაელი - მაინცდამაინც დიდ სურვილს არ ამჟღავნებენ ჯო ბაიდენის „ჯვაროსნულ ლაშქრობაში“ მონაწილეობის თვალსაზრისით. ბევრი ასეთი ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომს სუფთა ევროპულ პრობლემად თვლის, რომელიც ორ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას შორის საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია. ამ შემთხვევაში მათთვის ანუ თურქეთისა და ისრაელის მსგავსი ქვეყნებისათვის, საკითხი ეხება არა იმდენად გლობალურ დემოკრატიას, რამდენდაც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას ცივი ომის შემდეგ. ამიტომაც ისინი „თავს არ იწუხებენ“.

პრიორიტეტი მორალურ პრინციპებს თუ ეროვნულ ინტერესებს?

ბევრი იტყვის: რუსეთ-უკრაინის ომი რომ თუნდაც დემოკრატიისა და ავტოკრატიის დაპირისპირება არ იყოს, ამ შემთხვევაში საქმე ეხება მორალური პრინციპების დაცვის საკითხსაც. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს იმასთან მიმართებით, რომ რუსეთმა ნამდვილად დაარღვია უკრაინის დამოუკიდებლობა, ყირიმის მიერთება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევით მოხდა. და თუ ეს ასეა, მაშ როგორ შეუძლიათ ინდოეთს და მსგავსი პოზიციის მქონე ქვვეყნებს ამ ფაქტების უგულვებელყოფა და რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელება? ნიუ-დელის ხომ თვითონაც არაერთხელ განუცხადებია გაეროში, რომ საჭიროა პატივი ვცეთ ყველა სუვერენიტეტს და მათ ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ როცა ქვეყნები მორალური და ეროვნული პრინციპების გზაგასაყარზე დგნან, მათთვის მთავარი დილემა წამოიჭრება ხოლმე, თუ რომელი გზით იარონ.

ვაშინგტონისათვის და ევროპის უმეტესი ქვეყნებისათვის უკრაინის ომი ერთმანეთში ავსებს როგორც ზნეობრივ პოზიციებს, ასევე საგარეო პოლიტიკურ მიზნებს. როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თქვა, ამერიკის მიზანია რუსეთის დასუსტება, ხოლო ევროპას სურს, რომ ომი რუსეთს რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს, რომ მისთვის ომი მწარე გაკვეთილი იყოს და მომავალში მსგავს მოქმედებაზე თავი შეიკავოს. გამოდის, რომ დასავლეთის მოლარური პრინციპები მის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ემთხვევა. და მაინც, ისტორია გვიჩვენებს, რომ დასავლეთი ყოველთვის არ არის ერთგული ამ პოზიციისადმი - განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ფასეულობებისა და ინტერესების შეჯახებას.

აბა, გავიხსენოთ და შევადაროთ: იგივე თურქეთი, ნატოს წევრი, რომელმაც უკანონოდ დაიპყრო სირიის ტერიტორია, ვინმემ დასავლეთიდან დაგმო ანკარის მოქმედება?

სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა წარმოიქმნა ერთგვარი კოლიზია ეროვნულ და მორალურ პრინციპებს შორის, დასავლეთმა უყოყმანოდ აირჩია პირველი. მაშინ რატომ არ უნდა გააკეთონ იგივე განვითარებადმა ქვეყნებმა - ისეთებმა, როგორიც ინდოეთია - და რატომ არ უნდა დააყენონ ეროვნული ინტერესები ყველაზე მაღლა თავიანთ პოლიტიკაში? რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყურადღრება არ მიექცეს მორალურ საკითხს. 2003 წელს, როცა ინდოეთზე აშშ-მა, ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის დროს, მნიშვნელოვანი ზეწოლა განახორციელა „სამშვიდობო ძალების“ გაგზავნის მიზნით ამერიკელების მიერ ოკუპირებულ ერაყში. იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ათალ ბიხარი ვაჯპაიმ თეთრ სახლს კატეგორიული უარი განუცხადა. ზუსტად ასევე ინდოეთმა არავითარ შემთხვევაში არ გაუწიოს რუსეთს სამხედრო დახმარება უკრაინასთან ომში.

რა სურს ნიუ-დელის?

რაში გამოიხატება ამ შემთხვევაში ინდოეთის ეროვნული ინტერესები? რუსეთთან როგორც ისტორიულ პარტნიორთან კავშირები ინდოეთისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით: პირველ რიგში - ენერგეტიკის გამო, რუსული იაფფასიანი ნავთობი ინდოეთის ეკონომიკისათვის (მეხუთესათვის მთელ მსოფლიოში!) დიდი შეღავათია, რომელიც თავისი მოთხოვნილების 80%-ს იმპორტით იკმაყოფილებს. მაგრამ ენერგეტიკული კავშირები ძირითადად კონიუნქტურულ ხასიათს ატარებს - რუსეთიდან იმპორტი რომ დაირღვეს, ინდოეთი რუსული ნავთობის ალტერნატივას მოძებნას შეძლებს, თუნდაც უფრო ძვირი რომ დაუჯდეს. შესაბამისად, მეორე, შედარებით უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რუსული წარმოების იარაღის შესყიდვა: ბოლო წლებში რუსეთი ამ სფეროში ექსკლუზიურად აკმაყოფილებს ნიუ-დელის მოთხოვნების 46%-ს. ახლა ამბობენ, რომ ინდოეთმა შეიარაღების იმპორტის დივერსიფიცირება უნდა მოახდინოსო, მაგრამ ამ ეტაპზე იმპორტიორთა ჩანაცვლება-გაფართოება სწრაფად ვერ მოხერხდება, დივერსიფიცირების განხორციელება დიდ დროს მოითხოვს. მესამე ფაქტორი - იმ დროს, როცა რუსეთი კავშირებს აფართოებს ჩინეთთან - ნიუ-დელის მთავარ კონკურენტთან, ნუთუ ინდოეთმა არ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს - უნდა შეინარჩუნოს თუ არა მოსკოვზე გავლენის ბერკეტები უკვე არსებული კავშირების მეშვეობით თუ მთლიანად დაკარგოს ისინი დასავლური კოალიციისადმი მხარდაჭერით, მორალური ვალდებულების მიხედვით?

გარდა ამისა, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზებისა და კონტინენტური უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტის დროს ინდოეთმა ევრაზიულ სახელმწიფოებთან უნდა იმუშაოს, სადაც აშშ პრაქტიკულად ჩანს, განსაკუთრებით ავღანეთიდან კატასტროფული გაქცევის შემდეგ. რუსეთი კი ინდოეთის კონტინენტურ საგარეო პოლიტიკაში საკვანძო როლს ასრულებს.

და ბოლოს, რუსეთ-უკრაინის ომის როგორი დასასრულია უპირატესად ინდოეთისათვის? ნიუ-დელის ინტერესებში არც რუსეთის დასუსტება და არც უკრაინის დეზინტეგრირება არ შედის. ინდოეთს სურს ომის დაუყონებლივი შეწყვეტა და დიდ სახელმწიფოებს შორის უსაფრთხოების სფეროში ახალი ბალანსის შექმნა, რათა მოხდეს მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზება და ყურადღება დაეთმოს სხვა ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებასაც - დაწყებული კლიმატის ცვლილებიდან, დამთავრებული გაეროს რეფორმირებით.

ამიტომაც, თუ ინდოეთს მშვიდობა და ომის შეწყვეტა სურს, როგორც ჯავაჰარლალ ნერუმ განაცხადა 1957 წელს საბჭოთა ჯარების უნგრეთში შეჭრის შემდეგ, „არ არის ამისთვის აუცილებელი ვინმესთვის რაღაცის წამოძახება და რომელიმე სახელმწიფოს მოქმედების მკაცრი დაგმობა“. ამის ნაცვლად ინდოეთმა პრაგმატული ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვას, რომელიც რეალიზმს ეფუძნება და გააგრძელოს ძალისხმევა უკრაინის კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტისათვის.

წყარო: https://www.thehindu.com/opinion/lead/positing-indias-stand-on-the-ukraine-war/article66573033.ece

მოამზადა სიმონ კილაძემ

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way