USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
The Financial Times საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ
თარიღი:  893

„დაბრუნება საქართველოში, სადაც სტუმარი ღვთისა“-ამ სათაურით გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Financial Times საქართველოს შესახებ 20 გვერდიან სტატიას აქვეყნებს. ვრცელი სტატია მწერალმა ლეო ვარდიაშვილმა მოამზადა და დეტალურად აღწერა ქართული კულტურა, ტრადიციები, ტურისტული ადგილები, ღვინო, კულინარია, სტუმართმოყვარეობა და სვანეთში გამართული ფრირაიდის მსოფლიო ტური.

„ევროპიდან საქართველოში ფრენისას ალბათ თვალი შეგივლიათ კავკასიონის მთებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დათოვლილია, თვითმფრინავის მეორე მხარეს  შავი ზღვა მოჩანს. მივყვებით მთებს, რომელიც თბილისამდე მეგზურობას გვიწევს. ევროპის და აზიის საზღვარზე მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს წარსული სირთულეებთან არის დაკავშირებული. ოტომანები, ბიზანტიელები, მონღოლები, რუსები-უამრავი იმპერია ცდილობდა საქართველოს დაპყრობას. თბილისი ოცზე მეტჯერ აიღო დამპყრობელმა, მაგრამ ქართული იდენტობა ისევ ცოცხლობს“,-სტატიის ავტორი საქართველოში მოგზაურობისას აღწერს თბილისს, ქალაქის ცხოვრების სტილს, დედაქალაქის ისტორიულ უბნებს და კულტურას.

თბილისთან ერთად The Financial Times-ის სტატიაში აღწერილია სვანეთი, მესტია, უშგული, ჰაწვალი, თეთნულდი, თუშეთი,  ყაზბეგი, თუშეთი, ქუთაისი, კახეთი და საქართველოს სხვა კუთხეები, ტურისტულად საინტერესო ადგილები, ღვინის მომზადება და სამზარეულო.

„მესტიაში, უშბის ჩრდილქვეშ, ფაფუკ თოვლში თხილამურებით სრიალი შეიძლება. უშბას ხანდახან კავკასიონის მატერჰორნს უწოდებენ.  დაბა მესტია თავგადასავლების მოყვარული მოთხილამურეების ცხელი წერტილია,  ჰაწვალზე და თეთნულდზე საბაგიროებია მოწყობილი.  ახლახან სვანეთმა  პირველად უმასპინძლა ფრირაიდის მსოფლიო ტურს. მოთხილამურეების დიდი ნაწილი აქ აუთვისებელი მთების შესასწავლად ჩამოდის“,-წერს ლეო ვარდიაშვილი და მესტიასთან ერთად უშგულს აღწერს.

„უშგული სვანეთში, კავკასიონის მთების გულში მდებარეობს. ეს ევროპის  ყველაზე მაღალი დასახლებაა, სადაც მუდმივად ცხოვრობენ. უშგული საოცარი ადგილია, ეს სოფელი  საქართველოს რთული ისტორიის ფიზიკური განსახიერებაა, შემოსევებისას ქართველების სტრატეგია იყო მოსახლეობის მთებში გახიზვნა, თითოეული ასეთი გახიზვნა ნოეს კიდობანთან იყო გაიგივებული.  ქართული ხელნაწერები, ხელოვნების ნიმუშები, ვაზის კალმებიც კი ხშირად უშგულში იყო გადამალული და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. უშგულში თითოეული სახლი საგუშაგო კოშკი იყო, უკან კი გაუვალი კავკასიონის ქედი დგას, უშგული მართლაც ბოლო ბასტიონია.  აქ ერთ ადგილობრივს, სერაფიმეს დავუმეგობრდი, რომ გაიგო მწერალია ვარ ისტორიები მომიყვა სვანური ადათ-წესებისა და ლეგენდების შესახებ. მონღოლთა შემოსევისას მთებიდან ჩამოსულ მგლებს უშგული დაუცვიათ, მიყვება სერაფიმე.

სოფელში ყოფნის ბოლო დღეს კოშკზე ხის კიბით ავედი და საუკუნოვანი ქვის კარიბჭეში შევაბიჯე, რომელიც სოფელში მიმავალ გზას გაჰყურებს. ზურგით კავკასიონისკენ ვდგები და ხეობას გავცქერი, წარმოვიდგენ როგორი იქნებოდა სოფელში მტრის მოახლოება, საოცარი შეგრძნებაა“,-წერს ლეო ვარდიაშვილი.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის