ევროკომისიამ ახალი სადაზვერვო უწყების შექმნაზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სადაზვერვო უწყება ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს დაექვემდებარება. ახალ უწყებაში თავს მოიყრის ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც წევრი სახელმწიფოების სადაზვერვო სტრუქტურები მოიპოვებენ.
როგორც წყაროები უყვებიან გამოცემას, უწყება ევროკომისიის გენერალური სამდივნოს ბაზაზე შეიქმნება. მასში ევროკავშირის დაზვერვის სამსახურების თანამშრომლები იმუშავებენ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაფრთხილებამ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა ევროპას დაფინანსებას შეუჩერებს, ევროკავშირი აიძულა საკუთარ შესაძლებლობებს დაზვერვის სფეროში გადახედოს, წერს გამოცემა.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დაზვერვის სამსახურებმა „ბევრი რამ იციან“. ბევრი იცის ევროპულმა კომისიამაც. „ჩვენ გვჭირდება საუკეთესო საშუალება, რათა ეს ყველაფერი გავაერთიანოთ და ვიყოთ მეტად ეფექტურები და სასარგებლო პარტნიორებისთვის. დაზვერვაში რაღაც უნდა გასცე, რომ რაღაც მიიღო“, - აღნიშნა მან.
როგორც The Financial Times-ი წერს, ახალი გეგმის შესახებ ოფიციალურად 27 წევრ სახელმწიფოს ჯერ არ ეცნობა, მაგრამ, ჩანაფიქრის თანახმად, ახალ უწყებაში სამუშაოდ ეროვნული სადაზვერვო ორგანოების თანამშრომლებს მიავლენენ.
ევროკომისიის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ბრიუსელი იკვლევს, „თუ, როგორ გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროში. ამ მიდგომის ფარგლებში სპეციალური ქვედანაყოფის შექმნა განიხილება“.