USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
«The Times» (დიდი ბრიტანეთი): „ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონი იმედგაცრუებულმა დატოვა: თეთრმა სახლმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული რაკეტების გაშვების უფლება არ მისცა“
Date:  165

ბრიტანული გაზეთის „თაიმსის“ (The Times) 28 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ზელენსკიმ ვაშინგტონი იმედგაცრუებულმა დატოვა: თეთრმა სახლმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული რაკეტების გაშვების უფლება არ მისცა“ (ავტორი - მარკ ბენეტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშობლოში იმედგაცრუებული დაბრუნდა - ვაშინგტონში ყოფნისას უკრაინის ლიდერმა ამერიკული შორსმოქმედ რაკეტების გაშვებაზე რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად თეთრი სახლისაგან ნებართვა ვერ მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად სთხოვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს  და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს რაკეტების ATACMS-ის გამოყენება, მაგრამ ამაოდ.

რასაკვირველია, აშშ მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისიაც, მაგრამ გადამწყვეტ ნებართვას არ აძლევს - მით უმეტეს, ვლადიმერ პუტინმა უკვე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ უკრაინისათვის დასავლეთის მხრიდან ჩვეულებრივი იარაღით დახმარებასაც კი მესამე მსოფლიო ომის გამოწვევა შეუძლია.

საერთოდ, რუსი ლიდერის ბირთვულ მუქარებზე არც ჯო ბაიდენს და არც კამალა ჰარისს არაფერი უთქვამთ, ერთი სიტყვაც კი. სამაგიეროდ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კრემლის განცხადება „აბსოლუტურად უპასახისმგებლო“ უწოდა და ჩინეთს სთხოვა, რომ იქნებ მოსკოვისთვის ჩაეგონებინა, რომ „ბირთვული იარაღის ჟღარუნი“ მიუღებელია მთელი მსოფლიოსათვის.

როგორც ჩანს, ომის პერსპექტივა და, ალბათ, მასთან ერთად უკრაინის მომავალიც აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაირკვევა. ჯერ-ჯერობით ჯო ბაიდენი,  რომელსაც, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის მმართველობაღა დარჩენია, რაც შეუძლია, იმით ეხმარება - ბოლო დოლარების იარაღს აძლევს უკრაინას, რომ კიევმა როგორმე მოსკოვის ჯარის შეტევებს გაუძლოს. პენტაგონის საწყობები უკვე თითქმის ცარიელია „ზედმეტი“ იარაღისაგან. დემოკრატიული თეთრი სახლი, რესპუბლიკელთა ნეგატიური დამოუკიდებულების მიუხედავად, უკრაინას უკვე დაეხმარა 175 მილიარდი დოლარით.

რაც შეეხება დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას: სანამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქმედ პრეზიდენტ შეხვდებოდა, იგი უკიდურესად დამცინავად აკრიტიკებდა ვოლოდიმირ ზელენსკის და აცხადებდა, რომ კიევს მოუწევს „ტერიტორიული მსხვერპლის გაღება“ რუსეთის დასამშვიდებლად, 25 სექტემბერს, ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ მიტინგზე კი, დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა - „უკრაინა აღარ არსებობს, მილიონობით ადამიანი დაიღუპაო“.

მოსალოდნელი იყო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ისე დაბრუნდებოდა ამერიკიდან უკრაინაში, რომ დონალდ ტრამპს ვერ შეხვდებოდა, თუმცა უკრაინელ ლიდერს ფორტუნამ მწყალობელი თვალით გადმოხედა - ექს-პრეზიდენტმა მოლაპარაკებაზე თანხმობა განაცხადა.  როგორც შეხვედრის პირველი წუთებიდან გახდა ნათელი, დონალდ ტრამპს თავისი პოზიცია არ შეუცვლია - მან უკრაინელ ლიდერს ვლადიმერ პუტინთან შერიგებისაკენ მოუწოდა. ექსპერტების აზრით, როგორც ჩანს, რომ შერიგებაში დონალდ ტრამპს ტერიტორიული დათმობა ჰქონდა ნაგულისხმევი. მართალია, თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკება წარმატებულად შეაფასა“, მაგრამ ამ შეფასებას უფრო დიპლომატიური ხასიათი აქვს, ვიდრე რეალური.

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც უკრაინისა და დასავლეთის გმირი იმით გახდა, რომ ქვეყანა რუსეთთან ომში ერთ მუშტად შეკრა, კრემლის წინაშე ტერიტორიულ დათმობებს გამორიცხავს. მისი „გამარჯვების გეგმა“ რუსეთისათვის დონბასისა და ყირიმის დათმობას არ ითვალისწინებს. ცოტა სხვაგვარად ფიქრობს უკრაინის მოსახლეობა: როგორც ზოგიერთი საზოგადოებრივი გამოკითხვა მოწმობს, ტერიტორიული დათმობები უკრაინელებისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ იმავდროულად, კომპენსაციის სახით, უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდება.

ომი კი გრძელდება, ბრძოლის ველზე სიკვდილის ულმობელ ცელს ყოველდღიურად ათასობით ჯარიკაცი ეწირება ორივე მხრიდან. კიევი და მოსკოვი, იშვიათად აქვეყნებენ დანაკარგების სტატისტიკას, თუმცა, ზოგიერთი შეფასებით, ომის პერიოდში დაახლოებით მილიონი რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და დასახიჩრდა. მიუხედავად ამისა, არავითარი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი, ტერიტორიული დათმობების გარეშე, ცეცხლის შეჩერებაზე დათანხმდება. მომავალი წლისათვის კრემლი სამხედრო ხარჯებისათვის რეკორდული რაოდენობის თანხის - თითქმის 13,2 ტრილიონ რუბლის გამოყოფას გეგმავს, რაც  რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის 40%-ს „შთანთქავს“.

წყარო: https://www.thetimes.com/world/russia-ukraine-war/article/zelensky-biden-washington-long-range-missiles-russia-373mr0slp

 

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way