USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«The Times» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინა დიდი არმიის გარეშე რუსეთზე გამარჯვებას ვერ შეძლებს“
дата:  

„გახსოვთ 2022 წლის ის დღეები, როცა მოდური გახდა უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსეთის არმიის დაცინვა - ნახეთ, როგორ ამოიძუეს კუდი და კიევის მისადგომებიდან გაიქცნენო? შემდეგ ხარკოვის ოლქიდან, როცა კიევმა ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა? შემდეგ საოლქო ცენტრი ხერსონი? უკრაინელთა ბრძოლა აგრესორთან იმდენად გააფთრებული იყო, რომ ბევრს გაუჩნდა აზრი - შეუძლებელი თურმე შესაძლებელი ყოფილა. დასავლეთის პრესა ისე წერდა, რომ რუსეთის დამარცხება უკვე მომხდარ ფაქტს წარმოადგენს. თვით ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთი ერთი წლის შემდეგ დაამარცხოს და გამარჯვება მოიპოვოსო“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) სტატიაში სათაურით „უკრაინა დიდი არმიის გარეშე რუსეთზე გამარჯვებას ვერ შეძლებს“.

„როგორი შორეული ჩანს ამჟამად ის დღეები...“, - სინანულით აღნიშნავს პუბლიკაციის ავტორი ენტონი ლოიდი, - „ახლა უკრაინა ბევრად უფრო საშიშ მდგომარეობაშია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. ჯერ ბახმუტის, ახლა კი ავდეევკის დაკარგვამ უკრაინელი სამხედროების  ყველა წინა წარმატება გადახაზა. კიევისათვის 2024 წლის დადგომა დასავლელი მოკავშირეების ყოყმანითა და ერთგულების არადამაჯერებელი გამოხატვით აღინიშნა, ამ დროს კი რუსეთის ეკონომიკამ აღორძინება და ტრანსფორმაცია განიცადა“.

„სიტუაციას ართულებს ისიც, რომ უკრაინის მთავარი მოკავშირის - აშშ-ის მთავრობამ, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ და თვითონ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ ვერა და ვერ მოახერხეს კონგრესში იმ კანონპროექტის განხილვა-დამტკიცება, რომელიც უკრაინისადმი დახმარებას ითვალისწინებს. ამას ემატება თვით უკრაინაში მომხდარი სამხედრო-საკადრო ცვლილებები - „ყველასათვის საყვარელი და პატივცემული“ გენერლის ვალერი ზალუჟნის მთავარსარდლის პოსტიდან გათავისუფლება და რუსეთის არმიის გააქტიურება ყველა მიმართულებით“, - ნათქვამია სტატიაში.

თუმცა, როგორც ავტორი წერს, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა მიმდინარე წელს გარანტირებულად დამარცხდება. თუ კიევი თავის საშინაო პრობლემებს მოაგვარებს და დასავლეთიდან დაფინანსებასა და შეპირებულ იარაღს დროულად მიიღებს, მას შეუძლია ფრონტებზე საომარი სიტუაცია მეტ-ნაკლებად გააუმჯობესოს და სავარაუდო მოლაპარაკებაზე დათანხმდეს ისე, რომ ხელში გარკვეული კოზირები ჰქონდეს, ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან. „მაგრამ, სამწუხაროდ, ამჟამინდელი შექმნილი რეალური მდგომარეობა საკმაოდ დამთრგუნველია. ბრძოლის ველზე უპირატესობა აშკარად რუსეთის სასარგებლოდ არის გადახრილი“, - აღნიშნავს ენტონი ლოიდი და რამდენიმე საკვანძო ამოცანას ასახელებს, რომლებიც უკრაინამ უნდა მოაგვაროს, თუ კიევს ინიციატივის თავის ხელში დაბრუნება სურს.

უპირველეს ყოვლისა, უკრაინამ უნდა შეძლოს დასავლური დახმარების სრულყოფილად მიღება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან. დღეისათვის კიევს მწვავე დეფიციტი აქვს საარტილერიო საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფაში. რუსეთმა კი, პირიქით, მკვეთრად გაზარდა ქვემეხების ჭურვების წარმოება, რუსეთს მეტი აქვს დრონები, მძიმე ტექნიკა, რაკეტები... მოსკოვმა გააძლიერა თავისი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და ა.შ.

უკრაინამ უნდა მოახერხოს საკუთარი პოლიტიკური და სამხედრო პრობლემების მოგვარებაც: რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მობილიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღება  პარლამენტის მიერ. დღევანდელ ომებში, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალტექნოლოგიურ სამხედრო ტექნიკას, მაგრამ რადგანაც უკრაინაში ომი ტერიტორიის გამო მიმდინარეობს, ასეთ ომებს კი იგებენ და აგებენ ჯარისკაცების მეშვეობით. თავის მხრივ, რუსეთმა შეძლო მობილიზაციის დროული ჩატარება და არმია 300 ათასი ახალწვეულით შეავსო, შექმნილია რეზერვიც.

 „მოვლენების განვითარების ამგვარი ტრაექტორია გამომაფხიზლებელი ფაქტორი გახდა იმისათვის, რომ უკრაინის გამარჯვების შანსები გადაფასებულიყო“, - ხაზს უსვამს ავტორი, - „ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, დასავლეთის ერთგვარი ინერტულობის გამო უკრაინას გამარჯვების შესაძლებლობები შეუმცირდა, თუმცა, არც რუსეთს არ მიუღწევია გარდამტეხი მომენტისათვის - იმის მიუხედავად, რომ მოსკოვს უპირატესობა აქვს ცოცხალ ძალასა და საბრძოლო მასალებში.

„ამ საერთო გაურკვევლობის ფონზე ერთი რამ შეიძლება გარკვეულად ვთქვათ: 2024 წელს რუს ჯარისკაცებს უკვე აღარავინ არ დასცინებს“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.

წყარო: https://www.thetimes.co.uk/article/ukraine-cannot-win-without-a-bigger-army-zbqs35v3x

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати