USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Тбилиси
«The Times» (დიდი ბრიტანეთი): „რკინის გენერალი“: უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ლიდერების საკადრო გადაადგილებები ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ“
дата:  

ბრიტანულმა გაზეთმა „თაიმსმა“ (The Times) გამოაქვეყნა სარედაქციო კომენტარი სათაურით „რკინის გენერალი“: უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ლიდერების საკადრო გადაადგილებები ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ“, რომელშიც გაანალიზებულია უკრაინის ხელისუფლებაში შექმნილი წინააღმდეგობრივი ვითარება - გამოხატული პრეზიდენტსა და არმიის სარდალს შორის არსებული დაპირისპირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის ყველაზე პოპულარული სამხედრო-პოლიტიკური მოთამაშე ერთმანეთთან კონფლიქტურ მდგომარეობაში იმყოფებიან. პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს ვოლოდიმირ ზელენსკის, თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ, შეიძლება ითქვას, კვლავ საკმაოდ მაღალი - 62%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო პრეზიდენტს დაქვემდებარებული არმიის სარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნის, რომელსაც ხალხში „რკინის გენერალს“ უწოდებენ, 88%-იანი პოპულარობა. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პრეზიდენტი სარდალში კონკურენტუნარიან მეტოქეს ხედავს და ამიტომ მისი პოსტიდან გათავისუფლება სურს.

უკრაინაში ამჟამად საომარი მდგომარეობა მოქმედებს და კონსტიტუციის საფუძველზე მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, უსაფრთხოების თვალსაზრისით, გაუქმებული იქნა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქვეყანაში ხელისუფლებისათვის აშკარად შესამჩნევი ბრძოლა მიდის. პრეზიდენტსა და სარდალს შორის მეტოქეობას ბევრ მომენტზე შეუძლია გავლენის მოხდენა - უკრაინას ხომ დასავლური იარაღი და მუდმივი პოლიტიკური მხარდაჭერა ჭირდება. სამწუხაროდ, მხარდაჭერა მცირდება როგორც კონგრესის ზედა პალატაში - სენატში, სადაც დემოკრატი სენატორები ცდილობენ უკრაინის დახმარების კანონპროექტის ერთობლივ მომზადებას სენატის რესპუბლიკელ წევრებთან, ასევე ქვედა პალატაშიც - წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს კანონპროექტის მიღების გაგონებაც კი არ სურთ. პალატის სპიკერის, რესპუბლიკელი მაიკლ ჯონსონის განცხადებით, დოკუმენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ მასში მხოლოდ „ისრაელი“ იქნება ნახსენები, ხოლო ტერმინი „უკრაინა“ არ იქნება.

დონალდ ტრამპი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ყველაზე ძლიერ საპრეზიდენტო კანდიდატს წარმოადგენს, ნათლად მიანიშნებს, რომ ენთუზიაზმის გარეშე უყურებს უკრაინაში  საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას.

კიევის მტკიცებით, მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში უკრაინას 34,5 მილიარდზე მეტი ევროს დახმარება დაჭირდება. ევროპა დაპირდა 50 მილიარდს, მაგრამ ერთბაშად კი არა, არამედ ოთხი წლის განმავლობაში, ანუ წელიწადში მხოლოდ 12,5 მილიარდს მიიღებს. სად და როგორ მოძებნის უკრაინა დარჩენილ 22 მილიარდს? ალბათ, ამერიკის იმედი აქვს, მაგრამ აშშ გულგრილობას გამოიჩენს, განსაკუთრებით პრეზიდენტად დონალდ ტრამპის სავარაუდო არჩევის შემდეგ, კიევს ფულის სერიოზული დეფიციტი გაუჩნდება. შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლიც დიდ დროს ხარჯავს დასავლეთის დარწმუნებაში დახმარების დაჩქარების მიზნით, უკვე ხვდება, რომ შესაძლოა „ქარის მიმართულება შეიცვალოს“. „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ ვალერი ზალუჟნის კრიტიკულმა ტონმაც ინტერვიუებში. და ეს მძიმე იმ ფონზე, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს თითო ვაზნა და თითო რაკეტა, ან რაღაც „სასწაულმოქმედი იარაღი“ სადმე მოიპოვოს.  პრეზიდენტი გაბრაზდა.

უკრაინის წინააღმდეგობის გაწევა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მთავრობის ფაქტორზე, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ხელისუფლება გამარჯვებისათვის, მაგრამ პრეზიდენტსა და გენერალს შორის საჯარო დავა-კამათი მოწმობს, რომ ხელისუფლებაში ერთსულოვნება არ არის. არავინ იცის, თუ როგორ გაღრმავდება მათი უთანხმოება არცევნების არარსებობის შემთხვევაში. ვოლოდიმირ ზელენსკის ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ მან უკრაინის დინამიური დემოკრატიული კულტურა შეზღუდა და ქვეყანა დახურულ საზოგადოებად გადააქცია.

ისტორიიდან ცნობილია, რომ სამოქალაქო ლიდერებს ომის დროს თანამდებობიდან არაერთხელ გაუთავისუფლებიათ სამხედრო მაღალჩინოსნები, სარდლები და გენერლები - მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა კორეის ომის დროს პოსტიდან მოხსნა გენერალი დუგლას მაკარტური, რომელმაც ეჭვი შეიტანა აშშ-ის პოლიტიკის სისწორეში კორეის მიმართ, იმავდროულად კი თვითონ პრეზიდენტი ყურად არ იღებდა კრიტიკას, რომ თვითონ ქვეყანას დესპოტურად მართავდა. მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის დილემა უფრო რთულია: მან სიმტკიცე უნდა გამოავლინოს ჭარბი ძალის მქონე მტრის მიმართ. შესაბამისად, პრეზიდენტმა უნდა უზრუნველყოს ერთიანობა სამოქალაქო მთავრობასა და სამხედრო სარდლობას შორის.

2024 წელს, სამწუხაროდ, ომში კიდევ ბევრი მშვიდობიანი უკრაინელი დაიღუპება, ამიტომ პრეზიდენტმაც და გენერალმაც პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილონ სამხედრო მოქმედებების შედეგებზე. მათი საჯარო შეხლა-შემოხლა ასუსტებს დასავლეთის მხარდაჭერას და „წყალს კრემლის წისქვილზე ასხამს“.

წყარო: https://www.thetimes.co.uk/article/the-times-view-on-zelenskys-reshuffle-of-military-and-civilian-leaders-iron-general-5w2j2n8wr

 

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати