USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Tbilisi
«The Times» (დიდი ბრიტანეთი): „გადაცემს თუ არა აშშ ან ევროპა უკრაინას დამატებით Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს?“
Date:  411

„დონალდ ტრამპს არ სურს ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნის შესრულება იარაღის მიწოდების თაობაზე, ევროპის საწყობები კი უკვე ცარიელია. უკრაინას განსაკუთრებით უნდა საზენიტო რაკეტები“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „გადაცემს თუ არა აშშ ან ევროპა უკრაინას დამატებით Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს?“ (ავტორი - ჯორჯ გრილზი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპთან 60-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით ხაზს უსვამდა აშშ-სადმი კეთილგანწყობას და ემადლიერებოდა დახმარების გაწევის გამო. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ლიდერი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში არასასიამოვნო სკანდალის სუბიექტი გახდა, იგი რისკზე წავიდა და აშშ-ის პრეზიდენტს დამატებით სთხოვა - Patriot-ები მჭირდება და თუ რეზერვში გაქვთ, იქნებ მომცეთო.

Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი 800 მილიონი გირვანქა სტერლინგი ღირს და აშშ-ის არმიის შეიარაღებაში 1980-იანი წლებიდან შედის. დღეისათვის „პეტრიოტი“ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურ და საიმედო საშუალებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ „პეტრიოტი“ ალაბამას შტატში დააპროექტეს ნახევარ საუკუნეზე მეტის ხნის წინათ, ამ კომპლექსმა დაამტკიცა თავისი შეუცვლელობა შეიარაღების  ყველაზე თანამედროვე სისტემებთან შედარებით.

როგორც კი 2023 წელს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტრაბახი დაიწყო თავისი „ჩამოუგდებელი“ რაკეტებით - „კინჟალებით“ („ხანჯლებით“), „პეტრიოტის“ ბატარეებმა მათი ჩამოგდება დაიწყეს.

კრემლის მტკიცებით, რუსეთის ჯარებმა ამერიკული „პეტრიოტების“ რამდენიმე დანადგარი გაანადგურეს, მაგრამ რადგანაც უკრაინა სატყუარებს იყენებს - რეზინის გაბერილ მაკეტებს, რუსების მტკიცება, დიდი ალბათობით, სინამდვილეს არ შეესაბამება.

არსებული შეფასებებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად „პეტრიოტის“ 6 გასაშვები მოძრავი დანადგარი კიდევ აქვს, რომლებიც მუდმივად ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან, რათა რუსების სამიზნეში არ მოხვდნენ. „პეტრიოტის“ ერთი რაკეტა სამი მილიონი გირვანქა სტერლინგი ღირს, ამიტომ მათი გამოყენება ძალიან ეკონომიურად ხდება და მხოლოდ ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად სარგებლობენ. უკრაინის სხვა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები კი ფრთოსან რაკეტებს და დრონებს ებრძვიან.

როგორც ცნობილი გახდა, ვოლოდიმირ ზელენსკი დამატებით „პეტრიოტის“ კიდევ 10-12  გამშვებ დანადგარს ითხოვს. მართალია, ოვალურ კაბინეტში მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ ზელენსკიმ პატიება ითხოვა და თითქოსდა პრეზიდენტები შერიგდნენ, დონალდ ტრამპმა მაინც უარი უთხრა თხოვნის შესრულებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ დაეხმარება „პეტრიოტის“ მოძიებაში, თუ ის ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას აქვს და არ იყენებს.

მაგრამ ევროპის ქვეყნებსაც შეუძლიათ უარი თქვან - მათ უკვე მიაწოდეს უკრაინას რამდენიმე „პეტრიოტი“ საკუთარი არმიების შეიარაღებიდან, ანუ თვითონ მოიკლეს და კიევს მისცეს. თუ კიდევ ასე მოიქცევიან, მაშინ თავიანთ სამხედრო ძლიერებას შეასუსტებენ.

აშშ-მა უკვე მიაწოდა უკრაინას „პეტრიოტის“ ორი კომპლექსი. ასევე გააკეთა გერმანიამ, რუმინეთმა და ნიდერლანდებმა. „პეტრიოტები“ აქვთ საბერძნეთს, ესპანეთს, პოლონეთს და შვეიცარიას. დიდ ბრიტანეთს სახმელეთო ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები საკუთარი ტერიტორიისთვისაც კი არ აქვს და უკრაინას ვერაფერს მისცემს.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა რუსული ბალისტიკური რაკეტებისაგან სუსტად არის დაცული, გერმანიამ წამოაყენა ინიციატივა „ევროპული ციური ფარის“ შესახებ, რომელიც სახმელეთო ბაზირების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების შექმნას ითვალისწინებს, მაგრამ ამას წლები დაჭირდება - კომპლექსების აწყობა ძალიან რთულია.

მასაჩუსესტის შტატში არის კომპანია Raytheon-ის ქარხანა, რომელიც „პეტრიოტების“ გამშვები კომპლექსების დამზადებით არის დაკავებული და რომელიც, სამწუხაროდ, შეკვეთების შესრულებას ვერ ასწრებს. აშშ-ზე რომ არ იყოს მუდმივად დამოკიდებული, გერმანიამ გააფორმა სამმილიარდიანი კონტრაქტი ისრაელთან „პეტრიოტის“ მსგავსი კომპლექსის - Arrow 3-ის („ისარი“) შეძენის თაობაზე.

თუ აშშ საბოლოოდ უარს იტყვის უკრაინისათვის „პეტრიოტის“ გამშვები დანადგარების დამატებით მიწოდებაზე, ევროპა კი ამერიკას მიბაძავს და კიევს უარით გაისტუმრებს, მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკის პრიორტეტეული ამოცანა იქნება მის ჯარში უკვე არსებული „პეტრიოტებისათვის“ საჭირო რაკეტების შეძენა. ასევე იგი უნდა გაფრთხილდეს, რომ გამშვები დანადგარები რუსებმა არ გაუნადგურონ (ან დააზიანონ).

გერმანიას ასევე სურს „პეტრიოტის“ რაკეტები თვითონვე დაამზადოს ბავარიის ქარხნებში, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. დღეისათვის „პეტრიოტის“ რაკეტებს მხოლოდ აშშ-ის არკანზასში არსებული კომპანია Lockheed Martin-ის ქარხანა უშვებს, წელიწადში დაახლოებით 550 ცალს.

დონალდ ტრამპს შეუძლია თქვას, რომ ამერიკული რაკეტები მხოლოდ უკრაინას კი არ ჭირდება, არამედ სხვებსაც (მაგალითად, ისრაელს და  ტაივანს), რომლებსაც თავიანთ შეიარაღებაში ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები აქვთ.

თუ ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი ჰქონდა, რომ დონალდ ტრამპიც იმასვე გაიმეორებდა, რაც ადრე ჯო ბაიდენმა თქვა - უფასოდ „დავეხმარებით იმდენს, რამდენიც საჭირო იქნებაო“ - იგი, ალბათ, უკმაყოფილო დარჩება. აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა: „თუ უკრაინას ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის კომპლექსები სურს, დაე, მან იყიდოს, ან მის ნაცვლად ფული სხვამ გადაიხადოს“.

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way