USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
თბილისი
«The Hill» (აშშ): „სანამ უკრაინა აშშ-ის გამო შექმნილი ჩიხიდან გამოსვლას ცდილობს, ვლადიმერ პუტინი დამაჯერებლად მოქმედებს“
თარიღი:  

ამერიკულ გაზეთ The Hill-ში („ბორცვი“ - იგულისხმება შემაღლებული ადგილი ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის კონგრესის შენობა - კაპიტოლიუმი დგას), გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სანამ უკრაინა აშშ-ის გამო შექმნილი ჩიხიდან გამოსვლას ცდილობს, ვლადიმერ პუტინი დამაჯერებლად მოქმედებს“ (ავტორი - ბრედ დრესი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სულ უფრო დამაჯერებლად მოქმედებს რუსეთის არმიის მიერ მიღწეული წარმატებებისა და აშშ-ის უმოქმედობის ფონზე, როცა კონგრესი არ ამტკიცებს უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებას. თუმცა, რა თქმა უნდა, კრემლი ილუზიებში არ არის და არ ფიქრობს იმას, რომ კონგრესმენთა ანტირუსული აზროვნება შეიცვლება: ურთიერთკინკლაობის და ერთმანეთთან დაპირისპირების მიუხედავად, ამერიკელი პოლიტიკოსები - დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც - კიევს მხარს მტკიცედ უჭერენ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, რუსეთის პოლიტიკურმა და ტაქტიკურმა გამარჯვებებმა ვლადიმერ პუტინის განწყობაზე პოზიტიური გავლენა მოახდინეს, - ნათქვამია სტატიაში.

ავდეევკის აღება რუსეთის არმიისათვის ბოლო თვეებში პირველ მნიშვნელოვან წარმატებას ნიშნავს. ქალაქის რუსებისათვის ჩაბარება კი უკრაინელებისათვის არა მარტო სიმბოლური ნიშანია, არამედ სტრატეგიული დანაკარგიც.

ყველაფერთან ერთად, ვლადიმერ პუტინი ამერიკულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაშიც შეიჭრა, როცა მისი ინტერვიუ თაკერ კარლსონთან ამერიკულ ტელეეკრანებზე იქნა ნაჩვენები. ამერიკელებისათვის მნიშვნელოვანი იყო რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი უპირატესობას ანიჭებს ჯო ბაიდენის გამარჯვებას.

პოლიტიკური ექსპერტების აზრით, რუსი ლიდერი და მთლიანობაში რუსეთი, თავის მოქმედებაში „კვლავ დამაჯერებელი გახდა - ისეთი, როგორიც ომის პირველ დღეებში იყო“. რა თქმა უნდა, კრემლის ასეთ თავდაჯერებულობას ხელს უწყობს შექმნილი საერთო ფონი, რომელიც უკრაინისათვის ნეგატიურ ხასიათს ატარებს - კიევს აკლია შეიარაღება, აკლია ფინანსები, რომლის მიცემა დასავლეთისაგან ჭიანურდება. ამ მხრივ ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობა უმჯობესდება, ხოლო აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში არსებული განხეთქილება კრემლს უდიდეს შესაძლებლობებს უქმნის დასავლეთთან ომში წარმატების მისაღწევად.

მოსკოვის სტრატეგია ნაწილობრივ იმით არის გამოხატული, რომ კრემლს იმედი აქვს - დასავლეთის დახმარების გარეშე უკრაინის არმია დასუსტდება და საბოლოო ჯამში დამარცხდება, მაგრამ იმავდროულად მოსკოვი ილუზიებს არ იქმნის და აცნობიერებს იმას, რომ დასავლეთი კიევს მაინც ძლიერ მხარდაჭერას უწევს. ყველასათვის ცნობილია, რომ ამერიკელი კონგრესმენები (რესპუბლიკელები) სულაც არ არიან რუსეთუმეები და არ არის გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათ შეუძლიათ გვერდზე გადადონ აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვის დაფინანსება და უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირონ.

ვლადიმერ პუტინს კარგად ესმის, რომ ამერიკული დახმარების დაყოვნება გამოწვეულია ვაშინგტონში მიმდინარე პოლიტიკური თამაშებით და არა იმით, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა აზროვნება შეიცვალეს. კაპიტოლიუმში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების აბსოლუტური უმრავლესობა მაინც უკრაინის მხარეზეა და საეჭვოა, რომ რომელიმემ რუსეთის მიმართ სიმპათიები გამოხატოს. და მაინც, ბოლო დროს რუსეთის ხელისუფლებისა და არმიის მიერ მიღწეული პოლიტიკურ-დიპლომატიური და სამხედრო ტაქტიკური წარმატებები ვლადიმერ პუტინის გუნება-განწყობას აუმჯობესებს.

წყარო: https://thehill.com/policy/defense/4479609-putin-flexes-ukraine-us-gridlock/

თბილისი
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.