USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Tbilisi
«The Hill» (აშშ): „სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით მართალია“
Date:  1090

აშშ-ის გაზეთ „ჰილში“ (The Hill) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით მართალია“ (ავტორი - ალან კუპერმანი, ტეხასის - ოსტინის - უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი და კონფლიქტოლოგი). „ამჟამად უკრაინისათვის ნებისმიერი შეთანხმება უარესი იქნება იმ „მინსკის შეთანხმებებზე“, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის დროზე უარყო, უზომო პოლიტიკური ამბიციებისა და აშშ-ის უსაზღვრო დახმარების მოლოდინის გამო“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

მე იშვიათად ვეთანხმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მაგრამ მისი ამასწინანდელი ძალიან გახმაურებული განცხადება უკრაინის შესახებ მთლიანობაში სწორია. აღშფოთების კორიანტელი კი იმან გამოიწვია, რომ უკრაინის საკითხში დასავლური საზოგადოება ათწლეულების განმავლობაში მკაცრ დიეტაზე ჰყავდათ და დეზინფორმაციით კვებავდნენ. მოვიდა დრო გავარკვიოთ სამი საკვანძო მომენტი, რომლებიც ნათელს ჰფენენ სიტუაციას - რატომ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ომის დაწყების გამო არამარტო ვლადიმერ პუტინს, არამედ ჯო ბაიდენს და თვითონ უკრაინის ხელმძღვანელობასაც.

პირველი - როგორც ამას წინათ თვით კიევის სასამართლომ დაადასტურა, სწორედ უკრაინელმა შეიარაღებულმა მემარჯვენე რადიკალებმა გააჩაღეს ძალადობა 2014 წელს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ყირიმის ჩათვლით. იმ დროს უკრაინის პრეზიდენტი იყო პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც 2010 წლის არჩევნებში დემოკრატიულად გაიმარჯვა - იმიტომ, რომ იგი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობდა. 2013 წელს მან გადაწყვიტა ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან გაეღრმავებინა და არა ევროკავშირთან, როგორც ადრე იყო დაგეგმილი. ამის საპასუხოდ პროდასავლელმა აქტივისტებმა კიევის ცენტრალური მოედანი და რიგი სამთავრობო შენობები დაიკავეს, პრეზიდენტი იძულებული გახადეს მნიშვნელოვან დათმობებზე წასულიყო 2014 წლის თებერვალში.

პროტესტები უკვე თანდათანობით სუსტდებოდა, რაც მავანთ არ აწყობდათ. სწორედ ამ დროს კიევის მაღლივი შენობებიდან ულტრამემარჯვენე სამხედროებმა („ბოევიკებმა“) სროლა დაუწყეს მოედანზე ჯერ კიდევ დარჩენილ მომიტინგეებს და პოლიციელებს. პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა „ბოევიკებს“, რომლებმაც შემდეგ სიცრუე განაცხადეს, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი დემონსტრანტები თვითონ პოლიციელებმა დახოცესო. რასაკვირველია, მოსახლეობა ისევ აუმხედრდა მმართველ პარტიას, მთავრობას და პრეზიდენტს, მათ ხელისუფლება დაამხეს, ვიქტორ იანუკოვიჩმა თავს რუსეთში გაქცევით უშველა.

ვლადიმერ პუტინმა კი ყირიმის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის მსხვილი სამხედრო ბაზები იყვნენ დისლოცირებულნი, ჯარები ქუჩაში გამოიყვანა (მათ პატრულირება დაიწყეს) და იარაღი მიაწოდა დონბასის რუსულენოვან მოსახლეობას, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათ მიერ არჩეული პრეზიდენტი იანუკოვიჩი არადემოკრატიული გზით დაამხეს. რასაკვირველია, ეს ისტორია რუსეთის ჩარევას არ ამართლებს, მაგრამ ამით ახსნილია, თუ რატომ არ შეიძლება მას „არაპროვოცირებული“ ვუწოდოთ.

მეორე - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ესკალაციაზე წავიდა კონფლიქტი გააღრმავა, დაარღვია რუსეთთან დადებული სამშვიდობო შეთანხმებები, დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააფართოვა და ნატოს წევრობა ოფიციალურად მოითხოვა.  ჯერ კიდევ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დროს, 2015 წელს, დაიდო ცნობილი „მინსკის შეთანხმებები“, რათა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში (დონბასში) ადგილობრივ რუსულენოვან მოსახლეობას და უკრაინის მთავრობას შორის მიმდინარე დაპირისპირება ჩამქრალიყო და საომარი მოქმედებები დასრულებულიყო. „მინსკის შეთანხმებებით“ უკრაინა ვალდებულობდა დონბასისათვის შეზღუდული პოლიტიკური ავტონომია მიეცა. ვლადიმერ პუტინის აზრით, ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ რომ უკრაინა ვეღარ გახდებოდა ნატოს წევრი. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოზიტივის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლებას „მინსკის  შეთანხმებების“ ძირითადი მოთხოვნები არ შეუსრულებია.

პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებდა, რომ შეთანხმებების პირობებს შესრულებდა და სისხლისღვრას თავიდან აიცილებდა, თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მან უარი თქვა თავის პირობაზე. იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ არა იმდენად ომის რისკი აღელვებდა, არამედ ის, რომ რუსეთი მას სუსტად ჩათვლიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიწყო ნატოს ქვეყნებიდან იარაღის იმპორტის ზრდა, რაც ვლადიმერ პუტინის „მოთმინების ფიალისათვის“ ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ამის შემდეგ 2022 წლის თებერვალში რუსეთმა დონბასის „დამოუკიდებლობა“ აღიარა და მის ტერიტორიაზე ჯარები განათავსა „მშვიდობის დასაცავად’ და კიევს მოსთხოვა უარი ეთქვა დასავლეთისაგან იარაღის შესყიდვასა და ნატოს წევრობისაკენ სწრაფვაში

როცა ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგი უარი თქვა, ვლადმერ პუტინმა თავისი სამხედრო ოპერაცია მკვეთრად გააფართოვა და 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა. ასე რომ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ნებით თუ უნებლიედ, მაგრამ სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოახდინა რუსეთის პროვოცირება, თუმცა, რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ ამართლებს მოსკოვის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებს.

მესამე - გადამწყვეტი წვლილი სიტუაციის ესკალაციაში და საომარიმოქმედებების გაგრძელებაში შეიტანა ჯო ბაიდენმაც: 2021 წლის ბოლოს, როცა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრებთან ჯარების თავმოყრა ის-ის იყო დაიწყო და მინსკის შეთანხმებების შესრულება მოითხოვა, აშკარა გახდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი არ დათანხმდებოდა, რუსეთი თავის ჯარებს შეიყვანდა და დონბასსა და ყირიმს შორის არსებულ სახმელეთო დერეფანს დაიკავებდა.

იმდენად, რამდენდაც უკრაინა პირდაპირ იყო დამოკიდებული ამერიკული იარაღის მიწოდებაზე, ჯო ბაიდენს რომ ეთქვა ზელენსკისათვის, დათანხმდი კრემლის მოთხოვნაზეო, კიევი აუცილებლად შეისმენდა თეთრი სახლის ნათქვამს. ამის ნაცვლად ჯო ბაიდენმა, დიდად სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიღება ვოლოდიმირ ზელენსკის მიანდო და უფრო მეტიც - დაპირდა, რომ რუსეთის შეჭრის სემთხვევაში ვაშინგტონი მოსკოვს „სწრაფად და გადამწყვეტად“ უპასუხებდა. ზელენსკიმ ეს პოზიტიურ სიგნალად ჩათვალა და გაბედა მოსკოვის გამოწვევა.

ახლა კარგად ვხვდები - დონალდ ტრამპი რომ იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი ყოფილიყო ჯო ბაიდენის ნაცვლად, იგი ვოლოდიმირ ზელენსკის ასეთ კარტ-ბლანშს არ მისცემდა. ზელენსკი იძულებული გახდებოდა მინსკის შეთანხმებების რეალიზება დაეწყო და ამით საომარი მოქმედებების დაწყებას თავიდან აიცილებდა. და თუ ზელენსკი მაინც უარს იტყოდა და ამით რუსეთის ჯარების შეჭრის პროვოცირებას მოახდენდა, დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენისაგან გასნხვავებით, უაზროდ არ მისცმდა მას ვეტოს უფლებას სამშვიდობო მოლაპარაკებაზე და არ დაიწყებდა განცხადებების გაკეთებას - „არაფერი თქვათ უკრაინაზე უკრაინის გარეშე“.

აშშ-ის მიერ მიცემულმა დაპირებამ უკრაინას ტრაგიკული ნაბიჯის გადადგმისაკენ უბიძგა - კიევს, დასავლეთისაგან და განსაკუთრებით, ამერიკისაგან სამხედრო დახმარების მიღების იმედით [რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ბრიტანელმა პრემიერმა ბორის ჯონსონმაც], გაბედულება მიეცა და ომის გაგრძელება გადაწყვიტა. თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მას სამყოფი სამხედრო დახმარება არ გაუწია, ბირთვული ესკალაციის შიშით. მოკლედ, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას ცრუ იმედები ჩაუნერგა და ამით კონფლიქტი გაჭიანურდა. ამჟამად ასეულ ათასობით დაღუპულია და თითქმის მილიონამდე დაჭრილი ორივე მხარეს, ფრონტის ხაზმა კი უკრაინის სიღრმეში გადაიწია. უკრაინის ეკონომიკა დანგრეულია, ინფრასტრუქტურა კი მოშლილი, მილიონობით ადამიანი საზღვარგარეთაა გაქცეული ლტოლვილის სახით...

მომავალი სამშვიდობო შეთანხმების კონტურები უკვე აშკარად მოჩანს, რასაც დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრებიც ადასტურებს: რუსეთი სეინარჩუნებს ყირიმს და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებს (დონბასს, ტავრიას და აზოვისპირეთს), უკრაინის დანარჩენი ნაწილი ნატოს შემადგენლობაში არ გაწევრიანდება, თუმცა, როგორც ჩანს, დასავლეთის ქვეყნებისაგან უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს მიიღებს.

სამწუხაროა, რომ ასეთი გეგმა შეიძლებოდა ჯერ კიდევ ორი წლის წინ რეალიზებულიყო - ერთადერთი რამ იყო საჭირო ამისათვის: პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა ეთქვა ზელენსკისთვის, რომ თუ მას აშშ-ის მხარდაჭერა სურდა, მაშინ უნდა დათანხმებულიყო ცეცხლის შეწყვეტაზე.

კიდევ უფრო სამწუხაროა ის გარემოება, რომ ნებისმიერი სამშვიდობო დარეგულირება უკრაინისათვის მინსკის შეთანხმებებზე უფრო უარესი იქნება - იმ შეთანხმებებზე, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინდაუხედავად უარყო უზომო პოლიტიკური ამბიციებისა და აშშ-ის უსაზღვრო დახმარების გულუბრყვილო მოლოდინის გამო.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way