აშშ-ის გაზეთ „ქრისჩენ საიენს მონითორში“ (The Christian Science Monitor) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თხოვნა დასავლეთს: „შეაჩერე რუსეთი“ (ავტორი - ჰოვარდ ლაფრანჩი). „სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს დონალდ ტრამპის ლოზუნგით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და ვაშინგტონს რუსეთის შეჩერების თხოვნით მიმართავს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთვაზობთ სტატიას შემოკლებით:
სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიაში, შავი ზღვის პირას მდებარე 3,7 მილიონიანი ქვეყნის - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დე ფაქტოდ ქართული ოპოზიციური მოძრაობის მედროშედაც ითვლება. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, მის სამშობლოში დემოკრატია და დასავლური ფასეულობები საფრთხის ქვეშ იმყოფება, თუმცა ამერიკისათვის უფრო მეტად შემაშფოთებელი ის უნდა იყოს, რომ რეგიონში ვაშინგტონის ინტერესები იზღუდება - კავკასიაში ბოლო დროს სიტუაცია რუსეთის, ჩინეთისა და ირანის სასარგებლოდ იცვლება.
„ჩვენ დემოკრატია უნდა დავიცვათ და ამას ის ადამიანები აკეთებენ, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ჩვენი ქალაქების ქუჩებში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, რომლებიც „ქრისჩენ საიენს მონითორის“ ინიციატივით შეიკრიბნენ ვაშინგტონში, - მაგრამ თუ ჩვენ ძლიერ ამერიკაზე ვლაპარაკობთ, მაშინ აშშ-ის ძლიერება სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონშიც - კავკასიაში და შავიზღვისპირეთშიც იწყება“.
როგორც საქართველოს „კანონიერმა პრეზიდენტმა“ განაცხადა, რუსეთი კავკასიას მეტად საჭირო რეგიონად თვლის, შესაბამისად, აშშ-ისათვის სერიოზული უკანდახევა იქნება, თუ ვაშინგტონი თავის გავლენას შეასუსტებს და ადგილს რუსეთს დაუთმობს, მით უმეტეს ჩინეთს.
ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უარი განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომაზე გასული წლის დეკემბერში, როცა ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი იქნა არჩეული პარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელიც ბევრმა ქართველმა და დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ გაყალბებულად ჩათვალა.
სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს „საქართველოს ერთადერთ კანონიერ პრეზიდენტად“ თვლის და მხარს უჭერს ოპოზიციურ მოძრაობას, ანტისამთავრობო გამოსვლებს თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. იგი ასევე დადის ევროპის დედაქალაქებშიც და ახლა უკვე ვაშინგტონშიც და დასავლეთს აფრთხილებს, რომ თუ ევროპა და აშშ ერთობლივად და მტკიცედ არ აღუდგებიან წინ რუსეთისა და ჩინეთის მცდელობებს, მოსკოვი და პეკინი თავიანთ ბატონობას დასავლეთზეც გაავრცელებენ.
როცა სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის დროს დონალდ ტრამპს წარუდგინეს, მან აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს უთხრა, რომ „საქართველო ამერიკისთვის სტრატეგიული ქვეყანაა და ამიტომ ვაშინგტონმა ეს არ უნდა დაივიწყოს“. „დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩემი ნათქვამი დონალდ ტრამპმა ინტერესით მიიღო“, - აღნიშნა სალომე ზურავიშვილმა, რომელმაც ამერიკელ ლიდერს საქართველოში ვიზიტი გაახსენა და ის, რომ იგი კმაყოფილი იყო იმ ვიზიტით: „ეს არ ყოფილა რაიმე აბსტრაქტული მომენტი. [დონალდ ტრამპი] შეიძლება საქართველოს მეგობრად ჩავთვალოთ“.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან თავისი თხოვნა და პოზიცია გაუზიარა სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსაც, როცა მას მცირე დროით შეხვდა ინაუგურაციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ღონისძიების დროს (ქართველი ლიდერი ვაშინგტონში რესპუბლიკელი სენატორის ჯო უილსონის მიწვევით იმყოფება).
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ რა დონით არის დაინტერესებული დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კავკასიისა და შავიზღვისპირეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობით და არის თუ არა ეს რეგიონი მის პრიორიტეტებში. მაგრამ იგი იმავდროულად ხაზს უსვამს, რომ დასავლეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს რუსეთის სულ უფრო დახვეწილ მოქმედებას, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელ ქვეყნებში თავისუფალი არჩევნების ჩატარების ძირის გამოთხრისაკენ.
მათ გასაგონად, ვინც წუხს, რომ დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კურსს შეცვლის და უფრო მკვეთრად გაატარებს პოლიტიკას ლოზუნგებით „მშვიდობა ძალის გამოყენებით“ და „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთი გზავნილი აქვს: მისი თქმით, საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯო ბაიდენის დოქტრინა ძირითადად მხოლოდ სიტყვებს ემყარებოდა. „აშშ-ის წინა ადმინისტრაციას... სინამდვილეში არაფერი გაუკეთებია საქართველოში დემოკრატიის შესანარჩუნებლად ბოლო ორი წლის განმავლობაში“, - ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონმა მხოლოდ 29 დეკემბერს, როცა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის უფლებამოსილება მიიღო, გამოაცხადა სანქციები მათ წინააღმდეგ, რომელსაც იგი „ახალ რეჟიმს“ უწოდებს.
სალომე ზურაბიშვილს შეახსენეს, რომ დონალდ ტრამპმა თავისი „ექსპანსიონისტური გეგმებით“ გრენლანდიისა და პანამის არხის შესახებ აშშ-ის მოკავშირეებიც კი შეაშფოთა.
მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ქართველმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის პრინციპს, მან მაინც სიფრთხილე გამოიჩინა, რომ [აშშ-სთან] ხიდები არ დაეწვა: „დონალდ ტრამპს შეუძლია ილაპარაკოს [აშშ-ის ტერიტორიის] სამომავლო გაფართოებაზე, მაგრამ რუსები ამას უკვე პრაქტიკულად აკეთებენ“, - თქვა მან და ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთს საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული. მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანი მაგალითი იქნება ის, თუ რას და როგორ გააკეთებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომის შესაწყვეტად.
გლობალური სტაბილურობისათვის მსოფლიოს სახელმწიფოებმა, აშშ-ის ლიდერობით, „რუსეთი, ბოლოსდაბოლოს, უნდა აიძულონ, რომ ის ნორმალური ქვეყანა გახდეს, მაგრამ... ისეთად, რომელიც თავისი საზღვრების ფარგლებში იარსებებს“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
წყარო: https://www.csmonitor.com/USA/Politics/monitor_breakfast/2025/0122/georgia-salome-zourabichvili-russia-trump
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/