USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«The Christian Science Monitor» (აშშ): „რუსეთის ორბიტაზე დიდი ხნის განმავლობაში მყოფი საქართველო დასავლეთისკენ იხრება“
дата:  472

ცნობილი ამერიკული გაზეთი „ქრისჩენ საიენს მონიტორი“ (The Christian Science Monitor) აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „რუსეთის ორბიტაზე დიდი ხნის განმავლობაში მყოფი საქართველო დასავლეთისკენ იხრება“ (ავტორი - ანა გრობე, საკუთარი კორესპონდენტი), რომელშიც გადმოცემულია უცხოელი ჟურნალისტის თვალით დანახული საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა.

ავტორი ვრცელ პუბლიკაციაში თბილისში ყოფნის შთაბეჭდილებებს აღწერს, ესაუბრება რიგით მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს (როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან), ექსპერტ-პოლიტოლოგებს და ა.შ. ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმოხილვის დროს აქცენტი გაკეთებულია დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობაზე (კომენტირებულია გამოკითხვების შედეგები, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მომენტები, დემოკრატიის პრინციპების დარღვევის ფაქტები), ქართული საზოგადოების წარმომადგენლების დამოკიდებულებაზე როგორც ზოგადად რუსეთის, ასევე საქართველოში მყოფი რუსი მიგრანტების მიმართ (წარწერები კედლებზე, რესტორნებისა და კაფეების შესასვლელებზე: „რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი ბროროტება. თუ არ გვეთანხმებით, აქ ნუ შემოხვალთ“).

გთავაზობთ ამონარიდს:

„როცა 2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ახალი მიდგომა დავნერგეთ - „სტრატეგიული თმენის“ პოლიტიკა“, - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავის ფორუმზე გამოსვლისას, - და ამით მშვიდობასა და სტაბილურობას მივაღწიეთ“.

დიახ, სამართლიანობისა და ობიექტურობის სახელით, უნდა ვთქვათ, რომ საქართველო, შეიძლება ითქვას, თავის საგარეო პოლიტიკას და დიპლომატიას წარმატებულად ატარებს - დასავლეთსა და რუსეთს შორის გადებულ „ბეწვის ხიდზე“ მარჯვედ დადის. თვითონ განსაჯეთ: მრუსეთი საშიშია (კრემლს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული), დასავლეთი კი მომთხოვნია (მმართველმა პარტიამ მისთვის არასასიამოვნო რეფორმები უნდა გაატაროს). ანალიტიკოსები აღნიშნავენ ქართველების მარჯვე მოქმედებას, რითაც ისინი არიან ცნობილნი: „ქართვლის დედის“ ძეგლის გამოსახულებაც, რომელიც თბილისს ზემოდან დასცქერის, ამას ადასტურებს: ერთ ხელში სტუმრებისათვის ღვინის თასი უჭირავს, მეორეში კი, მტრებისთვის, მახვილი. შესაძლოა, ასეთი თვისების წყალობით ჰყავდათ ქართველებს მსოფლიოში გამოჩენილი და გავლენიანი ლიდერები - მკაცრი საბჭოთა პრემიერი, მისტერ იოსებ სტალინი, რომელმაც საბჭოთა ქვეყნის კარი უცხოელებისათვის ჩაკეტა და „პერესტროიკის“ მომხრე, ელეგანტური და ლიბერალური საგარეო საქმეთა მინისტრი, მისტერ ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც მოგვიანებით საქართველოში დასავლეთს კარი გაუღო“.

(...)

„თბილისიდან სულ რაღაც 45 წუთის სავალზე ევროპელი დამკვირვებლები ბინოკლით ხელში ჩრდილოეთით იყურებიან და ბორცვებიან გარემოს ყურადღებით აკვირდებიან, თუ როგორ მოძრაობენ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ტექნიკა. ისინი ხედავენ, თუ როგორ დადიან სოფლების ერთ მხარეს რუსი ჯარისკაცები - სოფლებისა, რომელთა მცხოვრებლებმა ერთ დილას აღმოაჩინეს, რომ ისინი ორად არიან გაყოფილნი მავთულხლართებით და თხრილებით.

რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული იმ სისხლიანი ომის შედეგად, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ვლადიმერ პუტინმა გააჩაღა. რუსეთის არმიამ ქართული ჯარი ხუთ დღეში გაანადგურა, უამრავი ქართველი კი აიძულა მშობლიური სახლები დაეტოვებინათ.

რუსეთი ამ ომს თითქოსდა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად აწარმოებდა, სინამდვილეში კი, თუ სიტუაციას უკრაინაში რუსეთის არმიის სეჭრის პრიზმაში განვიხილავთ, მივხვდებით, რომ კრემლმა განახორციელა დიდი ხნის წინ დაგეგმილი განზრახვა - დაესუსტებინა საქართველო (უკრაინაც) და ისეთ მდგომარეობაში ჩაეგდო, რომ მას ნატოში არ მიიღებდნენ. გავიხსენოთ, რომ ომამდე, 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე, ნატომ საქართველოს და უკრაინას აღუთქვა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ორივე ალიანსის წევრები გახდებოდნენ.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს იმდროინდელი ლიდერები იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი რუსეთის წინაშე ნატოს დაპირების იმედით ისე მოქმედებდნენ, რაც „ხარის წინ წითელი ნაჭრის აფრიალებას“ ჰგავდა. და მაინც, ვერც რუსეთის საქართველოზე თავდასხმამ და ვერც უკრაინის ომმა ვერ გადაარწმუნა ქართველები ევროპისადმი გამოხატულ სიმპათიებში. როგორც საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები ადასტურებს, მოქალაქეთა 85%-ს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება სურთ. მაგრამ საზოგადოება ასევე ამჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კორუფციასთან ბრძოლა შენელდა, გაჩნდა მასმედიის შეზღუდვის ტენდენცია, მოიკოჭლებს მართლმსაჯულება.

იმ 15% ქართველებისათვის, რომლებიც მხარს არ უჭერენ ევროკავშირში გაწევრიანებას, მიზეზები სხვადასხვაა: ძველი დროის ნოსტალგიიდან („საბჭოთა პერიოდი უფრო უკეთესი იყო“) დასავლური ფასეულობების უგულვებელყოფამდე („დასავლური ეკონომიკა, მორალი და ზნეობა კრიზისს განიცდის“). ისინი ასევე თვლიან, რომ დასავლური რეფორმები რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას ამძიმებს.

უნდა ითქვას, რომ დასავლეთის მომხრე ქართველებს ბრიუსელმა დიდი დარტყმა მიაყენა, როცა უკრაინისა და მოლდოვასაგან განსხვავებით, საქართველოს უარი განუცხადა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე“. არადა, იგივე დასავლეთი და ევროკავშირის დიდი ხნის განმავლობაში თვლიდა საქართველოს დემოკრატიის შუქურად პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

წყარო: https://www.csmonitor.com/World/Europe/2023/0925/Long-in-Russian-orbit-Georgia-tilts-West

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати