USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Tbilisi
«The Christian Science Monitor» (აშშ): „პუტინი რუსეთს უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მართავს: როგორ გაძლო მან ამდენ ხანს პრეზიდენტის თანამდებობაზე?“
Date:  646

ამერიკული გაზეთი „ქრისჩენ საიენს მონითორი“ (The Christian Science Monitor) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინი რუსეთს უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მართავს. როგორ გაძლო მან ამდენ ხანს პრეზიდენტის თანამდებობაზე?“ (ავტორი - ფრედ უეირი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის ლიდერის ხანგრძლივი მმართველობის („პუტინური ეპოქის“) მიზეზები და გარემოებები.

მეოთხედი საუკუნის წინათ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ვლადიმერ პუტინი დანიშნა, ძალიან ბევრს ეგონა, რომ იგი მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულ რაღაც რამდენიმე კვირას თუ გაძლებდა - ფართო საზოგადოებისათვის უცნობი პიროვნება, „კაგებეს“ ჩვეულებრივი ყოფილი თანამშრომელი ვერ დაძლევდა პრობლემებს და იმ უიღბლო პრემიერების ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი იქნებოდა, რომლებიც მანამდეც ბევრნი იყვნენ.. მაგრამ „ურწმუნოები“ მწარედ მოტყუვდნენ - არავინ არ ელოდებოდა იმას, რაც შემდეგ მოხდა.

მოკლედ, ვლადიმერ პუტინმა კრიზისებს გაუძლო. მისი მმართველობის წლებში მთელი თაობა გაიზარდა, რომელიც, პუტინის გარდა, სხვა ლიდერის მომსწრე არ არის. მიმდინარე წლის დასაწყისში მისი უფლებამოსილება ექვსწლიანი ვადით გაგრძელდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კრემლის ბინადარი არასოდეს ისე დამარწმუნებლად არ ფლობდა ხელისუფლებას და დამაჯერებლად არ აკონტროლებდა სიტუაციას, როგორც ამჟამად.

თუმცა ის, თუ როგორ მოახერხა ვლადიმერ პუტინმა რუსული დათვის ესოდენ იოლად მორჯულება, ან მისი პოლიტიკური დღეგრძელობის მიზეზები, დღემდე ბოლომდე ცნობილი არ არის.

რუსული საზოგადოება, მთლიანობაში, კმაყოფილია იმით, თუ როგორ შეიცვალა ქვეყანა 25 პუტინური წლის განმავლობაში. მაგრამ რუსი ექპერტების აზრით, ეს მოხდა არა იმდენად პრეზიდენტის, როგორც ლიდერის, რაღაც უნიკალური თვისებების გამო, არამედ უფრო ისტორიული ეპოქისა და კულტურის ძალით.

ვლადიმერ პუტინის მომხრეებიც კი იშვიათად ლაპარაკობენ, რომ მას რაღაც უჩვეულო და უნიკალური უნარები აქვს - ვთქვათ, ქარიზმა, შეუმცდარობა ან სიბრძნე. ისინი თავს აარიდებენ ამგვარ ქება-დიდებას და უფრო მეტად ისინი იმაზე დაიწყებენ საუბარს, თუ როგორ შეიცვალა და გარდაიქმნა რუსეთი ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში: არასტაბილური და უბედური პოსტსაბჭოური ნანგრევებიდან და ბანდიტური ქვეყნიდან  დისციპლინირებულ და შედარებით აყვავებულ საზოგადოებად, სადაც ადამიანები გულწრფელად ამაყოვენ იმით, რომ ისინი რუსები არიან. რეფორმების უმრავლესობა, რომლებმაც რუსეთი შეცვალა, ვლადიმერ პუტინს არ დაუწყია, მაგრამ მათ სწორედ პუტინის მმართველობის დროს მიაღწიეს მიზანს.

ამისკარგი მაგალითია კერძო საკუთრება მიწაზე, რომელიც ამჟამად საყოველთაო უფლებას წარმოადგენს. ბოლო 15 წლის განმავლობაში მიწით სარგებლობამ და გაყიდვამ სხვადასხვა საჭიროებისდა მიხედვით გამოიწვია ის, რომ რუსული მეგაპოლისების ირგვლივ მსხვილი ფერმერული მეურნეობები შეიქმნა (ისევე როგორც აშშ-ში 1950-იან წლებში), დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ბუმი. შესაძლოა დასავლეთის მოსახლეობისათვის ეს შთამბეჭდავი არ იყოს, მაგრამ რუსეთში მილიონობით მიწისმფლობელის არსებობა - უფრო მეტის, ვიდრე ათასი წლის წინ იყო (მეფის პერიოდის გამოკლებით), უჩვეულოა. დღეს ქალქისა და სოფლის მცხოვრებთ შეუძლიათ მიწასთან მიგიყვანონ და თქვან - „ეს ჩემი საკუთრებაა და რაც მინდა, იმას გავაკეთებ“.

„ჩვენ არ ვსვამთ კითხვას - რატომაა ვლადიმერ პუტინი პოპულარული. თვითონ კითხვა არ იქნება სწორი“, - ამბობს ალექსი მუხინი, მოსკოვის პოლიტიკური ინფორმაციის დამოუკიდებელი ცენტრის დირექტორი, - ჩვენ უფრო მეტად ირგვლივ არსებულ ცხოვრებას ვაკვირდებით. მე პირადად მეჩვენება, რომ ცხოვრება უფრო კარგად მიდის მაშინ, როცა სახელმწიფო და საზოგადოება  თითოეული თავის სფეროთია დაკავებული და ერთმანეთს ხელს არ უშლიან. მეც და მოსახლეობას ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ვლადიმერ პუტინმა იპოვა ფორმულა, რომელიც მუშაობს - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც“.

უკეთესია, ვიდრე 1990-იანებში...

ვლადიმერ პუტინმა მთელი რიგი მკაცრი გამოცდა გადაიტანა, რომელთაგან ნებისმიერი შეიძლებოდა ბევრი პოლიტიკოსისთვის კარიერის დამანგრეველი ყოფილიყო. მათ შორისაა ატომური წყალქვეშა ნავის „კურსკის“ ტრაგიკული დაღუპვა მისი პრეზიდენტობის პირველივე წელს, ფინანსური კრიზისები, კავშირების გაწყვეტა დასავლეთთან და არნახული პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქცია-ემბარგოების „გრიგალი“. მან გადაიტანა სამხედრო ამბოხება და დღემდე აგრძელებს ძვირადღირებულ ომს უკრაინასთან, რომელიც, როგორც ამბობენ, ისე დაიწყო ორი წლინახევრის წინ, რომ თავისი ბევრი ახლო მრჩეველისთვისაც არაფერი უკითხავს.

ამ ხნის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის რეიტინგი იშვიათად თუ ჩამოსცილებია 60%-იან ნიშნულს, ამჟამად კი მისი პოპულარობა 80%-ს აღწევს.

„რუსულ საზოგადოებაში ქვეყნის ლიდერს მტკიცე მხარდაჭერა აქვს - დაახლოებით ორი მესამედი მიმდინარე პოლიტიკის მიმართ ლოიალურ განწყობას გამოხატავს“, - ამბობს ალექსი ლევინსონი, დამოუკიდებელი „ლევადა-ცენტრის“ ექსპერტი, - რეიტინგის ყველაზე დაბალი დონე - 60-62% - იყო ეკონომიკური სირთულეების პერიოდში, როცა მოსახლეობა უკმაყოფილებას ამჟღავნებდა, მაგრამ იმავდროულად, „იმპერიული პოლიტიკის წარმატებები“, მაგალითად, საქართველოსთან ომი 2008 წელს და ყირიმის მიერთება 2014 წელს - პირიქით, მხარდაჭერას 20%-ით ზრდიდა“.

მიუხედავად იმისა, მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები შემცირდა, განსაკუთრებით კი  უკრაინასთან ომის დაწყებიდან, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობის კერძო ცხოვრება მაინცდამაინც არ დაზარალებულა. 40 წელზე მეტი ასაკის მქონე რუსებისათვის ათვლის მთავარი წერტილი იყო და ახლაც არის 1990-ინი წლების კატასტროფა.

„როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს ნამდვილად კარგი გუნდი ჰყავს, რადგანაც მათ შეძლეს 1990-იანი წლების ყველა სირთულისა და მძიმე გადმონაშთების გადალახვა - უწესრიგობების, ქაოსისა და თავაშვებული ბანდიტიზმის ჩათვლით“, - ამბობს მარინა, მოსკოველი პენსიონერი, რომელიც მუშაობას აგრძელებს, - ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა იმ ავადსახსენებელ დროში, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ვუფრთხილდებით სტაბილურობასა და სიმშვიდეს. ძნელია რუსეთის საჭესთან სხვა პიროვნების წარმოდგენა, ვლადიმერ პუტინის გარდა“.

პიტინი როგორც „სწორედ ის ადამიანი“

რუსი ოპოზიციონერებიც კი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების დევნას საზღვარგარეთ გაექცა, ვერ თანხმდებიან ერთმანეთში ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური დღეგრძელობის წყაროების ძიების დროს. ერთნი ამას სახელმწიფო პროპგანდით ხსნიან, როცა დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ოპოზიციონერების ხმა ტელეეკრენიდან აღარ ისმის და ისინი ოფიციალური ეთერიდან გაძევებულები არიან. მეორენის თქმით, გაფართოებულმა რეპრესიებმა, რომელიც ანტიუკრაინულ „სპეცოპერაციას“ მოჰყვა, შიშის ატმოსფერო შექმნა, რომლის დროსაც „დიდი მესაჭის“ პოპულარობა და სიყვარული, პრინციპში, შეუძლებელია. მესამენი ხაზს უსვამენ ტრადიციულ რუსულ პოლიტიკურ კულტურას და ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის მეფის როლს ასრულებს, რომელსაც მოსახლეობა ყველანაირ დემოკრატიულ ღირებულებებზე მაღლა აყენებს.

პრეზიდენტის ყოფილი სპიჩრაიტერი, ამჟამად კი მისი კრიტიკოსი აბას გალიამოვი (იგი ქვეყნიდან არის გაძევებული) თვლის, რომ რუსეტის ლიდერმა დააკმაყოფილა საზოგადოების მოთხოვნილება „ძლიერ ხელზე“, რომელიც ესოდენ აკლდა ქვეყანას, როცა საზოგადოება დაიშალა, ეკონომიკა დაინგრა, ხოლო დემოკრატიული მართვის დანერგვის ყველა მცდელობა კრახით სრულდებოდა. „პუტინი აღმოჩნდა სწორედ ის ადამიანი, რომელიც ამ მოთხოვნას გამოეხმაურა და მხარი აუბა“, - ამბობს აბას გალიამოვი.

თავდაპირველად პრეზიდენტმა გააცნობიერა დასავლეთთან რუსეთის ინტეგრირების აუცილებლობა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ ნაციონალიზმის გაღვივება და რუსეთის ყველა უბედურებაში გარეშე მტრის დადანაშაულება უფრო უკეთეს ფორმულას წარმოადგენს. „როცა გარეშე დღის წესრიგი დომინირებს, ხელისუფლება უფრო პატრიოტულად გამოიყურება, ოპოზიცია  კი - სამშობლოს გამყიდველთა ხროვად“, - განმარტავს აბას გალიამოვი, - როცა ყურადღება მიპყრობილი აქვს საშინაო საკითხებს, ადამიანები ხელისუფლებას კორუმპირებულად თვლიან, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს... პრინციპი - „რუსეთი მტრებით არის გარშემორტყმული“ - წარსულშიც ყოველთვის კარგად მუშაობდა“.

„მეომარი“-„მზრუნველი“-„შემოქმედი“

ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ვლადიმერ პუტინი ბოლო წლებში შეიცვალა - ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების კვალობაზე

ამას წინათ მოსკოვში არსებული ანალიტიკური ჯგუფი „მინჩენკო კონსალტინგი“ შეეცადა გაერკვია, თუ როგორ იცვლებოდა ვლადიმერ პუტინის როლი რუსეთის საზოგადოებაში. როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, ეყრდნობოდა რა რუსული რეალობის სტერეოტიპებს, პუტინი თავდაპირველად „მეომრის“ სახით გამოდიოდა, რომელმაც ქაოსით მოცულ ქვეყანაში წესრიგი აღადგინა, გაიმარჯვა ჩეჩნურ სეპარატიზმზე და 2000-იანების დასაწყისში ქვეყნიდან მზაკვარი ოლიგარქების გააძევა. შემდეგ ვლადიმერ პუტინი „მზრუნველი მმართველი“ გახდა, რომელმაც ქვეყანა საბაზრო ურთიერთობების აღმავლობამდე მიიყვანა და პირველად რუსეთის ისტორიაში კარგად აწყობილი სამომახმარებლო ეკონომიკა შექმნა. თავისი ბოლო გარდაქმნის შედეგად პუტინი გლობალურ „შემოქმედად“ არის წარმოდგენილი, ან ლიდერად, რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგს აყალიბებს და რომელშიც რუსეთი სრულიად ახალ როლს შეასრულებს.

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა „რაშა თუდეიმ“ ამასწინათ შექმნა საიტი, რომელშიც ვლადიმერ პუტინის მმართველობის 25 წელი სამ პერიოდად არის გაყოფილი, ხოლო მათთვის აუცილებელი თითოეული საკვანძო გამოსვლა, ხელოვნური ინტელექტის მიერ, გასაგებ ინგლისურ ენაზეა თარგმნილი.

„ასეა თუ ისე, ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება, თუ როგორ ამუშავდა ყველაფერი ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. რუსებს ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, აწყობთ. დიახ. ადამიანებს მისი ეშინიათ, მაგრამ ალტერნატივაც არ ჩანს. შესაძლოა, ეს ყველაფერი ალქიმიას ჰგავს, მაგრამ მასში ძალიან ბევრი ხედავს ნამდვილ რუს გმირს“, - ასკვნის ალექსი მუხინი

წყარო: https://www.csmonitor.com/World/Europe/2024/1031/vladimir-putin-russia-kremlin-25-years-ukraine-war

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way