USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Тбилиси
«The New Statesman» : „დიდი ბრიტანეთის საჩუქარი პუტინს: ლონდონი როგორც მოსკოვის პარტნიორი რუსული ნავთობისა და თხევადი გაზის გადაზიდვა-მოხმარებაში“
дата:  631

ბრიტანეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „ნიუ სთეითსმენის“ (The New Statesman) 9 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დიდი ბრიტანეთის საჩუქარი პუტინს: ლონდონი როგორც მოსკოვის პარტნიორი რუსული ნავთობისა და თხევადი გაზის გადაზიდვა-მოხმარებაში“ (ავტორი - უილ დანი, ბიზნეს-რედაქტორი). „მართალია, დიდი ბრიტანეთი პოლიტიკურად მხარს უჭერს  უკრაინას, მაგრამ ეკონომიკური რეალიები ისეთია, რომ ლონდონი, ფაქტიურად, კრემლს მილიარდობით შემოსავლის მიღებაში ეხმარება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ სამი წელზე მეტი ხნის ომის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოაგდო 27 ათასამდე ავიაბომბი, გაუშვა 11 ათასზე მეტი შემტევითი დრონი და სხვა ათასობით მართვადი საბრძოლო საშუალება (რაკეტები, თვითმფრინავები და ა.შ.). დიდი ბრიტანეთის კომპანიები კი, მოსკოვ-კიევის ომის მიუხედავად, რუსეთის ნავთობისა და გაზის შესყიდვას აგრძელებენ და ამით კრემლს მთავარი შემოსავლების მიღებით უზრუნველყოფენ.

როცა ბრიტანეთი რუსეთს ამდიდრებს...

ახალი გამოკვლევა (მოხსენება), რომელსაც New Statesman-ის რედაქცია გაეცნო, აჩვენებს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომის დაწყების დროიდან რუსული საწვავის გაყიდვა, 200 მილიარდი გირვანქა სტერლინგის მოცულობით, ბრიტანული საზღვაო კომპანიების მეშვეობით განხორციელდა. ანუ გამოდის, რომ იმ დროს, როცა ჩვენი მთავრობა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას ცდილობს, პარალელურად მიმდინარეობს ბრიტანეთის მონაწილეობა რუსეთის საომარი ხარჯების სტაბილურად შევსებაში.

მოხსენება მომზადდა ენერგიისა და ჰაერის კვლევის ცენტრის მიერ. ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ იმ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე თხევადი გაზის ღირებულებამ, რომლებიც ომის დროს ბრიტანეთის საზღვაო ტრასპორტით ან ბრიტანული დაზღვევით იქნა გადატანილი რუსეთიდან სხვა ქვეყნებში, 205,8 მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიაღწია. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ რუსული გაზმზიდი გემების სამი მეოთხედი ბრიტანული კომპანიების მიერ არის დაზღვეული.

ლონდონმა, ომის დაწყებიდან 9 თვის შემდეგ, ანტირუსული სანქციების საფუძველზე, ოფიციალურად შეწყვიტა რუსული ნავთობისა და ბავთობპროდუქტების იმპორტი, მაგრამ სანქციებში დატოვებულია „საძვრომი“, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის ვლადიმერ პუტინის პროდუქციის ყიდვას აგრძელებს: ნაყიდი ციმბირის ნავთობი რუსეთიდან მიეწოდება ინდოეთში და თურქეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთს უკან ნავთობპროდუქტების (ბენზინის, დიზელის საწვავის და ა.შ.) სახით უბრუნდება.

რუსული გაზი - ჩრდილოეთის საზღვაო გზით...

ენერგიისა და ჰაერის კვლევის ცენტრის დასკვნით, დიდმა ბრიტანეთმა ირიბად ისარგებლა ამ „საძვრომით“ (სანქციის ხარვეზით) და რუსულ ნავთობში 1,4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, ანუ კრემლს ნახევარ მილიარდზე მეტი გირვანქა სტერლინგის შემოსავალი მოუტანა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბრიტანული სამგზავრო თვითმფრინავების ძრავები, რომლებთაც ამ ზაფხულს მილიონობით ტურისტი გადაჰყავთ მსოფლიოს სხვადასხვა მზიურ ადგილებში, ციმბირული წარმოშობის ავიასაწვავს იყნებენ.

გარდა ამისა, ევროპა აგრძელებს რუსული თხევადი გაზის შესყიდვა (უშუალოდ რუსეთისაგან), ხოლო 2024 წელს ისტორიულად დიდი მოცულობის თხევადი გაზის იმპორტი განახორციელა. „ცისფერი საწვავის“ დიდი ნაწილი სრულიად ლეგალურად ხდება ბრიტანული კომპანიის Seapeak-ის მიერ, რომლის შტაბ-ბინა გლაზგოში მდებარეობს. კომპანია ფლობს 7 სპეციალიზებულ გაზმზიდ გემს, რომლებსაც ორმეტრიანი ყინულის განგრევა შეუძლიათ - ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში გამავალი მარშრუტით - იამალის ნახევარკუნძულიდან, სადაც რუსული თხევადი გაზის წარმოება ხდება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთი კომპანიის - Seapeak-ის გემებმა, ომის დაწყების დროიდან, მთლიანობაში 13 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ციმბირული გათხევადებული გაზი გადაიტანა. და თუ გავითვალისწინებთ, რომ არიან რიგი სხვა მსგავსი კომპანიებიც, რომლებსაც რუსული გაზი ასაზრდოებთ, მაშინ...

მართალია, ლეიბორისტულ მთავრობას, წინა კონსერვატიულთან შედარებით, რუსული ნავთობ-გაზის იმპორტის წინააღმდეგ უფრო მტკიცე პოზიცია აქვს დაკავებული, მაგრამ მაინც არასაკმარისად შეურიგებელი. როგორც მთავრობის პრეს-მდივანმა აცნობა New Statesman-ს, „ჩვენ ვმუშაობთ „დიდ შვიდეულთან“ და ევროკავშირთან ერთად, რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებით. სამომავლოდ ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს  ვლადიმერ პუტინზე ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად“.

„თუ რუსულ გაზს არ ვიყიდით, ეკონომიკა...“

რატომ არ შეგვიძლია დაუყონებლივ შევწყვიტოთ ვლადიმერ პუტინისათვის ფულის გადახდა? ეს შეიძლება ერთი სიტყვით აიხსნას: „ინფლაცია“. თუ დასავლეთის ქვეყნები მთლიანად უარს იტყვიან რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე, მაშინ ენერგორესურსებზე ფასი მკვეთრად მოიმატებს (ისე, როგორც 2022 წელს მოხდა) და ჯაჭვური რეაქციის მსგავსად, ყველაფერი გაძვირდება. ბოლო ინფლაციური „აფეთქება“ დიდი ბრიტანეთის მთავრობას 67 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა მომხმარებლებისა და კომპანიების მხარდასაჭერად, თუმცა დაუნინგსთრითმა პრობლემები ბოლომდე მაინც ვერ დასძლია. როგორც შედეგი,  მოსახლეობამ რეკორდულად გაძვირებული ცხოვრების მწარე გემო იწვნია, მთავრობამ კი ინფლაციის გამო სახელმწიფო სექტორში გაფიცვები და საპროტესტო აქციები მიიღო. ასე რომ, ვერცერთი მთავრობა ვერ გაბედავს თავისი ამომრჩევლების ცხოვრება გააუარესოს... და მაინც გაბედავს, გაფიცვებს და გამოსვლებს დიდხანს ვერ გაუძლებს.

ბრიტანელთა მოკრძალებული ოპტიმიზმი...

ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიდ ბრიტანეთს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. როგორც ენერგოსექტორის ანალიტიკოსები ამბობენ, საკითხი მოგვარება ალტერნატიულ მიწოდებაში იმალება. როცა ნავთობისა და გაზის სფეროს საკმარისი შესაბამისი პოტენციალი ექნება - იმდენი, რომ რუსული გაზის უეცარ შეწყვეტას ნაკლებადმნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდეს, მაშინ სანქციების გამკაცრება შეიძლება.

მოკლედ, პრაგმატული პასუხი  გამოიხატება იმით, რომ დიდ ბრიტანეთს ნვთობისა და თხევადი გაზის სხვა მიმწოდებლები უნდა ჰყავდეს, ანუ, ვთქვათ, საუდის არაბეთი ან სხვა ქვეყნები. სამწუხაროდ, ჩვენ ახლო მომავალში უარს ვერ ვიტყვით წიაღისეულ საწვავზე. ახლა დიდ ბრიტანეთში დავა-კამათი მიდის იმაზე, თუ რამდენი უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან ჩვენი არმიის ძლიერებისათვის, მაგრამ უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი მტრის არმია არ დავაფინანსოთ.

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати