USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
The New York Times: „რას ნიშნავს უკრაინისათვის „უსაფრთხოების გარანტიებით“ უზრუნველყოფა“
Date:  585

„ომი როცა დასრულდება, უკრაინა, სავარაუდოდ, გარანტიებს მოითხოვს, რომ რუსეთმა მასზე თავდასხმა ვეღარასოდეს ვერ გაბედოს. არის თუ არა ამ მხრივ რაიმე ისეთი ვარიანტი, ნატოს სრულუფლებიანი წევრობის გარდა, რომელიც კიევს დააკმაყოფილებს და მოსკოვს შეაკავებს? - ეს საკითხია განხილული აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რას ნიშნავს უკრაინისათვის „უსაფრთხოების გარანტიებით“ უზრუნველყოფა“ (ავტორი - სტივენ ერლანგერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ადრე თუ გვიან, უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყდება და ომი დასრულდება. როდის და როგორ, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მოსაგვარებელი იქნება - როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი უკრაინის უსაფრთხოება და ვინ უნდა იყოს გარანტორი.

პასუხები ამ კითხვებზე რთულია - გააჩნია, როგორ დასრულდება კონფლიქტი, მაგრამ უკვე აშკარაა - თუ რუსეთის სრულ კრახს და დამარცხებას გამოვრიცხავთ, თუ უკრაინა თავის ტერიტორიებს არ დაიბრუნებს, ყველა სხვა სიტუაციაში ყოველნაირი გარანტიები არასრული და მყიფე აღმოჩნდება. არადა, გარანტიების გარეშე დანგრეულ ქვეყანაში ვერცერთ ინვესტორს ვერ შეიტყუებ აღსადგენად, თუ ის დარწმუნებული არ იქნება იმაში, რომ ომი აღარ განახლდება.

ბევრი რამ არის დამოკიდებული დასავლეთზე, რომელსაც, ერთი მხრივ, უკრაინის დაცვა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ, მან აჩვენა, რომ მზად არ არის კიევისათვის იბრძოლოს და ომში პირდაპირი ჩარევა არ სურს, ერიდება მოსკოვთან სამხედრო კონფრონტაციას. დასავლეთი კომპრომისულ კურსს ატარებს: შეაკავოს რუსეთი და არ მოახდინოს კრემლის პროვოცირება.

„ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ერთიანობას წინ მთელი რიგი სარისკო სიტუაციები ელოდება“, - თვლის ნატალი ტოჩი, რომის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი. მისი თქმით, თუ უკრაინა მოახერხებს და იმ ტერიტორიებს მაინც დაიბრუნებს, რომლებიც კიევმა გასული წლის თებერვალში რუსეთის არმიის შეჭრის შედეგად დაკარგა, მას ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან იმავ წუთს კომპრომისებზე დაუწყებენ ლაპარაკს: „კიევო, აბა, ახლა შენც რაღაც უნდა დათმო და კომპრომისზე უნდა წახვიდე! ვერ ხედავ, შენს გამო ჩვენ რამდენი ხარჯები და დანაკარგები გვაქვს?“. მაგრამ ამის სანაცვლოდ, ამბობს ნატალი ტოჩი, უკრაინა სრულიად ბუნებრივად მოითხოვს მტკიცე გარანტიებს უსაფრთხოების სფეროში, რასაც დასავლეთის პოზიციაში განხეთქილების შეტანა შეუძლია: ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა უკრაინას ნატოში ეპატიჟება, დასავლეთევროპელი მოკავშირეები კი  ჯიუტობენ და უკრაინის ალიანსში მიღებას თავს არიდებენ.

რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს, რომ ნატომ და ევროკავშირმა უკრაინას დიდი ხნის წინ აღუთქვეს წევრობა, მაგრამ რადგნაც მიღების კონკრეტული თარიღი დაზუსტებული არ არის, შესაბამისად, არ არსებობს იმის მტკიცე რწმენა, რომ დაპირება შესრულებული იქნება. სხვათა შორის, სწორედ კიევის სწრაფვამ დასავლური ინტეგრაციისაკენ ბევრად განაპირობა ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ჯარის შეყვანა.

სანამ ძალაში რჩება ტერიტორიული დავები, მანამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემთხვევაშიც კი, უკრაინა ერთსულოვან მხარდაჭერას მიიღებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. კონსენსუსის გარეშე მიღება კი ამ ორივე ორგანიზაციაში შეუძლებელია.

„იმას, თუ როგორ დასრულდება ომი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, - თვლის ექსპერტი თომას კლაინე-ბროკჰოფი, სტატიის ავტორი, რომელშიც ფართოდ არის განხილული უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებული რთული საკითხები. მისი თქმით, უკრაინის სუვერენიტეტი ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვლამდე იყო დარღვეული - ყირიმის ანექსიით, ამიტომ ომის ოპტიმალური და პოზიტიური შედეგი ის უნდა იყოს, თუ უკრაინა მთლიან ტერიტორიას დაიბრუნებს. სამწუხაროდ, ეს გარანტირებული არ არის.

„რუსეთის სრული დამარცხების შემთხვევაში ჩვენს წინაშე  უკვე სხვანაირი რუსული სახელმწიფო იქნება - ყირიმის პრობლემა გადაიჭრება და უკრაინას ნატოშიც მიიღებენ. კიევის ალიანსში გაწევრიანება ერთგვარი ბარიერი იქნება ყველა სხვა რუსი ლიდერისათვის, რომელიც რევიზიონისტულად იმოქმედებს და წინამორბედების იდეებს დაუბრუნდება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ უკრაინის სრული გამარჯვებისა და რუსეთის სრული დამარცხების ფასი უკიდურესად მაღალი იქნება. იბადება კითხვა - როგორ უნდა იცხოვრონ მეზობლებმა სამომავლოდ გვერდი-გვერდ?“, - ამბობს თომას კლაინე-ბროკჰოფი.

ამასთან, რუსეთის სრულმა დამარცხებამ, რომელიც ვლადიმერ პუტინისა და მისი გარემოცვის პოზიციებს შელახავს, შეიძლება მოსკოვის მხრიდან ესკალაცია გამოიწვიოს [ბირთვული იარაღის გამოყენების სახით], ამ რისკზე წასვლა არც ჯო ბაიდენს და არც სხვა ქვეყნების ლიდერებს არ სურთ.

თუ პუტინის ხელისუფლება დაემხობა, ევროპის მნიშვნელოვანი სახელმწიფოები, უპირველესად კი საფრანგეთი და გერმანია, შეშფოთდებიან, რადგან მათ კარგად იციან, თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია რუსეთში გამეფებულ ქაოსს, თანაც ისეთ რუსეთში, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს. ეს უფრო უარესი იქნება, ვიდრე მე-17 საუკუნის დასაწყისის რუსეთის მდგომარეობა - ანარქიის, უკანონობისა და გაურკვევლობის ეპოქა - ე.წ. „არეულობის ხანა“.

კიევი ყველა იმ დაპირებას, რომელიც ნატოს წევრობას არ გულისხმობს, ცარიელ სიტყვებად თვლის და ამაში უკრაინა გარკვეულწილად მართალია. მსგავსი რამ უკვე იყო: 1994 წელს იმის სანაცვლოდ, რომ უკრაინა უარს იტყოდა ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე, მას აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა ტერიტორიული მთლიანობის დაცვა აღუთქვეს, რაც ე.წ. „ბუდაპეშტის მემორანდუმში“ დაფიქსირდა... თუმცა, რადგანაც ეს დაპირება არანაირი ვალდებულებით არ იყო განმტკიცებული, მემორანდუმი ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა და უსარგებლო დოკუმენტად გადაიქცა.

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი შეეცადა ამ საკითხში კომპრომისი მოენახა კიევთან ერთად შემუშავებული უსაფრთხოების შეთანხმების პროექტით, რომელლის შექმნაში ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც მონაწილეობდა. შეთანხმების მიზანია უზრუნველყოს ერთგვარი სავარაუდო ჰიბრიდის შექმნა 1994 წლის დაპირებასა და ნატო/ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას შორის. მისი ძირითადი რეკომენდაცია ასეთია: დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინა ისეთ კბილებამდე შეიარაღებულ ქვეყნად, ერთგვარ ეკლიან ზღარბად თუ მაჩვად გადააქციონ, რომლის გადაყლაპვას რუსეთი თუ მოისურვებს, ყელში გაეჩხიროს და დაიხრჩოს. ამისათვის ყოფილი გენერალური მდივანი დასავლელ ქვეყნებს უკრაინასთან ხანგრძლივი „სტრატეგიული პარტნიორობისაკენ“ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ათწლეულის განმავლობაში უკრაინა მიუდგომელ ციტადელად გადაიქცევა და თვითონვე შეძლებს საკუთარი თავის დაცვას. ანდერს ფოგ რასმუსენმა თავისი წინადადება აშშ-სა და ისრაელის ურთიერთდამოკიდებულებას შეადარა: მათ შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა არსებობს, მაგრამ ოფიციალური ხელშეკრულების გარეშე.

ანუ ფაქტიურად შეთავაზებულია ნატოსთან კავშირი ალიანსის წევრობის გარეშე: არა იმდენად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რამდენადაც მოსკოვის შეკავების სერიოზული ფაქტორი. „მაგრამ პარადოქსი იმაშია, რომ ნატოს წევრობის გარეშე დასავლეთს უკრაინასთან აქტიური თანამშრომლობა პერმანენტულად და გაურკვეველი ვადით მოუწევს, რაც რისკებთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნავს თომას კლაინე-ბროკჰოფი.

სხვების აზრით, კარგი იქნება, თუ ცალკეული მოკავშირეები - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი - ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე თავიანთ ჯარებს შეიყვანენ. ეს შეიძლება ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო კონტინგენტებს შევადაროთ ალიანსის იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან

მაგრამ მნიშვნელოვანი სამხედრო ყოფნა იმ ქვეყანაში, რომელიც ალიანსის წევრი არ არის, მოსკოვი მორიგ პროვოკაციად ჩათვლის და იმის კიდევ ერთ მტკიცებულებად, რომ ნატო ცდილობს უკრაინა თავისი გავლენის სფეროდ გადააქციოს.

გადამდგარი გენერალი ფედერიკ ბენ-ჰოჯესი, რომელიც წინა წლებში აშშ-ის ევროპული ჯარების სარდალი იყო, აღნიშნავს, რომ გასული წლის თებერვლამდე ამერიკას, კანადას და სხვა ქვეყნებს უკრაინაში თავიანთი სამხედრო ინსტრუქტორების კონტინგენტი ჰყავდათ ქვეყნის არმიის გაწრთვნს მიზნით, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ გაიყვანეს. და თუ ისევ შეიყვანენ, როგორი იქნება მათი ამოცანა - იგივე თუ განსხვავებული? თვითონ ბენ ჰოჯესი თვლის, რომ უკრაინას ამერიკამ ამ ეტაპზე შორი მოქმედების იარაღი უნდა მიაწოდოს, რომელიც კიევს ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად დაეხმარება, ყირიმის ჩათვლით, რაც სავარაუდოდ, აგვისტომდე შეიძლება განხორციელდეს.

„უკრაინა მანამ არ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყირიმს რუსეთი აკონტროლებს“, - თქვა გადამდგარმა გენერალმა. მისი აზრით, ყირიმისადმი კონტროლი რუსეთს შესაძლებლობას აძლევს დაბლოკოს აზოვის ზღვაში შესასვლელი ქელჩის სრუტე, მოხდინოს მარიუპოლისა და ბერდიანსკის ნავსადგურების იზოლირება, იბატონოს შავი ზღვის აკვატორიაში და შანსი ჰქონდეს ოდესისადმი დარტყმის მიყენების მიზნით. გარდა ამისა, რუსეთის ბატონობა შავ ზღვაზე ხელს უშლის უკრაინის ექსპორტის განხორციელებას, მისი ეკონომიკური ზონის გამოყენებას, ზღუდავს თვზჭერას და გაზის საბადოების ძიებას.

ბენ ჰოჯესის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გარანტია ისაა, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს და თუ რუსეთი ამას არ დაეთანხმება, კრემლი უნდა აიძულონ. „რუსეთისათვის რაიმე შეღავათის მიცემა არ შეიძლება, მას ტერიტორიული მოგება და გავლენა არ უნდა ჰქონდეს“.

მაგრამ არიან ექსპერტები, რომლებიც განსხვავებულად უყურებენ პერსპექტივას. მაგალითად, როგორც კამილ გრანდი (იგი ადრე ნატოს გენმდივნის თანაშემწედ მუშაობდა, ახლა კი ევროპის საბჭოს თანამშრომელია) ამბობს, კონფლიქტი დასრულდება იმით, რომ რუსეთი ნაწილობრივ თავისას მაინც მიაღწევს: „კრემლის სრული დამარცხება და უკრაინის ნატოში გაწევრიანება - ეს მხოლოდ ერთ-ერთი სცენარია, თანაც ყველაზე ოპტიმისტური [რაც შეიძლება არ მოხდეს]“.

ამასთან, კამილ გრანდი თვლის, რომ ომის შემდეგ უკრაინას ევროპაში ყველაზე მეტად აღჭურვილი, მომზადებული და ბრძოლისუნარიანი არმია ეყოლება. ასე რომ, თუ უკრაინა ალიანსში გაწევრიანდება, უკრაინის არმია იქნება ნატოს უსაფრთხოების გარანტი და არა პირიქით.

„ისე, კაცმა რომ თქვას, გარკვეული თვალსაზრისით, უსაფრთხოების გარანტიების იდეა გარკვეულწილად მოძველდა“, - ამბობს სტეფანო სტეფანინი, ყოფილი იტალიელი დიპლომატი რუსეთში და ყოფილი იტალიის ყოფილი წარმომადგენელი ნატოში. „უკრაინის უსართხოების ერთადერთ რეალურ გარანტიას ნატოს წევრობა წარმოადგენს, მაგრამ ესეც შეფარდებითი და სარისკოა: ვთქვათ და მოწინააღმდეგემ მისი გამოცდა გადაწყვიტა, რა მოხდება? დღესაც კი, როცა ომია, ნატოს წევრები უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ აპირებენ და გგონიათ, რომ მომავალში გაგზავნიან?, - აღნიშნავს სტეფანო სტეფანინი და იქვე დასძენს: „უკრაინა ნატოს წევრი თუნდაც გახდეს, კიევს უნდა ახსოვდეს, რომ ალიანსი თავდაცვითი ხასიათისაა და მას სამოქმედო შეზღუდვებიც აქვს“.

თუმცა სათანადოდ უნდა შეფასდეს დიპლომატთა „გამომგონებლობა და ეშმაკობები“: სტეფანინის თქმით, „არ არის გამორიცხული ვარიანტი, როცა მოლაპარაკების შედეგად უკრაინა ნეიტრალური გახდეს, მაგრამ განიარაღების გარეშე“. მან პარალელი გაატარა დეიტონის შეთანხმებასთან, რომლითაც ბოსნიის ომი დასრულდა: „ეს იყო მოუქნელი აკრობატიკა, რომელმაც მხოლოდ საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა [საფრთხე კი დარჩა]. ალბათ, ასევე დასრულდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტიც.

თუმცა სტეფანო სტეფანინი იმედს მაინც იტოვებს: „მართალია, რომელიმე მხარის უსიტყვო კაპიტულაცია ან სრული გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა“, - ამბობს იტალიელი ექსპერტი, - მაგრამ მჯერა, რომ ადრე თუ გვიან დიპლომატები მაინც გამოავლენენ თავიანთ გამჭრიახობას და უკრაინას პერსპექტივაში მშვიდობითა და უსაფრთხოებით უზრუნველყოფენ“.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/01/10/world/europe/ukraine-russia-security-guarantees.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way