აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინი აღშფოთებულია, როცა სხვა ქვეყნის ლიდერები უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიას აკრიტიკებენ“. მასში გადმოცემულია რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა „დიდი ოცეულის“ ლიდერების ვირტუალურ სამიტზე, რომლის დროსაც იგი ღიად გააკრიტიკეს და მას თავის მართლება მოუწია.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინაში შეჭრის შემდეგ თავის პირველ მიმართვაში „დიდი ოცეულის“ (G20) ქვეყნების ლიდერების მიმართ რუსეთის პრეზიდენმა ვლადიმერ პუტინმა უარყო ოთხშაბათს გაჟღერებული კრიტიკა, რომ „კრემლის სამხედრო აგრესია მსოფლიოსათვის „შოკისმომგვრელი იყო“. მან პირიქით შეუტია კრიტიკოსებს და, ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტისადმი რეაქციის გამო, დასავლეთი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.
„დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერთა ვირტუალურ შეხვედრაზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ომს „ტრაგედია“ უწოდა და აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებები აუცილებელია შეჩერდეს. მისი თქმით, რომ რუსეთი არასოდეს არ აცხადებდა უარს ცეცხლის შეწყვეტის მიზნით სამშვიდობო მოლაპარკებებში მონაწილეობაზე.
ვლადიმერ პუტინისათვის G20-ის სამიტზე გამოსვლა დასავლეთის ლიდერებთან იმ იშვიათი ურთიერთობის მაგალითს წარმოადგენს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან მოხდა. გარდა ამისა, ეს იყო პირველი დიდი საერთაშორისო ფორუმი, რომლის დროსაც მას საჯარო კრიტიკის მოსმენა მოუწია უკრაინაში შეჭრის გამო. როცა კრემლის ბინადარს პასუხის გაცემის შესაძლებლობა მიეცა, იგი თავის გაღიზიანებას ვერ მალავდა.
„აქ ზოგიერთმა კოლეგამ თავიანთ გამოსვლაში აღნიშნეს, რომ შოკში არიან ჩავარდნილი უკრაინაში რუსეთის სპეციალური ოპერაციის გამო და იმით, რომ კონფლიქტი გრძელდება“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა. „საომარი მოქმედებები, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო, არის და იქნება ტრაგედია კონკრეტული ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის და საერთოდ, ქვეყნებისთვის. ამიტომაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეჩერდეს ტრაგედია“, - აღნიშნა მან.
ვლადიმერ პუტინმა თავისი 8-წუთიანი გამოსვლით მონაწილეობა მიიღო ინდოეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ფაქტიურად, G20-ის ლიდერების სექტემბერში გამართული უშუალო შეხვედრის ვირტუალურ გაგრძელებას წარმოადგენს.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობაც (ფაქტიურად, მათი „გაჟლეტვა“) ასევე შოკის მომგვრელია, მაგრამ დასავლეთი ისრაელის აგრესიის იგნორირებას ახდენს. მან გაიმეორა რუსეთისათვის დამახასიათებელი ფრაზა, რომ კიევმა თვითონ მოუწყო აგრესია საკუთარ მოსახლეობას დონბასში 2014 წელს, რაც ასევე შოკის მოგვრელ მოქმედებას წარმოადგენდა.
ვლადიმერ პუტინის გამოსვლა კიდევ ერთი დემონტრაცია იყო მისი ტაქტიკისა, რითაც იგი და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნები სარგებლობენ ბოლო წლებში: ისინი დასავლეთს დარღვევებში ადანაშაულებენ, ხშირად ამახინჯებენ სინამდვილეს, რაც საკუთარი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ტრადიციულ წესს წარმოადგენს.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში რუსეთის არმიის საომარ მოქმედებებს პირველად უწოდა ომი, კრემლის ევფემიზმის - „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ - ნაცვლად. „მესმის, რომ ეს ომი და ომით გამოწვეული მსხვერპლი ყველასთვის შოკის გამომწვევია“, - თქვა მან. პრეზიდენტმა ისევ გაიმეორა მოსკოვის ოფიციალური ვერსია, რომ რუსეთი მოლაპარაკებისთვის მზად არის, უკრაინა კი შეხვედრას თავს არიდებს: „სწორედ უკრაინამ დატოვა მოლაპარაკება საჯაროდ და ყველას დასანახავად, რუსეთს კი არასდროს უარი არ უთქვამს“.
მაგრამ მიუხედავად თავისი მზადყოფნისა მოლაპარაკებისთვის, ვლადიმერ პუტინს არაფერი უთქვამს უკრაინისათვის იმ ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომელსაც თვითონ აკონტროლებს. შესაბამისად, როგორც ჩანს, იგი არ აპირებს გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება უკრაინის ოთხი ოლქის ტერიტორიის რუსეთისადმი მიერთების თაობაზე.
როგორც ცნობილია, უკრაინა აცხადებს, რომ სანამ რუსეთთან მოსალაპარაკებლად დაჯდება, მანამ კრემლმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დააბრუნოს. ანუ მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს კიევი მონაწილეობას მოლაპარაკებაში.
ვლადიმერ პუტინმა თავისი გამოსვლის დროს ჩამოთვალა ის პრეტენზიები, რომლებიც რუსეთს დასავლეთის მიმართ აქვს, მაგალითად, 2014 წელს უკრაინის კანონიერი მთავრობის დამხობა დასავლეთის ჩარევით.
რუსეთის ლიდერის განცხადება აშკარად იმის მანიშნებელია, თუ როგორ არის მსოფლიო უკრაინის ომით ორად გაყოფილი.
როცა 9-10 სექტემბერს ინდოეთში, ნიუ-დელიში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიმართა, მასში მონაწილეობა არც ვლადიმერ პუტინს და არც ჩინეთის ლიდერს არ მიუღიათ. აშშ წარმოდგენილი იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენით, რუსეთი და ჩინეთი კი - საგარეო საქმეთა მინისტრებით.
რუსეთ-უკრაინის ომმა ინდოეთში ჩატარებული სამიტი მნიშვნელოვნად დაჩრდილა - კონფლიქტმა კონსენსუსის მიღწევა გაართულა. ინდოეთი გარკვეულწილად ბალანსირებს რუსეთსა და ამერიკას შორის, თუმცა ბოლო დროს უფრო პროამერიკულ და პროდასავლურ სწრაფვას ამჟღავნებს და ეს ხდება იმ ისტორიული ტრადიციების ფონზე, რომლებიც მოსკოვსა და ნიუ-დელს შორის არსებობს ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან.
წყარო: https://www.nytimes.com/2023/11/22/world/europe/putin-ukraine-russia-war-g20.html