USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
«The New York Times» (აშშ): „უკრაინის ომით გამწვავებული გეოპოლიტიკური მეტოქეობა საქართველოში და მოლდოვაში შიდა დაპირისპირებას ამწვავებს“
дата:  163

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 4 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის „ბაგირის გადაწევა“ ხდება: უკრაინის ომით გამწვავებული გეოპოლიტიკური მეტოქეობა საქართველოში და მოლდოვაში შიდა დაპირისპირებას ამწვავებს“ (ავტორი - ენდრიუ ჰიგინსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეები, ევროკავშირის დროშების ფრიალით, ერთად დადგნენ იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი ქვეყნის პრორუს ლიდერებად თვლიან.  მოლდოვაში კი პირიქით ხდება - მთავრობა ისწრაფვის ევროპულ ბლოკში გაერთიანებისაკენ, რითაც თავის მოქალაქეებს უფრო მეტად უბიძგებს მოსკოვთან ახლო ურთიერთობისაკენ. სომხეთმაც მზერა ევროპას მიაპყრო: ერევანი, კრემლის ტრადიციული მოკავშირე, შეშფოთებულია იმით, რომ მოსკოვი მის მტერს, აზერბაიჯანს ელოლიავება.

ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე შექმნილი დაძაბული სიტუაცია, რომელიც ნაწილობრივ უკრაინის კონფლიქტით არის გამოწვეული, თანდათან მწვავდება: ერთმანეთის პირისპირ დგებიან ისინი, ვინც ევროპაზე არიან ორიენტირებულები და ვისაც რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა სურს.

რასაკვირველია, ბევრი დღეს არსებული დაძაბულობა ჯერ კიდევ ომამდე გაჩნდა, მათ ფესვები ხელისუფლებისათვის ბრძოლაში აქვთ გადგმული, დაკავშირებულია ფინანსების გადანაწილებასთან და სხვა საკითხებთან, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მათი გამწვავება გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ განაპირობა - როცა რუსეთიც და დასავლეთიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ამა თუ იმ მხარის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებას მიანიშნებს (ან აშკარად სთხოვს).

ჟერარდ თოული, რომელიც რუსეთისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მკვლევარია და ავტორი წიგნისა „ახლო საზღვარგარეთი“, ამბობს, რომ თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონტექსტი განისაზღვრება რუსეთისა და დასავლეთის კონკურენციით, რომელიც უკრაინის ომმა გააძლიერა.

მოსკოვს არ სურს გავლენის დაკარგვა, ამიტომაც პირდაპირი გაფრთხილებით გამოვიდა ისეთი ქვეყნების მისამართით, როგორებსაც საქართველო და მოლდოვა წარმოადგენენ: გაზსოვდეთ, რა მოხდა უკრაინაში. კრემლი არცერთს - არც თბილისს და არც კიშინიოვს - არ დამუქრებია შეჭრით, მაგრამ იმავდროულად მიუთითა, თუ რა სისხლისღვრა და უწესრიგობები მოხდა კიევში, როცა უკრაინამ დასავლეთისაკენ გადაუხვია: აჯანყება და ქვეყნის ხელისუფლების დამხობა.

რუსეთს ასევე იმედი აქვს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე ამასწინანდელი მიღწეული წარმატება მას იმ პრესტიჟის აღდგენაში დაეხმარება, რომელიც კრემლმა უკრაინაში შეჭრითა და წარუმატებელი მოქმედებით დაკარგა პოსტსაბჭოთა ქვეყნების თვალში.

„რუსეთის საინფორმაციო კამპანიის მთავარი იდეა იმაში გამოიხატება, რომ თუ რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა დასავლეთს დაუახლოვდება, მას წინ ომი ელოდება, რომელშიც მხოლოდ რუსეთი იქნება გამარჯვებული“, - ამბობს ნიკუ პოპესკუ, მოლდოვას საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი, - „ახლა ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული“.

„იმ პირობებში, როცა ომის შედეგები ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, რუსეთი დასავლეთის დისკომორტული მდგომარეობით ტკბება“, - ამბობს თომას დე ვაალი, ყოფილი საბჭოთა სივრცის ექსპერტი და აშშ-ის კარნეგის ფონდის კვლევითი ჯგუფის „კარნეგი-ევროპის“ თანამშრომელი.

რუსეთს ბევრი შესაძლებლობა აქვს თავისი დაკარგული პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენა აღიდგინოს, მაგრამ ზოგიერთი დანაკარგი შეუქცევადია და მათი აღდგენა არ მოხერხდება.

უკრაინასთან ომში ჩაბმული რუსეთი, ბუნებრივია, უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ძლიერ და ენერგორესურსებით მდიდარ აზერბიჯანს, ვიდრე სომხეთს. გასულ წელს მოსკოვმა ერევანს „ძალიან აწყენინა“ - როცა აზერბაიჯანის არმიამ სადაო ანკლავი მთიანი ყარაბაღი დაიკავა, მოსკოვმა თავის მშვიდობისმყოფლებს უბრძანა გვერდზე გამდგარიყვნენ და ხელი არ შეეშალათ აზერბაიჯანელებისათვის. მოგვიანებით სომხეთმა განაცხადა, რომ განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას და აპირებს, რომ გავიდეს მოსკოვის ხელმძღვანელობით დადებული უსაფრთხოების პაქტიდან („ოდკბ“-დან).

მოლდოვამ ევროკავშირის წევრად მიღებისათვის თავისი ძალისხმევა მას შემდეგ გაააქტიურა, როცა რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა. მოგვიანებით  ევროკავშირმა მას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონ ბლინკენი კიშინიოვს ეწვია, რათა უკრაინის მეზობლებისათვის აშშ-ის მხარდაჭერა დაეფიქსირებინა.

მაგრამ საქართველოში, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთი თავს დაესხა და რომელმაც ტერიტორიის 20% დაკარგა (აფხაზი და ოსი სეპარატისტებისადმი მოსკოვური მხარდაჭერის გამო) და  რომლის მოსახლეობას ღრმა ანტირუსული განწყობები აქვს, ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრ ადამიანს ძველებურად სურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, თუნდაც სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.

„ეს ხდება არა იმიტომ, რომ მათ რუსეთი მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ ისინი რუსეთის მიმარტ შისს განიცდიან“, - ამბობს კობა თურმანიძე, კავკასიის კვლევითი რერურს-ცენტრის დირექტორი, თბილისიდან.

თომას დე ვაალის თქმით, საქართველოს სურდა უკრაინის კონფლიქტიდან გვერდზე დარჩენილიყო, მაგრამ ომის გაღრმავების კვალობაზე, როცა სასწორის პინა რუსეთისაკენ იხრება, თბილისიც სულ უფრო იწევს მოსკოვისაკენ, თუმცა ცდილობს „მიუმხრობელი“ დარჩეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს მთავრობა, ერთი მხრივ, ოფიციალურად აცხადებს, რომ ევროკავშირისაკენ ისწრაფვის და რომ მის სწრაფვას ხალხიც ეთანხმება, თუმცა მეორე მხრივ, თბილისი სათავისოდ იყენებს მოსახლეობის შიშს - ვაითუ რუსეთმა საპასუხო ზომები მიიღოსო და უარს ამბობს ევროპულ ანტირუსულ სანქციებისადმი მიერთებაზე.

„მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არასოდეს ღიად არ განაცხადებს, რომ ის რუსეთის მხარეზეა უკრაინასთან ომში - იმიტომ, რომ ეს მისი პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნებოდა“, კრემლისადმი ქართველი ხალხისა მტრული განწყობის გათვალისწინებით. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ კრემლისათვის საამებელი სხვა ნაბიჯი გადადგა - მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელმაც ქუჩის აქციები გამოიწვია „რუსული სტილით“.

1990-იანი წლებიდან მოსკოვის მიზანს ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე თავისი გავლენის შენარჩუნება წარმოადგენდა, მაგრამ გასულ წელს, როცა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განახლებულ „რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციას“, ამ მიზანს ახალი აქცენტი შეეტყო. დოკუმენტის თანახმად, კრემლი ვალდებულია თავიდან აიცილოს „ფერადი რევოლუციები“ (ასე უწოდებს მოსკოვი სახალხო აჯანყებებს) და უცხოეთის სახელმწიფოების სხვა ჩარევის მცდელობები რუსეთის მოკავშირეებისა და პარტნიორების საშინაო საქმეებში, აგრეთვე „გაანნეიტრალოს მათი არამეგობრული მოქმედება და წინააღმდეგობა გაუწიოს“.

შეაფასა რა საქართველოში მიმდინარე ქუჩის საპროტესტო აქციები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას დასავლეთის გასაგონად განაცხადა, რომ თბილისური დემონსტრაციები ზუსტად იგივეა, რაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ განახორციელა უკრაინაში 2014 წელს. „და შეხედეთ, როგორ ვითარდება სიტუაცია მოლდოვაში“, - ხაზი გაუსვა რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ქვეყნაში შექმნილი დაძაბულობა ოქტომბრის რეფერენდუმის მოახლოების კვალობაზე - ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მოლდოვაში ამჟამად საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი - ერთ ნაწილს ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაცია სურს, მეორე ნაწილი კი კრემლისაკენ იყურება.

„რუსეთის საერთო პოზიცია იმით გამოიხატება, რომ კრემლის აზრით, არსებობს დასავლეთის გეოპოლიტიკური შეთქმულება, დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის ძირის გამოთხრის მიზნით“, - ამბობს ჟერარდ თოული.

დასავლეთსაც აქვს თავისი მიზნები, რომლებიც უკრაინას და მოლდოვას უკავშირდება და რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოლდოვაში ამასწინანდელი ვიზიტის დროს პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრისას გააჟღერა: „მოლდოველები აცნობიერებენ, რომ ყველაფერს, რაც უკრაინაში ხდება, მნიშვნელობა აქვს არამარტო უკრაინელებისათვის, არამედ მოლდოველებისთვისაც... თუ რუსეთი დაუსჯელი დარჩება, ის უკრაინაში არ გაჩერდება“.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში საბაჟოს თანამშრომლებმა მილიონ დოლარზე მეტი აღმოაჩინეს რამდენიმე პოლიტიკოსის ტვირთში, რომლებიც მოსკოვიდან ბრუნდებოდნენ.

ნიკუ პოპესკუ, რომელიც იანვარში გადადგა მოლდოვას საგარეო საქმეЕა მინისტრის პოსტიდან, ამჟამად კი ანალიტიკური ცენტრის - საერთაშორისო კვლევების ევროპული საბჭოს“ თანამშრომელია, აცხადებს, რომ ეს ფული გამიზნული იყო პოლიტიკური საქმიანობის უზრუნველსაყოფად, ოქტომბრის რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროული  მოახლოების კვალობაზე: „პოლიტიკიური საქმიანობის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთიდან ფული ტომრებით შემოიზიდოს“.

ყოფილი მინისტრის თქმით, ამჟამად მოლდოვაში რუსეთის პირდაპირი შეჭრის საფრთხემ, რომელიც ნამდვილად არსებობდა მოსკოვის უკრაინაზე თავდასხმის პირველ ეტაპზე, უკან დაიხია, თუმცა რუსეთის არმიის ამასწინანდელი წარმატებები „შეშფოთების მიზეზს ქმნის. ისინი ჩვენგან ჯერ კიდევ შორს არიან, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორც დასრულდება ომი“.

ომის ფაქტორი ისეთ მაორგანიზებელ პრინციპად იქცა, რომლის ირგვლივ ტრიალებენ უმნიშვნელო შიდაპოლიტიკური სადაო საკითხებიც კი. ომის გამო წვრილმანი საშინაო პრობლემები გეოპოლიტიკური დაპირისპირების მიზეზები ხდებიან, თანაც მაღალი ფსონებით.

„საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის განხილვა-მიღების გამო ორიოდე თვის წინ დაწყებული უწესრიგობები უფრო მეტად ხელისუფლებისათვის ადგილობრივი ბრძოლის გამოვლინებას წარმოადგენდა სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებს შორის“, - ამბობს ჟერარდ თოული, - მაგრამ უკრაინის ომმა თბილისის გამოსვლები  ისეთ დაპირისპირებად გადააქცია, რომელსაც უკვე გეოპოლიტიკა განსაზღვრავს“.

მაგრამ იმას, რასაც პროტესტის მონაწილეები თავიანთი მთავრობის დასავლური ორიენტაციის რუსულით შეცვლის დამადასტურებელ მტკიცებულებად თვლიან (იგულისხმება სადაო კანონის მიღება), ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ვიწრო ინტერესების გამოხატვას წარმოადგენს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ჟამს და უკავშირდება ქართველ მილიარდერის, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც შვეიცარიის ბანკმა კუთვნილი მილიარდობით თანხა გაუყინა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse ბანკთან რამდენიმე დავა მოიგო და ფულის ნაწილი დაიბრუნა, უკრაინის ომმა ახალი დაბრკოლება შექმნა - 2022 წელს მისი კუთვნილი 2,2 მილიარდი დოლარი გაიყონა, მისი „რუსული წარმომავლობის“ საბაბით

„ქართული ოცნება“ თვლის, რომ თანხის გაყინვით ვაშინგტონი საქართველოზე ზეწოლას ახდენს და ცდილობს თბილისი დასავლეთის მხარეზე გადაიყვანოს, მოსკოვის წინააღმდეგ. „ასეა თუ ისე, ამ „ფინანსურმა დარტყმამ“ კიდევ უფრო განამტკიცა მისი ნება დაუპირისპირდეს თავის სავარაუდო საშინაო მტრებს ნებისმიერ ფასად“, - ამბობს თომას დე ვაალი, - „ოლიგარქი პარანოიკია და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო შეთქმულების ნაწილს წარმოადგენს“.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/06/03/world/europe/russia-georgia-moldova-ukraine-war.html

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати