ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „უკრაინის კონტრშეტევის სავარაუდო შედეგები: რატომ იცვლება „წარმატების“ არსი და მისი შეფასება“ (ავტორები: ჯულიან ბარნსი და სტივენ ერლანგერი), რომელშიც განხილულია უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედების - კონტრშეტევის სავარაუდო შედეგები, მიდგომები და შეფასებები: რა შემთხვევაში ჩაითვლება შეტევა „წარმატებულად“ და „წარუმატებლად“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ჯერ დაპირების, შემდეგ კი ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ შეტევაზე გადვიდნენ, რომელიც, აშშ-სა და ევროპის ბევრი ოფიციალური პირის თქმით, შეიძლება გარდატეხის შემტანი იყოს 15-თვიან ომში.
კონტრშეტევის შედეგებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. უეჭველია, რომ კიევის მიერ წამოწყებული ახალი სამხედრო კამპანია დიდ გავლენას მოახდენს უკრაინისადმი სამომავლო მხარდაჭერის გეგმებზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიებზე. თუმცა გაურკვეველი რჩება, თუ რა ნიშნებით მიიჩნევენ უკრაინა, აშშ და ევროკავშირი კონტრშეტევას როგორც „წარმატებულს“.
საჯაროდ, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები წარმატების შეფასების უფლებას უკრაინას უტოვებენ, ანუ თვითონ პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს ოპერაციის შედეგის ფასი. თუმცა დრეისათვის ვოლოდიმირ ზელენსკის ამ მხრივ ჯერ-ჯერობით ახალი არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ ხშირად ერთიდაიგივეს იმეორებს - „რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორია მთლიანად უნდა დატოვონო“. თუმცა ეს გასაგებია - პრეზიდენტი, რომელმაც კარგად იცის საზოგადოებასთან ურთიერთობის კანონები, იმასაც აცნობიერებს, რომ თუ ამბიციებს და ადრე გაცხადებულ მიზანს შეცვლის, მას კრიტიკულ მომენტში მხარდაჭერა აღარ ექნება და კრახი ელოდება.
კერძო საუბრებში ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ უკრაინიდან რუსული საოკუპაციო ჯარების სრული გაყვანა ძალიან ნაკლებადაა მოსალოდნელი. ამასთან, ორი მომენტი შეიძლება „წარმატებულად“ იქნეს აღიარებული: პირველი - თუ უკრაინის არმია დაიბრუნებს და შეინარჩუნებს რუსების მიერ ოკუპირებულ საკვანძო ტერიტორიებს და მეორე - თუ კიევი რუსებს ბრძოლის ველზე ისეთ მტკივნეულ დარტყმას მიაყენებს, რის შედეგადაც კრემლს ეჭვი შეეპარება თავის სამომავლო სამხედრო შესაძლებლობებში უკრაინის წინააღმდეგ. ასეთ სიტუაციაში, ამერიკას და ევროპას უკრაინისადმი დახმარების გაძლიერების მეტი საფუძველი ექნება.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ წარმატება გარანტირებული არ არის. მართალია, უკრაინის არმია, რომლის მებრძოლი სული მაღალი და მოტივირებულია, რომელიც მოწინავე დასავლური ტექნიკით არის შეიარაღებული და რომელსაც შეუძლია ისეთი სწრაფი კონტრშეტევების განხორციელება, როგორიც შარშან ზაფხულში მოხდა (მაგ. ხარკოვის ოლქის აღმ.ნაწილის და ხერსონის გათავისუფლება), მაგრამ იმავდროულად, უკრაინელებისათვის ძალზე ძნელი იქნება რუსებს უკან დაახევინონ იმ პოზიციებიდან, რომლებსაც ისინი ბოლო თვეების განმავლობაში გამალებით ამაგრებდნენ, როცა ფრონტის ხაზი სტაბილური იყო.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების აზრით, ყველაზე სავარაუდო სცენარებად შეიძლება ჩაითვალოს უკრაინის არმიის მცირე, ლოკალური გამარჯვებები დონბასის ზოგიერთ რაიონში და რუსების შევიწროვება ხერსონ-ზაპოროჟიეს ოლქების სასოფლო-სამეურნეო რაიონებში. პოზიტიური, სიმბოლური და სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება უკრაინისთვის იმას, თუ მისი არმია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავებას მოახერხებს - მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ენერგეტიკულ წყაროს.
უკრაინისათვის ასევე წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს აზოვის ზღვის ნაპირების გაკონტროლებაც. თუ კიევი „ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფანს“ შუაზე გაჭრის და აზოვის ზღვის ნაპირზე გავა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია ეს მიღწევა დიდ და მნიშვნელოვან გამარჯვებად ჩათვალოს. ამით შემცირდება ყირიმის მომარაგების დონე რუსეთიდან აზოვის ზღვის გემების მეშვეობით. უკრაინის არმიამ აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარე რომელიმე პატარა ქალაქიც რომ დაიკავოს, ამასც ეფექტური და სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება.
მაგრამ ერთია ტერიტორიის გათავისუფლება (დაკავება), მეორე კი - გათავისუფლებულის (დაკავებულის) შენარჩუნება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის არმიამ მიღწეული წარმატების - დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნება მოახერხოს.
არსებითად, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ყურადღება უკრაინის არმიის კონტრშეტევისადმი გამართლებული და საფუძვლიანია - მათ სურთ დარწმუნდნენ იმაში, თუ რამდენად კარგად და სწორად მოამზადეს უკრაინელი ჯარისკაცები და ნამდვილად ისეთ თანამედროვე სამხედრო ძალად გაადააქციეს, რომელიც ნატოს ტაქტიკით ებრძვის მსოფლიოს ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას. მათ სუღ ასევე დაინახონ დასავლური ტექნიკის უპირატესობა რუსულ ტექნიკასთან შედარებით.
უკრაინის არმიის ძლიერი შეტევა და წინსვლა კიევისათვის დამატებითი უპირატესობა იქნება რუსი ჯარისკაცის მორალური სულის დასასუსტებლად, რომელიც უკვე შეიმჩნევა - კრემლი იძულებულია საწყობებიდან ძველი ჩამოწერილი ტანკები გამოათრიოს და ფრონტზე გაუწრთვნელი ახალწვეულები გაგზავნოს
„მოსკოვმა ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, რომლის აღდგენას რამდენიმე წელი დაჭირდება. ამით დასუსტდება მისი აგრესიული ამბიციები როგორც ევროპის, ასევე აზიის მიმართულებით“, - აცხადებდა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი სენატში მიმდინარე მოსმენებზე გასულ თვეში.
მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთის არმიაც გამოცდილებას იღებს და უფრო უკეთესი ხდება - აუმჯობესებს ტავის ტაქტიკას და თავდაცვით ოპერაციებს ეფექტურად ახორციელებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ომის შედეგი მეტწილად იმის მხარეზეა, ვინც თავს იცავს და აქედან გამომდინარე, უკრაინის არმიის კონტრშეტევა რუსებმა შეიძლება თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ.
დღეისათვის უკრაინას თითქმის არ ჰყავს სამხედრო-საჰაერო ძალები. მართალია, ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები გადასცეს (საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები), მაგრამ თუ რუსეთის ძლიერი ავიაცია მასიურად დაიწყებს უკრაინის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილის დაბომბვას, ამან კონტრშეტევის წარმატებას შეიძლება პრობლემები შეუქმნას. ერთ-ერთი ნატოელი დიპლომატის თქმით, თუ უკრაინა კონტრშეტევის დროს მოახერხებს და რუსეთის ჯარების მნიშვნელოვან ნაწილს „ქვაბში“ მოაქცევას, ეს ძალიან კარგი შედეგი იქნება.
კიდევ ერთი პოტენციური სცენარი, აშშ-ის სპეცსამსახურების აზრით, იმაში გამოიხატება, რომ რუსები რაღაც მნიშვნელოვან შეცდომას დაუშვებენ, თავიანთ ჯარს შეცდომით განალაგებენ სუსტად დაცულ ადგილზე, რომელსაც უკრაინის არმია იოლად გაარღვევს და მტერს გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს.
რა თქმა უნდა, დასავლელი ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ იმას, რომ შეიძლება უკრაინის არმიის კონტრშეტევა ძალიან წარმატებული აღმოჩნდეს და, მისგან გამომდინარე, ვლადიმერ პუტინმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს, ან ისევ დღის წესრიგში დადგეს ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე. სრული მარცხი და ყირიმის დაკარგვა - აი, ის ორი სცენარი, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინს პოტენციურად შეუძლია გასცეს ბრძანება ატომური (ბირთვული) იარაღის გამოყენების შესახებ.
წარუმატებელი კონტრშეტევის გამოცნობა საკმაოდ იოლია: თუ ფრონტის ხაზი მეტ-ნაკლებად უცვლელი რჩება (სამ-ოთხ კილომეტრს მნიშვნელობა არ აქვს) და თუ უკრაინის არმია რომელიმე მნიშვნელოვან ქალაქს ვერ დაიკავებს, მაშინ დასავლეთის ზოგიერთ დედაქალაქში და აშშ-ის კონგრესში მოკავშირეებს კიევის წარმატების მიმართ ეჭვები გაუჩნდებათ. იგივე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ უკრაინის არმია ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას დიდი რაოდენობით დაკარგავს. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა უკრაინის არმიას 30 ათასამდე ჯარისკაცი გაუწრთვნეს, თანაც საბრძოლო მოქმედებების რთული სტილით, რაც შეტევის დროს გულისხმობს მუდმივ კავშირს ტანკებს, არტილერიას, ავიაციას და ქვეითებს შორის. თუ უკრაინელები მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ მიაღწევენ დასავლური ტიპის არმიის მანევრების მიხედვით, ამ ფაქტმა შეიძლება ნატოელების იმედგაცრუება გამოიწვიოს. ისინი პრინციპულად შეეცდებიან უკრაინას მეტი თანამედროვე იარაღის მიაწოდონ.
წარუმატებლობა შეიძლება იმის მანიშნებელიც იყოს, რომ ნატოს მიერ უკრაინის არმიის გაწრთვნის დონე არასაკმარისი აღმოჩნდა - იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის არმია ბოლო თვეებში მიწოდებულ ტექნიკას დიდი რაოდენობით დაკარგავს და ამ დროს ტერიტორიის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ნაწილს ვერ დაიბრუნებს (გაათავისუფლებს). ეს იმასაც დაადასტურებს, რომ რუსეთის არმია უფრო მომზადებული და ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ უკიდურესად არასასიამოვნო და სკეპტიკური ვარაუდებია. ამერიკელი სამხედროები და მათი მოკავშირეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მიაჩნიათ, რომ უკრაინა წარმატებებს აუცილებლად მიაღწევს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ კონტრშეტევით რუსეთი დასუსტდება, კრემლი იძულებული გახდება უფრო ძლიერ უკრაინასთან ერთად კონსტრუქციული მოლაპარაკებაზე დატანხმდეს.
ამასტან, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფრთხილად აცხადებენ, რომ მათი მხარდაჭერა არ იქნება დამოკიდებული კონტრშეტევის წარმატებაზე. გასულ კვირას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან რიში სუნაკთან შეხვედრის დროს ააშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ „უკრაინის დახმარების მიზნით დაფინანსება აუცილებლად იქნება და იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა“. მაგრამ სინამდვილეში, ობიექტურად თუ ვიტყვით, უკრაინის წარმატებამ თუ წარუმატებლობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კაპრიზულ კონგრესზე, რომელსაც ყოველი დამატებითი დაფინანსების აკრძალვა შეუძლია. უკრაინის არმიის შეტევის შედეგი გავლენას მოახდენს აგრეთვე ევროპაზეც, სადაც ანალოგიური შეშფოთებას გამოხატავენ ომის სავარაუდო გაჭიანურების გამო. ევროპელებისათვის უსიამოვნოა ომის გამო ხარჯების ზრდა და ენერგორესურსებზე ფასების მატება, რაც თავის მხრივ, სურსათზე ფასებსაც სწევს გრძელვადიან პერსპექტივაში.
მოკლედ, როგორიც არ უნდა იყოს კონტრშეტევის შედეგბი, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ერთმანეთს ეთანხმებიან იმაში, რომ ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებისაათვის განწყობილი არ არის, მაგრამ რუსი პრეზიდენტი აცნობიერებს, თუ რას ნიშნავს უხეში სამხედრო ძალა, რომელიც უკრაინის კონტრშეტევის მნიშვნელობას ზრდის. თუ ამას დასავლეთის დახმარების გაზრდა და უსაფრთხოების გარანტიები მოჰყვება, მაშინ შეიძლება კრემლის ოპტიმისტური გათვლები ნეგატიურით შეიცვალოს, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით.
წყარო: https://www.nytimes.com/2023/06/10/us/politics/ukraine-counteroffensive-russia.html