USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«The New York Times» (აშშ): „უკრაინელი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცები მდინარე დნეპრის ფორსირების დროს „თვითმკვლელობის მისიას“ ასრულებენ“
Date:  

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინელი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცები მდინარე დნეპრის ფორსირების დროს „თვითმკვლელობის მისიას“ ასრულებენ“ (ავტორები - კარლოტა გალი, ოლექსანდრ ჩუბკო და ოლღა კონოვალი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ცოტა ხნის წინ დაჭრილ საზღვაო ქვეით ჯარისკაცს ხმა უკანკალებდა, როცა იგი მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მიმდინარე გააფთრებულ და სისიხლისმღვრელ ბრძოლებზე გვიყვებოდა. „ღამით წყალში ვისხედით. ყოველი მხრიდან გესროდნენ“, - გვეუბნება საზღვაო ქვეითი მეომარი მაქსიმი, - ჩემი მეგობრები ჩემს თვალწინ დაიხოცნენ“.

ორი თვის განმავლობაში უკრაინის საზღვაო ქვეითი ჯარის ქვედანყოფის მებრძოლები, ხერსონიდან სამხრეთით, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ცდილობენ, რომ რუსებისათვის წართმეული პლაცდარმი გააფართოვონ. ამ ოპერაციას კიევის არმიის უკვე შეჩერებული კონტრშეტევის ბოლო აკორდები შეიძლება ვუწოდოთ - კონტრშეტევისა, რომლის მიზანს რუსების თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა და ომში გარდატეხვის შეტანა წარმოადგენდა.

საზღვაო ქვეითებ,ა, რომლებიც დნეპრზე გადასვლაში მონაწილებენ, ამ ოპერაციას უწოდეს როგორც „უსარგებლო“ და იმავდროულად „საშინლად სისხლისმღვრელი“ - იმიტომ, რომ უამრავი მებრძოლი ჩაიხოცა მდინარეში ჯერ კიდევ მანამ, სანამ ნავებით მარცხენა ნაპირს მიაღწევდნენ.

დნეპრის მარცხენა ნაპირზე ბრძოლის პირობები უმძიმესია. საუბრისას ათზე მეტმა ჯარისკაცმა აღნიშნა, რომ დესანტის გადასხმის ადგილზე სანგრებისა და ტრანშეების გათხრა შეუძლებელია - ნიადაგი ძალზე ნესტიანი და დაჭაობებულია, ირგვლივ მხოლოდ დაბომბვისგან გაჩენილი წყლით და ლაფით სავსე ორმოები მოჩანს.

საზღვაო ქვეითები ჩვენთან საუბრისას ანონიმურობის დაცვას გვთხოვდნენ - არ სურდათ, რომ გაზეთში მათი სახელები გაჟღერებულიყო. რაც შეეხებათ ზოგიერთ ოფიცერს, ისინი ყოველნაირად ცდილობდნენ პრესის თხოვნა არ შეესრულებინათ ხერსონის ოლქში დისლოცირებულო უკრაინის არმიის სამხედრო ნაწილებში ჟურნალისტების შესვლაზე.

ჩვენ მაინც მოვახერხეთ ათამდე სამხედრო მოსამსახურეს შევხვედროდით, რომლებმაც საუბარი მოისურვეს ჯარის დიდი დანაკარგების შესახებ - იმ დროს, როცა ოფიციალური პირები ზედმეტად ოპტიმისტურ მონაცემებს აქვეყნებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა შეგვატყობინა, რომ ჯერ-ჯერობით შეუძლებელია კომენტარი გაუკეთონ  ჯარისკაცთა ბრალდებებს, თუმცა აღნიშნეს, რომ პასუხებს აუცილებლად გასცემენ გარკვეული დროის განმავლობაში.

დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლის დროს ყველაზე გაცხარებული ბრძოლა სოფელ კრინკის ახლო-მახლო მიმდინარეობს, სადაც უკრაინელებმა მდინარისპირა ვიწრო 20 კილომეტრიანი ზოლი დაიკავეს, მეთევზეთა დასახლებით, ანუ ფაქტიურად ესაა ერთადერთი ადგილი, სადაც მათ მეტ-ნაკლებად გამაგრება მოახერხეს.

როცა დრონის მიერ გადაღებული ადგილები დავათვალიერეთ, აფეთქებული ბომბებით გაჩენილი წყლით სავსე ორმოებით, სახლების ნანგრევებით და დაჩეხილ, ნაფოტებად ქცეული ხეებით, ჩვენ, „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტები, დავრწმუნდით, რომ ჯარისკაცები მართალს ამბობდნენ.

„ჯარისკაცების ის ახალი ჯგუფი, რომლებიც დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადადიან, იძულებულნი არიან უკვე დახოცილ და ტალახიან თანამებრძოლთა გვამებს გადააბიჯონ“, - ამბობს ალექსი, გამოცდილი ჯარისკაცი, რომელიც კრინკში ოქტომბრიდან იბრძვის და მდინარის მარჯვენა ნაპირზე რამდენჯერმე დაჭრილი მეომრების გადაყვანა მოახერხა.

„დაღუპული ჯარისკაცების გვამები სოფელ კრინიკთან ორ თვეზე მეტ ხანს იყო დაგროვილი, რადგან ცხედრების ევაკუაცია ვერ ხერხდებოდა ინტენსიური დაბომბვის გამო“, - ამბობს ვლადიმერი, ასეულის მეთაურის მოადგილე, რომელიც მარჯვენა ნაპირზე თავისი ჯარისკაცის, სახელად დენისის, დაკრძალვაში მონაწილეობდა, - „კრინკთან ბრძოლები უაღრესად მძიმეა. იქ ვინც იბრძვის, ნამდვილი გმირები არიან, ისინი უდიდეს ნებისყოფას ავლენენ“.

უკრაინელი ჯარისკაცები პატივს მიაგებენ მოკლული თანამებრძოლების ხსოვნას, რომლებიც დნეპრის ნაპირის ფორსირებისას დაიღუპნენ. ამავე დროს ისინი აცხადებენ, რომ მარცხენა ნაპირზე უსარგებლო ბრძოლა უკრაინის არმიას ძალზე ძვირად უჯდება.

იმ დროს, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზაფხულში დაწყებული კონტრშეტევა უკვე ჩაიშალა, ხოლო უკვე იყო მინიშნებები, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს და ევროკავშირსაც კი, დახმარების გაწევა გაუჭირდებოდათ, უკრაინის არმიის სარდლობამ  დნეპრის მარცხენა ნაპირზე დესანტის გადასხმა გადაწყვიტა - იმ იმედით, რომ საზღვაო ქვეითთა კორპუსის მებრძოლები დაკავებულ პლაცდარმს სწრაფად გააფართოვებდნენ და სამხრეთიდან (ყირიმიდან) რუსეთის ჯარების მომარაგების გზებს გადაჭრიდნენ.

რუსეთის ჯარის თავდასხმის დღიდან უკრაინის ოფიცილური პირები ცდილობდნენ ჯარისკაცებში ოპტიმისტური განწყობა შეექმნათ და სამხედრო მოსამსახურეთა მაღალი მორალური სულისკვეთება შეენარჩუნებინათ - როგორც ქვეყნის შიგნით - თანამემამულეთა დასანახად, ასევე ქვეყნის გარეთ - უცხოეთის ქვეყნების მიერ დახმარების გაწევის მიზნით. დღემდე არმიის სარდლობა არც ცოცხალი ძალის დანაკარგების რაოდენობას არ აქვეყნებს და არც იმ წარუმატებელ ფაქტებს, რომლებიც კონტრშეტევის პერიოდში მოხდა (და ახლაც ხდება).

ამას წინათ დნეპრის მარცხენა ნაპირზე მიმდინარე ბრძოლებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საზღვაო ქვეითებს მტკიცედ აქვთ დაკავებული პოზიციები, მოწინააღმდეგეს გმირულად უმკლავდებიან და რომ რამდენიმე გამაგრებული პუნქტიც შექმნეს.

მაგრამ ის ჯარისკაცები, რომლებიც კრინკთან იბრძოდნენ, ამბობენ, რომ პრეზიდენტისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების  განცხადებები გადაჭარბებულია..

„[დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე] ისეთი სიტუაციაა, რომ იქ პოზიციის რაიმე განმტკიცებაზე და გამაგრებული პუნქტის შექმნაზე ლაპარაკი ზედმეტია, - ამბობს ალექსი, - სანგრებისა და ტრანშეების გათხრა შეუძლებელია. ასევე წარმოუდგენელია რაიმე სამხედრო ტექნიკისა და მოწყობილობების გადატანაც... გაღმა ნაპირზე რაც ხდება, იმას ბრძოლასაც ვერ ვუწოდებ. ის არის თვითმკვლელობის მისია“.

ალექსის თქმით, მისი ბატალიონი მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით ცუდად იყო აღჭურვილი, ამიტომ თითქმის მთლიანად განადგურდა. ნავები დაჭრილების გადასაყვანად არ ჰყოფნიდათ, ხოლო რაც იყო, ისიც რუსების ინტენსიური დაბომბვის გამო დაზიანდა... ამის შემყურე უკრაინელი ჯარისკაცების მორალური სული შესამჩნევად დაეცა. „ის ადამიანები, რომლებიც იქ იგზავნებიან, ფსიქოლოგიურად არ არიან მომზადებულები“, - ამბობს ალექსი, - მათ ისიც კი არ იციან, თუ სად მიდიან - მეთაურები არაფერს არ ეუბნებიან“.

ალექსი დათანხმდა, რომ „ნიუ-იორკ თაიმსს“ მისი უკმაყოფილო საუბარი გამოექვეყნებინა დანაკარგებთან დაკავშირებით: „მე ბახმუტშიც და სოლედარშიც ვიბრძოდი, მაგრამ ის რაც კრინკთან ხდება, მისი მსგავსი არსად არ მინახავს... ეს ჩვენი ძალების გაფლანგვასა და უთავბოლოდ ხარჯვას ნიშნავს“.

ალექსის ნათქვამს რუსეთის ავიაციის დარტყმების შედეგებიც ადასტურებს. უკრაინის გეოლოკაციურ რუკაზე მონიშნულია ის ადგილები, რომლებიც მასირებული დაბომბვის ქვეშაა, მათ შორის დნეპირის აღმოსავლეთი ნაპირის 20 კილომეტრიანი მონაკვეთიც.

ზოგიერთი მონაცემით, რუსების არმიასაც მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს: „ჩვენ, როგორც წესი, რუსებზე ვნადირობთ“, - ამბობს 36 წლის ევგენი კარასი, მე-14 პოლკის მეთაურის მოადგილე, რომელიც დრონებით შეიარაღებულ ქვედანაყოფს კურირებს. „ჩვენი პრიორიტეტია რუსული არტილერიის განადგურება. ორი თვის განმავლობაში დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან  კრინკის მიმართულებით მსროლელი რუსული ქვემეხები და ჰაუბიცები თითქმის მთლიანად გავანეიტრალეთ... „რუსები შეშინებულები არიან, რომ უკრაინა ან ახლა, ან მოგვიანებით, გაზაფხულზე დაკავებულ ტერიტორიას გააფართოვებს და აღმოსავლეთ ნაპირს გაათავისუფლებს. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი შეტევა კი არაა, არამედ რაც შეიძლება მეტი რუსული ქვედანაყოფის მიზიდვა და მათი განადგურება“.

დრონები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ამ ბრძოლებში როგორც დაზვერვის, ასევე უკრაინის არტილერიის დამიზნების თვალსაზრისით. დრონი-„კამიკაძით“ სარგებლობა შედარებით უფრო იაფია საარტილერიო ჭურვზე, რომელიც უკრაინის არმიას სულ უფრო ცოტა რჩება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვკითხულობთ გაზეთებს და ვიცით, თუ ვინ როგორ გვეხმარება. იმასაც კარგად ვხვდებით, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს“, - ამბობს ევგენი კარასი, რომელსაც მხედველობაში აქვს აშშ-ის კონგრესში და ევროპის პოლიტიკურ წრეებში მიმდინარე დებატები. სამწუხაროდ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებული სიტუაცია გასულ კვირაში უფრო გაუარესდა - ჯერ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ვერ დააჯერა ამერიკელი კანონმდებლები 60-მილიარდიანი დახმარების გაწევის აუცილებლობაზე, შემდეგ კი ევროსაბჭოშიც ვერ გავიდა წინადადება კიევისათვის 50  მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე.

როგორც მაქსიმი ამბობს (იგი ხერსონის ჰორპიტალში წევს ნოემბრის ბოლოს კრინკის ბრძოლების შემდეგ), რუსების ცეცხლი იმდენად ინტენსიური იყო, რომ მისი ოცეული წინ ვერანაირად ვერ მიდიოდა. როცა რამდენიმე ჯარიკაცი დაიღუპა, მას უბრძანეს, რომ ოცეულის დარჩენილი ნაწილის დნეპრის მარჯვენა ნაპირზე ევაკუაცია მოეხდინა. „ ევაკუაცია ქაოსური და კატასტროფული აღმოჩნდა. ჯარისკაცები რუსების მასირებული ცეცხლის ქვეშ მოექცნენ და როცა მდინარის ნაპირზე მივიდნენ, მათ უთხრეს, რომ სამი საათი უნდა მოეთმინათ, სანამ ნავები გათავისუფლდებოდა.

„მოკლედ, დნეპრის მარცხენა ნაპირი, შეიძლება ითქვას, განსაწმენდელის როლს ასრულებს. შენ ჯერ მკვდარი არ ხარ, მაგრამ აღარც ცოცხლებში არ წერიხარ“, - ამბობს მაქსიმი. მისი ოცეულიდან 10 ჯარისკაცი დაიღუპა, ამდენივე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, ცოცხლად გადარჩენილები კი მძიმედ არიან დაჭრილ-დასახიჩრებულნი.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/12/16/world/europe/ukraine-kherson-river-russia.html?smid=tw-nytimesworld&smtyp=cur

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way