USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
«The New York Times» (აშშ): „უკრაინაში, სამხედრო გაწვევის გაფართოებასთან დაკავშირებით, მამაკაცები იმალებიან: ისინი შიშობენ, რომ ჯარში გაწვევა „შიმოუსვლელობის ბარათს“ ნიშნავს“
Date:  

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინაში, სამხედრო გაწვევის გაფართოებასთან დაკავშირებით, მამაკაცები იმალებიან: ისინი შიშობენ, რომ ჯარში გაწვევა „შიმოუსვლელობის ბარათს“ ნიშნავს“ (ავტორი - კონსტანტინ მეჰუთი), რომელშიც უკრაინის არმიის ახალწვეულებით შევსების პრობლემებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებით:

ვლადისლავმა ჯერ კიევის ცენტრში სიარული შეწყვიტა, რომ თავი აერიდებინა დოკუმენტების შემოწმებისათვის სამხედრო კომისარიატების წარმომადგენელებისაგან. შემდეგ მან შეწყვიტა ვარჯიში სპორტდარბაზში, რადგან შენობის ახლო-მახლო პატრულირება გახშირდა. ამჟამად ვლადისლავი ფაქტიურად საცხოვრებელი ბინიდან არ გამოდის, ხშირად სარგებლობს ბინოკლით, რომ პოლიციელებს თვალი ადევნოს, თუ როგორ იჭერენ ისინი მეტროს სადგურთან  ახალგაზრდა მამაკაცებს და ჯარში გაწვევის უწყებას აძლევენ.

„ისინი ყველგან არიან“, - ამბობს 45 წლის ვლადისლავი, რომელმაც, სხვა დამალული უკრაინელების მსგავსად, გვთხოვა, რომ მისი გვარი არ გამოვაქვეყნოთ, - ვცდილობ, რომ მათ ხელში არ ჩავვარდე, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ამას შებძლებს“.

იმ დროს, როცა რუსეთის არმია ფრონტის მთელ ხაზზე შეტევაზე გადადის, უკრაინის არმიის სარდლობა აქტიურად ცდილობს როგორმე შეავსოს თავისი საკმაოდ შეთხელებული ძალები და ფართომასშტაბიან სამობილიზაციო კამპანიას ატარებს, ახლადმიღებული კანონების თანახმად.

მართალია, ბევრი უკრაინელი თანხმობას აცხადებს არმიაში სამსახურზე, მაგრამ ბევრიც გაწვევას თავს არიდებს. ჯერ კიდევ ბოლო მობილიზაციამდე ათასობით ახალგაზრდა მამაკაცმა საზღვარგარეთ გაქცევა მოახერხა - ზოგმა უკრაინა-რუმინეთის სასაზღვრო მდინარე ტისა გადაცურა, ზოგმაც ყალბი დოკუმენტებით მოასწრო გასვლა. ახლა სამხედრო-გასაწვევი პუნქტების ოფიცრები ქალაქებში სიის მიხედვით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს  ამოწმებენ და 25-დან 60 წლამდე მამაკაცებს ეძებენ - იმათ, რომლებიც ვლადისლავივით გაწვევას ემალებიან და არ სურთ ფრონტის ხაზზე წასვლა და „შინმოუსვლელის“ ბილეთის მიღება.

გაურკვეველია, რამდენი მამაკაცი ემალება ჯარში გაწვევას, მაგრამ ქვეყნის მსხვილ ქალაქებში, მათ შორის კიევში და ლვოვში, მათი რაოდენობა თითქმის ათობით ათასი შეიძლება იყოს. არმიაში სამსახურის თავის ამრიდებლების არგუმენტები თითქმის ერთნაირია: პირველი - შიში, რომ ისინი დაიღუპებიან, რადგან უკრაინის არმიის პოზიციები ყოველდღიურად საშინლად იბომბება, მეორე - ისინი ეწინააღმდეგებიან გაწვევის ისეთ ტაქტიკას, რომლის დროსაც საკმარისი სამხედრო მომზადება არ ხდება და ახალწვეულები პირდაპირ ფრონტის ხაზზე იგზავნებიან. „ეჭვი მეპარება, რომ მე ნორმალურად შემასწავლიან თანამედროვე ბრძოლის წესებს, შემდეგ კი ფრონტზე თავს მიკრავენ და უაზროდ დავიღუპები“, - ამბობს მიკიტა, 28 წლის ლვოველი დიზაინერი, დასავლეთ უკრაინიდან.

სხვათა შორის, ამგვარ თვალსაზრისს იზიარებს ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინის არმიის ჯარისკაცები საკმაოდ ხშირად კარგად არ არიან მომზადებულ-გაწრთვნილნი, რაც გავლენას ახდენს მათი ბრძოლის ხარისხზე, დაკავებული პოზიციების შენარჩუნებაზე და, საბოლოო ჯამში, მათივე სიცოცხლეზე (ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საბრძოლო დანაკარგების რაოდენობაზე).

პოლკოვნიკი ვლადიმერ ნოვოსიადნი - ჩინოვნიკი, რომელიც არმიაში გაწვევაზეა პასუხისმგებელი კიევის მასშტაბით, ამბობს, რომ ჯარისკაცთა მომზადება ხშირ შემთხვევებში ერთ თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება. „არმია გაგებით და სამართლიანად ეკიდება მათ მდგომარეობას, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება, მტერი განუწყვეტლივ გვიტევს... ყოველმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს თვისი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულების აუცილებლობა“, - ხაზს უსვამს პოლკოვნიკი.

რა თქმა უნდა, თავის დროზე ბევრი უკრაინელი მამაკაცი წავიდა ომში სინდისის კარნახით და მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მიზნით, მაგრამ ასეთები რაოდენობა ამჟამად ძალიან მცირეა. გარდა ამისა, არმიაში პატრიოტული სამსახური კორუფციის ფაქტებით იჩრდილება. სამწუხაროდ, გახმაურებულმა დაჭერებმა მექრთამეობის საქმე ვერ გამოასწორა.

                მობილიზაციის ახლი კანონის მიხედვით, გასაწვევი ასაკის მქონე ყველა მამაკაცი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში უნდა დარეგისტრირდნენ, მისამართის ჩვენებით, რომელთაგან ახალწვეულები იქნებიან შერჩეულნი. 16 ივლისიდან რეგისტრაციისაგან თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და მკაცრად ისჯება.

კიევის ეკონომიკური სკოლის სოციოლოგის ტიმოფეი ბრიკის თქმით, საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ზოგადად უკრაინელთა მზადყოფნა სამშობლოს დასაცავად უცვლელი რჩება, მაგრამ ჯარში გაწვევის ფორმამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და მტკივნეული  უთანხმოება გამოიწვია (იგულისხმება ქუჩაში მოწყობილი რეიდები, დაჭერები და „ჩასაფრებები“)

ბევრი უკრაინელი ჯარიკაცი აღშფოთებას გამოხატავს მათ მიმართ, ვინც ჯარში გაწვევას თავს არიდებს: ისინი თავიანთი ქცევით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას დიდ ზიანს აყენებენ. ამჟამინდელი საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, არმია თავისი პირადი შემადგენლობის რეგულარული შევსების გარეშე ბრძოლას ვერ შეძლებს“, - ამბობს ერთ-ერთი ახალწვეული ჯარისკაცი, რომელმაც თავისი ვინაობა არ დაასახელა, - „ამ რეალობის უარყოფა, უბრალოდ, სისულელეა“.

ომის პირველი ორი წლის განმავლობაში უკრაინის არმიის სარდლობა თავს იკავებდა ფართომასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადებაზე და იმედოვნებდნენ, რომ მოქალაქეთა პატრიოტული სულისკვეთება, როცა ათი ათასობით უკრაინელი მოხალისედ ეწერებოდა, კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდებოდა.

მაგრამ გასული წლის ზაფხულის ბოლოდან, როცა კონტრშეტევა ჩაიშალა და რუსეთმა ფრონტის ხაზზე კიევის პოზიციების ინტენსიური საარტილერიო დაბომბვა დაიწყო, აშკარა გახდა, რომ უკრაინის არმიას უფრო მეტი რაოდენობის ჯარისკაცი ჭირდებოდა.

„სწორედ მაშინ გაჩნდა პირველი საგანგაშო სიგნალები“, - ამბობს ალექსანდრე, ჟურნალისტი, - ჩემი ბინის კარზე უცნობმა ადამიანებმა შეტყობინება მიაწებეს, რომ გასაწვევ პუნქტში მივსულიყავი. ცხადია, ვიცოდი, რომ ასეთ არაოფიციალურ შეტყობინებებს იურიდიული ძალა არ ჰქონდა, მაგრამ გაწვევის გამო შევშინდი და დეპრესიაში ჩავვარდი, მით უმეტეს, რომ მე თვითონ გავხდი მოწმე, თუ როგორ იჭერდნენ ქუჩაში ბიჭებს“.

ზოგიერთი ახალგაზრდა მამაკაცი, არმიაში იძულებით წაყვანას რომ თავი აარიდოს, სამსახურში ტაქსით დადის. „მე დავიწყე იმის შესწავლა, თუ რომელი მიმართულებით და მარშრუტით შეიძლებოდა სამსახურში უსაფრთხოდ მივსულიყავი, სოციალურ ქსელებში ჩვენს მოსაზრებებს და მონაცემებს ერთმანეთს ვუზიარებთ“, - ამბობს ვლადიმერი. კიეველი ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთა რაოდენობა სოციალურ ქსელში 200 ათას მონაწილეს აღემატება, სარგებლობენ სხვადასხვა სიმბოლოებით, რომ ერთმანეთს „მზიანი“, მოღრუბლული“ და „შტორმული“ მდგომარეობა შეატყობინონ.

„მაგრამ ძალიან ხშირად უსაფრთხო მარშრუტები საფრთხიანი ხდება“, - ამბობს ალექსანდრე, - მთელი ღამეები არ მძინავს, მეშინია, რომ დამიჭერენ. სახლიდან აღარ გავდივარ და ვცდილობ, დისტანციურად ვიმუშაო“.

ვლადისლავმა, ნიკიტამ და ალექსანდრემ განაცხადეს, რომ მათ საკმაოდ მოზრდილი თანხა შეწირეს ოფიციალურად უკრაინის არმიას. მათ სურთ, რომ არმიაში გაწვევის მხრივ ყველაფერი კანონის დაცვით განხორციელდეს, რომ ობიექტური იყოს სამედიცინო კომისიების მოქმედება, რომ წრთვნები ჩატარდეს ისე, როგორც ამას არსებული სტანდარტები მოითხოვს და ისე არ მოხდეს, რომ ახალწვეულს წინ გარდაუვალი სიკვდილი ელოდებოდეს.

ჯეკ უოტლინგის, ბრიტანეთის თადაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტის თქმით, ბევრ უკრაინელ ჯარისკაცს ბედმა გაუღიმა, რომ მათ ხუთკვირიანი სამხედრო მომზადება მაინც გაიარეს (შედარებისათვის: მეორე მსოფლიო ომის წლებში დიდი ბრიტანეთის არმიაში ახალწვეული ქვეითების მომზადება 22 კვირის განმავლობაში ხდებოდა).

პოლკოვნიკი ვლადიმერ ნოვოსიადნი აღნიშნავს, რომ იმ ოფიცრებს, რომლებიც ჯარში გაწვევით საქმით არიან დაკავებულები, მოქალაქეები მტრულად ეკიდებიან: „ისინი თავიანთ სახელმწიფო მოვალეობებს ასრულებენ. ისინი მობილიზებას იმიტომ კი ახორციელებენ, რომ მათ ეს საქმე მოსწონთ, არამედ იმისთვის, რომ ჯარს შევსება ჭირდება“.

და მაინც, მოსახლეობა შეშფოთებით უყურებს იმას, რომ ხელისუფლება თავის სამობილიზაციო ძალისხმევას აფართოებს, მათ შორის, აძლიერებს სასაზღვრო პატრულირებას იმ მოქალაქეების დასაკავებლად, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს.

ანდრეიმ, კიდევ ერთმა ლვოველმა დიზაინერმა, თავის თავს „პარანოიკი“ უწოდა. იგი მთელი დღეების განმავლობაში ბინიდან პრაქტიკულად არ გადის და მეგობრის იმედზეა, რომელსაც საჭმელი მიაქვს. იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა მას გარეთ გასვლა უწევს, მაჯაზე ელექტრონულ ბრასლეტს იკეთებს, რომელიც, წითელ ღილაკზე თითის დაჭერის დროს ნათესავებს და მეგობრებს მისი მფლობელის ადგილმდებარეობას ატყობინებს.

ანდრეის განმარტებით, თუ მას დააკავებენ, წითელი ღილაკით მისი მეგობრები და ახლობლები შეიტყობენ, თუ სამხედრო ბეგარის (გამწვევი) რომელ პუნქტში მიჰყავთ და, შესაბამისად, დახმარებას შეეცდებიან.

ალექსანდრე, რომელიც მონაცემების დამუშავების სპეციალისტია, აცხადებს, რომ კანონის დარღვევა არ უნდა და ამიტომ მოთმენით ელოდება სამდიცინო შემოწმებას. იგი იმედოვნებს, რომ სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად (უვარგისად) ჩათვლიან, სუსტი ფიზიკური აღნაგობის გამო. მაგრამ, მისი თქმით, სამედიცინო კომისიის ასეთი გადაწყვეტილება „ლატარეას ჰგავს“.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/06/21/world/europe/ukraine-war-draft-dodgers-conscription.html

 

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way