USD 2.6081
EUR 3.0084
RUB 3.0886
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „უკრაინა აჩვენებს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ომის სცენარის შეცვლა
თარიღი:  1086

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 3 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით „უკრაინა აჩვენებს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ომის სცენარის შეცვლა: კიევის დრონების შეტევამ ცხადჰყო, რომ იაფფასიან უპილოტო საფრენ აპარატებს ძვირადღირებული თვითმფრინავების განადგურება შეუძლიათ და თანაც უკრაინის საზღვრებიდან ძალიან შორს“ (ავტორები - ჰელენ კუპერი, ჯულიან ბარნსი, ერიკ შმიტი, ლარა ჯეიკსი და ადამ ენთოუსი). პუბლიკაციაში განხილული და გაანალიზებულია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ პირველ ივნისს განხორციელებული ოპერაცია, რომლის შედეგად რუსეთის სამხედრო ძლიერებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ავტორები ესაუბრებიან ექსპერტებს, რომლებიც პროგნოზებს აკეთებენ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების ბაზების დაცვის თაობაზე ახალი საფრთხეების გათვალისწინებით: „შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „ოქროს გუმბათის“ ანტირაკეტული დაცვის პროექტით აშშ-ის დაცვის უზრუნველყოფას არამარტო ბალისტიკური რაკეტებისგან, არამედ ჩვეულებრივი დრონებისგან?“.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ამერიკელი ოფიციალური პირებისა და სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე აეროდრომებზე და თვითმფრინავებზე დრონებით განხორციელებული გაბედული შეტევებით კიევი აგრძელებს 21-ე საუკუნის ომების წარმოების მეთოდთა ცვლილებებს.

როგორც ამერიკული და ევროპული უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, ჯერ კიდევ არ დასრულებულა იმ ზარალის სრული დეტალური სურათის შედგენა, რომელიც უკრაინამ რუსეთს მიაყენა, მაგრამ მათი შეფასებით, უკვე ნათელია, რომ შორი მოქმედების სტრატეგიული დანიშნულების ავიაციის დაახლოებით 20-მდე ერთეული (ბომბდამშენ-ბირთვულრაკეტმზიდი და რადარული თვითმფრინავები) განადგურებულია ან სერიოზულადაა დაზიანებული, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობა, შორი მანძილიდან მიაყენოს დარტყმები მოწინააღმდეგეს.

ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის ავიაციის დანაკარგები შეადგენს 10 შორი მოქმედების სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენებს - ექვს Ту-95-ს და ოთხ Ту-22М-ს, აგრეთვე სამხედრო თვითმფრინავ-რადარს А-50-ს, რომელიც გამოიყენება ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებისა და მართვადი რაკეტების აღმოსაჩენად.

შემტევითმა ოპერაციამ, რომელიც ცნობილი გახდა კოდური სახელწოდებით „ობობას ქსელი“ („აბლაბუდა”), ერთია, რომ რუსეთის სტრატეგიულ ძალებს დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ მეორე და უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინამ მოახდინა ტავისი შესაძლებლობისა და უნარის დემონსტრაცია - დარტყმა მიაყენოს რუსეთის ნებისმიერ წერტილს და გაანადგუროს 100 მილიონ დოლარად შეფასებული სამხედრო თვითმფრინავები 500-დოლარიანი დრონებით.

როგორც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, უკრაინას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წინასწარ საქმის კურსში არ ჩაუყენებია იმის შესახებ, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაგეგმა შეტევის განხორციელება, რომლის სამიზნეს რუსეთის ტერიტორიაზე, ღრმა ზურგში მდებარე რამდენიმე ავიაბაზა წარმოადგენდა, მათ შორის ერთი აღმოსავლეთ ციმბირში.

დარტყმის მისაყენებლად უკრაინამ თავისი აგენტები საზღვრიდან შორს, რუსეთის სხვადასხვა ოლქებში გაგზავნა (და გადაიბირა). მაგალითად, ავიაბაზა „ბელაია” ირკუტსკის ოლქში, ბაიკალის ტბასთან ახლოს არის დისლოცირებული და კიევიდან თითქმის 3 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით,  უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) კონტრაბანდული სახით ფარულად იქნენ შეტანილნი რუსეთის ტერიტორიაზე და ხისგან დამზადებულ კონტეინერებში იყვნენ შეფუთულები, მათი სახურავის გახსნა მოხდებოდა დისტანციურად, ადგილობრივ მობილურ კავშირთან მიერთებით. დრონები ჩაიტვირთა სატვირთო მანქანებში (ავტოტრაილერ-ფურებში) და დანიშნულების ადგილთან მაქსიმალურად ახლოს იქნა მიტანილი.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უკრაინის მოქმედება ისრაელის მიერ გასულ წელს განხორციელებულ ოპერაციას შეადარა, როცა „მოსადმა“ „ჰეზბოლას“ მებრძოლებს ლიბანში კოდური სიგნალებით პეიჯერები აუფეთქა. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ დრონების მეშვეობით მიყენებულმა დარტყმამ სერიოზულად დაასუსტა რუსეთის სამხედრო პოტენციალი და კრემლის მიერ წარმოებული საომარი ოპერაციები. „ოპერაცია „აბლაბუდამ“ აჩვენა, თუ როგორ გამოიყურება რეალურად თანამედროვე ომი და რატომ არის მნიშვნელოვანი ერთი ნაბიჯით წინ ყოფნა ტექნოლოგიების განვითარებაში“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ ოპერაცია წელიწადნახევრის განმავლობაში მზადდებოდა..

ამასთან, როგორც აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, არც რუსეთი არ დარჩება  ვალში და უკრაინას საპასუხო შურისმაძიებლური დარტყმით უპასუხებს, თუმცა ამერიკულ დაზვერვას ჯერ-ჯერობით არ აქვს განსაზღვრული ის სამიზნეები, რომლებსაც რუსეთი დაარტყამს. როგორც ჩანს, კრემლი განაახლებს მნიშვნელოვანი სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას, მწყობრიდან გამოიყვანს ენერგოსისტემის ინფრასტრუქტურას ან გუშვებს საშუალო მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტებს უკრაინის ზურგის ობიექტების გასანადგურებლად.

მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა 2022 წლის თებერვალში, უკრაინის შეიარაღებული ძალები მუდმივად აუმჯობესებენ მოძველებულ საბჭოურ და დასავლურ იარაღს და მათ მოდერნიზებას ახდენენ, თანამედროვე ტექნოლოგიების მიხედვით - მაგალითად, გადასატან სარაკეტო პორტატულ კომპლექსებს „ჯაველინებს“, „სტინგერებს“, „ჰარპუნის“ ტიპის რაკეტებს, სწრაფმავალ საზღვაო კატერებს, სახმელეთო და საზღვაო დრონებს და ა.შ. ამ საქმეში ამერიკამ თავის დროზე უკრაინას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია და მილიონობით დოლარი დახარჯა ადგილობრივი საწარმოო სიმძლავრეების აღდგენაში, ასევე გადასცა კიევს თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიებიც.

„მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ უკრაინამ სამხედრო მოქმედებები ახალ დონეზე აიყვანა“, - ამბობს ეველინ ფარკასი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი თანაშემწე რუსეთისა და უკრაინის საკითხებში,  რომელიც დღეს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობს, - „კიევი აჩვენებს, რომ ახლა თვითონ უკრაინელებს შეუძლიათ ოპერაციების დაგეგმვა და მათი წარმატებით განხორციელება“.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსის ეკატერინე სტეპანენკოს თქმით, უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმები მოწმობს, რომ რუსეთის არცერთი ადგილი უსაფრთხო არ არის და რომ კიევის ხელი მტერს ყველგან მისწვდება: „უკრაინა ომის წარმოების ახალ ფორმებს და მეთოდებს აყალიბებს“.

როგორც ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი სამხედრო მოსამსახურე აღნიშნავს, ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა უკრაინული ოპერაციის სრული ზეგავლენის შეფასება რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ავიაციაზე - იმიტომ, რომ რუსები, ალბათ, შეძლებენ ზოგიერთი დაზიანებული თვითმფრინავის აღდგენას. „დიახ, დრონებმა რუსეთის არმიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, მაგრამ საეჭვოა რუსეთმა უკრაინის ფრონტზე თავისი შემტევითი ოპერაციები შეასუსტოს“, - ხაზი გაუსვა ჩინოვნიკმა.

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ოპერაციის საიდუმლოდ შენახვა გასაკვირი არ არის იმდენად, რამდენადაც ინფორმაციის ნებისმიერი გაჟონვა მის წარმატებით რეალიზებას საფრთხეს შეუქმნიდა.

უკრაინა ყოველთვის ზრუნავდა თავისი უსაფრთხოების ოპერატიულ დაცვაზე, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ბოლო თვეებში, როცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა სოციალურ ქსელ Signal group-ში საუბრის დროს უნებლიედ გაამჟღავნეს აშშ-ის არმიის დარტყმების ოპერატიული გეგმები (იემენელი ჰუსიტების მიმართ).

როგორც ცნობილია, დღეისათვის აშშ არ მონაწილეობს უკრაინასთან რაიმე ერთობლივი ოპერაციის განხორციელებაში რუსეთის ტერიტორიაზე. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, მათი უკრაინელი კოლეგები, [როცა ოპერაციას გეგმავდნენ], ალბათ, აცნობიერებდნენ იმ გარემოებას, რომ [უმიზეზოდ] დარტყმის მიყენება რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებზე, რომლებსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ, აშშ-სათვის დაუშვებელია. ამიტომაც უკრაინელებმა ამერიკელები საქმის კურსში არ ჩააყენეს - კიევმა კარგად იცოდა, რომ ვაშინგტონი წინააღმდეგი იქნებოდა.

ნატოს წევრი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ანონიმური წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ბიძგი მისცა დისკუსიის დაწყებას - საჭიროა თუ არა მოკავშირეებმა გადახედონ თავიანთ უსაფრთხოებას ახალი მოწყვლადი ადგილების გამოსავლენად, რათა ისეთ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ, როგორშიც რუსეთი აღმოჩნდა.

სემიუელ ბენდეტი, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრის ექსპერტი რუსულ დრონებთან დაკავშირებულ საკითხებში, ამბობს: „ჩვენ თანდათანობით ვაცნობიერებთ იმ საფრთხეს, რასაც უპილოტო საფრენი აპარატები უქმნიან აშშ-ის სამხედრო ბაზებს. როცა საქმე ეხება მსხვილ ავიაბაზებს, რომელთა ასაფრენ-დასაშვებ ზოლზე ბევრი თვითმფრინავი დგას, უკრაინის შეტევის გაკვეთილი გამოიხატება იმაში, რომ ასეთი დარტყმა პოტენციურად ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. დღეისათვის  უკვე ნაკლებად ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენს ბაზებს კომპლექსური დაცვა აქვთ ახლო რადიუსის მქონე საფრთხეებისგან“.

ჯეიმს პატონ-როჯერსი, დრონების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტი კორნელის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ დასავლეთის ის სახელმწიფოები, რომლებთაც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში აქვთ სამხედრო ბაზები, განსაკუთრებით მოწყვლადები ხდებიან, ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში, სადაც მრავალრიცხოვანი ექსტრემისტული დაჯგუფებები მოქმედებენ. უკრაინის შეტევის გათვალისწინებით, მათი დაცვა სტანდარტული ზომებით პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. მსგავსი ინციდენტი მოხდა 2024 წელს, იორდანიაში, სადაც, სირიის საზღვართან ახლოს, უდაბნოში დისლოცირებულ ამერიკულ პოსტზე თავდასხმა განახორციელა ერაყელი ექსტრემისტების მიერ მართულმა დრონმა და რომლის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების შეტევის შედეგები აშშ-სათვის ერთგვარ საჩუქარს წარმოადგენს.

ლინდსი გრემმა, რესპუბლიკელმა სენატორმა სამხრეთ კაროლინიდან, რომელიც ბოლო დროს არაერთგზის ამტკიცებდა, რომ უკრაინას რუსეთისათვის - როგორც აშშ-ის მოწინააღმდეგისათვის - მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება და მისი დასუსტება შეუძლიაო, ორშაბათს სოციალურ ქსელში ასე დაწერა: „უკრაინა მუდმივად იყენებს კრეატიულ ტაქტიკას და ომის წარმოების ისეთ მეთოდებს იგონებს დრონების დახმარებით, რომ წარმატებით ასუსტებს რუსებს - მათი სტრატეგიული ბომბდამშენების განადგურებით“.

ბენ ჰოჯესის, აშშ-ის ევროპული არმიის ყოფილი სარდლის განცხადებით, „შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის შესაძლებლობები ფრთოსანი ბირთვული რაკეტების გაშვების საკითხებში მნიშვნელოვნად შესუსტდა“. იმავდროულად გენერალმა ჰოჯესმა და რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანმა სამხედრო პირმა აღნიშნეს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწევს გადასინჯოს თავისი გეგმები რაკეტსაწინააღმდეგო ფარის „ოქროს გუმბათის“ შექმნის მიზნით, რომელიც პრეზიდენტმა გასულ თვეში გააჟღერა.

პენტაგონის წარმომადგენლების თქმით, „ოქროს გუმბათის“ პროექტი (ისრაელის „რკინის გუმბათის“ მსგავსად) ახალი თაობის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას წარმოადგენს, რომლის მიზანია ქვეყანა დაიცვას ისეთი სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური, ჰიპერბგერითი და ფრთოსანი რაკეტების ზემოქმედებისაგან, რომლებიც აქვს აშშ-ის ზოგიერთ მოწინააღმდეგეს, მაგალითად, რუსეთს.

მაგრამ ანტირაკეტული ფარი ისეთი სახით, როგორითაც არის ჩაფიქრებული, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ალბათ, ვერ დაიცავს იმ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებისაგან, რომლებსაც უკრაინა ქმნის და იყენებს.

„უკრაინის შეტევები რუსეთის აეროდრომებზე აჩვენებს, რომ 175 მილიარდი დოლარი, რომლის დახარჯვას მისტერ ტრამპი პროექტის რეალიზების მიზნით აპირებს,  რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას წარმოადგენს“, - ამბობს ალექსანდრე ვიდმანი, უკრაინული წარმომავლობის მქონე აშშ-ის არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელიც 2019 წელს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდა, - „უკრაინის დაზვერვის მიერ წარმატებით განხორციელებული ოპერაცია რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების წინააღმდეგ იმაზე მიანიშნებს, რომ შეერთებული შტატები უნდა დაფიქრდეს, თუ როგორ უნდა დაიცვას საიმედოდ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები არამარტო ბალისტიკური რაკეტებისგან, არამედ სრულიად ჩვეულებრივი დრონებისაგან“.

წყარო: https://www.nytimes.com/2025/06/02/us/politics/ukraine-russia-drone-attack.html

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის