USD 2.7154
EUR 3.1621
RUB 3.3985
Тбилиси
«The New York Times» (აშშ): „შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის საქართველოს დედაქალაქში“
дата:  511

----------------------------------

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის საქართველოს დედაქალაქში“ (ავტორები - ვალერია ჰოპკინსი და კასანდრა ვინოგრადი), რომელშიც გადმოცემულია თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიპეტიები.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

შავიზღვისპირა ქვეყანას 3,7 მილიონი მოსახლეობით, ხუთშაბათიდან საპროტესტო აქციები არყევს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია: მისი თქმით, მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს, ანუ იმ მიზნისას, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა უარს ამბობს ყველა იმ ფინანსურ გრანტზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირიდან ყოველწლიურად იღებდა ხოლმე და რომელიც, ჩვეულებრივ, ასობით მილიონი დოლარით განისაზღვრება.

თბილისის - ქვეყნის დედაქალაქის - ცენტრში მდებარე პარლამენტის შენობასთან ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებთაგან ბევრს ტანზე ეროვნული თეთრი წითელჯვრებიანი დროშა ჰქონდათ შემოხვეული. მათ მწვანე ლაზერები პოლიციისაკენ მიმართეს და ქვეყნის ახალი მთავრობის მიმართ უთანხმოება გამოხატეს.

მოგვიანებით პოლიციამ საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ სახანძრო ჰიდრანტების და ავტომანქანების მეშვეობით წყლის ჭავლი მიუშვა, რომლებიც, თავიანთი მხრიდან, პოლიციელების მიმართ პეტარდებისა და სხვა პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება დაიწყეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა კვირა დილით, ღამით დაწყებული პროტესტები „ძალადობაში გადაიზარდა“. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციელების წინააღმდეგ „პიროტექნიკურ საშუალებებს იყენებდნენ, ცეცხლგამჩენ ბოთლებს და ქვებს ესროდნენ“. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის ირგვლივ არსებული რკინის მესერი, კამერები, ჩალეწეს ფანჯრები და სამუშაო ოთახებში ხანძარი გააჩინეს.

შინაგან საქმეთა უწყების მონაცემებით, შაბათის საღამოს მდგომარეობით, დაკავებული იქნა 150 ადამიანი. შეტაკების დროს დაზარალდნენ როგორც დემონსტრანტები, ასევე პოლიციელები. როგორც ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ესოშეითედ პრესი“ იტყობინება, ჟურნალისტებმა დაინახეს, თუ როგორ უტყამდნენ პოლიციელები საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

საქართველო პოლიტიკურმა კრიზისმა მას შემდეგ მოიცვა, როცა 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გამოცხადდა. დამკვირვებლების აზრით, ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია სულ უფრო მეტად იხრება რუსეთისა და ჩინეთისაკენ. პროდასავლური ქართული ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, არჩევნები გაყალბდა და, შესაბამისად, ისინი შედეგებს არ აღიარებენ.

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ მთავრობა ყველა ზომას იღებს ქვეყნის სრული ინტეგრაციისათვის ევროკავშირში და ნატოში. პრეზიდენტის ოფიციალური უფლებამოსილება ნომინალურია, მთელი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს აქვს მინიჭებული.  ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მხარე დაიკავა და მთავრობა „საკონსტიტუციო გადატრიალების“ მოხდენაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, იგი არ დატოვებს თანამდებობას დეკემბრის ბოლოს, როცა მისი უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა იწურება. ასევე, სალომე ზურაბიშვილი ითხოვს საპარლამენტო არჩევნების განმეორებით ჩატარებას.

ევროკავშირმა არ აღიარა არჩევნები, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების უმრავლესობა მოიპოვა. ოპოზიციამ 150-წევრიან საკანონმებლო ორგანოში 61 სადეპუტატო ადგილი მიიღო, თუმცა პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტს აცხადებს და სხდომებს არ ესწრება.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/12/01/world/europe/georgia-tbilisi-protest.html

 

общество
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати