----------------------------------
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის საქართველოს დედაქალაქში“ (ავტორები - ვალერია ჰოპკინსი და კასანდრა ვინოგრადი), რომელშიც გადმოცემულია თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიპეტიები.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
შავიზღვისპირა ქვეყანას 3,7 მილიონი მოსახლეობით, ხუთშაბათიდან საპროტესტო აქციები არყევს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია: მისი თქმით, მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს, ანუ იმ მიზნისას, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა უარს ამბობს ყველა იმ ფინანსურ გრანტზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირიდან ყოველწლიურად იღებდა ხოლმე და რომელიც, ჩვეულებრივ, ასობით მილიონი დოლარით განისაზღვრება.
თბილისის - ქვეყნის დედაქალაქის - ცენტრში მდებარე პარლამენტის შენობასთან ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებთაგან ბევრს ტანზე ეროვნული თეთრი წითელჯვრებიანი დროშა ჰქონდათ შემოხვეული. მათ მწვანე ლაზერები პოლიციისაკენ მიმართეს და ქვეყნის ახალი მთავრობის მიმართ უთანხმოება გამოხატეს.
მოგვიანებით პოლიციამ საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ სახანძრო ჰიდრანტების და ავტომანქანების მეშვეობით წყლის ჭავლი მიუშვა, რომლებიც, თავიანთი მხრიდან, პოლიციელების მიმართ პეტარდებისა და სხვა პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება დაიწყეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა კვირა დილით, ღამით დაწყებული პროტესტები „ძალადობაში გადაიზარდა“. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციელების წინააღმდეგ „პიროტექნიკურ საშუალებებს იყენებდნენ, ცეცხლგამჩენ ბოთლებს და ქვებს ესროდნენ“. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის ირგვლივ არსებული რკინის მესერი, კამერები, ჩალეწეს ფანჯრები და სამუშაო ოთახებში ხანძარი გააჩინეს.
შინაგან საქმეთა უწყების მონაცემებით, შაბათის საღამოს მდგომარეობით, დაკავებული იქნა 150 ადამიანი. შეტაკების დროს დაზარალდნენ როგორც დემონსტრანტები, ასევე პოლიციელები. როგორც ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ესოშეითედ პრესი“ იტყობინება, ჟურნალისტებმა დაინახეს, თუ როგორ უტყამდნენ პოლიციელები საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
საქართველო პოლიტიკურმა კრიზისმა მას შემდეგ მოიცვა, როცა 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გამოცხადდა. დამკვირვებლების აზრით, ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია სულ უფრო მეტად იხრება რუსეთისა და ჩინეთისაკენ. პროდასავლური ქართული ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, არჩევნები გაყალბდა და, შესაბამისად, ისინი შედეგებს არ აღიარებენ.
საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ მთავრობა ყველა ზომას იღებს ქვეყნის სრული ინტეგრაციისათვის ევროკავშირში და ნატოში. პრეზიდენტის ოფიციალური უფლებამოსილება ნომინალურია, მთელი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს აქვს მინიჭებული. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მხარე დაიკავა და მთავრობა „საკონსტიტუციო გადატრიალების“ მოხდენაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, იგი არ დატოვებს თანამდებობას დეკემბრის ბოლოს, როცა მისი უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა იწურება. ასევე, სალომე ზურაბიშვილი ითხოვს საპარლამენტო არჩევნების განმეორებით ჩატარებას.
ევროკავშირმა არ აღიარა არჩევნები, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების უმრავლესობა მოიპოვა. ოპოზიციამ 150-წევრიან საკანონმებლო ორგანოში 61 სადეპუტატო ადგილი მიიღო, თუმცა პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტს აცხადებს და სხდომებს არ ესწრება.
წყარო: https://www.nytimes.com/2024/12/01/world/europe/georgia-tbilisi-protest.html
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/