USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Тбилиси
«The New York Times» (აშშ): „საქართველოს ოდესღაც სამრეწველო, ახლა კი დეპრესიული რეგიონები საბჭოთა წარსულზე ნოსტალგიას განიცდიან“ (შთაბეჭდილებები კაზრეთისა და ჭიათურის შესახებ)
дата:  

აშშ-ის გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 23 ივლისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „საქართველოს ოდესღაც სამრეწველო, ახლა კი დეპრესიული რეგიონები საბჭოთა წარსულზე ნოსტალგიას განიცდიან“ (ავტორი - ივან ნეჩეპურენკო), რომელშიც გადმოცემულია კაზრეთისა და ჭიათურის მოსახლეობის დღევანდელი ყოფა-ცხოვრება, მათი პრობლემები, ფიქრები და განცდები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს პატარა ქალაქი კაზრეთი სომხეთის საზღვართან ახლოს, თვალწარმტაც მთებში მდებარეობს და ოდესღაც კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ამაყობდა - აქ იყო კინოთეატრი, ბანკი, კულტურისა და დასვენების პარკი, ცენტრალური მოედანი მუსიკალური შადრევნებით, ორი საშუალო სკოლა და საბავშვო ბაღები. კაზრეთში ხშირად ჩამოდიოდნენ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სპორტული გუნდები და მთელი საბჭოტა კავშირის მასშტაბით ტურნირები ტარდებოდა. რა თქმა უნდა, ცენტრალური გათბობა, წყალმომარაგება და ელექტროენერგია პრაქტიკულად უფასო იყო. „აქ ნამდვილი კომუნისტური ოაზისი იყო“, - ამბობს 52 წლის დავით ჯაყელი, რომელიც ადრე სახელმწიფო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში დურგლად მუშაობდა.

დღეს კაზრეთში, რომელიც თბილისიდან 80 კილომეტრში მდებარეობს, თითქმის 5500 ადამიანი ცხოვრობს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, კაზრეთის ინფრასტრუქტურა დაინგრა: საბჭოთა გეგმიური ეკონომიკის გაქრობისთანავე ადგილობრივი ოქროსა და სპილენძის საბადოს ბაზაზე მოქმედი სახელმწიფოს კუთვნილი სამთო-გამამდიდრებელი ქარხანა ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩა, წამგებიანი გახდა და დაიხურა, ასობით ადამიანმა კი სამუშაო დაკარგა. წლების შემდეგ საბადოები და ქარხანა ისევ ამუშავდნენ, მაგრამ უკვე კერძო საკუთრების სახით და საკმაოდ მოკრძალებული მასშტაბით.

ამჟამად ქალაქში მხოლოდ ერთი სკოლა მოქმედებს, კინოთეატრი და ბანკი აღარ არის, შადრევანი, რომლებიც ქალაქის ცენტრალური მოედანს ამკობდა, დაშრა და დიდი ხანია გაქრა. ბათქაშმოცვენილ საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარე ორმოებით სავსე ქუჩებში ძაღლები დაწანწალებენ.

„ის, რაც ჩვენ დაგვემართა - ძალიან დიდი უსამართლობას წარმოადგენს“, - თვლის დავით ჯაყელი, რომელიც ახლა იმით არის დაკავებული, რომ თავის სახლთან ახლოს ჯართს აგროვებს და ჰყიდის.

ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში საქართველო, სადაც 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ყოფილ მოკავშირე საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პროდასავლურ ქვეყნად გადაიქცა. გამოკითხვები რეგულარულად აჩვენებს, რომ მოსახლეობის 60%-ზე მეტს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება სურს. იმავდროულად შენარჩუნებულია დაძაბულობა მათ შორის, ვინც საქართველოს მომავალს დასავლეთთან ინტეგრაციაში ხედავს და ვისაც ნოსტალგია აქვთ ქვეყნის საბჭოთა წარსულზე (ძირითადად ღარიბ რეგიონებში) - იმდროინდელი სტაბილური შემოსავლებისა და ყველასათვის ხელმისაწვდომი განვითარებული სოციალური ინფრასტრუქტურის გამო.

მიმდინარე წლის დასაწყისში თბილისის ქუჩებში ათასობით ადამიანი გმოვიდა საპროტესტო აქციებზე, რომელიც მიმართული იყო ხელისუფლების მიერ შემუშავებული იმ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცების გავლენას ზღუდავდა. კრიტიკოსების მტკიცებით, პარლამენტის მიერ მაისში მიღებული კანონი საქართველოს წარსულისაკენ ეწევა და ისევ რუსეთის ხელში აგდებს, ხოლო ბრიუსელი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო აქტი საქართველოს ევროატლანტიკურ ბლოკებში გაწევრიანებას გაართულებს.

ეს დაძაბულობა გაღრმავებულია უკრაინაში მიმდინარე ომითაც: ერთი მხრივ, რუსეთთან ომმა ქართული პროდასავლური ოპოზიციის გააქტიურება გამოიწვია, რომლისთვისაც ქვეყნის მთავრობის მიერ დასავლეთის მიერ მირებული ანტირუსული სანქციების მიმართ დაკავებული ნეიტრალური პოზიცია პრორუსლობას (რუსეთუმეობას) ნიშნავს, ხოლო მეორე მხრივ - ბევრ ქართველს არ სურს რუსეთის პროვოცირება და შიშობენ - ვაითუ უკრაინის ტრაგიკული მოვლენები მათ სამშობლოშიც განმეორდეს.

მაგრამ კაზრეთში და სხვა პროვინციულ სამრეწველო ქალაქებში, სადაც ათეულობით წლებია უმუშევრობის მაღალი დონეა შენარჩუნებული, დემონსტრანტების პროსადავლური მოთხოვნები და მათი პროგნოზები - საქართველო ისევ რუსეთის ხელში ჩავარდებაო, საკმაოდ არადამაჯერებლად ითვლება.

ბევრი მოქალაქე საბჭოთა პერიოდს ოკუპაციისა და პოლიტიკური რეპრესიების ეპოქად მიიჩნევს, მაგრამ ასევე ბევრი თვლის (განსაკუთრებით სასოფლო რეგიონებში), რომ საბჭოთა პერიოდი სიუხვისა და აყვავების წლებს წარმოადგენდა და ყველას სამუშაო ჰქონდა. დღეს კი თბილისის მიღმა უმუშევრობა, ლოთობა და ნარკომანია არის გავრცელებული.

62 წლის დათუნა ყაფლანიშვილი, რომელიც კაზრეთის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატში ჯერ კიდევ იმ დროს მუშაობდა, როცა ქარხანა სახელმწიფოს ეკუთვნოდა, თვლის, რომ საბჭოთა პერიოდი მის ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო დრო იყო. „ისინი ვერაფერს ვერ აცნობიერებენ“, - ამბობს დათუნა თბილისური საპროტესტო აქციების მონაწილეებზე, - რუსეთის გარეშე აქ არაფერი არ იქნება“.

ნახევრადმიტოვებულ სოფლებში და ქალაქებში, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში დავიწყებულნი არიან, ევროპული მომავლის პერსპექტივა ბევრისთვის მირაჟს წარმოადგენს.

ერთ-ერთი ასეთი ქალაქია ჭიათურა, რომელიც ოდესღაც საბჭოთა სამრეწველო სამოთხედ იყო ცნობილი. ჭიათურა განთქმული იყო საბჭოთა კავშირში უდიდესი მარგანეცის საბადოთი, სამთო-გამამდიდრებელი კომბინატით და შექმნილი ინფრასტრუქტურით -  საბაგირო გზებით, რომლითაც მუშა-მოსამსახურეები მაღაროებში სამუშაოდ მიდიოდნენ და მთების კალთებზე შეფენილი საცხოვრებელი მიკრორაიონებით.

საბჭოთა პერიოდთან შედარებით ჭიათურის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა. ამჟამად მაღაროები მუშაობენ, მაგრამ მუსახელის მცირე რაოდენობით. ქალაქის ამჟამინდელი სოციალური ინსფრასტრუქტურა დაკნინებულია და საბჭოთადროინდელს ვერ შეედრება.

დღეს ჭიათურის სამრეწველო ცენტრისაგან მხოლოდ აჩრდილიღა დარჩა - საწარმოები და გასართობი დაწესებულებები არ მუშაობენ, ხოლო ცნობილი საბაგირო გზები, მინებჩამსხვრეული ვაგონებით, მხოლოდ მცირერიცხოვან მოსახლეობასღა ემსახურება.

საბჭოთა პერიოდში  ჭიათურიდან თბილისში ყოველდღიურად მატარებელი დადიოდა, თვით ქალაქში კი მდინარე ყვირილას ნაპირებზე სატრანსპორტო მარშრუტები მოქმედებდნენ - ტროლეიბუსები მოძრაობდნენ. დღეს ნახევრად დანგრეული სარკინიგზო სადგურის შენობა ცარიელია, თბილისის მატარებელი გაუქმებულია, ტროლეიბუსები კი ჯართად გადაიქცნენ და დაჭრეს. „ადრე, კომუნისტების მმართველობის დროს, ჩვენ კარგად ვცხოვრობდით“, - ამბობს 68 წლის მამია გაბესკელიანი ზოდიდან, ჭიათურასთან მდებარე მაღაროელთა დასახლებიდან, - „მაგრამ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენი მდგომარეობა სულ უარესდება“.

მამია გაბესკელიანი არ ენდობა არც თბილისელ დემონსტრანტ-მომიტინგეებს და არც ქვეყნის მთავრობას: „არის ერთი სიმართლე და ასი ტყუილი. მათ ერთმანეთისაგან ძნელად თუ გაარჩევ, - ამბობს იგი, - ყველა ამტკიცებს, რომ თვითონ მართალია, სხვები კი მატყუარები და თავს გახვევს საკუთარ პოზიციას“.

ჭიათურის მცხოვრებთა სასოწარკვეთილ ყოფას ამძიმებს გარემოს არასახარბიელო მდგომარეობაც: მიტოვებული კარიერები, გაჩეხილი ტყეები და სამთო-მომპოვებელი საქმიანობის შედეგად დატოვებული ნარჩენების გიგანტური გროვებით. ბუნებისადმი მიყენებული ზარალის ნაწილი საბჭოთადროინდელია, მაგრამ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, მთავრობას იმ პერიოდიდან მოყოლებული თითიც არ გაუნძრევია სიტუაციის გამოსასწორებლად და სამთო-მომპოვებელი კომპანიების მტაცებლური საქმიანობის აღსაკვეთად. ყოფილი სამრეწველო ცენტრის ბევრი მცხოვრებისათვის არ არსებობს რაიმე პრინციპული განსხვავება პროდასავლურ მთავრობასა (რომელიც საქართველოს 2000-იანი წლებიდან მართავს) და დღევანდელს შორის (რომელსაც რუსეთის მიმართ უფრო ნეიტრალური პოზიცია აქვს დაკავებული).

დაპირებული აყვავება, რომელიც აუცილებლად უნდა მომხდარიყო დამოუკიდებლობის პირობებში, ჯერ-ჯერობით არ მომხდარა, ხოლო საზღვრების გახსნამ და უვიზო რეჟიმმა ხელი შეუწყო მოსახლეობის საზღვარგარეთ წასვლას რაიმე სამსახურის პოვნის მიზნით. მიგრაციის შედეგად პროვინციული ქალაქები კიდევ უფრო დაცარიელდა.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს გაპარტახებული სამრეწველო პროვინციების ზოგიერთი მცხოვრები სხვაგვარად ფიქრობს. 35 წლის კინორეჟისორი კოტე აბდუშელიშვილი, რომელიც თბილისსა და ზოდს შორის ხშირად დადის, ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ საქართველოს დასავლეთის ნაწილი უნდა გახდეს: „ადამიანები დასავლეთის მიმართ სკეპტკურად არიან განწყობილნი“, - სევდიანად ამბობს კოტე, - 30 წელი გავიდა დამოუკიდებლობის აღდგენიდან, სიტუაცია კი სულ უფრო უარესდება“. მისი თქმით, არსებობს უდიდესი განსხვავება მოდურ კაფეების, თანამედროვე უნივერსიტეტებისა და ტექნოკლუბების  მქონე თბილისის ახალგაზრდობის პოზიციებსა და ზოდის მოსახლეობის თვალსაზრისებს შორის. ეს ქვეყნის სხვა ასობით ქალაქსა და სოფელშიც შეინიშნება. „საქართველოს პროვინციების მოსახლეობისათვის დასავლეთი ის არის, სადაც მათი შვილები და ახლობლები „გასტარბაიტერების“ სახით სამუშაოდ მიდიან“, - ამბობს კოტე, რომელიც თანაუგრძნობს თბილისელ დემონსტრანტებს და მათ სწრაფვას დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დასამყარებლად. ამავე დროს იგი თვლის, რომ თანამემამულეების დარწმუნება დასავლეთის უპირატესობაში იოლი საქმე არ არის: „მოსახლეობის უმრავლესობა სოფლის რეგიონებში კონსერვატიულადაა განწყობილი. მათ ეუბნებიან - „არავითარი რუსეთი არ იქნება, მივდივართ დასავლეთისაკენ“,  მაგრამ მათთვის დასავლური მიმართულება არაფერს ნიშნავს“.

ვალერი ჩიტაძეს სურს, რომ თავისი მშობლიური სოფელი ცირკვალი ტურისტულ მექად გადააქციოს. იგი მიწასაც ამუშავებს და ადგილობრივ ექსკურსიებს აწყობს. ვალერი ჩივის, რომ მათთვის, ვინც სოფლებშია დარჩენილი, ცხოვრება მძიმეა. „მარგანეცის მაღაროებში შრომის პირობები საშინელი და აუტანელია, გართობა-დასვენების დაწესებულებები არ არის, კლუბები და კინო-თეატრები დახურულია და აღარ არსებობს... კბილების მკურნალობა რომ დაჭირდეს ადამიანს, იმასაც კი ვერ შეძლებს“, - აღნიშნავს 36 წლის ვალერი. თუმცა იგი ძველებურად დარწმუნებულია, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთზეა დამოკიდებული: „რაც უფრო დავშორდებით დასავლეთს, მით უფრო ღრმად ჩავცვივდებით „შავ ხვრელში“, - ამბობს ვალერი ჩიტაძე.

თბილისელი აქტივისტი, რომელიც მშრომელთა უფლებებს იცავს - სოფო ჯაფარიძე ამერიკაში სწავლობდა. იგი ამბობს, რომ საქართველოს საბჭოური წარსული ღრმად უნდა იქნას შესწავლილი და ყოველმხრივად განხილული. მისი თქმით, დასავლური ორგანიზაციები და მასმედია ძალიან დიდ დროს უთმობენ საქართველოს საბჭოთა პერიოდის ჩრდილოვან მომენტებს, კერძოდ, ხელოვნების მუშაკებისა და ინტელიგენციის წარმომადგენელების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს, მაგრამ პარალელურად, ისიც ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ცხოვრებამ მართლაც ყველა სფეროში დეგრადირება განიცადა. „ბევრი ალკოჰოლს მიეძალა, გაფართოვდა ნარკომანია... აუცილებელია ჩვენ მხედველობაში მივიღოთ საბჭოთა ხელისუფლების საქმიანობის ზოგიერთი ნათელი მომენტიც.  „ცხოვრება იმ დროს უფრო [ხალისიანი] და ბევრად სტაბილური იყო“, - აღნიშნავს სოფო ჯაფარიძე, - არა იმდენად ფულისა და შემოსავლების, არამედ მრავალფეროვნების თვალსაზრისით.. ცხოვრება არ იყო ისეთი მონოტონური, როგორიც დღესაა“.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/07/23/world/europe/georgia-heartland-soviet-union.html

 

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати