USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
«The New York Times» (აშშ): „რუსეთის რწმენა და თავდაჯერებულება მტკიცდება, უკრაინას კი ახალი პრობლემები უჩნდება“
дата:  

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „რუსეთის რწმენა და თავდაჯერებულება მტკიცდება, უკრაინას კი ახალი პრობლემები უჩნდება“ (ავტორი - ენდრიუ კრამერი, კიევის ბიუროს ხელმძღვანელი).

გთავაზობთ პუბლიკაცის მცირე შემოკლებით:

უკრაინა ყველანაირი „შიმშილის“ წინაშე დადგა, ყველაფერი ამოეწურა: საბრძოლო მასალები, პირადი შემადგენლობა და დასავლეთის მხარდაჭერა. კონტრშეტევა, რომელიც ნახევარი წლის წინათ, ივნისის პირველ რიცხვებში დაიწყო, ჩაიშალა. დიდი ხანია არ გასულა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიაში „ვაგნერელები“ და გენშტაბისტები ერთმანეთს აბრალებდნენ ფრონტზე შექმნილ რთულ მდგომარეობას, ახლა კი კრემლი „სიხარულით ცას სწვდება“, რომ უკრაინის კონტრშეტევა შეაჩერა და ომი პოზიციურ ბრძოლებად გადააქცია.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს შექმნილი კრიტიკული მომენტის შედეგებს ყველა ხედავს: გააფთრებული მრავალთვიანი ბრძოლების დროს მოსკოვი თავის ძალებში დარწმუნდა, კიევის პერსპექტივა კი პირიქით - ბურუსით არის მოცული.

ეს ტენდენცია ნათლად გამოჩნდა გასულ კვირაში, როცა ვლადიმერ პუტინმა უბოდიშოდ გამოაცხადა თავის გეგმებზე რუსეთის პრეზიდენტად ბალოტირების თაობაზე - კიდევ ექვსი წლით, თან შამპანურს მიირთმევდა და რუსეთის არმიის მიღწევებით ტრაბახობდა. მან ისის განაცხადა, რომ უკრაინას, რომელიც მთლიანად გარე დახმარებაზეა დამოკიდებული, მომავალი არ აქვს.

ვლადიმერ პუტინის ასეთი თვითკმაყოფილების ატმოსფერო სრულიად განსხვავდებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის უსაშველო და გამოუვალი მდგომარეობისაგან, რომელიც ამ კვირაში ვაშინგტონში იმყოფებოდა - იმ იმედით, რომ ამერიკელ კონგრესმენებს როგორმე დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე დაითანხმებდა [უკრაინისათვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფის მიზნით].

თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით მდგარმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ კანონმდებლები დახმარების პაკეტს არ დაამტკიცებენ, „ეს იქნება საუკეთესო საშობაო საჩუქარი ვლადიმერ პუტინისათვის , რომელიც სწორედ ამას ელოდება“.

მაგრამ უკრაინის ლიდერის ხვეწნა-მუდარამ პოზიტიური შედეგი არ გამოიღო - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე ჩანს. კონგრესში რესპუბლიკელები ძველებურად აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ უკრაინა დამატებით დახმარებას მანამ ვერ მიიღებს, სანამ აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე არალეგალური მიგრაცია აღკვეთილი არ იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკლ ჯონსონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევთან მიმართებით მისი სკეპტიციზმი არ შეცვლილა.

მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან წამოსული სიგნალები იმას მოწმობს, რომ ზეწოლა უკრაინაზე გაძლიერდება. კიევი ამჟამად თავდაცვით ბრძოლებზეა გადასული და მკაცრი ზამთრის პირობებში რუსეთის სარაკეტო დარტყმების მოსაგერიებლად ემზადება. როგორც ჩანს, ახლაც შარშანდელი სიტუაცია განმეორდება, როცა რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებს ბომბავდა. კიევი სასოწარკვეთილად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი მთავარი მფარველის - აშშ-ის მხარდაჭერა, მაგრამ ვაშინგტონის ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისკენაა მიპყრობილი.

კიევის პერსპექტივას ართულებს არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამარჯვების საკმაოდ მაღალი შანსები, რომელიც უკრაინის მძაგებელს და პუტინის აპოლოგეტს წარმოადგენს. გავიხსენოთ, რომ 2019 წელს მას იმპიჩმენტი ჰქონდა გამოცხადებული იმის გამო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეგავლენას ახდენდა - ტრამპს სურდა გამოძიება დაეწყო ჯო ბაიდენისა და სხვა დემოკრატების უკრაინაში ჩადენილი საქმეების თაობაზე.

საომარი მოქმედებების დაწყებიდან თითქმის 22 თვის შემდეგ საზოგადოებრივი გამოკითხვები მოწმობს, რომ უკრაინისადმი დახმარების სურვილი ამერიკელებში განუხრელად მცირდება, განსაკუთრებით რესპუბლიკელებში. (...) წყვეტა ამერიკული დახმარებაში ვლადიმერ პუტინის ძველ რწმენას განუმტკიცებს, რომლის მიხედვით, დადგება დრო და დასავლეთს გლობალურ კონფლიქტებში არც ჩარევის გაბედულება აღარ ექნება და არც რესურსი. მართალია, რუსეთმა ომის დაწყებისას თავდაპირველი მიზნები ვერ შეისრულა, მაგრამ შემდეგ კრემლმა თავისი ძალების გადაჯგუფება მოახდინა და დიდი მსხვერპლის ფასად ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება მაინც მოახერხა.

„ვლადიმერ პუტინმა სურვილი ვერ შეისრულა - უკრაინის ხელისუფლება ურყევია, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კრემლი კარგად მოემზადა გაჭიანურებული კონფლიქტისათვის. პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსებს ამტანობისა და სიმტკიცის უნარი საკმარისად აქვთ“, - ამბობს ხანა ნოტე, რუსეთის საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯეიმს მარტინის სახელობის ამერიკული ანალიტიკური ცენტრიდან.

რუსეთმა შექმნილ სიტუაციასთან ადაპტირება მოახდინა, აფართოებს და ზრდის იარაღის წარმოებას, დამატებით ყიდულობს აგრეთვე ირანისაგან და ჩრდილოეთ კორეისაგან... და ეს ყველაფერი კეთდება გაჭიანურებული ომისათვის, რომელიც თვეები და წლებიც შეიძლება გაგრძელდეს. ამასობაში უკრაინა სასოწარკვეთილებით ცდილობს დასავლეთისაგან იარაღის მიღებას, მისი [დანგრეული] ეკონომიკა ვერ ახერხებს საომარ რელსებზე გადასვლას და რაც მუშაობს, ისიც დიდი შეფერხებით.

ამასთან, ექსპერტების თქმით, რუსეთს, თავისი უპირატესობის მიუხედავად, კიდევ ერთი დიდი შეტევის განხორციელება კიევისაკენ და უკრაინის სხვა მსხვილი ქალაქებისაკენ უკვე აღარ შეუძლია. უკრაინამ მოასწრო თავდაცვის ხაზის მშენებლობა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით. შესაბამისად, თუ რუსეთი შეტევას გააგრძელებს, კრემლი დიდ დანაკარგებს განიცდის. ვლადიმერ პუტინი, რომელმაც კარგად გააცნობიერა შარშანდელი მობილიზაციის ავ-კარგი, როგორც ჩანს, მომავალი წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არმიაში გაწვევისათვის გადაწყვეტილებას აღარ მიიღებს.

„ამ ომის დროს ჩვენ დავინახეთ იმის დადასტურება, რომ თავდამცავ მხარეს, როგორც წესი, მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს“, - ამბობს სტივენ პაიფერი, ბრუკინგის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში.

ანალიტიკოსების აზრით, ზაფხულ-შემოდგომის კონტრშეტევის კრახის შემდეგ დასავლეთს აღარ აქვს უკრაინისათვის იარაღის მარაგის შევსების ადრინდელი შესაძლებლობა, ამიტომ კიევის მხრიდან მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შეტევის დაგეგმვა-განხორციელება უახლოეს პერსპექტივაში მოსალოდნელი აღარ არის.

მართალია, აშშ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხში სიძნელეებს განიცდის, მაგრამ ვაშინგტონი კვლავ რჩება მთავარ სპონსორად, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები - კონგრესმენების შეხლა-შემოხლა უკრაინის გამო - კიევს ანერვიულებს.

„უკრაინელები ეჭვობენ - ხომ არ სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს გვაიძულოს იარაღის დაყრაზე და სამარცხვინო ზავის დადებაზე?“, - აცხადებს იური მაკაროვი, ჟურნალ „უკრაინსკი ტიჟდენის“ პოლიტიკური მიმომხილველი, - „ის, რომ ჩვენ პრაქტიკულად უკვე გავანადგურეთ რუსეთის პროფესიული არმია, რომელიც ბოლო დრომდე ამერიკის მთავარი მტერი იყო, ეს არაფერს ნიშნავს? რატომ არ იღებს ამ ფაქტს მხედველობაში ვაშინგტონი?“.

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კონტრშეტევის კრახმა უკრაინაში პოლიტიკური რყევები გაამწვავა, განსაკუთრებით პრეზიდენტის ადმინიტრაციასა და არმიის სარდლობას შორის. ჯერ გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში, რომ ომი ჩიხში შევიდაო (ამით მან პრეზიდენტზე - უმაღლეს მთავარსარდალზე მიანიშნა, რაც „ზემოთ“ კარგად გაიგეს), შემდეგ კი თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ „შეახურა“ გენერალი და მიანისნა, რომ სწორედ გენერალიტეტის ბრალი იყო ომის ჩიხში შესვლა... მოკლედ, ამის შემდეგ ზელენსკი და ზალუჟნი ერთად არავის აღარ უნახავს.

არის იმის წინაპირობები, რომ ამ ზამთარს რუსეთი შარშანდელზე უფრო აქტიურად იმოქმედებს. კრემლმა უკვე გააქტიურა ავდეევკაზე იერიშები და ქალაქი თითქმის ალყაში მოაქცია, გააფართოვა შეტავა აღმოსავლეთის ფრონტზე, რასაც უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი ალექსაბდრ სირსკიც ადასტურებს. როგორც ჩანს, საომარ მოქმედებებზე რუსეთის უპირატესობა არტილერიაში აუცილებლად აისახება: დღეისათვის საბრძოლო მასალებით უკმარისობის გამო „მოშიმშილე“ უკრაინელები დღეში 4-დან 5 ათასამდე ჭურვს ისვრიან, რუსები კი 20 ათასს.

ამერიკამ უკრაინას ორ მილიონზე მეტი 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი მისცა. ვაშინგტონმა ასევე უშუამდგომლა კიევს სხვა ქვეყნებისგან იარაღის მიღების თაობაზე. მაგრამ რადგანაც მაღალი ინტენსივობის საარტილერიო ბრძოლებს არავინ ელოდებოდა, დასავლეთის ქვეყნებშიც აღარ არის მარაგები დარჩენილი. უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისათვის რაკეტების დიდი რაოდენობა ჭირდება, რომ რუსულმა დრონებმა და ფრთოსანმა რაკეტებმა უკრაინის დედაქალაქისა და სხვა მსხვილი ქალაქების „ცის გუმბათი“ არ გაარღვიონ. მართალია, ამერიკა ამ სფეროშიც დაეხმარა უკრაინას, მაგრამ ამოუწურავი არაფერი არ არის. 

გადრამტეხი მომენტი იმ დროს დადგება, თუ რუსეთი ისარგებლებს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემაში გაჩენილი ნარღვევებით და დაბომბავს სამხედრო ობიექტებს, აეროდრომების ჩათვლით და მწყობრიდან გამოიყვანს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას - უფრო მეტად, ვიდრე ამას გასულ ზამთარს აკეთებდა. ამით უკრაინა კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება დასავლეთის დახმარებაზე.

უკრაინას ცოცხალი ძალის უკმარისობის პრობლემაც გაუჩნდა. კიევი საიდუმლოდ ინახავს როგორც მობილიზაციის მასშტაბებს, ასევე დანაკარგების რაოდენობას, მაგრამ როგორც ბატალიონის ყოფილი მეთაური ევგენი დიკი ამბობს, უკრაინის არმიას მომავალ წელს ყოველტვიურად 20 ათასამდე ახალგაზრდის გაწვევა მოუწევს - მოკლულებისა და დაჭრილების ჩასანაცვლებლად, აგრეთვე როტაციისათვის. „ყველაფერს ვერ აღადგენ. სამხედრო ეშმაკობებსაც და ტყუილებსაც აქვთ თავიანთი ზღვარი. ციფრები ციფრებად, მაგრამ ზოგიერთი დანაკლისის რეალურად აღდგენა შეუძლებელია“, -  ამბობს ყოფილი ოფიცერი.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/12/13/world/europe/ukraine-under-pressure-russia.html

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати