USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „რუსეთი უმოწყალოდ უტევს, უკრაინა თავს იცავს: მოსკოვი 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში დატოვებულ ტერიტორიას ისევ იკავებს“
თარიღი:  541

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი უმოწყალოდ უტევს, უკრაინა თავს იცავს: მოსკოვი 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში დატოვებულ ტერიტორიას ისევ იკავებს“ (ავტორი - ენდრიუ კრამერი), რომელშიც განხილულია უკრაინის ხარკოვის ოლქში მიმდინარე ბრძოლები: რუსეთის არმიის შეტევა, უკრაინის არმიის თავდაცვა, ფრონტის ხაზზე შექმნილი პრობლემები, სამოქალაქო მოსახლეობის მდგომარეობა და საომარი მოქმედებების პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გადამწყვეტ მომენტში, როცა უკრაინის არმია მოსკოვის ჯარებს დევნიდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან (ხარკოვის ოლქიდან) 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში, პატარა უკრაინული ქალაქის ვოლჩანსკის პოლიციის უფროსმა ამაყად აღმართა ყვითელ-ცისფერი სახელმწიფო დროშა გათავისუფლებული ქალაქის ადმინისტრაციის შენობაზე.

მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა. რუსები დაბრუნდნენ. გასულ კვირას იგივე პოლიციის უფროსი ალექსი ხარკოვსკი იმავე ვოლჩანსკის ცეცხლმოდებულ ქუჩებში ცდილობდა, რომ ქალაქში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გაეყვანა და მოახლოებული რუსული ქვედანაყოფებისათვის გაესწრო.

„რუსები სადაც არ უნდა მივიდნენ, ისინი ყველაფერს მიწასთან ასწორებენ“, - ამბობს ალექსი ხარკოვსკი კრემლის სამხედრო ქვედანაყოფების გააფთრებულ შეტევაზე და მათ ტაქტიკაზე „გადამწვარი მიწის“ პრინციპით.

ათ მაისს რუსეთის ჯარებმა უკრაინის საზღვრის მონაკვეთი გადალახეს და მილიონიანი ხარკოვის მიმართულებით დაიძრნენ. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის ასაღებად რუსებს ძალები არ ეყოფათ, მაგრამ მათ შეუძლიათ ქალაქთან ახლოს მივიდნენ და არტილერიით ჭურვები დაუშინონ და, შესაბამისად, ლტოლვილი მოსახლეობის ნაკადის გაზრდა გამოიწვიონ.

სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთის არმიის „ნახტომი“, როგორც ჩანს, მოწოდებულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო დასუსტდეს ისედაც „შეფერთხილი“ უკრაინის არმიის პოტენციალი, მოიხსნას დონბასის ფრონტიდან სამხედრო ქვედანაყოფები (ანუ მოხდეს ფრონტის ხაზის „გაშიშვლება“ იქ, სადაც რუსეთი საზაფხულო შეტევას ამზადებს) და ისინი ხარკოვის დასაცავად იქნენ გადასროლილი. გარდა ამისა, სახეზეა მადესტაბილიზებელი ეფექტი: ათი ათასობით შეშინებული და დევნილი ადამიანი, ლტოლვილები, რომლებიც საზღვრისპირა რეგიონიდან ქვეყნის სიღრმეში სასოწარკვეთილები მიემართებიან

ერთკვირიანი ბრძოლების შემდეგ უკრაინის არმიის ნაწილებმა უკან დაიხიეს და საფორტიფიკაციო ნაგებობებით უფრო კარგად აღჭურვილ ხაზზე შეჩერდნენ, სადაც ღრმა ტრანშეები, ბეტონის ბუნკერები და „დრაკონის კბილებია“ განლაგებული.

კიევის არმიას არ ჰყოფნის ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალები, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები მაინც მედგრად იბრძვიან და მტერს წინსვლა ასობით მებრძოლის სისხლის ფასად უჯდება.

ამერიკელი კონგრესმენების მიერ უკრაინისათვის დახმარების გაჭიანურების გამო რუსებმა შეძლეს ქალაქ ავდეევკისა და მის ახლოს მდებარე სოფლების დაკავება. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში  კიევი იძულებულია გარკვეული ტერიტორიები დათმოს და უკან დაიხიოს. გასაგებია იმ ადამიანების მძიმე მდგომარეობაც, რომლებმაც ევაკუირება ვერ მოასწრეს და ფრონტის ხაზის მიღმა დარჩნენ.

65 წლის ვასილ გოლობოროდკო, პენსიონერი ავიამექანიკოსი, თავდაპირველად მშობლიურ სოფელში დარჩა. მისი სახლიდან შეიძლებოდა იმის დანახცა, თუ როგორ ამაგრებდნენ უკრაინელი ჯარისკაცები ახალ ფრონტის ხაზს უკან დახევის შემდეგ, მაგრამ მოგვიანებით, როცა რუსები სოფლის გარეუბნებში გამოჩნდნენ, ვასილიც იძულებული გახდა სახლი მიეტოვებინა. „ძლივს მოვასწარით გამოსვლა“, - ამბობს იგი „ნიუ-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტთან საუბრისას, - „მთელი ჩვენი ავლადიდება, შინაური ფრინველები და ცხოველები, კატაც და ძაღლიც, სოფელში დარჩა ბედის ანაბარად“.

ჩვენ, ჟურნალისტთა ჯგუფი, ხარკოვიდან ფრონტის ხაზისკენ რომ მივდიოდით, უკან მივყვებოდით სამხედრო პიკაპებს და ჯავშანტექნიკას, ფრონტის ხაზიდან კი სამოქალაქო მოსახლეობა ხარკოვისაკენ მოდიოდა - მსუბუქი ავტომანქანებით, ოჯახური ქონებით და სურსათით დატვირთულნი. გზა ბევრგან ჭურვებით იყო გადათხრილი, მწვანეში ჩაფლულ სოფლებში სახლებს კვამლი ასდიოდა და იწვოდნენ.

„რუსების სამოქმედო ტაქტიკა ახლა რადიკალურად არის შეცვლილი, შემოჭრის დროსთან შედარებით“, - გვეუბნება კაპიტანი პეტრე ლევკოვსკი, უკრაინის არმიის მე-13 ბრიგადის ოპერატიული ბატალიონის შტაბის უფროსი, - 2022 წლის თებერვლის ბოლოს ისინი ხარკოვისაკენ კოლონებით მოდიოდნენ და ფიქრობდნენ, რომ მოსახლეობა მათ ხელგაშლით სეხვდებოდა. ახლა კი რუსები ჯერ არტილერიის ცეცხლით ყველაფერს დაანგრევენ, გადაბუგავენ, შემდეგ კი მცირე ჯგუფებით სხვადასხვა მიმართულებით შეტევებს იწყებენ. ვიცით, რომ ისინი ცოცხალს არავის არ ტოვებენ“.

შევდივართ სოფელ ბელი კოლოდეზში, სადაც მოსახლეობა ევაკუაციისათვის ემზადება. „სწრაფად, სწრაფად!“, - აჩქარებს მათ ვიტალი კილჩიკი, 110-ე ბრიგადის კაპელანი, - „ნუ ზიხართ და ნუ ელოდებით, ვოლჩანსკის მოსახლეობის მსგავსად, რომლებმაც საბოლოო ჯამში, ძლივს გამოასწრეს ქალაქიდან“.

ვოლჩანსკელი დარია სოროკალეტოვა, 40 წლის ქალი, მშობლიური სახლის დატოვებას აჭიანურებდა. და როცა იგი ქუჩაში გამოვიდა, შენობას ჭურვი მოხვდა და მთლიანად დაანგრია. „იქ არაფერი არ გადარჩენილა, დაბრუნება შეუძლებელია“.

რუსეთმა უკვე დაიკავა 130 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და ათზე მეტი სოფელი, რომელთა უმეტესობა საარტილერიო დაბომბვით მიწასთან არის გასწორებული. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის არმია უკან გეგმაზომიერად იხევს და თავდაცვის მეორე და მესამე ხაზზე მაგრდება.

უკრაინელ გენერლებს წინ ერთგვარი „აბა, გამოიცანი“ (თამაში-გამოცანა) ელოდებათ: ის, თუ რამდენად ღრმად წაიწევენ რუსები და რამდენად გაუწევენ წინააღმდეგობას უკრაინელები, ბევრად არის დამოკიდებული მხარეთა ჯარისკაცების რაოდენობაზე. უკრაინას ამ განტოლების ამოსახსნელად მოუწევს ისედაც მწირე რეზერვებით სარგებლობა და როგორც უკვე ვთქვით, ფრონტის სხვა მონაკვეთების „გაშიშვლება“ - ჯარების გადასროლა, თუმცა რუსების შეტევისა და ფრონტის ხაზის გარღვევის საფრთხე იქაც რჩება.

„ნებისმიერი ომი თავისი ბუნებით ინტერაქტიურია“, - ამბობს სატელეფონო ინტერვიუში იუჰან ნურბერგი, შვედეთის სამხედრო კვლევების სააგენტოს უფროსი ანალიტიკოსი, - იმას, რასაც აკეთებენ ან არ აკეთებენ უკრაინელები, უნდა შევადაროთ, თუ რას აკეთებენ ან არ აკეთებენ რუსები. ავიღოთ ხარკოვის მიმართულება: რუსების მოქმედებას ემჩნევა, რომ მათ ხარკოვის აღება განზრახული არ აქვთ, მათი ძალები მცირეა - ხარკოვის დასაუფლებლად მოსკოვს ათობით და ასობით ათასი ჯარისკაცი დაჭირდება“.

წყარო: www.nytimes.com/2024/05/22/world/europe/ukraine-kharkiv-russia-defense.html

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.