USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „როგორ გადაიქცა შავი ზღვა ცხელ წერტილად რუსეთ-უკრაინის ომში“
თარიღი:  416

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ გადაიქცა შავი ზღვა ცხელ წერტილად რუსეთ-უკრაინის ომში“ (ავტორები - მარკ სანტორა და სტივენ ერლანგერი).

„შავი ზღვა, რომელიც შიდა ზღვად ითვლება და უკრაინის ომამდე გლობალური მნიშვნელობის კონფრონტაციით არ გამოირჩეოდა, საკმაოდ მოულოდნელად სამხედრო და გეოპოლიტიკური დაძაბულობის კერად გადაიქცა. შავი ზღვის რეგიონი ღრმად მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის, უკრაინისთვის და დასავლეთისთვის“, - აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

მიუხედავად იმის, რომ შავი ზღვის ნაპირები საკმაოდ შორის მდებარეობს რუსეთისა და უკრაინის არმიებს შორის მიმდინარე გააფთრებული და სისხლისმღვრელი სახმელეთო ბრძოლების ადგილებიდან, შავი ზღვის წყალობით რუსეთი და ნატოს ქვეყნები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ ისეთ დაძაბული მდგომარეობით, როგორიც არცერთ სხვა სამხედრო მოქმედებების თეატრში არ აღინიშნება. დღეს შავი ზღვის აკვატორია, რომელსაც მიმდინარე კონფლიქტის დაწყების დროიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობოდა, სამხედრო და გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო სულ უფრო მეტად ტრანსფორმირდება ფეთქებადსაშიშ „ქვაბად“.

გამოვიდა რა „მარცველეულის გარიგებიდან“, რუსეთმა შავი ზღვის ნაპირებზე არსებულ უკრაინის ნავსადგურებს (ოდესას, ილიჩევსკს) სარაკეტო დარტყმები მიაყენა და პორტების ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანა, მათ შორის მარცვლეულის ელევატორები და დასატვირთი ტერმინალები. გარდა ამისა, რუსეთმა დაბომბა მდ. დუნაის ნაპირზე განლაგებული სამდინარო ნავსადგურებიც (იზმაილი, რენი), რომლებიც უშუალოდ ნატოს წევრი ქვეყნის - რუმინეთის ახლოს მდებარეობენ. ამ შეტევამ გააძლიერა იმის საფრთხე, რომ ადრე თუ გვიან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომში აღმოჩნდეს ჩათრეული.

გასულ კვირას უკრაინამ რუსეთის ამ მოქმედებაზე რეაგირება მოახდინა და ზედიზედ ორი დღის განმავლობაში რუსულ გემებს საზღვაო დრონების მეშვეობით შეუტია და დააზიანა. ამრიგად, კიევმაც მოახდინა თავისი ახალი შესაძლებლობების დემონსტრირება უპილოტო მცურავი საშუალებებეით და კრემლი გააფრთხილა, რომ ექვსი რუსული ნავსადგური და მათი მისადგომები „სამხედრო რისკების“ ზონად ჩაითვლება, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით.

შავი ზღვის აკვატორიის გასაკონტროლებლად ბრძოლა ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრებისათვის (ზღვის ფსკერზე რამდენიმე რეგიონული მნიშვნელობის მილსადენია ჩადებული - „ცისფერი“ და „თურქული ნაკადების“ სახელწოდებით) და სასურსათო უსაფრთხოებისათვის. გარდა ამისა, ნატოს წინაშეც დგება ახალი ამოცანები, რადგან ალიანსი ცდილობს დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპი - თავისუფალი ნაოსნობის უფლება - ისეთნაირად, რომ მოსკოვთან კონფლიქტში არ იქნეს ჩაბმული.

დღეისათვის ალიანსი მთლიანად და მისი ცალკეული წევრები საჰაერო პატრულირებას ახორციელებენ როგორც შავიზღვისპირა სახელმწიფოების ტერიტრულ წყლებზე, ასევე უშუალოდ შავი ზღვის საერთაშორისო აკვატორიაში და ამას ისე აკეთებენ, რომ საბრძოლო მოქმედების ზონაში არ მოხვდნენ.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ნატომ ღიად განაცხადა - ალიანსს არ სურს რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში იქნეს ჩართული - მაინც დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ თუ რომელიმე მომენტში სიტუაციაზე კონტროლი დაიკარგება და ინციდენტი მოხდება, შესაძლოა მხარეთა შეტაკების შესაძლებლობა გაიზარდოს.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/08/08/world/europe/black-sea-russia-ukraine.html

 

თბილისი
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის