USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
«The New York Times» (აშშ): „პუტინმა მტკიცედ განაცხადა, რომ უკრაინის შეტევა რუსეთის აეროდრომებზე უპასუხოდ არ დარჩება“
Date:  1157

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“  (The New York Times) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პუტინმა მტკიცედ განაცხადა, რომ უკრაინის შეტევა რუსეთის აეროდრომებზე უპასუხოდ არ დარჩება“ (ავტორები - ზორან კანო-იანგსი და ჯონათან სვონი). პუბლიკაციაში კომენტირებულია დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი, რომელიც 4 ივნისს გაიმართა. გარდა ამისა, მასალაში აღნიშნულია, თუ ვის მიმართ აქვს სიმპათიები აშშ-ის პრეზიდენტს და ვინ არის მისთვის „ცუდი ბიჭი“ - პუტინი თუ ზელენსკი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო დარტყმას  გეგმავს უკრაინის მიმართ - მას შემდეგ, რაც კიევმა მოულოდნელი შეტევა განახორციელა რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე. ამ საკითხზე დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს იმსჯელეს.

„პრეზიდენტმა პუტინმა ნამდვილად თქვა და ძალიან მტკიცედ, რომ მას მოუწევს რეაგირება მოახდინოს აეროდრომებზე [უკრაინის] ამასწინანდელი შეტევების გამო“, - აღნიშნულია დონალდ ტრამპის პოსტში, რომელიც Truth-ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. მან სატელეფონო საუბარი  შეაფასა როგორც „კარგი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყონებლივ მიგვიყვანს მშვიდობასთან“. სხვათა შორის, პოსტი ცოტა ხნით საიტიდან გაქრა და შემდეგ ისევ გამოჩნდა. თეთრ სახლს ამ ფაქტის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

განცხადებაში დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია, შეეცადა თუ არა იგი ვლადიმერ პუტინისათვის გადაეთქმევინებინა უკრაინისათვის საპასუხო დარტყმის მიყენების განზრახვა. ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ იმსჯელეს რიგ საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ირანთან დამოკიდებულებაზე და ოპტიმიზმი გამოხატა ირანის ბირთვული პოტენციალის შეკავებასთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპის რეაქცია აეროდრომებზე შეტევასთან დაკავშირებით საკმაოდ დაყოვნებული იყო იმ ფონზე, როცა იგი სწრაფად აკეთებს ხოლმე კომენტარს საერთაშორისო საკითხებზე. ეს იყო მისი პირველი განცხადება რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ იმ საოცარი შეტევიდან, რომლის შედეგად რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენები - ბირთვული იარაღის მზიდი თვითმფრინავები - განადგურდნენ. უკრაინული დრონების შეტევამ მათი მნიშვნელოვანი მოწყვლადობა გამოავლინა.

უკრაინამ რუსეთს სტრატეგიული და სიმბოლური დარტყმა მიაყენა - კიევმა, სანამ აეროდრომებს შეუტევდა, თავისი დრონები რუსეთის ღრმა ზურგში განალაგა, ხუთ რეგიონში, რომლებიც სხვადასხვა საასათო სარტყელებში მდებარეობენ. მიყენებული მატერიალური ზარალი საკმაოდ საგრძნობია - 7 მილიარდი დოლარი.

დონალდ ტრამპმა ეს ეპიზოდი თავის პოსტში ისე აღწერა, თითქოსდა იგი გარე დამკვირვებელი იყო და ისეთი ვარაუდით, რომ რუსეთის აგრესიული პასუხი უკვე გარდაუვლად მოსახდენ ფაქტად ჩათვალა.

თავის მხრივ იური უშაკოვს, პუტინის თანაშემწეს, ჟურნალისტებთა საუბრის დროს, არაფერი უთქვამს იმის შესახებ, განაცხადა თუ არა პუტინმა რაიმე საპასუხო ნაბიჯზე, თუმცა მან აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა „ტერორისტულია“ რუსეთის რკინიგზაზე მომხდარი ხიდების აფეთქების გამო. უკრაინელების „ტერორიზმზე“ ლაპარაკის დროს იური უშაკოვმა განგებ „დაივიწყა“ ის ფაქტი, რომ სწორედ რუსეთი დაესხა თავს უკრაინას 2022 წლის თებერვალში, ხოლო ბოლო დროს კრემლმა უკრაინის ქალაქების დაბომბვა გააძლიერა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს ოთხშაბათს განუცხადა, რომ ოპერაცია „აბლაბუდა“ („ობობას ქსელი“) არ განხორციელდებოდა, კრემლი რომ დაზავებაზე დათანხმებულიყო: „ცეცხლი რომ შეწყვეტილიყო, განა ჩვენ ამ ოპერაციის რეალიზებას მოვახდენდით? რა თქმა უნდა, არა“.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლების თქმით, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა როგორც ვლადიმერ პუტინით, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკით, მაგრამ იგი განსაკუთრებით ვერ იტანს უკრაინის ლიდერს, ანუ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც რუსეთის აგრესიის მსხვერპლს წარმოადგენს. დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს თავისი თანაშემწეებისათვის, რომ მისტერ ზელენსკი „ცუდი ბიჭია“, რომელიც მსოფლიოს ბირთვული ომის უფსკრულისაკენ უბიძგებს. ამასთან, რიგ შემთხვევებში მას ისიც უთქვამს თავის თანაშემწეებთან, რომ სრულიად გასაგებია ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგობა - იმის გათვალისწინებით, რომ იგი ისეთ მტერს ებრძვის, რომელიც უკრაინის ქალაქებს შეუბრალებლად ბომბავს.

დონალდ ტრამპის სიმპათიები უფრო ვლადიმერ პუტინისაკენ იხრება, თუმცა ზოგჯერ იგი იმედგაცრუებას და აღშფოთებას გამოხატავს. აშშ-ის პრეზიდენტი ადრე, როგორც ჩანს, იმედოვნებდა, რომ რადგან პუტინთან ურთიერთობას „ძალიან-ძალიან კარგი“ უწოდა, ასეთი შეფასება მას ცეცხლის სწრაფ შეწყვეტაში დაეხმარებოდა. დონალდ ტრამპი საკუთარი მწარე გამოცდილებით დარწმუნდა, თუ როგორია აშშ-ის გავლენის ზღვარი, როცა მას თვითონ არ სურს უკრაინას მეტი იარაღი და ფული მისცეს. ვლადიმერ პუტინი ამას ხედავს და შესაბამისად იქცევა. კრემლი ასევე იმითაც არის დაიმედებული, რომ დონალდ ტრამპი დამატებითი სანქციების დაწესებისაგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს. გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა სენატის ორპარტიულ კანონპროექტს ანტირუსული სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მისმა თანაპარტიელმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა (სამხრეთ კაროლინის შტატიდან) შეიმუშავა.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „აბსოლუტურად ჭკუიდან შეშლილი“ უწოდა, მან ტონი შეცვალა და თქვა, რომ რუსეთის ლიდერს ორი კვირის ვადას მისცემს პროგრესის ნიშნების გამოსავლენად. ახლა კი ტრამპი ამბობს, რომ მას პუტინის დახმარება ჭირდება ირანთან ბირთვული გარიგების დასადებად.

„მე განვუცხადე პუტინს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და ამ საკითხში, ჩემი ვარაუდით, ჩვენ შეთანხმებამდე მივედით“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში, - „პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ იგი, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს ირანთან დისკუსიაში და რომ იგი, ალბათ თავის წვლილს შეიტანს ამ პროცესის სწრაფ დასრულებაში“.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს წინადადება გაუგზავნა შეთანხმების დადების მიზნით: „გთავაზობთ გარიგებას - თუ ურანის გამდიდრებას შეწყვეტთ, მაშინ ატომური ელექტროსადგურებისთვის ურანს რეგიონული კონსორციუმისგან მოგცემთო“, მაგრამ ეს შეთავაზება თეირანმა უარყო.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way