USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
«The New York Times» (აშშ): „პრეზიდენტის ვეტო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე: გადალახავს თუ არა მას პარლამენტი და საით წავა საქართველო - ევროპისკენ თუ რუსეთისკენ?“
дата:  617

კრიზისმა გააშუქა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების უკიდურესად პოლარიზებული ხასიათი. საეჭვო გახდა ქვეყნის პროდასავლური კურსი, რომელიც მის კონსტიტუციაშია ჩაწერილი. ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირები დაემუქრნენ ხელისუფლებას, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გაუარესდება, თუ კანონპროექტი საბოლოოდ შევა ძალაში და საპროტესტო აქციების ჩახშობა ძალის გამოყენებით მოხდება.

საქართველო კავკასიის ცენტრში მდებარე მთიან ქვეყანას წარმოადგენს 3,6 მილიონი მცხოვრებით, რომელიც ოდესღაც პროდასავლური გზის პირველი გამკვლევი იყო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის. თუ ის დასავლეთს ზურგს შეაქცევს რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირების სასარგებლოდ, მაშინ შეიძლება მთლიანი რეგიონის გეოპოლიტიკა შეიცვალოს - საქართველოს, როგორც უკვე ავღნიშნე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცენტრალური ადგილი უკავია.

კანონპროექტს, რომელსაც საკმაოდ უვნებელი სახელწოდება აქვს და როგორც მმართველი პარტია აცხადებს, აუცილებელია ქვეყნის დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად და მიმართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში გარედან ჩარევების წინააღმდეგ, დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის საშუალებების მეშვეობით. რადგანაც კანონპროექტის დებულებები რუსეთში მოქმედ ანალოგიურ კანონს ჰგავს, ოპოზიცია მას „რუსულ კანონს“ უწოდებს, რომელიც მიმართულია საქართველოს გადაქცევისაკენ პრომოსკოვურ სახელმწიფოდ.

სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტი აბსოლუტურად პრორუსულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ამიტომ ქვეყნის პროვეროპული დემოკრატიული ოიენტაციისათვის საზიანოა.

საინტერესოა, რომ 2018 წელს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს და მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ დიდ ხამს არ გაუვლია, რომ პრეზიდენტმა თავისი მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ კრიტიკა დაიწყო. გაუცხოების პროცესი გაღრმავდა და თავის პიკს მიაღწია, როცა მმართველმა პარტია მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას შეეცადა 2023 წელს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში დაიბადა და გაიზარდა. მისი მშობლები - ცნობილი ემიგრანტები - რუსი ბოლშევიკების მიერ ოკუპირებული საქართველოდან 1921 წელს გაიქცნენ. იგი 2003 წელს საფრანგეთის ელჩად დაინიშნა საქართველოში, მომდევნო წელს კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ქვეყნის პირველი საგარეო საქმეთა ქალი-მინისტრი გახდა, რომელსაც ეს პოსტი 2005 წლამდე ჰქონდა დაკავებული, [მოგვიანებით კი იგი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა]. სანამ თვითონ მას აირჩევდნენ პრეზიდენტად, სალომე ზურაბიშვილმა თავისი პოლიტიკური პარტია შექმნა და 2016 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი ძირითადად ცერემონიალურია, სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის წინააღმდეგ დაპირისპირებულ ყველაზე ცნობილ და მოქმედ თანამდებობის პირს წარმოადგენს. იგი საპროტესტო აქციის საჯარო ფიგურა გახდა ქართული ოპოზიციის სისუსტის ფონზე.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ აპრილის დასაწყისში განსახილველად იქნა წარდგენილი პარლამენტში, თბილისი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ანტისამთავრობო მიტინგების მონაწილეთა ძირითად ნაწილს ახალგაზრდები და სტუდენტები წარმოადგენენ, რომლებიც თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად მარშირებენ და გაჰყვირიან „არა რუსულ კანონს!“. მათ არაერთხელ შემოარტყეს ალყა რუსთაველის გამზირზე მდებარე საბჭოთა მონუმენტური არქიტექტურის ნიმუშს - პარლამენტის შენობას და შესასვლელების ბლოკირებას ცდილობდნენ.

პროტესტები თანდათან ძალადობაში გადაიზარდა - პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა მომიტინგეები ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალეს, ზოგიერთები სცემეს და დააკავეს. მოგვიანებით ბევრმა განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათზე ზეწოლა განახორციელეს და დაშინებას მიმართავდნენ.

აპრილის ბოლოს მმართველი პარტია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი - განდეგილი ოლიგარქი - ხელმძღვანელობს (იგი საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც თავისი ქონება დააგროვა), აპრილის ბოლოს სამთავრობო მიტინგი ჩაატარა კანონპროექტის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, პარასკევს, 17 მაისს გამართულ საეკლესიო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ათასობით კონსერვატიულად განწყობილმა ქართველმა, რომელთაგან ბევრმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს კანონპროექტის ამოქმედებას და ძალაში შესვლას.

„მე პირადად ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში, რუსეთში და მოლდოვაში“, - ამბობს
„ნიუ-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტთან საუბარში 62 წლის ფერმერი გოჩა კეკენაძე, რომელიც კახეთის მხარიდან ჩამოვიდა დედაქალაქში, საეკლესიო მსვლელობაში მონაწილეობისათვის, - „ჩვენ გვინდა ისე ვიცხოვროთ, როგორც ადრე, [უკრაინის ომის დაწყებამდე] ვცხოვრობდით. ამერიკელები კი გვთავაზობენ ხელში თოფი ავიღოთ და რუსეთის წინააღმდეგ ვიომოთ“.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/05/18/world/europe/georgia-president-veto-foreign-influence-law.html

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати