USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „ომი ჩინეთთან ყველაზე უარესი იქნება იმ ომებიდან, რაც კი დღემდე ამერიკელებს უნახავთ“
თარიღი:  313

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „ომი ჩინეთთან ყველაზე უარესი იქნება იმ ომებიდან, რაც კი დღემდე ამერიკელებს უნახავთ“ (ავტორი - როს ბებიჯი, აშშ-ის სტრატეგიული შეფასებების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მრჩეველი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში დიდი ომის ალბათობა დღეს ყველაზე მაღალია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ომის გამომწვევი ნაპერწკალი, ყველაზე სავარაუდოდ,  ალბათ, შეიძლება ჩინეთის ტაივანზე შეჭრა გახდეს. პეკინელ ლიდერს სი ძინპინს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ კუნძულოვანი ტაივანის გაერთიანება მატერიკულ ჩინეთთან აუცილებლად განხორციელდება.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის რეჟიმი ამჟამად საკმაოდ ძლიერია - როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ მან ტაივანი დაიპყროს და შეერთებული შტატები რეგიონული უპირატესობისათვის ბრძოლაში გამოიწვიოს.

დაკვირვება გვიჩვენებს, რომ სასწორზეა დადებული აშშ-ის სასიცოცხლო სტრატეგიული ინტერესები. იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი ტაივანზე შეჭრას განახორციელებს და და სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდება, გაჩნდება დიდი ნარღვევი აშშ-ისა და მისი რეგიონული მოკავშირეების თავდაცვის ჯაჭვში, რითაც სერიოზულად დაზიანდება ამერიკის სტრატეგიული მდგომარეობა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. სავარაუდოდ, ამერიკა დაკარგავს წვდომას მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ნახევარგამტარებისთვის აუცილებელ ნედლეულთან და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტებთან, რომლებიც ტაივანზე იწარმოება. შესაბამისად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ კუნძულ ტაივანს ყველანაირად დაიცავს.

მაგრამ უკეთესი იქნება ამერიკამ თავი უნდა აარიდოს ჩინეთთან დაპირისპირებას და მასთან ომში გაუფრთხილებლად ჩაბმის პერსპექტივას - იმიტომ, რომ თუ ომი მართლაც დაიწყება, ის არ იქნება არცერთი ომის მსგავსი, რომლებიც ამერიკელებს დღემდე უნახავთ და საკუთარ თავზე გამოუცდიათ. აშშ-ის მოქალაქეები მიჩვეულნი არიან თავიანთი სამხედროების გაგზავნას სახლიდან შორს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მაგრამ ჩინეთი - ეს სხვა სახის მოწინააღმდეგე იქნება: პეკინს, რომელსაც სამხედრო, ეკონომიკური და ტექნოლოგიური დიდი შესაძლებლობები აქვს, შეუძლია ისე გააკეთოს, რომ ამერიკელები ომს საკუთარ სამშობლოში იგრძნობენ.

მე დიდი ხანი ვიმუშავე ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროში, ვაკვირდებოდი რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციას, შევისწავლე და გარკვეული პროგნოზული მოხსენებაც მოვამზადე, თუ როგორ შეიძლება სიტუაცია განვითარდეს, როცა, სავარაუდოდ, ჩინეთის არმია ტაივანზე შეიჭრება. დარწმუნებული ვარ, რომ ის გამოწვევევბი, რომლებიც წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში ამერიკისათვის არსებობს, სერიოზულია და ამიტომ ეს ყველაფერი ამერიკის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ.

სამხედრო სცენარი თავზარდამცემი იქნება: სავარაუდოდ, ჩინეთის არმია ელვისებურ დარტყმას განახორციელებს ჰაერიდან და ზღვიდან, აგრეთვე კიბერსივრცეში, რათა რამდენიმე საათის განმავლობაში ტაივანზე არსებული საკვანძო სტრატეგიული სამიზნეები ან გაანადგუროს, ან გააკონტროლოს და ეს ყველაფერი მოხდება მანამ, სანამ აშშ ჩარევას მოასწრებს. ტაივანი ფართობით მერილენდის შტატზე მცირეა. თუ გავიხსენებთ, თუ რა სწრაფად გადავიდა 2021 წელს თალიბების ხელში ავღანეთის - ტაივანზე ბევრად დიდი ქვეყნის - რეგიონები, დედაქალაქ  ქაბულის ჩათვლით, რომელსაც ამერიკის ჯარები აკონტროლებდნენ, მაშინ ნათელი გახდება, რომ ჩინეთის არმია ტაივანს სწრაფად დაიპყრობს.

ჩინეთს ამჟამად 1350 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა აქვს, რომლებიც საბრძოლო მდგომარეობაშია და მზად არიან დარტყმა მიაყენონ აშშ-სა და მის მოკავშირეებს - იაპონიას, სამხრეთ კორეასა და ფილიპინებს, აგრეთვე აშშ-ის მიერ კონტროლირებულ ცალკეულ ობიექტებს (სამხედრო ბაზებს) წყნარი ოკენის დასავლეთ ნაწილში. გარდა ამისა, არსებობს აშკარა სირთულეები, რომლებიც შეერთებული შტატების წინაშე დადგება: აბა, წარმოიდგინეთ -ამერიკა ომობს თავისი ტერიტორიიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში ისეთ სახელმწიფოსთან, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრ-საზღვაო ფლოტი ჰყავს და აზიაში ყველაზე დიდ სამხედრო-საჰაერო ძალებს ფლობს...

ომის დროს ამერიკელ სამხედრო სტრატეგოსები უპირატესობას, ალბათ, ჩვეულებრივი იარაღით ბრძოლას მიანიჭებდნენ, მაგრამ ჩინელები მზად არიან უფრო ფართომასშტაბიანი ომის საწარმოებლად, რომელიც ამერიკულ საზოგადოებაზე ღრმა გავლენას მოახდენს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთი სულ უფრო მეტად თვლის ამერიკას ისეთ ქვეყნად, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისებშია ჩაფლული. სი ძინ პინი, რომელსაც უყვარს ხოლმე ლაპარაკი „აღმოსავლეთის ფეხზე წამოდგომაზე“ და „დასავლეთის დაცემაზე“, აშკარად თვლის, რომ აშშ-ის ყველაზე დიდი სისუსტე მის ზურგშია.

შესაბამისად, ვთვლი, რომ ჩინეთი მზადაა მრავალპლანიანი კამპანიის დასაწყებად, რომლის სამიზნე ამერიკულ საზოგადოებაზე ზეწოლა და მასში განხეთქილების შეტანა იქნება. ჩინელი კომუნისტები შეეცდებიან გატეხონ ამერიკელების შინაგანი სული და მათი ნებისყოფა გაჭიანურებული კონფლიქტის მეშვეობით, ანუ იმით, რასაც ჩინელი სამხედროები „მტრის დეზინტეგრაციას“ უწოდებენ.

აშშ-ის ეკონომიკა მჭიდროდ არის დამოკიდებული ჩინურ რესურსებზე: ამერიკელები იაფად ყიდულობენ ყველაფერს - დაწყებული ჩინური ელექტრონიკიდან დამთავრებული ფეხსაცმელით და ავეჯით. ამ საქონლის ძირითადი მოცულობა ჩინეთიდან აშშ-ში გემებით - საზღვაო გზით მოდის, რომელიც სულ უფრო ძლიერად კონტროლდება ჩინელების მიერ. ომი ამ გზებს გადაკეტავს, შეწყდება არამარტო ჩინეთ-აშშ-ის ორმხრივი ვაჭრობა, არამედ ამერიკის მოკავშირეებთანაც. და როცა ჩინური საქონლის რეზერვები ამოიწურება, ამერიკის საწარმოები პარალიზებული იქნება. სწრაფად მოიმატებს ინფლაციისა და უმუშევრობის დონე

შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, ისეთ მდგომარეობაში ჩავარდება, რომ მისი ეკონომიკური ძლიერება, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს - ფრანკლინ რუზველტის კონცეფციის „დემოკრატიის არსენალის“ თანახმად - გამარჯვებებში უდიდესი როლი შეასრულა, დასუსტდება და  მას ჩინეთი გადაასწრებს.

ამჟამად ჩინეთი მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოა მრავალი პარამეტრით: 2004 წელს აშშ-ის ეკონომიკის მოცულობა ჩინეთთან შედარებით ორჯერ დიდი იყო, 2021 წელს კი ჩინეთმა თავისი ეკონომიკის მოცულობით ამერიკა უკან ჩამოიტოვა - ორჯერ მეტად.

ჩინეთი აგებს უფრო მეტ გემებს, ვიდრე ამერიკა, ადნობს უფრო მეტ ფოლადს, უშვებს უფრო მეტ სმარტფონებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, არის მსოფლიოს ლიდერი ქიმიკატების, იშვიათი ლითონების, მძიმე მანქანათმშენებლობისა და ელექტრონიკის  წარმოებაში, რაც მნიშვნელოვანია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებისათვის.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეერთებული შტატები ჩინეთს მოწინავე თანამედროვე სამხედრო ტექნიკის წარმოებაში ბევრად ჩამორჩება, რაც უკრაინის ომმაც აჩვენა. გამჟღავნდა აშშ-ის სამხედრო მრეწველობის წინაშე მდგარი პრობლემები: კიევისათვის გაწეული დახმარების გამო პენტაგონს ბევრი იარაღის არსენალი ეწურება, რომლის შევსებას წლები დაჭირდება. და თუ უკრაინის შედარებით მცირემასშტაბიანი ომი ასეთ ნეგატიურ ფონს იწვევს ამერიკის შეიარაღების რეზერვებში, მაშინ რა შედეგებს მივიღებთ ჩინეთთან სავარაუდო ომის პირობებში?

სიტუაციის შესაცვლელად ამერიკისათვის აუცილებელია დააჩქაროს იმ პროგრამების რეალიზება, რომელიც წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში აშშ-ის ახალი ძალების განთავსებასა და უკვე არსებულის გაძლიერებას ითვალისწინებს. აშშ-ის შიგნით კი მეტი ძალისხმევა უნდა მოხმარდეს შიდა სოციალური ქსელებისა და ამერიკული მასმედიის დაცვას ჩინური დეზინფორმაციისა და ჰაკერებისაგან.

ამერიკამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისაგან, რომელიც შეიძლება ჩინეთის მიერ პროვოკაციად იქნას შეფასებული. იმ დროს, როცა აშშ ძალიან არის დაკავებული ევროპული ომით, ვაშინგტონმა პეკინთან თავაზიანი დიპლომატია უნდა განახორციელოს.

ჩინური აეროსტატის აშშ-ის საჰაერო სივრცეში გამოჩენა ბევრმა ამერიკელმა ჩინეთის მიერ აშშ-ის სუვერენიტეტის შოკისმომგვრელ დარღვევად ჩათვალა. თუმცა ეს ფაქტი ბავშვის თამაშად მოგვეჩვენება იმ ქაოსთან შედარებით, რომელიც ჩინეთს შეუძლია ამერიკის მიწაზე ომის შემთხვევაში გამოიწვიოს“.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/02/27/opinion/a-war-with-china-would-reach-deep-into-american-society.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.