აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამარჯვება პუტინს ხელში აქვს“ (ავტორი - ანასტასია ედელი). ვრცელ პუბლიკაციაში გაანალიზებულია როგორც რუსეთ-უკრაინის ომის მხარეთა შესაძლებლობები, ასევე გამოთქმულია ვარაუდები პერსპექტივისათვის: ვინ გაიმარჯვებს -ვლადიმერ ზელენსკი თუ ვლადიმერ პუტინი? როგორი იქნება მსოფლიო ომის შემდეგ?
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დაახლოებით ერთი თვის წინათ, როცა კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაიბომბა, რუსეთი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობის დაწყებას აღნიშნავდა. მიწვეული დიპლომატებისა და პოლიტიკოსებისთვის გამართული სადილის მენიუში იყო პოპულარული რუსულ-უკრაინული კერძი „კატლეტები კიევურად“. ლანჩამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებეზნიამ უარყო საავადმყოფოს დაბომბვა-დანგრევაში კრემლის პასუხისმგებლობა. სადილზე მიწვეული სტუმრები კი, რომლებიც „კიევურ კატლეტებს“ მიირთმევდნენ, ლუკმებს მდუმარედ ყლაპავდნენ და კიევის საავადმყოფოს ტრაგედიაზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ.
ეს ინდიდენტი მშვენივრად წარმოაჩენს იმ მსოფლიოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. სანამ დასავლეთი, ძალაგამოლეულის მსგავსად, მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და უფრო აქტიურად არ მოქმედებს, რუსეთი სულ უფრო თამამდება იმ ონავარი მოსწავლესავით, რომელმაც იცის, რომ მასწავლებელი კლასში შესვლას დააგვიანებს. უკრაინაში შეჭრის დროინდელი რუსების შიშები, რომ ნატო მათ მკაცრად დასჯიდა, ახლა ფაქტიურად გამქრალია - კრემლის ბინადარი დაუსჯელობით სარგებლობს და რაც უნდა, იმას აკეთებს. ან საერთოდ რატომ უნდა ეშინოდეს? დასავლეთს აშკარად არ ჰყოფნის გაბედულება და სწრაფვა გამარჯვებისაკენ. ვლადიმერ პუტინისათვის კი ახლა გამარჯვება ხელმისაწვდომია - იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში მომავალ წელს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში დასავლელი ლიდერები არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ისინი უკრაინას „მხარს უჭერენ’, მაგრამ სწორი სიტყვების მიუხედავად, იგივე ლიდერებს რუსეთ-უკრაინის ომი ლოკალურ კონფლიქტად მიაჩნიათ, რომლის მიმართ მათ რაიმე მნიშვნელოვანი ვალდებულებები არ აქვთ: დაპირებული სამხედრო დახმარება ხშირად აგვიანებს და თუ კიევს იარაღს და სამხედრო ტექნიკას აძლევენ, მას თან ინსტრუქციები მოსდევს - „არ ესროლო, არ მოკლა, არ დაბომბო...“.
უკრაინის არმიის ქვედანაყოფების შეჭრა კურსკის ოლქში ნათლად აჩვენებს იმას, თუ რას შეიძლება მიაღწიოს კიევმა, თუ დასავლური იარაღის გამოყენების საკითხში არსებული შეზღუდვები მთლიანად მოიხსნება და უკრაინა თავისუფლად ისარგებლებს მიცემული ტექნიკის სრული შესაძლებლობებით. მაგრამ ვაშინგტონი, პარიზი და ბერლინი ნახევარზომებით კმაყოფილდებიან და თავს არიდებენ „ომის ესკალაციას“ - ვაითუ რუსეთი გაბრაზდესო.
დასავლეთმა ვერ შეძლო რუსეთის ძლიერების წყაროების გადაკეტვა. ყველანაირი სანქციის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა დღეისათვის დინამიურად იზრდება, რუსი ოლიგარქების აქტივები დასავლურ ბანკებში საიმედოდ არის შენახული, თუნდაც გაყინული სახით. რუსუსლი ნავთობი და გაზი ისევ დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს - იმ განსხვავებით, რომ ახლა ციმბირულ ენერგორესურსებს ევროპის კი არა, აზიის ქვეყნები ყიდულობენ. დასავლელ ლიდერებს ვერ გაურკვევიათ, რა სურთ უფრო მეტად - რუსეთის სერიოზული დასჯა და ყველაფრის ისე დატოვება, როგორიც არის. აი, ერთ-ერთი ნათელი მაგალითი დასავლეთის ორჭოფული და გაუბედავი პოზიციისა: აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ წამოჭრა საკითხი რუსული ტანკერების მიმართ სანქციების დაწესების სესახებ, მაგრამ თეთრმა სახლმა არ მიიღო - ვაითუ მსოფლიოში და, შესაბამისად, აშშ-შიც ბენზინი გაძვირდეს და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეს დაუშვებელიაო... კრემლი კი ამასობაში ნავთობისაგან მიღებულ მილიარდებს ჯიბეში იდებს და ფულს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში ხარჯავს..
ერთადერთ ადამიანს, რომელსაც ამერიკული არჩევნები არ ადარდებს, ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს. ორაზროვანი დასავლეთისაგან განსხვავებით, კრემლის ბინადარი სერიოზულად თამაშობს. მან თავისი ქვეყნის ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა და სახელმწიფო ბიუჯეტის მესამედზე მეტს სამხედრო მიზნებისთვის ხარჯავს, უხვი ფულით და ხელფასებით რუსეთის მოქალაქეებს სამხედრო ქარხნებში სამუშაოდ ეპატიჟება და ფრონტზე წასვლისათვის აქეზებს. კრემლმა გააფართოვა თავის გავლენა ნატოს ტერიტორიაზეც - ალიანსის წევრ ქვეყნებში აფინანსებს პრორუსუსლი პარტიების შექმნას და მათ საქმიანობას, ახორციელებს დასავლელი პოლიტიკოსებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მოსყიდვას. ავრცელებს დეზინფორმაციას და იმ ადამიანთა სახელისა და რეპუტაციის შელახვას, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერები არიან.
ასეთი სიტუაცია, როცა რუსეთი აქტიურად იყენებს თავის რესურსებს და ნებას უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო მოკავშირეები მას საკმარის დახმარებას არ უწევენ, უკრაინისათვის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნას ნიშნავს. მიუხედავად არმიის ბოლო დროინდელი წარმატებისა კურსკის ოლქში, დადაგება დრო, როცა უკრაინელები მეტად ვეღარ გაუძლებენ საომარ მდგომარეობას და უპირატესობას ტერიტორიულ დათმობას მიანიჭებენ, ვიდრე ტყვიით და ბომბებით სიკვდილს. შესაძლოა ეს მომენტი უფრო ადრეც დადგეს, სანამ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს და თეთრი სახლიდან ომს „24 საათის განმავლობაში შეწყვეტს“ - ზეწოლას მოახდენს კიევზე კრემლის პირობებს დათანხმდეს. ან შესაძლოა უფრო გვიან მოხდეს, თუ დემოკრატები ხელისუფლებას შეინარჩუნებენ და ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში კამალა ჰარისი დაჯდება, რომელიც ჯო ბაიდენის „ნახევარზომებს“ გააგრძელებს.
ვლადიმერ პუტინი კი გამარჯვებას გეგმავს. მისი ბოლოდროინდელი განცხადება, ე.წ. სამშვიდობო წინადადება, რომლის თანახმად, რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში ინარჩუნებს ოკუპირებულ ტერიტორიას, უკრაინას კი ნატოში მიღება უნდა აეკრძალოს, ბევრმა დასავლელმა ლიდერმა უარყო, მაგრამ... სინამდვილეში მისი ნათქვამი ომის დასრულების მართლაც ყველაზე რეალურ სცენარს წარმოადგენს. წარმოიდგინეთ: კრემლის მხარდამჭერებიდან დაწყებული, ნობელის პრემიის ლაურეატებითა და რომის პაპით დამთავრებული, ყველა მხარს უჭერს ისეთ „მშვიდობას“, როგორიც ვლადიმერ პუტინს სურს. კიევმა, რა თქმა უნდა, უარყო კრემლის ასეთი წინადადება, მაგრამ რუსეთი, რომელიც მეთოდურად ანგრევს უკრაინის ინფრასტრუქტურას, ტანჯავს მის მოსახლეობას ზამთარშიც და ზაფხულშიც, ფიტავს კიევის არმიას, თავისას, ალბათ, მიაღწევს. ბოლოსდაბოლოს, ყველა იმ ადამიანის მოქმედება, ვინც დაბომბვის და სიკვდილის თესვას შეაჩერებს, თუნდაც გარკვეული პირობით, მაინც უკეთესად იქნება მიჩნეული.
ყოველ ომში არის გამარჯვებული და დამარცხებული, მოგებული და წაგებული. თუ ამ ომს ვლადიმერ პუტინი მოიგებს, უკრაინა და მისი მოკავშირეები წაგებულები რჩებიან, მაგრამ მათი მარცხი თანაბრად არ გადანაწილდება. რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იქნება უკრაინა - ქვეყანა საბოლოოდ დაკარგავს ტერიტორიის 20%-ს და დაახლოებით 5 მილიონს მცხოვრებს, მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი უპირატესობას მაინც ომის შეწყვეტას ანიჭებს, თუნდაც კრემლის სცენარით: საბოლოოდ ჩაიშლება ვლადიმერ პუტინის თავდაპირველი გეგმა კიევის დაუფლებისა და უკრაინის როგორც ერის განადგურების შესახებ. ომი შეწყდება. უკრაინა მოკლულ-დახოცილებს გამოიტირებს, დაჭრილებს უმკურნალებს და გამოაჯანმრთელებს, ეკონომიკას აღადგენს. ანუ, უკრაინის რეპუტაცია მსოფლიო არენაზე ისეთი მაღალი იქნება, როგორც არასდროს და ევროკავშირის წევრიც სწრაფად გახდება.
სკეპტიკოსების თვალსაზრისით კი, თუ დასავლეთი კრემლის სცენარს დაეთანხმება, ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება. მსოფლიო დაინახავს, რომ დასავლელ ლიდერებს ევროპაში ომის გამოქვევი აგრესორის დასჯა არ შეუძლიათ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საზღვრები მეტად აღარ ითვლებიან ურღვევად. „გაყინული“ კონფლიქტები „გალღვებიან“, ძველი წყენები და უთანხმოებები ისევ გაიღვიძებს და გაერო (სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად), მხოლოდ ზარალს დააფიქსირებს. რუსეთი, თავის ანტიდასავლელე მოკავშირეებთან (ირანი, ჩრდ.კორეა) ერთად, უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს „მოყოყმანე“ ქვეყნების მხრიდან. შემდეგი კოფლიქტი უკვე შეიძლება თვითონ ნატოს ტერიტორიაზე მოხდეს. თუ ნატომ უკრაინაში ვერ შეაჩერა, როგორ შეაჩერებს ესტონეთში? ნატო პუტინის ანკესზე წამოეგო მესამე მსოფლიოს ომის დაწყების შიშით. ევროპის კონტინენტი უსაფრთხო აღარ იქნება.
მაგრამ ამ ომში ყველაზე მეტად დაზარალებული უკრაინა და ევროპა კი არ გამოდიან, არამედ... ყველამ კარგად იცის, რომ ნებისმიერ ალიანსში პასუხისმგებლობის ძირითადი სიმძიმე მის ლიდერს ეკისრება. ახლა კი პუტინის სცენარის რეალიზებით რა გამოდის? აღუთქვა რა დახმარება უკრაინას, გახდა რა კიევის მოკავშირე, ამერიკის შეერთებულ შტატებს დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავს. ამერიკა კარგავს თავის როლს დასავლეთის მთავარი საყრდენის სახით, რომელსაც აღარ შეუძლია თავისი მოკავშირეებისათვის მფარველისა და დამცველის როლი შეასრულოს. შარშან ამერიკამ უკრაინას დახმარება დაუგვიანა, რამაც კონტრშეტევაში კიევის წარუმატებლობა გამოიწვია. აშშ-მა მსოფლიოს სტაბილურობის საკითხში ლიდერობის ტესტი ვერ ჩააბარა. მათთვის, ვინც ამერიკის დიდებას მხარს უჭერს, ამ მწარე აბის გადაყლაპვა ძნელი იქნება.
ამერიკის ასეთ რეპუტაციულ კატასტროფა, ალბათ შეფასდება იმის მიხედვით, თუ ვინ დაჯდება თეთრ სახლში: დემოკრატი პრეზიდენტი სიტუაციას შეარბილებს, რესპუბლიკელი კი იზოლაციონიზმის ტრიუმფად ჩათვლის. მაგრამ ისეთ სიტუაციაშიც, კი როცა ამერიკამ „ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს“, მას მეორე და მესამე პირი დაჭირდება, ზურგის საყრდენად. მხარს დაუჭერს თუ არა ევროპა ამერიკას ჩინეთთან დაპირისპირებაში? პეკინი ახლა რუსული იაფი ენერგორესურსებით და სავაჭრო შეღავათებით ისე ძლიერდება, რომ სი ძინპინი მალე ვაშინგტონს აინუნშიაც არ ჩააგდებს. გარდა ამისა, იქნება თუ არა ახლო აღმოსავლეთი აშშ-სადმი კეთილგანწყობილი?
დრო გვიჩვენებს, რამდენად სერიოზული იქნება ომში რუსეთის გამარჯვების გავლენა აშშ-ის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ამერიკის ტერიტორიიდან შორს მიმდინარე ომმა მსოფლიო შეცვალა და მასში ამერიკის ადგილი შეამცირა.
წყარო: https://www.nytimes.com/2024/08/13/opinion/russia-ukraine-west-war.html?searchResultPosition=1
ავტომწარმოებლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების კუთხით შთამბეჭდავი 2025 წელი ჰქონდათ, მიუხედავად ისეთი სერიოზული დაბრკოლებებისა, როგორებიცაა მზარდი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და იმპორტირებულ მანქანებსა თუ ნაწილებზე დაწესებული ტარიფები.
წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების 2.4%-იანი ზრდა ხაზგასმით აღნიშნა. მათი განცხადებით, ეს ინდუსტრიის საუკეთესო მაჩვენებელია 2019 წლის შემდეგ და ასევე დასტური იმისა, რომ მათ მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ავტომობილები არ გააძვირა.
ამის გათვალისწინებით, USA TODAY-ის გუნდმა შეისწავლა წამყვანი ავტომწარმოებლების გაყიდვების უახლესი ანგარიშები, რათა გაერკვია, ვის ჰქონდა საუკეთესო 2025 წელი ავტომობილების გაყიდვების კუთხით.
გთავაზობთ 10 ყველაზე გაყიდვად ავტობრენდს იმ მწარმოებლებს შორის, რომლებმაც 2025 წლის გაყიდვების სრული მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს:
2025 წელს "ჯენერალ მოტორსმა" (General Motors) 2.85 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელები კი Chevrolet Silverado და GMC Sierra იყო. გამოქვეყნებულ პრესრელიზში კომპანიამ განაცხადა, რომ ის უკვე ზედიზედ მეექვსე წელია, ამერიკის ლიდერია სრული ზომის პიკაპების ბაზარზე, სადაც Silverado-მ და Sierra-მ ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო ჯამური გაყიდვები დააფიქსირეს.
რეიტინგში მეორე ადგილზეა "ტოიოტა" (Toyota) 2.5 მილიონი გაყიდული ერთეულით, საიდანაც ყველაზე პოპულარული მოდელი RAV4 იყო. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, იაპონური კომპანია "მადლიერია გასულ წელს ტოიოტას მომხმარებლების მზარდი გამოხმაურებისთვის, რაც ხელმისაწვდომობისა და არჩევანის მრავალფეროვნებისადმი, კომპანიის ღრმა ერთგულებას ასახავს".
მესამე ადგილს 2.1 მილიონი გაყიდვით "ფორდი" (Ford) იკავებს. ყველაზე პოპულარული ავტომობილი კი F-სერია იყო. "ფორდის" განცხადებით, მათი ბაზრის წილი წლის განმავლობაში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.2%-ს მიაღწია, რაც მომხმარებელთა ფართო წრისთვის "ფორდის” მიზიდულობამ განაპირობა, კომპლექტაციებისა და ძრავების მრავალფეროვანი არჩევანის ხარჯზე".
ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ბრენდებს შორის მეოთხე ადგილზე "ტესლაა" (Tesla). მან 2025 წელს 1.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელი კი Model Y იყო. ინვესტორებისთვის გაკეთებულ განცხადებაში Tesla-მ აღნიშნა, რომ კომპანიამ 2025 წელს 434 ათასი ავტომობილი აწარმოვა და 14.2 გიგავატ/საათი მოცულობის ენერგიის შემნახველი სისტემები დაამონტაჟა, რაც რეკორდული მაჩვენებელია".
მეხუთე ადგილზე 1.4 მილიონი გაყიდვით "ჰონდა" (Honda) და მისი CR-V არიან. "ჰონდამ" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წელი იყო "მათთვის საუკეთესო, 2021-ის შემდეგ, 0.5%-იანი წლიური ზრდით". კომპანიის თქმით, გაყიდვების ზრდა მიღწეულ იქნა "მიუხედავად ბაზრის პირობების ცვლილებისა და მიკროჩიპების დეფიციტისა, რამაც მე-4 კვარტალში მარაგების შემცირება გამოიწვია".
1.2-მილიონიანი გაყიდვები დააფიქსირა "სტელანტისმა" (Stellantis). მისი ყველაზე გაყიდვადი მანქანა კი Ram-ის სერიის მსუბუქი პიკაპი იყო. როგორც კომპანიამ განაცხადა, კვარტალურმა გაყიდვებმა და ბაზრის წილის ზრდამ აჩვენა, რომ აშშ-ში ბიზნესის გადატვირთვისთვის Stellantis-ი სწორ ნაბიჯებს დგამს.
ასევე საუკეთესო ხუთეულის მიღმა, მე-7 ადგილზე რჩება "ნისანი" (Nissan), 926 ათასი გაყიდვით და ბესტსელერი მოდელით - Nissan Rogue. "ნისანმა" პრესრელიზში აღნიშნა, რომ "კალენდარული წლის განმავლობაში გამორჩეული შედეგები აჩვენეს მისმა Kicks და Pathfinder ყველგანმავლებმა; რომელთა გაყიდვებმაც, თითოეულის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, რეკორდულ მოცულობას მიაღწია.
"ჰიუნდაიმ" (Hyundai) 2025 წელს აშშ-ში 901 ათასი მანქანა გაყიდა. მათი ყველაზე გაყიდვადი მოდელი Tucson იყო. Hyundai-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კომპანია ზედიზედ მეხუთე წელია, რეკორდულ საცალო გაყიდვებს აფიქსირებს.
"კია" (Kia) და მისი Sportage ათეულში რჩებიან, გასულ წელს გაყიდული 852 ათასი ავტომობილით. პრესრელიზში "კიამ" აღნიშნა, რომ "საცალო გაყიდვები ზედიზედ მერვე წელია იზრდება.
ბოლო ადგილი "ფოლკსვაგენს" (Volkswagen) უკავია, აშშ-ში თითქმის 330 ათასი გაყიდვით. მათი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი Volkswagen Tiguan იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ათეულში მოხვდა, "ფოლკსვაგენმა" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალის გაყიდვები 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19.8%-ით შემცირდა. კომპანიის ცნობით, მათ წელი 13%-იანი კლებით დაასრულეს.
შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელი ამერიკულ ავტობაზარზე სტაბილურობისა და "პრაგმატული არჩევანის" წელი იყო. მძღოლებმა უარი თქვეს ექსპერიმენტებზე და არჩევანი ნაცად, საიმედო ბრენდებსა და პრაქტიკულ ქროსოვერებზე შეაჩერეს. 2026 წლისთვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ავტომწარმოებლებს, კონკურენციის შესანარჩუნებლად, ფასების პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.
წყარო:https://bm.ge/n