USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „ევროპა მტკიცედ აცხადებს სამხედრო ხარჯების ზრდას, მაგრამ ევროპული ერთიანობა მტკიცე არ არის“
თარიღი:  410

„ევროპა მტკიცედ აცხადებს სამხედრო ხარჯების ზრდას, მაგრამ ევროპული ერთიანობა მტკიცე არ არის, უთანხმოების ბზარი მაინც რჩება“ - ასეთი სათაურითაა გამოქვეყნებული აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) სტატია, რომლის ავტორები არიან სტივენ ერლანგერი და ჟანა სმიალეკი. პუბლიკაციაში განხილულია ევროპული ქვეყნების ძალისხმევა უკრაინისადმი დახმარებაში აშშ-ის ჩანაცვლების მიზნით, რომელიც არცთუ საიმედოდ გამოიყურება. ევროპელი ლიდერები მძიმე რეალობის წინაშე დგანან, სამმაგი გამოწვევით: ერთიანობა არ არის, ფინანსები არასაკმარისია და მატულობს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლა.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

ევროპელმა ლიდერებმა გააცნობიერეს დონალდ ტრამპის მინიშნება, რომ მათ უკრაინის დასაცავად და საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა მოუწევთ. მათ უკვე გააკეთეს რიგი ხისტი და მტკიცე განცხადებები კიევის მხარდასაჭერად და აღნიშნეს, რომ ენერგიულად დაიცავენ საკუთარ საზღვრებსაც, იმავდროულად კი ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლასაც.

მაგრამ ევროპელთა სიტყვა და საქმე ერთმანეთს შორდება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საკითხი ეხება ხარჯებს და შიდა სესხებს (კრედიტებს) ეკონომიკის დაბალი ზრდისა და მაღალი ვალების დროს.

ნიდერლანდები და სხვა ქვეყნები მაინცდამაინც დიდ სურვილს არ ამჟღავნებენ თავდაცვითი კოლექტიური ვალის (ევროკავშირის მასშტაბით) ზრდაზე. ჯიუტი უნგრეთის დარწმუნება კი სულ უფრო ძნელი ხდება. და როცა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა დამატებითი პროექტი მრავალმილიარდიანი თანხის მობილიზებაზე სამხედრო სფეროსათვის დევიზით „ევროპის გადაიარაღება“, იტალიამ და ესპანეთმა, რომლებიც ბლოკის მსხვილ ქვეყნებს წარმოადგენენ, ჩათვალეს, რომ პროექტის დასახელება ძალიან აგრესიულად ჟღერს. ამიტომაც გეგმას სახელი შეუცვალეს და „მზადყოფნა-2030“ უწოდეს. მასში გამოხატულია მკაფიო გაგება იმისა, რომ ევროპის სწრაფვა ამერიკისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისაკენ ითხოვს დიდ დროს, მილიარდობით ევროს, პოლიტიკურ გამჭრიახობას და ბოლოს იმავე აშშ-სთან თანამრომლობას.

კაია კალასი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად კი ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი, უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია: იგი უკრაინას ევროკავშირის თავდაცვის პირველ ხაზად თვლის აგრესიული და მილისტარისტული რუსეთის წინააღმდეგ.

მაგრამ კაია კალასი პრობლემების წინაშე დგას - მისი მცდელობა უკრაინისათვის 40 მილიარდამდე ევრო გამოყოფილიყო, უშედეგო აღმოჩნდა. სათადარიგო ვარიანტი, რომ თავდაპირველად 5 მილიარდი მაინც მიეცათ კიევისათვის საარტილერიო ჭურვებისათვის,  უარყო იტალიამ, სლოვაკეთმა და თვით საფრანგეთმაც კი. როგორც ანონიმური ოფიციალური წყარო იტყობინება, აღნიშნულმა ქვეყნებმა მოითხოვეს, რომ თანხა ბრიუსელის ძალდატანებით კი არ შეგროვდეს ეროვნული ბიუჯეტებიდან, არამედ მხოლოდ ნებაყოფლობით და უკრაინასთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

ევროკავშირის სამხედრო ხარჯების ზრდა წევრი ქვეყნების ეროვნული ბიუჯეტების დეფიციტის ზრდას ნიშნავს. იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ ბიუჯეტები დაბალდეფიციტიანი ჰქონოდათ, ვთქვათ, გერმანიისათვის, შესაძლოა გაზრდილი დეფიციტი შედარებით იოლი ასატანი იყოს, მაგრამ იტალიას და ესპანეთს, რომლებიც რუსეთისაგან შორს მდებარეობენ და სამხედრო ხარჯების ზრდა არ მოსწონთ, თანაც ბიუჯეტები მაღალდეფიციტიანი აქვთ, მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ხამამაღალი განცხადებების მიუხედავად, რომლებშიც იგი მხარს უჭერს ევროპის „სტრატეგიულ ავტონომიას“ და საფრანგეთის ევროპულ ლიდერობას, სინამდვილე მთლად ისეთი „ვარდისფერი“ არ არის, როგორსაც პარიზი წარმოსახავს: საუბედუროდ, საფრანგეთი  ყელამდე ვალებშია ჩაფლული და თუ ახალ ვალს აიღებს, ასეთი ნაბიჯი, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, ქვეყნისთვის საფრთხის მომასწავებელი იქნება. საფრანგეთს საკუთარი ვიწრო-ეროვნული ინტერესებიც აქვს: ის ცდილობს ევროკავშირის სამხედრო მრეწველობაში არ დაუშვას ამერიკული, ბრიტანული და კანადური კომპანიები. ასევე ხელს უშლის სამხედრო შეთანხმების დადებას ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის, რადგან საფრანგეთს დიდ ბრიტანეთთან დიდი ხნის დავა აქვს თევზჭერის საკითხში.

„მაგრამ ევროპას მაინც მაინც მოუწევს თავდაცვის ხარჯები გაზარდოს, რადგან იცის, რომ ეს აუცილებელია“, - ამბობს იან ლასერი, გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ფილიალის დირექტორი, - „დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპის ისტორიული სტაბილური ხარჯები აურ-დაურია“.

ევროპელები ფიქრობენ, როგორ ჩაანაცვლონ ამერიკული იარაღის წილი როგორც უკრაინისადმი დახმარებაში, ასევე საკუთარი არმიების შეიარაღებაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკული იარაღის ზოგიერთი მნიშვნელოვანი სახეობის ევროპულით ჩანაცვლება შეუძლებელია, „ყველა გზა მაინც ვაშინგტონისაკენ მიდის“: ევროპა იძულებულია აშშ-სთან ითანამშრომლოს. ეს პერიოდი 5-10 წელი მაინც გაგრძელდება, სანამ ევროკავშირის სამხედრო კომპანიები ამერიკულ იარაღს შემცვლელს მოუძებნიან.

ივნისში ჰააგაში ნატოს მორიგი სამიტი უნდა გაიმართოს. ევროპელები მსჯელობენ, რა შეიძლება შესთავაზონ დონალდ ტრამპს, რომ ამერიკამ თანამშრომლობა არ შეწყვიტოს. მართალია, დონალდ ტრამპი საჯაროდ ემუქრება ევროპას, ამერიკული ბირთვული ქოლგა აღარ გექნებათო, მაგრამ კერძო საუბრებში თეთრი სახლის წარმომადგენლები აიმედებენ ევროპას, რომ ამერიკა არც ბირთვულ ქოლგას არ დახურავს და არც ნატოს წესდებას არ დაარღვევს. დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ცვალებადი ხასიათით, მაგრამ თუ ნატოს ევროპელი წევრები სამხედრო ხარჯებს გაზრდიან, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

ივნისის სამიტზე დაგეგმილია, რომ ნატო სამხედრო ხარჯების ახალ ნორმატივს დააწესებს - ალბათ, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3,5%-ს, დღევანდელი 2%-საგან განსხვავებით.

ევროპის შიშები, რომ ამერიკა მისთვის ძველებურად საიმედო პარტნიორი აღარ იქნება, გააძლიერა იმ ფაქტმაც, როცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იემენელ ხუსიტებზე დარტყმას გეგმავდნენ და ამ საკითხზე სოციალურ ქსელში მსჯელობდნენ. მათი საუბარი ამერიკულმა მასმედიამ გაიგო, კერძოდ, ჟურნალ The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა ჯგუფის წევრად დამატებული და ყველაფერი მოისმინა, შემდეგ კი მსოფლიოს მოსდო. დისკუსიის დროს საკითხი ევროპასაც შეეხო, განსაკუთრებით აქტიურობდა ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი, რომელმაც ევროპელებს „ამერიკის კმაყოფაზე მყოფები“ უწოდა და განაცხადა, რომ მას უკვე „მობეზრდა ევროპელების კიდევ ერთხელ გადარჩენა“.

ამასობაში რუსები და უკრაინელები ერ-რიადში მოლაპარაკების დროს შავ ზღვაზე უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმდნენ - ერთმანეთის ხომალდებზე და სანავსადგურო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები აღარ განხორციელდება. თუმცა რუსეთმა თავისი პირობა-პრეტენზია მაინც წამოაყენა - დასავლეთმა უნდა გააუქმოს აკრძალვა რუსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე შავი ზღვის მეშვეობით.

ურსულა ფონ დერ ლაიენის აზრით, უკრაინა „ფოლადის ეკლებიან მაჩვზღარბად უნდა გადაიქცეს“, რომელზეც რუსეთი სამომავლოდ კბილებს მოიმტვრევს. მაგრამ გეგმა „ფოლადის მაჩვზღარბი“ მაინც არ იძლევა სრული უსაფრთხოების გარანტიას.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა გასულ კვირას ზუსტად გამოხატა ევროპის პრობლემა: მან შეაქო ემანუელ მაკრონი იმისათვის, რომ პარიზმა „უკრაინისადმი ნებაყოფლობით დახმარების გაწევის მსურველთა კოალიცია“ შექმნა, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხში მეტი სინათლის შეტანაა საჭირო. „სურვილი კი გვაქვს, მაგრამ კონკრეტულად თუ ვიცით, რა გვსურს?“, - რიტორიკულად  იკითხა მან.

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.