USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
«The New York Times» (აშშ): „ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს სი ძინპინმა მკვეთრი რეაქცია გამოხატა უკრაინის ომთან დაკავშირებულ კრიტიკაზე“
дата:  256

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 7 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს სი ძინპინმა მკვეთრი რეაქცია გამოხატა უკრაინის ომთან დაკავშირებულ კრიტიკაზე: მხარეები შეთანხმდნენ „ოლიმპიურ ზავზე“, მაგრამ პეკინი არ დათანხმდა მოსკოვზე ზეწოლის მოხდენას“ (ავტორი - როჯერ კოენი).

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა სი ძინპინმა, რომელიც თავისი ხუთდღიანი ევროპული ვიზიტის დროს საფრანგეთში ორი დღით იმყოფებოდა, უარყო პეკინის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა - უკრაინის ომის დროს რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო - და მტკიცედ გამოკვეთა თავისი პოზიცია: „ჩვენ გამოვდივართ ყოველივე ისეთი მცდელობების წინააღმდეგ, რომლებიც შექმნილი კრიზისი გამო პასუხისმგებლობას მესამე ქვეყანას აკისრებს, მის რეპუტაციას ლახავს და ურთიერთობის გაცივებას პროვოცირებს“.

ორშაბათს სი ძინპინმა ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკება გამართა და ჩინეთის როლი დაიცვა - „ჩვენ კრიზისი არც დამწყებნი არ ვართ, არც მხარე და არც თანამონაწილეები“, - ხაზი გაუსვა „ცისქვეშეთის“ ლიდერმა. ეს მკვეთრი შენიშვნა, როგორც ჩანს, მიმართული იყო უმეტესად აშშ-საკენ, რომელიც თვლის, რომ რადგან ჩინეთი რუსულ გაზს და ნავთობს დიდი რაოდენობით ყიდულობს, ამით ხელს უწყობს მოსკოვს, ეხმარება მას უკრაინასთან ომში. პეკინი კრემლს კოსმოსური თანამგზავრებით გადაღებულ ფოტოსურათებს აწვდის, აგრეთვე მარაგნაწილებს  ავიაგამანადგურებლებისათვის, მიკროსქემებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციისათვის და ასე შემდეგ.

მოლაპარაკების დროს, რომელსაც ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც ესწრებოდა, ემანუელ მაკრონი გარკვეული ზეწოლის მოხდენას შეეცადა ჩინელი სტუმარზე, რათა სი ძინპინს, თავის მხრივ, რუსეთის ლიდერზე გავლენა განეხორციელებინა, უკრაინასთან ომის შეწყვეტის მიზნით. სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინი მაისი თვის ბოლოს პეკინში უნდა ჩავიდეს, სი ძინპინმა კი ემანუელ მაკრონის თხოვნა, როგორც ჩანს, უყურადღებოდ დატოვა.

პარიზში მოლაპარაკება მას შემდეგ გაიმართა, როცა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კრემლი, სავარაუდოდ, მზად არის უკრაინის ომში ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. კრემლმა აღნიშნა, რომ ემანუელ მაკრონი ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს (ვთქვათ, უკრაინაში ჯარის გაგზავნასთან დაკავშირებით), რომ მოსკოვს მეტი გზა არ რჩება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ჩინელ კოლაგასთან საუბრის დროს უკრაინაში ჯარის გაგზავნის საკითხზე არაფერი უთქვამს. მან ერთი მხრივ, აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარეშე ევროპის უსაფრთხოება არ არსებობს“ და მეორე მხრივ ხაზი გაუსვა, რომ „საფრანგეთი რუსეთთან ომის მდგომარეობაში არ იმყოფება“.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც თავისი მკვეთრი გამონათქვამებით, ემანუელ მაკრონთან შედარებით, უფრო გაბედულად გამოდიოდა, ჩინეთის ლიდერს განუცხადა, რომ პეკინმა ყველანაირი გავლენა უნდა გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ, რათა კრემლმა უკრაინაში ომი შეწყვიტოს. მან აგრეთვე მოითხოვა, რომ „პეკინი ასევე არ უნდა დაეხმაროს რუსეთს თავისი პროდუქციით“. სხვათა შორის, გასულ წელს ორივე პაკინში იმყოფებოდა ვიზიტით და იმ დროსაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა სი ძინპინისათვის არასასიამოვნო განცხადებები გააკეთა.

მოლაპარაკების დროს ემანუელ მაკრონმა სი ძინპინს სთხოვა, რომ მას მხარი დაეჭირა პარიზის იდეისადმი - ოლიმპიური ზავის გამოცხადების მიზნით - 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, პარიზის ზაფხულის ოლიპიური თამაშების ჩატარების პერიოდში.

ზოგადად, ფრანგი ლიდერი ცდილობდა ჩინელი კოლეგისადმი კეთილგანწყობის გამოხატვას და სტუმარს რამდენიმე ბოთლი რჩეული ფრანგული კონიაკი აჩუქა. სხვათა შორის, მიმდინარე წელს ჩინეთმა - მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ჩინური ელექტრო ავტომობილების იმპორტი შეზღუდვის მიზნით ზომები განახორციელა - საპასუხო ნაბიჯის სახით, ევროპული ბრენდების, მათ შორის ფრანგული კონიაკის მიმართ ანტიდემპინგური ზომები გამოაცხადა... თუმცა, როგორც საჩუქრის გადაცემის დროს ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ფრანგული კონიაკის მიმართ შეზღუდვები არ იქნება.

მოლპარაკების დროს ჩინეთ-საფრანგეთის და ევროკავშირის) სავაჭრო ურთიერთობების მდგომარეობაზეც იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან 50 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო მთლიანად ევროკავშირის დეფიციტი - 325 მლრდ. დოლარს. „არსებობს ამ სხვაობის დაბალანსების შესაძლებლობა“, - თქვა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლემერმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას, - თუმცა ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ“.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას, თუმცა მან იქვე შენიშნა, რომ იგი არ მიესალმება იმას, რომ ჩინეთი ყურადღებას არ აქცევს ანტირუსულ სანქციებს და მოსკოვთან ვაჭრობას აგრძელებს. „გარდა ამისა, მე ვერ მოვიწონებ იმას, რომ ჩინეთის მთავრობის მიერ სუბსიდირებულმა პროდუქციამ, კერძოდ, ელექტრომობილებმა და ფოლადმა, ევროპის ბაზარი პრაქტიკულად, წალეკა... მსოფლიო ჩინური წარმოების ჭარბი პროდუქციის გადაყლაპვას ვერ ახერხებს“.

უკრაინის ომმა დიდი გავლენა მოახდინა ევროპის ეკონომიკაზე და კერძოდ, რუსული ენერგომატარებლების საკითხში, როცა კონტინენტის ბევრმა სახელმწიფომ მათი მოხმარება შეწყვიტა. რუსეთმა ციმბირული ნავთობისა და გაზს ევროპული მიმართულება შეუცვალა და ისინი აზიისაკენ, ჩინეთისა და ინდოეთისაკენ მიმართა. ამ ფაქტს ევროპისათვის უკვალოდ არ ჩაუვლია - მოიმატა ინფლაციამ, გაუარესდა მოსახლეობის ცხოვრების დონე... გაიზარდა იმის შიშიც, რომ ჩინეთს შეუძლია ევროპული კომპანიების საქმიანობა შეზღუდოს.

„ევროპას არ შეუძლია შეუარიგდეს ისეთ გარემოებებს, ბაზრის დისპროპორციის ისეთ მდგომარეობას, რომელიც ევროპის დეისნდუსტრიალიზებას ემსახურება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, - ევროპა უარს არ იტყვის საკმაოდ ხისტი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რათა საკუთარი ეკონომიკური უსართხოება დაიცვას“.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/05/06/world/europe/xi-macron-europe-trade-war.html

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати