USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«The New York Times» (აშშ): „დანაღმული ველები და სხვა საფრთხეები: რატომ ვითარდება ნელი ტემპით უკრაინის არმიის კონტრშეტევა?“
дата:  483

ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ (The New York Times) სტატია სათაურით „დანაღმული ველები და სხვა საფრთხეები: რატომ ვითარდება ნელი ტემპით უკრაინის არმიის კონტრშეტევა?“ (ავტორები - ენდრიუ კრამერი და ერიკ შმიტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ამერიკული ჯავშანტრანპორტიორების „ბრედლების“ კოლონა გრუხუნით დაიძრა. ზემოდან, ჯავშანზე უკრაინელები ჯარისკაცები ისხდნენ - მათ სამხრეთის ფრონტზე ახალი და ძლიერი მრისხანე ამერიკული სამხედრო ტექნიკა მიიღეს. მაგრამ დიდ დროს არ გაუვლია, რომ ერთ-ერთი „ბრედლის“ ქვეშ ნაღმი აფეთქდა და მუხლუხო გაგლიჯა. უკრაინის არმიის ჯავშანტექნიკის კოლონამ უკან დაიხია.

კონტრშეტევის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ, რომელსაც უკრაინისათვის დიდი პერსპექტიული მნიშვნელობა აქვს, კიევის არმია დიდ პრობლემებს აწყდება - მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები უახლესი დასავლური ტექნიკით არიან შეიარაღებულნი, მათ ვერადავერ გადაულახავთ ის დანაღმული ველები, რომლებიც რუსეთის არმიამ სამხრეთის სტეპებში მოაწყო. „ყველგან ყველაფერი დანაღმულია“, - ამბობს ლეიტენანტი აშოტ არუთინიანი, უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ქვედანაყოფის მეთაური, რომელიც ვიდეოკავშირის მეშვეობით მონიტორის ეკრანზე „ბრედლების“ გადაადგილებას აკვირდებოდა. მან დაინახა, თუ როგორ აფეთქდა ნაღმი ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის ქვეშ და მთელი კოლონა გაჩერდა.

გასულ კვირას რუსეთში მომხდარმა კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული ქვედანაყოფების ამბოხების მცდელობის ფაქტმა უკრაინაში იმედი გააჩინა, რომ ალბათ, სიტუაცია ცოტა მაინც გაიოლდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამბოხება სწრაფად ჩაქრა. დასამალი არაა, რომ უკრაინელები ამჟამად სულ უფრო ხშირად აწყდებიან დაბრკოლებებს: დღევანდელი სამხედრო კამპანია სრულიად არ ჰგავს გასული წლის სექტემბრის სწრაფ კონტრშეტევას ხარკოვის ოლქში, ან შედარებით უფრო რთულ ოპერაციას ნოემბერში, როცა ხერსონი იქნა გათავისუფლებული.

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის რელიეფი ვაკე ველ-მინდვრებს წარმოადგენს და ამ მხრივ მკვეთრად განსხვავდება დონბასის ბორცვიანი ლანდშაფტისა და ჩრდილოეთის ტყიანი რეგიონებისაგან. უკრაინის სამხრეთში ჯარს თავშესაფრის ძალიან მცირე საშუალება აქვს - მხოლოდ სანგრები, ტრანშეები და ძელმიწურები. რუსებმა, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში გამაგრებულ პოზიციებს ქმნიდნენ, ეს ამოცანა მეტ-ნაკლებად წარმატებით მოაგვარეს. გარდა ამისა, გააქტიურდნენ რუსული КА-52 ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენები, რომლებმაც შეძლეს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გარღვევა და რაკეტებით დასავლური ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.

რა თქმა უნდა, უკრაინელებს, თავის მხრივ, აქვთ დანაღმული ველების გამწმენდი დასავლური ტექნიკა, თუმცა ჯერ-ჯერობით სიტუაციას სწავლობენ, ნაჩუქარი მოწყობილობები სად და როგორი მიმართულებით გამოიყენონ.

რუსების წინააღმდეგობამ უკრაინის არმიის შეიარაღებაზე ნეგატიურად იმოქმედა. მიმდინარე წლის მარტში აშშ-მა უკრაინას 113 საბრძოლო ჯავშანმანქანა „ბრედლი“ გადასცა, რომელთაგან მოკლე დროში სულ მცირე 17 უკვე განადგურებულია - 15%-ზე მეტი.

საინტერესოა, რომ უკრაინის არმიამ რამდენიმე კილომეტრით წინ წაიწია სწორედ იმ ადგილებში, სადაც დასავლური მძიმე ტექნიკა გამოყენებული არ იყო და გაჩერდა იქ, სადაც ყველაზე თანამედროვე ახალი სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა - ამერიკული „ბრედლები“ და გერმანული „ლეოპარდები“. გაურკვეველია, თუ რამდენად არის ეს განპირობებული სპეციალურად, განგებ მიღებულ გადაწყვეტილებით, რომ დასავლური ტექნიკა სწორედ რუსების კარგად გამაგრებული პოზიციების წინააღმდეგ გამოყენებულიყო.

უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, კონტრშეტევის განვითარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ ადგილობრივი ფაქტორები - სოფლები შედარებით ცოტაა და რაც არის, მთლიანადაა დანგრეული. არ არსებობს არც სარდაფები, სადაც თავშეფარება შეიძლება. დანაღმულ ველებზე რომ არაფერი ვთქვათ, ძალიან ინტენსიური საარტილერიო სროლები ხდება. უკრაინული მზვერვაი დრონების ოპერატორის თქმით, ჭურვებისაგან მინდორი ისეა გადათხრილი, რომ „შვეიცარიულ ყველს ჰგავს“.

ასეთმა სიძნელეებმა კონტრშეტევის საწყისი ფაზა, სწრაფის ნაცვლად, გაჭიანურებულად გადააქცია. ის, რომ პროგრესი ძალიან ნელი ტემპით მიდის და ისე არა, როგორც საჭიროა, ამას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ადასტურებს: იგი აცხადებს, რომ არავინ არ უნდა ელოდოს არარეალურ შედეგებს, „კინემტოგრაფიული ბლიცკრიგის მსგავსად“ – „ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ის, რაც ფრონტზე ხდება, ჰოლივუდის კინოგადაღებებია, რომლებში შედეგები იმწუთშივე ჩანს. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ აქ ადამიანების სიცოცხლის, მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება... ამიტომ ჩვენ ისე შევუტევთ, როგორც საჭიროდ ჩავთვლით“.

ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები საჯაროდ მოუწოდებენ მოთმინებისაკენ - „ყველაფერი კარგად იქნებაო“, მაგრამ კერძო საუბრებში  აღიარებენ, რომ კონტრშეტევა ნელა ვითარდება, ბუქსაობს და, შესაბამისად, პროგრესი მცირეა. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კონტრშეტევის ორი კვირის შედეგებს „გამომაფხიზლებელი“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინელები გრაფიკს ჩამორჩნენ“.

თავის მხრივ, პენტაგონელმა მაღალჩინოსანმაც აღიარა ოპერაციის ნელი ტემპი, თუმცა აღნიშნა, რომ რუსების თავდაცვითი სისტემის გათვალისწინებით, ეს მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. მან თქვა, რომ რაიმე საიმედო დასკვნების გაკეთება კონტრშეტევის დაწყებიდან ჯერ-ჯერობით ნაადრევია. აღსანიშნავია, რომ ორივე ოფიცერმა „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტებთან საუბრისას ანონიმურად დარჩენა ისურვა.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/06/26/world/europe/ukraine-counteroffensive.html

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати