USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
«The New York Times» : პუტინს იმედი ჰქონდა, რომ აშშ-ის ინტერესი უკრაინის მიმართ შემცირდება, რაც მისთვის მომგებიან ფსონს წარმოადგენს. შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ შეცდომის დაშვება გამორიცხული არ არის
Date:  

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში” (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინს იმედი აქვს, რომ აშშ-ის ინტერესი უკრაინის მიმართ შემცირდება, რაც მისთვის მომგებიან ფსონს წარმოადგენს. შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ შეცდომის დაშვება გამორიცხული არ არის - იგი ამერიკის მიმართ ადრეც სცდებოდა“ (ავტორი - ანტონ ტროიანოვსკი, მოსკოველი კორესპონდენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ერთი შეხედვით, შესაძლოა, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ისეთ მდგომარეობას უახლოვდება, როგორიც რუსეთის პრეზიდენტს სურს, მაგრამ იქნებ კრემლი ახლაც სცდება? ვლადიმერ პუტინი თავის შეფასებებში აშშ-ის მიმართ ადრეც ბევრჯერ შემცდარა...

რუსეთის პრეზიდენტის ამჟამინდელი სტრატეგია უკრაინაზე გასამარჯვებლად ერთი მრავლისმეტყველი ეპიზოდით შეიძლება გამოიხატოს, რომელიც თებერვალში Fox news-ის ყოფილი ჟურნალისტისთვის თაკერ კარლსონისათვის მიცემულ ინტერვიუში გამოჩნდა:  კითხვას უკრაინის ომში აშშ-ის სავარაუდო ჩარევის თაობაზე, კრემლის ბინადარმა შემხვედრი კითხვით უპასუხა: „თქვენ რა, მეტი საქმე არ გაქვთ?“.

დღეს, როცა ამერიკული პოლიტიკა თავის ურთულეს პერიოდში იმყოფება, ვლადიმერ პუტინი როგორც არასდროს, ისე ახლოსაა მისთვის სასურველ პასუხთან.

უკრაინის უმნიშვნელოვანესი მოკავშირე, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისეთ უდიდეს პოლიტიკურ კრიზისში ჩაეფლო, რომელიც მისი მმართველობის დროს არასოდეს არ მომხდარა. იგი იძულებული გახდა თანაპარტიელების სურვილს დათანხმებოდა და საარჩევნო რბოლიდან გასულიყო. ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ყველანაირ სოციოლოგიურ გამოკითხვებში ლიდერობს, ვიცე-პრეზიდენტად ისეთი ადამიანი შეარჩია, რომელიც უკრაინის დახმარების ყველაზე მტკიცე მოწინააღმდეგეს წარმოადგენს... რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე დონალდ ტრამპმა ისევ გაიმეორა ადრე ბევრჯერ ნათქვამი - ომის რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდესო, რითაც თითქოსდა ვლადიმერ პუტინის რიტორიკის სარკისებრი ანარეკლი შექმნა - „მესამე მსოფლიო ომის“ საფრთხის შესახებ. 

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დინამიკა შეიძლება ისეთი გახდეს, რომ ვლადიმერ პუტინის ხედვას დაემთხვეს - მოვლენათა იზოლაციონისტური აღქმას, რომლის დროსაც ამერიკელები უკრაინას ბევრად უფრო ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ, ვიდრე თვითონ რუსები. ასეთი მიდგომის დროს აშშ-ის მხრიდან კიევისადმი დახმარება-მხარდაჭერაზე უარის თქმა უკვე დროის საკითხია: მოხდება ისე, როგორც მოხდა ავღანეთში 2021 წელს.

მოსკოველი ანალიტიკოსები ყურადღებით სწავლობენ ამერიკული საზოგადოებრივი გამოკითხვების მონაცემებს. სახელმწიფო ტელევიზია დეტალურად აშუქებს დონალდ ტრამპის გამოსვლას ყრილობაზე და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურის ჯეიმს დევიდ ვენსის პოლიტიკურ  ბიოგრაფიას, განსაკუთრებით მის დამოკიდებულებას უკრაინის ომის მიმართ. გაანალიზა რა გამოკითხვების შედეგები, აშშ-ის კარნეგის  ფონდის მოსკოვური ცენტრის ყოფილი დირექტორი დიმიტრი ტრენინი ასკვნის, რომ ამჟამად ამერიკელ ამომრჩეველს ნაკლებად აღელვებს ნებისმიერი საგარეოპოლიტიკური პრობლემა.

„ვლადიმერ პუტინის სტრატეგიული გათვლა ასეთია: ადრე თუ გვიან ამერიკელები დაიღლებიან“, - განმარტავს დიმიტრი ტრენინი, მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის ლექტორი, - რუსეთის სამხედრო მიზანი აბსოლუტურად გასაგებია“.

როგორც გამოკითხვებიდან ჩანს, იმის მიუხედავად, რომ ამერიკელების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისადმი დახმარების შენარჩუნებას, ისინი მაინც არ თვლიან ამ საკითხს არღევნებისთვის საკვანძო მნიშვნელობის მქონედ. მიმდინარე წლის აპრილში ამერიკელთა 50% თვლიდა, რომ რუსეთის გავლენის შეზღუდვა აშშ-ის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებში უნდა შედიოდესო, თუმცა ამ ფონზე უკრაინისადმი დახმარების მომხრე მხოლოდ 23% იყო.   აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კი, რომელიც ჯო ბაიდენის პროგრამის პოპულარობის გარკვევას მიეძღვნა, მხოლოდ 30% აღმოჩნდა უკრაინისადმი დახმარების გაწევის მხარდამჭერი (და ეს ხდება დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებში!).

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მას ისტორიული სამართლიანობის აღდგენა სურს: რუსეთის პრეზიდენტის აზრით, უკრაინა ისტორიულად და კანონიერად რუსეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა.

ვლადიმერ პუტინი წლების განმავლობაში აყალიბებდა თავის საგარეოპოლიტიკურ დოქტრინას იმ იდეაზე, რომ ამერიკას აგრესიული ანტირუსულად განწყობილი ელიტა მართავს, რომელიც ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვაზე კი არ ზრუნავს, არამედ მსოფლიო ჰეგემონიის დამყარებას ცდილობს და რომ მოსკოვი მოიცდის იმ დრომდე, როცა ეს ელიტა ხელისუფლებას დაკარგავს.

ფსონები არასდროს არ ყოფილა ასეთი მაღალი: ვლადიმერ პუტინი უზარმაზარ ადამიანურ და ფინანსურ დანაკრგებზე მიდის, არაფერზე უკან არ იხევს და საკუთარ თავს უფლებას აძლევს უკრაინის წინააღმდეგ მესამე წელი იომოს. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ლიდერი ელოდება, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აშშ და დასავლეთი კიევისათვის შეიარაღების მიცემას შეწყვეტენ და უკრაინის ხელმძღვანელობას იმისკენ უბიძგებენ, რომ ზავის დროს რუსეთის პირობებზე დათანხმდეს.

 „თქვენს ხელისუფლებას და ამერიკელებს, როგორც ცნობილია, პრობლემები გაქვთ საზღვრებზე, მიგრანტებთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო ვალთან მიმართებითაც, - აცხადებდა ვლადიმერ პუტინი თაკერ კარსლსონთან საუბრისას, - განა უკეთესი და იოლი არ იქნება რუსეთთან მოლაპარაკებაზე წამოხვიდეთ?’.

კრემლის მიერ თაკერ კარლსონის შერჩევა ვლადიმერ პუტინთან სასაუბროდ, პირველად 2021 წლიდან, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს: ტელეარხ „ფოქს ნიუსის“ ყოფილი   მთავარი წამყვანი, რომელიც ხშირად იმეორებს თავის გამოსვლებში რუსეთის პრეზიდენტის თეზისებს უკრაინასთან დაკავშირებით, წონიან ფიგურას წარმოადგენს დონალდ ტრამპის მომხრეებისათვის, რომელსაც, თავის მხრივ, მოსკოვი დიალოგისთვის პოტენციურად მზადმყოფ პოლიტიკოსად თვლის.

თაკერ კარლსონმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროებისათვის უფრო უკეთესი იქნებოდა არა უკრაინისადმი დახმარებაზე ეზრუნათ, არამედ საკუთარ ხალხზე, საკუთარი ქვეყნის საზღვრების დაცვაზე და ნარკოვაჭრობის ბაზების განადგურებაზე მთელ მსოფლიოში.

„რაღაც ვერ ვხედავ, რომ ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი ამერიკის არმიის შეიარაღებას ამერიკელი ხალხის დასაცავად იყენებდეს“, - თქვა ამერიკელმა ჟურნალისტმა ყრილობაზე გამოსვლისას, - „პირიქით, ყველაფერს უკრაინას უგზავნის“.

თუმცა, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინის სიხარული ნაადრევია. იმიტომ, რომ იგი ამერიკული პოლიტიკის თავის შეფასებებში არაერთხელ შემცდარა.

2016 წელს კრემლმა ფსონი აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის ხელშეწყობაზე დადო, მაგრამ მან მოსკოვს იმედები გაუცრუა - უკრაინისადმი იარაღის მიწოდება გააფართოვა და ანტირუსული სანქციები გაამკაცრა.

2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვისათვის იმდენად ანაზდეული იყო დასავლეთის მოულოდნელი მასშტაბური პასუხი, რომ ვერ მოასწრო უსაფრთხო იურისდიქციის ზონაში გაეტანა ასეული მილიარდობით დოლარი თავისი უცხოური აქტივებიდან. საბოლოო ჯამში ეს ფული დღემდე გაყინულია ევროპულ და ამერიკულ ბანკებში, მისი პროცენტებით კი უკრაინა სარგებლობს.

დღეს დონალდ ტრამპისადმი პოზიტიური დამოკიდებულება უფრო ფრთხილია, ვიდრე 2016 წელს, როცა რუსი ბლოგერები ხმამაღლა აცხადებდნენ  - ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა რუსეთისათვის ხელსაყრელი იქნებაო. თვითონ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს რუსეთისათვის არაფერი კარგი არ გაკეთებულაო.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი ამბობდა, რომ მისთვის ჯო ბაიდენის არჩევა უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე დონალდ ტრამპისა - იმიტომ, რომ ჯო ბაიდენი, დონალდ ტრამპისაგან განსხვავებით, პროგნოზირებად პიროვნებას წარმოადგენდა. გაუგებარია, ამას ვლადიმერ პუტინი გულწრფელად ამბობდა თუ არა იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის იმიჯისათვის კრემლის ბინადარის პირით ნათქვამი მხარდამჭერი სიტყვები შეიძლება ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. ამჟამად პუტინის პოზიცია, ალბათ, შეიცვლება - ჯერ-ჯერობით არავინ იცის, თუ ვინ იქნება დემოკრატიული პარტიის ოფიციალური კანდიდატი.

„დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ბევრი იმედი არსებობდა“, - განმარტავს ივან ტიმოფეევი, რუსეთის საგარეოპოლიტიკური საბჭოს გენერალური დირექტორი, რომელიც ახლოს დგას მთავრობასთან, - მაგრამ თეთრმა სახლმა მაშინაც კი ვერ შეძლო (ან არ სურდა) რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა“.

სხვათა შორის, ივან ტიმოფეევმა თვითონ შეიტანა გარკვეული წვლილი იმდროინდელ მოვლენებში: მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ 2016 წელს, რომ არ არის გამორიცხული ტრამპის საარჩებნო შტაბისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრაო, ბიძგი მისცა სპეციალური გამოძიების დაწყებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ფარული ჩარევის თაობაზე.

რუსეთში სპეცპროკურ რობერტ მიულერის მიერ დაწყებული გამოძიება აღქმული იქნა იმის დადასტურებად, რომ ამერიკაში „სიღრმული სახელმწიფო“ არსებობს, რომლის წარმომადგენლები არასოდეს არ დაეთანხმებიან პრეზიდენტად ისეთი ადამიანის არჩევას, რომელსაც მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება ექნება განზრახული. სწორედ მსგავსი განცხადებებით გამოდის ახლა დონალდ ტრამპი.

ივან ტიმოფეევის თქმით, რუსეთ-აშშ-ის რთული ურთიერთობა არ არის დამოკიდებული პოლიტიკური კლიმატის ცვლილებაზე: რაც დრო გავა, ურთიერთობა უფრო გაუარესდება, - ამბობს იგი, - ვერ ვხედავ ვერაფერს ისეთს, რასაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია“.

მართლაცდა, ბევრი რუსი აღნიშნავს იმას, რომ არც უკრაინა და არც რუსეთი არ ფიგურირებენ საპრეზიდენტო კამპანიის ჩარჩოებში მიმდინარე დებატების პოპულარულ თემებში. უკრაინისადმი დახმარების აქტიური კრიტიკის მიუხედავად, ყრილობის შემდეგ ტელევიზიაში თავისი პირველი გამოსვლისას ჯეიმს ვენსს რუსეთ-უკრაინის ომი არცერთხელ არ უხსენებია.

დონალდ ტრამპს, თავის მხრივ, არ გაუჟღერებია „რუსეთ-უკრაინის საშინელი ომის“ დასრულების გეგმის დეტალები, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, „მესამე მსოფლიო ომის“ რისკზე საუბრისას ვლადიმერ პუტინის დაესესხა და მისი გაფრთხილება გაიმეორა, თუ რაში შეიძლება გადაიზარდოს უკრაინის კრიზისი - რუსეთსა და ნატოს შორის სამხედრო კონფლიქტში.

რუსეთში ბევრი ამბობს, რომ ამერიკელები არასაკმარისი ყურადღებით ეკიდებიან რუსეთის პრეზიდენტის გაფრთხილებებს: „ამერიკელები რუსეთზე ბევრად უფრო ნაკლებად მსჯელობენ, ვიდრე რუსები - ამერიკაზე“, - აღნიშნავს ეკატერინე მოორი, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის ვაშინგტონნელი ანალიტიკოსი, რომელიც ამჟამად რუსეთში მოღვაწეობს, - „რუსეთში, რა თქმა უნდა, ძალიან სურთ ამერიკელებში მეტი ინტერესი გამოიწვიონ“.

ბოლო დროს ეკატერინე მოორს გადატვირთული სამუშაო რეჟიმი აქვს და რამდენიმე რუსულ ტელეარხზე ამერიკული პოლიტიკის ექსპერტის როლში გამოდის. ასეთ გადაცემებში რუსეთის წინაშე მდგარი ბევრი პრობლემა - გადახურებული ეკონომიკა, ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგები და ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირებული პოლიტიკური სისტემა - არ განიხილება და მათზე მსჯელობა აკრძალულია. ამის ნაცვლად ექსპერტი ყურადღებას უთმობს ამერიკის პოლიტიკურ სისტემას, რომელიც, შოუს  წამყვანებისა და მათი სტუმრების აზრით, „არასტაბილურია“ და „მერყევი“.

ამერიკელ პოლიტიკოსებს არ აქვთ ხელისუფლებაში ყოფნის ისეთი 20-წლიანი პერსპექტივა, როგორც ვლადიმერ პუტინს“, - ამბობს ეკატერინე მოორი, - მის მახსოვრობაში ბევრი რამ არის შემონახული. შესაბამისად, მისი ნათქვამის ნამდვილობის ალბათობა საკმაოდ მაღალია“.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/07/19/world/europe/putin-russia-ukraine-trump-election.html

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way