USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Tbilisi
The New York Times - „რატომ არიან რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთთად დღეს ისე ახლოს, ვიდრე ოდესმე“
Date:  237

უცხოურ პრესაში ფართოდ შუქდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტი რუსეთში და მისი შეხვედრა-მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინთან. პუბლიკაციებში განხილულია, თუ რა მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს ორი ბირთვული ქვეყნის ლიდერის შეხვედრას, რომლებიც დასავლეთის წინააღმდეგ გამოდიან, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.

გთავაზობთ აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „რატომ არიან რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთთად დღეს ისე ახლოს, ვიდრე ოდესმე“ (ავტორი - ნიკოლ ჰონგი).

  ჩინეთის ლიდერი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვს ეწვია და ვლადიმერ პუტინს ხვდება. ნიშანდობლივია, რომ სი ძინპინი, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, პირველი გახმაურებული ვიზიტით სწორედ რუსეთში ჩავიდა. დასავლეთის ოფიციალური წრეები ყურადღებით ადევნებენ თვალს ჩინეთის ლიდერის დიპლომატიურ სვლებს და აანალიზებენ სიტუაციას - თუ რამდენად მზად არის ჩინეთი რუსეთთან ღრმა ურთიერთობისათვის პეკინის ამასწინანდელი 12-პუნქტიანი სამშვიდობო პოზიციის გათვალისწინებით. აქვე შევნიშნავთ, რომ ევროკავშირის და აშშ-ის ოფიციალური პირები სი ძინპინისაგან გლობალური მშვიდობისმოყვარეობის გამოვლენას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ.

აი, ის ხუთი მომენტი, რომლებიც რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობიდან უნდა ვიცოდეთ:

  1. რუსეთი და ჩინეთი მოკავშირეები არიან?

რუსეთი და ჩინეთი იურიდიულად არ არიან ერთმანეთის მოკავშირეები, მათ შორის არ არის დადებული ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, ანუ ისინი ვალდებულები არ არიან ერთმანეთი სამხედრო ძალით დაიცვან. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს ორი მეზობელი ერთმანეთისათვის ახლო სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, რომელთა ურთიერთობა რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო გააღრმავა იმდენად, რამდენადაც რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან იზოლაციაში მოექცა.

ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებით, პეკინისა და მოსკოვის ამჟამინდელი ურთიერთობა „ისტორიულ პიკზე“ იმყოფება. მათ პარტნიორობას საერთო მიზანი აქვს -  ამერიკის ძლიერებისა და გავლენის დასუსტება.

რასაკვირველია, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ყოველთვის ასე თბილი და ახლო არ იყო: ორივე მხარე ერთმანეთის პოლიტიკური მოწინააღდეგები 1960-იანი წლების დასაწყისიდან გახდნენ, რაც შემდეგ სამხედრო დაპირისპირებაში - შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა: 1969 წელს შეტაკება მოხდა სსრკ-ის შორეულ აღმოსავლეთში, ზღვისპირეთის მხარეში, სასაზღვრო მდინარე უსურზე, ტერიტორიული დავის გადაწყვეტისას. მხარეთა შორის იმ მომენტში თითქმის ბირთვული ომის საფრთხე წარმოიქმნა.

ორი ქვეყნა ერთმანეთთან მეტოქეობს ცენტრალურ აზიაზე გავლენისათვის, რომელსაც კრემლი დიდი ხნის განმავლობაში თვლის თავის „ახლო საზღვარგარეთად“ და რომლის მიმართ ჩინეთი სულ უფრო მეტ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ამბიციებს ავლენს. ჩინეთი რეგიონის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ძალიან აქტიურობს: აშენებს რკინიგზებს, საავტომობილო გზატკეცილებს, ენერგეტიკულ ობიექტებს, მილსადენებს - მაგალითად, ყაზახეთში და უზბეკეთში, რომლებიც თავის მხრივ, რუსეთის ახლო პარტნიორები არიან უსაფრთხოების სფეროში.

  1. რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი?

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე ორიოდე კვირით ადრე, 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნისას, ორივე ლიდერმა საჯაროდ განაცხადა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის „ურთიერთობა უსაზღვროა“. ამხანაგ სი ძინპინს ხშირად უთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინი მისი საუკეთესო მეგობარია. 2018 წელს, რუსეთში ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის დროს, ორივემ ჯერ რუსული ბლინები შეწვეს, შემდეგ არაყს წრუპავდნენ. 2019 წელს, როცა სი 66 წლისა გახდა, ვლადიმერმა მას ტორტი და გიგანტური ნაყინი მიართვა.

ვლადიმერ პუტინი თავის სტატიაში, რომელიც 20 მარტს ჩინეთის მთავარ გაზეთ „ჟენმინ ჟიბაოში“ გამოქვეყნდა, წერს, რომ მას და სი ძინპინს ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ და რომ ისინი ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებების დროს ერთმანეთს 40-ჯერ შეხვდნენ და ყოველთვის ცდილობდნენ „შინაურულად, ჰალსტუხების გარეშე“ ესაუბრათ.

  1. როგორია ჩინეთ-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობის დონე?

ჩინეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური კავშირები განმტკიცება შესამჩნევად დაიწყო 2014 წლის შემდეგ, როცა მოსკოვმა ყირიმის ანექსია განახორციელა. იმ დროს ჩინეთი რუსეთს იმ სანქციების განეიტრალებაში დაეხმარა, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ გამოუცხადა, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს. ვაშინგტონის მოთხოვნის მიუხედავად, პეკინმა მოსკოვს მსოფლიო ბაზარზე გასასვლელი გზები არ გადაუკეტა.

რაც შეეხება ვაჭრობის სფეროს, ჩინეთ-რუსეთის ვაჭრობამ გასულ წელს რეკორდულ მოცულობას მიაღწია - ისევ რუსეთის უკრაინასთან და დასავლეთთან დაპირისპირების გამო დაწესებული სანქციების წყალობით.

  1. რა სურს ვლადიმერ პუტინს ჩინეთისაგან?

პუტინს ჩინეთი ჭირდება იმისთვის, რომ დასავლური სანქციებით დაზარალებული რუსეთის ეკონომიკა დაიცვას. რუსეთის ლიდერისათვის ჩინეთი სულ უფრო ხშირად გამოდის „მაშველი რგოლის“ როლში, ინვესტიციებისა და ვაჭრობის თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც გასულ წელს დასავლეთის ქვეყნებმა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი მკვეთრად შეამცირეს, პეკინი მოსკოვს ეკონომიკური ზარალის კომპენსირებაში დაეხმარა და თვითონ იყიდა უფრო მეტი ნავთობი და გაზი, ვიდრე ადრე ყიდულობდა.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო ტექნიკის მიწოდება და ეკონომიკური დახმარების გაწევა სთხოვა. ამერიკელი მაღალჩინოსნები ახლაც ამბობენ, რომ ამჟამად ჩინეთი რუსეთისათვის იარაღის მიწოდების საკითხს იხილავსო, მაგრამ ჩინეთი ამგვარ განზრახვას უარყოფს.

პეკინი თავს იკავებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის განხილვისაგან, რაც ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად ხაზში არ თავსდება: „ცისქვეშეთი“ მუდამ აცხადებს, რომ მისი საგარეო პოლიტიკა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პრინციპების პატივისცემას ემყარება. გარდა ამისა, ჩინეთი ყოველთვის ცდილობს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ საკუთარი თავი ნეიტრალად წარმოაჩინოს, მაგრამ სინამდვილეში პეკინი მხარს უჭერს რუსულ  ნარატივს, რომლის თანახმად, კონფლიქტის დაწყება ნატოსა და აშშ-ის პოლიტიკამ განაპირობა.

მაგრამ ისიც შესამჩნევია, რომ ჩინეთი რუსეთისადმი სრულ მხარდაჭერას თავს არიდებს. თუ პეკინი კრემლს ყველანაირად დაეხმარება, მაშინ მსოფლიოში უწესრიგობა და არასტაბილურობა მოიმატებს, რაც ჩინეთის ეკონომიკური ზრდისათვის ხელის შემშლელი იქნება. გასული წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ჩინეთს „კითხვები აქვს უკრაინის ომის მიმართ“ და რომ პეკინი ამ ომს „საფრთხედ მიიჩნევს თავისი ეკონომიკისათვის“.

  1. რა უნდა სი ძინპინს რუსეთისაგან?

სი ძინპინს სურს, რომ ვლადიმერ პუტინი, თანამოაზრის სახით, მასთან ერთად გამოვიდეს აშშ-სა და დასავლეთის ბატონობის წინააღმდეგ. სტატიაში, რომელიც 20 მარტს რუსულ პრესაში გამოქვეყნდა, სი ძინპინი წერს, რომ რუსეთმა და ჩინეთმა აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან საერთაშორისო გამოწვევებზე პასუხის გაცემისა და უსაფრთხოების პრობლემების გადალახვისათვის, ისინი „ერთად უნდა აღუდგნენ [დასავლურ] ჰეგემონიას, დომინირებას და დაშინებას“.

სი ძინპინს, ვლადიმერ პუტინის მსგავსად, მკვეთრი პოზიცია აქვს დაკავებული აშშ-ის მიმართ, რომელიც, კომუნისტური ლიდერის აზრით, ჩინეთის ალყაში მოქცევას ცდილობს და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. ასევე ლაპარაკობს ვლადიმერ პუტინიც, როცა რუსეთის მოსახლეობის წინაშე გამოდის. სი ძინპინმა ჩინურ კომპანიებს მოუწოდებს, რაც შეიძლება ნაკლებად ისარგებლონ დასავლური ტექნოლოგიებით და ეროვნული, ჩინური ტექნოლოგიები განავითარონ. სი ძინპინი თანამემამულეებს მიმართავს, რომ არ მიიღონ დასავლური პოლიტიკური ფასეულობები. 

ჩინეთი რუსეთისაგან თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მიზნით თანამედროვე იარაღს ყიდულობს, რომელსაც, თავისი ტექნოლოგიებით, კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის. ორმა ქვეყანამ მკვეთრად გააფართოვა ერთობლივი სამხედრო მანევრების და წრთვნების ჩატარება და ამით გამოწვევას უგზავნის საერთო მეტოქეს - ამერიკის შეერთებულ შტატებს: გასულ წელს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტოკიოში ვიზიტით იმყოფებოდა, ჩინეთმა და რუსეთმა აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ერთობლივი სამხედრო-საჰაერო მანევრები ჩაატარეს, სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენების მონაწილეობით.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/03/20/world/asia/china-russia-ties.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

region
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way