USD 2.6218
EUR 2.9807
RUB 3.0834
თბილისი
"The New York Times' - „რუსები, რომლებიც უკრაინაში თავიანთი სამშობლოს წინააღმდეგ იბრძვიან“
თარიღი:  1187

ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ (The New York Times) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსები, რომლებიც უკრაინაში თავიანთი სამშობლოს წინააღმდეგ იბრძვიან“ (ავტორი - მაიკლ შვიცი), რომელიც ეხება სამხედრო ლეგიონ „თავისუფალი რუსეთის“ მიზნებსა და მოქმედებას.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ჯარისკაცმა მუხლებზე დაიჩოქა, ყუმბარსატყორცნი დაუმიზნა და რუსეთის ჯარის მიმართულებით გაისროლა. იგი უკრაინის არმიის საცეცხლე პოზიციაზე იდგა და არაფრით განსხვავდებოდა სხვა უკრაინელი ჯარისკაცებისაგან, რომლებიც ბახმუტთან იბრძვიან - რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ უბანზე.

მაგრამ სინამდვილეში ის და მისი თანამებრძოლები უკრაინელები არ არიან. ისინი უკრაინის არმიის იმ ქვედანაყოფის მეომრები არიან, რომელიც მთლიანად რუსი ეროვნების ჯარისკაცებით არის დაკომპლექტებული. ისინი თავიანთ თანამემამულეებს ებრძვიან და ხოცავენ. მათ რუსეთის - სამშობლოს - წინააღმდეგ იარაღი ხელში სხვადასხვა მოსაზრებებით აიღეს: ზოგიერთმა მორალური აღშფოთების გამო, რომ მათი სამშობლო სუვერენულ უკრაინაში შეიჭრა, ზოგი უკრაინაში ცხოვრობს და თავისი მეორე სამშობლოს დაცვა სურს, ზოგს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სძულს.... მათ უკრაინელი მეთაურების ნდობა დაიმსახურეს, რათა ერთად ებრძოლონ რუს დამპყრობლებს.

„ნამდვილი რუსი მამაკაცი ასეთ აგრესიულ ომში არ მონაწილეობს, ის არ ძალადობს ქალებზე, ბავშვებზე, არ კლავს მოხუცებს და მშვიდობიან მოსახლეობას“, - ამბობს ერთ-ერთი რუსი მებრძოლი „ცეზარი“, რომელიც იხსენებს რუსების მიერ ჩადენილ მხეცობას და აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთმა ფაქტებმა აიძულეს იგი მშობლიური სანქტ-პეტერბურგიდან უკრაინაში წასულიყო და კიევის მხარეზე ებრძოლა: „ამიტომ მე სინდისის ქენჯნას არ ვგრძნობ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. უკვე ბევრი რუსი მოვკალი“.

ლეგიონ „თავისუფალ რუსეთს“ ბოლო დრომდე ნაკლები ყურადღება ეთმობოდა - ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსი ჯარისკაცები და მათი ახლობლები დაცულნი ყოფილიყვნენ რუსეთის ხელისუფლების რეპრესიებისაგან, აგრეთვე იმის გამოც, რომ ზოგიერთ უკრაინელ ოფიცერს არ სურდა იმ ეროვნების ჯარისკაცებთან ერთად ყოფილიყო, რომლის სამშობლომაც უკრაინას ესოდენ დიდი ზიანი მიაყენა. კიეველი ოფიციალური პირების ცნობით, „რუსული ლეგიონის“ პირადი შემადგენლობა - რამდენიმე ასეული ჯარისკაცი - ბახმუტთან არის  თავმოყრილი და მათ ამჟამად უკრაინელი ოფიცრები აკონტროლებენ.

ინტერვიუებში რამდენიმე რუსი ჯარისკაცი ამბობს, რომ ისინი უკრაინაში ცხოვრობდნენ, როცა რუსეთის არმია გასულ წელს უკრაინაში შეიჭრა, ამიტომ თავი ვალდებულად ჩათვალეს, რომ მიმღები ქვეყანა - მეორე სამშობლო - აგრესიისაგან დაეცვათ. ისინი გამოცდილ სამხედროებს წარმოადგენენ. არიან ისეთებიც, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება არ აქვთ და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდნენ - მათ ამოძრავებდათ იმის შეგრძნება, რომ კრემლის მოქმედება ძალიან უსამართლო იყო.

„ჩვენ აქ იმისთვის კი არ მოვედით, რომ რაღაცის დამტკიცება გვსურს, - ამბობს ერთ-ერთი ჯარისკაცი, სახელად „ზაზა“, - ჩვენ აქ უკრაინის დასახმარებლად მოვედით და გვინდა, რომ რუსეთის ჯარმა უკრაინის ტერიტორია მთლიანად დატოვოს. ასევე გვსურს, რომ რუსეთს უკეთესი მომავალი ჰქონდეს, ვლადიმერ პუტინის გარეშე“.

რასაკვირველია, რუსი ლეგიონერები შიშობენ, რომ რუსეთში დარჩენილი მათი ახლობლები შეიძლება რეპრესიების ქვეშ მოჰყვნენ, ამიტომ არცერთი არ ამჟღავნებს თავის ნამდვილ სახელს და ბიოგრაფიულ ცნობებს. ამ მხრივ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ გასულ კვირას რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა „რუსული ლეგიონის“ ტეროროსტულ ორგანიზაციად გამოცხადების თაობაზე.

„ზაზა“ მაღალი და გამხდარი ქერა ბიჭია, რომელმაც, როგორც ამბობენ, ორიოდე წლის წინ დაამთავრა საშუალო სკოლა. მან თავისი წლოვანება არ გაამხილა, თუმცა ერთი შეხედვით,  დაახლოებით 20 წლის ასაკისა ჩანს. მისი თქმით, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, არ გაჩუმებულა და ომის წინააღმდეგ გამოვიდა, თავის აზრს ხმამაღლა ამბობდა, სოციალურ ქსელებში ანტისაომარ პოსტებს წერდა, რის გამოც მას ჯერ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაუპირისპირდა, შემდეგ კი პოლიცია. „როცა გასული წლის შემოდგომაზე ჩემს ბინასთან უშიშროების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ, გადავწყვიტე, რომ [უკრაინაში] წასვლის დრო დადგა... საზღვარი ფეხით გადავკვეთე და მოხალისედ ჩავეწერე. გასაგებია, რომ  ჩემნაირი სრულიად ახალგაზრდა ბიჭისათვის პოლიტიკური მსოფლმხედველობის შესახებ ლაპარაკი თითქოსდა ნაადრევია, მაგრამ როცა გრძნობ, რომ შენს ქვეყანას ძალიან ცუდი ადამიანი მართავს, მაშინ ხელში იარაღი უნდა აიღო“.

ომის დასაწყისში უკრაინული კანონმდებლობა კრძალავდა რუსი მოქალაქეების ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს. „გასული წლის აგვისტოში კანონი შეიცვალა, რითაც ლეგიონს შესაძლებლობა მიეცა ლეგალურად გაეგრძელებინა ბრძოლა რუსეთის არმის წინააღმდეგ“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის პრეს-მდივნის ანდრეი იუსოვის განცხადებაში.

„ძალიან ბევრ რუსს, თავიანთი მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, არ შეეძლოთ გულ-გრილნი დარჩენილიყვნენ და ამიტომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახური დაიწყეს, ქვეყნის დამცველთა რიგებში ჩადგნენ“, - ამბობს ანდრეი იუსოვი და განმარტავს რუსი მებრძოლების მოტივაციას „ლეგიონის“ შექმნის თაობაზე, - „ყველა ლეგიონერს უდიდესი სურვილი აქვს პუტინის ურდოები შეაჩეროს და რუსეთი დიქტატურისაგან გაათავისუფლოს“.

რუსული ლეგიონი „თავისუფალი რუსეთი“ უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონის ეგიდით მოქმედებს, რომელშიც, რუსების გარდა, შედიან ამერიკელი და ბრიტანელი მოხალისეები,  ბელარუსები, ქართველები და ა.შ.

რუსი ჯარისკაცების თქმით, მათთან ლეგიონში ჩაწერა ადვილი არ არის. მსურველმა განცხადება უნდა დაწეროს და ბიოგრაფიული ცნობების მკაცრი შემოწმება უნდა გაიაროს, რომლის დროსაც ტესტები და პოლიგრაფი („სიცრუის დეტექტორი“) გამოიყენება.. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება წრთვნები და სამხედრო მომზადება. რასაკვირველია, რადგან მათ რუსული პასპორტები აქვთ და რუსეთის მოქალაქეები არიან, უკრაინელები მაინც გარკვეული უნდობლობით უყურებენ. ანდრეი იუსოვის თქმით, იყო ჯაშუშობის რამდენიმე მცდელობა, კრემლის ერთგული ადამიანების ლეგიონში შენიღბულად შეღწევის მიზნით.

გასულ კვირას კიევის ოლქში რუსი ჯარისკაცების წრთვნები ჩატარდა, ისინი ფრანგული 155-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნისა და ამერიკული შაშხანის M16-ის გამოყენების წესებს სწავლობდნენ. „ამერიკული შაშხანა უფრო უკეთესია, ვიდრე კალაშნიკოვის ავტომატი“, - ამბობს ერთ-ერთი რუსი ლეგიონერი, - „დიდი ხანია უკვე ვისვრი და რაიმე პრობლემა არ მქონია“.

რუსი ჯარისკაცების წრთვნების დროს ყველა ინსტრუქტორი უკრაინელი იყო, მაგრამ ისინი, გასაგები მიზეზების გამო, რუსებს რუსულ ენაზე ელაპარაკობდნენ. გასაუბრების დროს ზოგიერთი ახალგაზრდა რუსი მოქალაქე ცდილობდა რამდენიმე სიტყვა უკრაინულ ენაზე ეთქვა, მაგრამ შემდეგ ისევ მშობლიურ ენას უბრუნდებოდნენ.

„დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, რაც მათ მომზადება დაიწყეს, ისინი ცდილობენ ზოგიერთი ფრაზის უკრაინულად წარმოთქმას - მაგალითად, „გმადლობთ“, „ნება მომეცით“ და ა.შ., - ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი ინსტრუქტორი.

რუსი ჯარისკაცების თქმით, მათთვის რთულია თავიანთი ოჯახისათვის საკუთარი გადაწყვეტილების მოტივაციის ახსნა. ამიტომ სამშობლოში დაბრუნება ჯერ-ჯერობით არ სურთ. მით უმეტეს, როცა ბუჩაში და ირპენში თავიანთი თანამემამულეების - რუსი ჯარისკაცების - მიერ ჩადენილი მხეცობები რუსეთის მოსახლეობას უკრაინელების შეთხზული ჰგონია და უარყოფენ, როგორც უცხოურ პროპაგანდას.

„მათ არ იციან სინამდვილე“, - ამბობს 32 წლის რუსი ეროვნების ჯარისკაცი „მაიამი“, რომელიც აღნიშნავს, რომ მას მშობლები ჩააგონებდნენ - თუ ბრძოლა გინდა, რუსეთის მხარეზე იბრძოლეო.  „რუსეთის ხელისუფლება მოსახლეობას ეუბნება, რომ უკრაინაში ცუდი ადამიანები არიან და ამის სჯერათ. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ მსოფლიოს მეორე ძლიერ არმიას ჩვეულებრივი ადამიანების დახოცვა შეუძლია“.

უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე სროლები შეუჩერებლად ისმის, რუსეთის არმია უკრაინელთა პოზიციებს განუწყვეტლივ ბომბავს და ცდილობს მათ ბახმუტი დაატოვებინოს. ეს ხდება იმ მოსალოდნელი შეტევის წინ, რომლის მიზანს დონბასის ტერიტორიის სრული დაპყრობა წარმოადგენს.

საცეცხლე პოზიციებზე ყოფნის დროს („ნიუ-იორკ თაიმსი“ მის ადგლმდებარეობას შეგნებულად არ ასახელებს, უსაფრთხოების გამო), მიწა ჭურვების აფეთქებებმა გადათხარა, ცა კი რაკეტების კვამლიანი კვალით დაიხაზა. იმ დღეს „იქით მხარეს“ მყოფმა რუსეთის არმიამ ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები „გრადები“ გამოიყენა, თუმცა რუს ჯარისკაცებს „აქეთ მხარეს“ დანაკარგები არ ჰქონიათ. დაიჭრა მხოლოდ ახლო მდებარე სოფლის რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე.

ლეგიონის ჯარისკაცების თქმით, ისინი აგრძელებენ თავდაცვის ხაზზე დგომას, მაგრამ ზოგიერთებმა უკვე დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა იქნება შემდეგ, როცა ომი დასრულდება.

„ჩემი მოვალეობაა უკრაინელი ხალხის დაცვა“, - ამბობს 50 წლის „ცეზარი“, - „თუ ცოცხალი დავრჩები და უკრაინის მთელი ტერიტორია გათავისუფლებული იქნება, მე მაინც გავაგრძელებ ბრძოლას ყველგან, სადაც კი შესაძლებლობა მექნება, იმ მიზნით, რომ კრემლის რეჟიმი დაემხოს“.

„ცეზარი“, რომელიც ლეგიონში „ექსცენტრული ბრძენის“ რეპუტაციით სარგებლობს, ამბობს, რომ იგი თავდაპირველად ჩამოყალიბებული რუსი ნაციონალისტი იყო, მაგრამ ახლა იგი ფიქრობს, რომ რუსეთი „ლიანდაგიდან გადავარდა“ - განსაკუთრებით იმ დროს, როცა კრემლმა უკრაინაზე თავდასხმა გადაწყვიტა. იყო დრო, როცა „ცეზარი“ რუსეთის საიმპერიო მოძრაობის წევრი იყო, რომელიც აშშ-მა ძალადობრივ ექსტრემისტულ დაჯგუფებად აღიარა, მაგრამ „ცეზარი“ ახლა აცხადებს, რომ მოძრაობასთან კავშირი 2014 წელს გაწყვიტა, ყირიმის ანექსიის შემდეგ.

უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელიც ლეგიონს კურირებს, ამბობს, რომ „ცეზარს“ დიდი დრო დაჭირდა გზის ძიებაში, რომელიც მან საბოლოოდ იპოვა და ახლა, იდეოლოგიური თვალსაზრისით, სწორად მსჯელობს. ასე რომ, უკრაინის ოფიციალური პირები მას ენდობიან.

„ცეზარმა“ გასულ ზაფხულს შეძლო თავისი ოჯახი - ცოლი და ოთხი შვილი - უკრაინაში გადაეყვანა და თვლის, რომ იბრძვის არა თანამემამულე რუსების, არამედ „ნაძირლებისა და მკვლელების“ წინააღმდეგ, რომლებსაც ეროვნება არ აქვთ.

„აი, მე თქვენს წინაშე ვდგავარ, რუსი სამაგალითო ადამიანი, რომლის შესახებაც ლევ ტოლსტოი და ფიოდორ დოსტოევსკი წერდნენ“, - მეუბნება იგი, - „აი, მე სწორედ ისეთი რუსი ვარ. ისინი კი რუსები არ არიან“.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/02/12/world/europe/russian-legion-ukraine-war.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის