USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«The Economist»: „რუსები პრეზიდენტის ფიქტიურ არჩევნებში მონაწილეობისათვის ემზადებიან“
Date:  452

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist), რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით, აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსები პრეზიდენტის ფიქტიურ არჩევნებში მონაწილეობისათვის ემზადებიან“, რომელშიც განხილულ-გაანალიზებულია რუსულ საზოგადოებაში არჩევნების წინ შექმნილი სიტუაცია და გაკეთებულია დასკვნა, რომ მართალია, მორიგი გაყალბებული არჩევნები ქვეყანაში არაფერს შეცვლის, თუმცა ამომრჩეველი თავისი პროტესტის დაფიქსირებას უნდა შეეცადოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამ კვირის ბოლოს მილიონობით რუსი მიიღებს მონაწილეობას ქვეყნის პრეზიდენტად ყველაზე ხანგრძლივი - იოსებ სტალინის შემდეგ - დიქტატორის ვლადიმერ პუტინის ხელახალ არჩევაში. ქვეყანაში, სადაც ოპოზიციური პოლიტიკოსები ან უკვე მკვდრებია, ან საპყრობილეში სხედან და ან საზღვარგარეთ არიან გაძევებულები, სადაც ხელისუფლების მოქმედებაზე სიმართლის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება  და სადაც პარანოიდალური ავტოკრატი მოხარულია სასაკლაოზე გაგზავნოს ათი ათასობით თავისი თანამემამულე და მეზობელი საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად, არჩევნები საჭიროც კი არ არის. უცნაური სიტუაციაა - ერთდროულად შარადაც და ანაქრონიზმიც.

სამდღიან ხმის მიცემას, რომელიც 15 მარტს დაიწყება, არჩევნებს ვერ ვუწოდებთ იმ თვალსაზრისით, როგორითაც ჩვენ აღვიქვამთ, გვესმის და ვაცნობიერებთ მას დასავლურ სამყაროში. რუსეთის რომ დემოკრატიული ქვეყანა იყოს, ვლადიმერ პუტინს ხელისუფლება 2008 წელს უნდა დაეტოვებინა, როცა კონსტიტუციის მიხედვით, მისი მეორე, ბოლო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა, მაგრამ იქ სადაც ომი მშვიდობას ნიშნავს, უმეცრება - ძალას და თავისუფლება - მონობას, ამ არჩევნების არსი არჩევანის არარსებობაში გამოიხატება.

საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის რეალური ალტერნატივის და არჩევნებისადმი სათანადო კონტროლის არარსებობის პირობებში ვლადიმერ პუტინი, დიდი ალბათობით, სასურველ შედეგს მიაღწევს, მაგრამ მხოლოდ შედეგი არ არის მთავარი ვლადიმერ პუტინისათვის - თვითონ არჩევნების რიტუალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეჟიმისათვის.

საბჭოთა ლიდერებს, რომლებიც ასევე ატარებდნენ გაყალბებულ „არჩევნებს“, ზოგჯერ ბიულეტენში შეტანილი მხოლოდ ერთი კანდიდატით, კიდევ ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლად ბოლშევიკური რევოლუციის მემკვიდრეობით, სოციალიზმის წარმატებით და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებით, მაგრამ ვლადიმერ პუტინის ტირანია უფრო პირადულ და ნაკლებად იდეოლოგიურ ხასიათს ატარებს, პუტინის დიქტატურა თავის „ლეგიტიმურობას“ იღებს ძალადობის გამოყენებით, „სახალხო მხარდაჭერის“ საფუძველზე, რისთვისაც კრემლი გარკვეულ მეთოდებს მიმართავს: დასავლეთისა და უკრაინის სახით ქმნის გარეშე მტრის ხატს, ხოლო შინაურის მტრის სახით - უცხოელი აგენტები ჰყავს წარმოდგენილი.

როგორც გრეგ იუდინი - რუსი პოლიტიკური ფილოსოფოსი და პრინსტონის (აშშ) უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ამბობს, ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები აკლამაციას წარმოადგენს - ძველ რომში იმპერიულ ჩინოვნიკებს ასეთი რიტუალური ფორმით იწონებდნენ (გავიხსენოთ, რომ მოსკოვი ოდესღაც თავს „მესამე რომად“ თვლიდა). არჩევნების როლი, რასაკვირველია, არ გამოიხატება იმით, რომ ხელისუფლებაში მყოფი რომელიმე პიროვნება შეცვალოს, არამედ იმით, რომ უკვე მოხუცებულობაში შესულ დიქტატორს ლიგიტიმურობა შემატოს. „გადაწყვეტილება თვითონ ლიდერის მიერ მიიღება. ხალხის როლი მხოლოდ იმით გამოიხატება, რომ თქვას „დიახ“, ანუ მოიწონოს“, - ამბობს გრეგ იუდინი.

მას შემდეგ, რაც 2000 წელს ვლადიმერ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში გამოჩნდა, მისი რეჯიმი პასიურობას კულტივირებდა, ანუ ადამიანებს აქტიური პოლიტიკისგან აშორებდა და მათ მხოლოდ საჯარო ღონისძიებებში (არჩევნებში, რეფერენდუმებში...) მონაწილეობისათვის მიმართავდა. სწორედ ასეთი რიტუალია გამოხატული „ბორის გოდუნოვში“ - ალექსანდრე პუშკინის მიერ შექმნილ დიდებულ ტრაგედიაში, როცა ბორის გოდუნოვს, XVI საუკუნის ბოიარს, რომელიც მეფედ თავად-აზნაურობამ და ეკლესიამ აირჩია, კრემლის წინ თავშეყრილი ხალხი ესალმება. ისინი სათანადოდ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას - მხარს უჭერენ ახალ მეფეს, იმავდროულად კი კერძო საუბრებში ლაპარაკობენ, რომ გოდუნოვმა ტახტის კანონიერი მემკვიდრე მოკლაო.

ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ამ რიტუალური მისალმება-მხარდაჭერა-მოწონების არსი გაიგო და რეალურად შეეცადა მისთვის ხელის შეშლას და არჩევნებისადმი კლასიკური, ჭეშმარის პოლიტიკური დანიშნულების დაბრუნებას, ალექსი ნავალნი იყო - საპყრობილეში მოკლული რუსი ოპოზიციონერი. მან კარგად იცოდა, რომ რუსეთში ხელისუფლების შეცვლა საარჩევნო ურნების დახმარებით შეუძლებელია, ამიტომ იგი არჩევნებს განსხვავებული აზრის გამოხატვის, მისი დაფიქსირების საშუალებად თვლიდა. მისმა მოწოდებამ 2011 წლის არჩევნების დროს, რომ ხმა მიეცათ ყველა სხვა პარტიისათვის, პუტინისტური „ედინაია როსიას“ გარდა, ამომრჩეველთა და დამკვირვებელთა მობილიზება მოახდინა: კრემლი იძულებული გახადა არჩევნების გაყალბება საჩქაროდ მოეხდინა ისე ღიად და შეუნიღბავად, რომ უდიდესი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია რუსეთის პოსტსაბჭოურ ისტორიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსი ნავალნი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კოლონიაში იყო ჩამწყვდეული არქტიკაში, პოლარული წრის მიღმა, ექსტრემიზმის ბრალდებით, ხოლო მისი ორგანიზაცია კანონგარეშედ იქნა გამოცხადებული, ზოგიერთი მისი მოკავშირე ციხეებში იხდის სასჯელს, იგი აგრძელებდა ვლადიმერ პუტინის კრიტიკას, ბრძოლაში იწვევდა და მოსახლეობის მობილიზებას ახდენდა. სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ალექსი ნავალნიმ მოსახლეობას მოუწოდა, რომ „არჩევნების“ დროს, 15-17 მარტს, მისულიყვნენ ურნებთან და ხმა მიეცათ ყველა კანდიდატისათვის, ვლადიმერ პუტინის გარდა, ან საარჩევნო ბიულეტინები გამოუსადეგარი გაეხადათ.

ალექსი ნავალნის მკვლელობით არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ვლადიმერ პუტინს სურდა ეჩვენებინა, რომ მისი და ძველი იმპერიალისტური რუსეთის ალტერნატივა თანამედროვე ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ მას ალექსი ნავალნი საფლავიდანაც კი არ ასვენებს - ჯერ ერთი, რომ  დაკრძალვის დღეს მას პატივი მიაგო ათი ათასობით რუსმა, ხოლო მეორე - აშკარად გაისმოდა ხმები პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ: „პუტინი მკვლელია“, „არა - ომს“ და ა.შ. ფრენკ სინატრას მელოდია, რომელიც ალექსი ნავალნის დაკრძალვის დროს ჟღერდა, ახლა წინააღმდეგობის მოძრაობის მელოდიად იქცა. სამგლოვიარო და ანტიპუტინური აქციები რუსეთის 230-ზე მეტ ქალაქში გაიმართა.

იულია ნავალნაია, რომელმაც ქმრის ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტა, მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ ისარგებლონ ხმის მიცემის დღეებით, „რათა ხელისუფლებას ვაჩვენოთ - ჩვენ ვარსებობთ, ბევრნი ვართ და პუტინის წინააღმდეგ გამოვდივართ“.

17 მარტს, კვირას, ამომრჩეველთა ძირითადი რაოდენობის მისვლა ურნებთან, რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებას ვერ შეცვლის, მაგრამ ქვეყანაში, სადაც სიმბოლოებსა და ჟესტებს უფრო მეტი წონა აქვთ, ვიდრე განცხადებებს (რაც ალექსი ნავალნის დაკრძალვის დროსაც გამოიხატა), პუტინისადმი მხარდაჭერას უკვე ჩრდილი მიადგა. გავიხსენოთ, რას ამბობს ალექსანდრე პუშკინის ტრაგედიის „ბორის გოდუნოვის“ ერთ-ერთი გმირი - სალოსი ნიკოლკა, როცა კრემლის მსახური ეკლესია მოსახლეობას ბორის გოდუნოვის მხარდასაჭერად მოუწოდებს: „არავითარი ლოცვა მტარვალი მეფისათვის... ღვთისმშობელი ამას არ დაუშვებს“.

წყარო: https://www.economist.com/europe/2024/03/12/russians-go-to-the-polls-in-a-sham-election-for-their-president

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way