USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
«The Economist»: „გერმანიის ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება“
თარიღი:  749

გერმანიის ეკონომიკა, რომელიც ორიოდე წლის წინათ ევროკავშირში ლოკომოტივად ითვლებოდა, დღეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება დანარჩენ „მდიდარ მსოფლიოს“. ქვეყანა უკვე ევროპისათვის მუხრუჭად გადაიქცა, - ნათქვამია ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გერმანიის ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება“. პუბლიკაციაში გაანალიზებულია ის მიზეზები და გარემოებები, რომლებმაც ქვეყნის განვითარებას პრობლემები შეუქმნა.

როგორი იქნება გერმანიაში ეკონომიკური სიტუაცია უახლოეს წლებში? ექსპერტები თვლიან, რომ ამ კითხვაზე პასუხი რთულია: შესაძლოა გაისად გერმანელებმა ცოტა სული მოითქვან, მაგრამ გამოცოცხლების პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა, ახლახან ტელევიზიით გამოსვლისას - მას შემდეგ, რაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1,3%-დან 0,2%-მდე  გადაიხედა - ტევტონური თავშეკავებით აღიარა, რომ ქვეყნის ეკონომიკური პირობები „არადამაკმაყოფილებელია“. გერმანიას წინ ეკონომიკური დაქვეითება ელოდება, რაც ორი ათეული წლის განმავლობაში პირველ ორწლიან რეცესიას უქადის.

მართლაცდა, ევროპის უდიდესი ეკონომიკა ძლივს გამოვიდა კოვიდური შოკიდან და ახლა მსოფლიოს მდიდრებს უკან ჩანჩალით მისდევს. როგორც ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი იზაბელ შნაბელი აცხადებს, 2021 წელს ეროპაში საკმაოდ კარგად მიდიოდა საქმე, რასაც ვერ ვიტყვით გერმანიაზეო, მაგრამ ევროზონის ეკონომიკაზე საუბრისას ისევე არ შეიძლება გერმანიის გარეშე ლაპარაკი, როგორც აშშ-ის ეკონომიკაზე - კალიფორნიისა და ტეხასის გარეშე.

რა თქმა უნდა, გერმანიის ეკონომიკურ სიძნელეებს თავისი მიზეზები აქვს. ბერლინი 2022 წლამდე რუსული იაფი ენერგონედლეულით - ნავთობითა და გაზით - საზრდოობდა, მთელი მრეწველობა მასზე იყო მიბმული, რუსეთ-უკრაინის ომმა და სანქციებმა კი ზარალი გერმანიასაც მიაყენა, მოიმატა ფასებმა ენერგომატარებლებზე. თავის მხრივ, ჩინეთის ეკონომიკურმა ძლიერებამაც ევროპაში ქაოსი დათესა. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ გარე ფაქტორების დადანაშაულება სწორი არ იქნება - გერმანიის ეკონომიკური პრობლემები უფრო ღრმად დევს და ვეცრს მხოლოდ საშინაო მიზეზები აქვს. ამას ისიც ემატება, რომ მთავრობა კოალიციურია და ყოველ პარტიას თავისი განსხვავებული ხედვები აქვს.

ბოლო წლებში გერმანიის მრეწველობა რიფ პრობლემებს წააწყდა, განსაკუთრებით ზალიან დაზარალდა ენერგოტევადი დარგებ: ქიმიური, ლითონდამმუშავებელი და ქაღალდის წარმოება. მართალია, ამ სექტორების წილი ქვეყნის წარმოების მხოლოდ 16%-ს შეადგენს, მაგრამ ისინი  სამრეწველო ენერგიის თითქმის 80%-ს მოიხმარენ. ბევრმა კომპანიამ ენერგიის გაძვირების კვალობაზე თავისი მუშაობა შეწყვიტა.

კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა გახდა კომპანიების უმრავლესობისათვის ის, რომ მსოფლიო მოთხოვნილებებში ცვლილებები მოხდა. გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობა ჩინეთთან ისეთი აღარაა, როგორც ადრე იყო. 2010-იან წლებში ორი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ურთიერთდამატებული ხასიათი ჰქონდა: გერმანია ჩინეთს ავტომობილებს აწვდიდა, ქიმიური მრეწველობის პროდუქციას და სხვადასხვა მოწყობიობებს, თვითონ კი ჩინეთისაგან იძენდა სამომხმარებლო საქონელს, შუალედურ რესურსებს და ნახევარფაბრიკატებს - მაგალითად, აკუმულატორებს და ელექტრონულ კვანძებს (ინტეგრალურ სქემებს). ახლა ჩინეთი თვითონ აწარმოებს იმას, რის იმპორტირებასაც ადრე ახდენდა, ხოლო რიგ შემთხვევებში გერმანიის კონკურენტად იქცა, განსაკუთრებით ავტომრწველობაში, რომელიც გერმანიის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს.

თუმცა, ექსპერტთა აზრით, გერმანიის მრეწველობის დასანანი ჩამორჩენა შეიძლება გადაჭარბებულიც კი იყოს. ყოველ შემთხვევაში არის იმის იმედები, რომ გაისად წარმოების მოცულობა გაიზრდება. მაგრამ თავის დამშვიდების შესაძლებლობა ნამდვილად არ იქნება. გერმანიაზე ისევ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ის გარემოება, რომ ქვეყანას ენერგოდეფიციტი აქვს. ელექტროენერგეტიკა, ატომური ელექტროსადგურების გაჩერების შემდეგ, ძირითადად რუსულ გაზზე მუშაობდა (თბოლექტროსადგურები), ახლა კი არც რუსული იაფი გაზი აღარ არის, მას უფრო ძვირი ამერიკული გაზი და ქვანახშირი ჩაენაცვლა. ელექტროენერგიის გაძვირებამ პროდუქციის გაძვირებაც გამოიწვია - გერმანულმა საქონელმა კონკურენტუნარიანობა დაკარგა, ევროზონის სხვა ქვეყნების პროდუქციასთან შედარებით.

კონკურენტუნარიანობის დაკარგვის გარდა, გერმანიას ბრძოლა უწევს დემოგრაფიული რყევების ნეგატიურ შედეგებთანაც. ბოლო წლებში ძირძველი გერმანული მოსახლეობა დაბალანსებული იყო იმიგრაციის მაღალი დონით, მაგრამ მიგრანტები უკვე იმდენი აღარ არის, რამდენიც ადრე იყო - კომპანიებს მუშახელი არ ჰქოფნით. როგორც ექსპერტები თვლიან, შრომისუნარიანი გერმანული მოსახლეობის რიცხოვნება მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 0,5%-ით შემცირდება, რაც ყველაზე სერიოზული ვარდნა იქნება მსოფლიოს მსხვილ ეკონომიკებს შორის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩინოვნიკების გაფრთხილებით, თუ მწარმოებლობა მკვეთრად არ გაიზრდება, გერმანიის ეკონომიკური ზრდა ალბათ, წელიწადში 0,7%-იანი დონით დარჩება, რაც პანდემიამდელი დონის დაახლოებით ნახევარია. ფონდის ანალიტიკოსები პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკაში სერიოზული პოზიტიური ცვლილებები, სამომავლო 2025 წლის ფედერალური არჩევნებამდე, მოსალოდნელი არ არის.

გერმანიაში რეცესია მტკივნეულია როგორც თვითონ გერმანელებისათვის, ასევე მთლიანად ევროზონისათვის. დროებითი ეკონომიკური აღორძინება მომავალ წელს, რომელიც გამოწვეული იქნება ინფლაციის სესუსტებიტა და ენერგომატარებლებზე მეტ-ნაკლებად შემცირებული ფასებით - სტრუქტურულ პრობლემებ ვერ გადაწყვეტს. გერმანიის ეკონომიკაში პრობლემებისა და დაძაბულობის სიმპტომები ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე გაჩნდა - პრობლემები გროვდებოდა მაშინაც, სანამ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა და სანამ ჩინეთი პრობლემურ დარგებს ფულით ამოავსებდა. და, რა თქმა უნდა, გარკვეული დროის განმავლობაში დაძაბულობის მიშნები შენარჩუნდება.

წყარო: https://www.economist.com/finance-and-economics/2024/10/15/how-the-german-economy-went-from-bad-to-worse

 

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის