USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
«The Economist»: „დროა გავაცნობიეროთ: უკრაინას წინ ხანგრძლივი ომი ელოდება. აუცილებელია კურსის შეცვლა“
дата:  470

ცნობილ ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist), ლიდერი მასალის სახით, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დროა გავაცნობიეროთ: უკრაინას წინ ხანგრძლივი ომი ელოდება. აუცილებელია კურსის შეცვლა“. ვრცელ პუბლიკაციაში გაანალიზებულია ომის მდგომარეობაში მყოფი უკრაინის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებები გრძელვადიან პერსპექტივაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომს არაერთხელ გაუცრუებია მოლოდინი კიევის მომხრეებისათვის და ახლაც იგივე მეორდება: სამი თვის წინ დაწყებული კონტრშეტევის შემდეგ იყო იმედი, რომ თანამედროვე დასავლური იარაღით აღჭურვილი და დასავლურ ბაზებზე გაწრთვნილი უკრაინელი ჯარისკაცები ოკუპანტი რუსებისაგან სულ მთლიანად თუ არა, იმდენ ტერიტორიას მაინც დაიბრუნებდნენ, რომ ქვეყნის ლიდერებს, ნებისმიერი საზღვარგარეთული ვიზიტისა თუ მოლაპარაკების დროს, პოზიციებს გაუმაგრებდნენ.

მაგრამ ამ ჩანაფიქრმა არ იმუშავა: უკრაინის არმიამ სოფელ რობოტინოსთან ბრძოლის დროს (რომელსაც „გარღვევას“ უწოდებენ), რუსებისაგან დაკავებული ტერიტორიის მხოლოდ 0,25% დაიკავა. ფრონტის ხაზი, რომლის სიგრძე ათას კილომეტრზე მეტია, პრაქტიკულად არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, თეორიულად უკრაინის არმიას, უახლოეს კვირეებში, ჯერ კიდევ შეუძლია „გარღვევის“ განხორციელება, მაგრამ, როგორც სამთვიანი საომარი მოქმედებების „უშედეგო შედეგები“ მოწმობს, ვარაუდების იმედზე ყოფნა გულუბრყვილობა იქნებოდა. (...)

უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ რუსეთთან გაჭიანურებული ომი ელოდებათ, რომელიც ერთმანეთის გამოფიტვისკნ იქნება მიმართული. ვაშინგტონში მყოფმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეკონომისტის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ „მე მზად უნდა ვიყო გრძელვადიანი ომისთვისო“, თუმცა, ამჟამად, სამწუხაროდ, ომის გაჭიანურების შემთხვევაში უკრაინისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მზადყოფნა არაფერში არ ჩანს, ისინი ყველა ისევ კონტრშეტევაზე არიან კონცენტრირებულნი. არადა, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ დადგა დრო იფიქრონ როგორც უკრაინის ახალ სამხედრო სტრატეგიაზე, ისე მის ეკონომიკაზეც. „გამარჯვების“ ნაცვლად, რომელიც, რაც დრო გადის, საეჭვო ხდება, უკრაინა უნდა ისწრაფვოდეს რეალური სიტუაციის ობიექტურად გააზრებისაკენ და ეკომომიკის აღდგენისაკენ - თვით საომარ მდგომარეობაშიც კი.

პირველი „რეკალიბრაცია“, რაც უნდა გაკეთდეს, უკრაინის სამხედრო სფეროს უნდა შეეხოს: უკრაინელი ჯარისკაცები, განუწყვეტელი საომარი მოქმედებების გამო, ძალზე  დაიქანცნენ, ბევრმა სამხედრო ქვედანაყოფმა თავისი საუკეთესო მებრძოლები დაკარგა. მობილიზაციის მიუხედავად, უკრაინის არმიას კონტრშეტევის ტემპის დასაჩქარებლად ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცები მაინც არ ჰყოფნის. შესაბამისად, უკრაინამ რაციონალურად უნდა გამოიყენოს თავისი რესურსები და თამაშის წესები უნდა შეცვალოს. კიევმა უნდა გააფართოვოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების რაოდენობა. ცნობილია, რომ უკრაინული სამხედრო კომპანიები უკვე დიდი რაოდენობით აწარმოებენ უპილოტო საფრენ აპარატებს (დრონებს), მაგრამ კიევს ნაკაუტში ჩამგდები დარტყმის მიყენების იმედი არ ჰქონდეს. იმიტომ, რომ რუსეთიც სწრაფი ტემპით აფართოებს დრონების წარმოებას. აქ მთავარი ისაა, რომ კიევს პასუხის გაცემის უნარიც აქვს და რუსული დრონების დარტყმების თავიდან არიდების უნარიც, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაუმჯობესების წყალობით. (...)

უკრაინის შემტევითი პოტენციალის გაზრდასთან ერთად აუცილებელია იარაღის გამძლეობისა და მისი შენარჩუნების საკითხის მოგვარებაც. სამხედრო ტექნიკას მაღალი დონის მომსახურება ჭირდება, რომ ტანკებმა, ჯავშანმანქანებმა და სატრანსპორტო საშუალებებმა მრავალწლიან ბრძოლას გაუძლონ. ამაში იგულისხმება მიმდინარე რემონტი, მარაგნაწილების დროული მიწოდება და რეზერვი, სამხედრო წრთვნების ჩატარება და სხვა. გაჭიანურებული ომი ითხოვს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის შესაძლებლობების გაფართოებასაც. რასაკვირველია, ამას დიდი ფინანსები ჭირდება. საკვირველია, მაგრამ ასეთი სისხლისმღვრელი ომის დროს კიევი, შეიძლება ითქვას, კარგად არის დაცული, განუწყვეტელი საჰაერო შეტევების კვალობაზე. ასეთივე დაცვით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სხვა დიდი ქალაქებიც. სწორედ ამიტომ ჭირდება უკრაინას ამერიკული „ფალკონების“ (F-16-ების) ესკადრილია და დამატებითი რადარული სისტემები.

მეორე „რეკალიბრაცია“ ეკონომიკას ეხება: ეს ნიშნავს, რომ კიევმა უნდა შეამციროს ეკონომიკური აღდგენის „ნაპოლეონური გეგმები“ და მეტი ყურადღება დაუთმოს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქარხნების ამუშავებას - პროდუქციის მეტ გამოშვებას და კაპიტალურ დაბანდებებს. გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკა ერთი მესამედით შემცირდა, სახელმწიფო ბიუჯეტი სანახევროდ დასავლეთის ფინანსური ინექციებით ივსება. ამჟამად უკრაინის ფინანსებში „ჰოლანდიური ავადმოყოფობა“ შეინიშნება - გრივნის კურსი მყარდება (ეს ხდება ეკონომიკის ცალკეული სექტორების სწრაფი განვითარებით, მაგალითად, სამხედრო სფეროში, რაც საბოლოო ჯამში, წამგებიანია საერთო ეკონომიკური მდგომარეობისათვის. ტერმინის ისტორია უკავშირდება 1970-იან წლებში ნიდერლანდებში გაზის დიდი მარაგის აღმოჩენას, რომელიც შემდეგ გამოილია). მაგრამ გრივნის გამყარებასთან ერთად, კერძო ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირდა. გარდა ამისა, შეინიშნება სამუშაო ძალის მწვავე ნაკლებობა: თითქმის მილიონ უკრაინელს ხელში იარაღი უჭირავს და ფრონტზე იბრძვის, მილიონობით მოქალაქე კი საზღვარგარეთ გაიქცა.

უკრაინის ეკონომიკა, ომის მიუხედავად, უნდა ეცადოს უცხოური პირდაპირი ფინანსური ინექციებიდან თავის დაღწევას და ინვესტიციების მიზიდვაზე უნდა გადავიდეს. კიევს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს: იარაღის წარმოებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების ჩათვლით. ამოცანა იმაშია, რომ მთავრობამ უნდა დაარწმუნოს ადგილობრივი და უცხოელი კომპანიები ინვესტიციების მომგებიან დარგებში ჩადებისათვის და უფრო მეტად ისარგებლონ შედარებით მშვიდი რეგიონების შესაძლებლობით, მაგალითად, დასავლეთ უკრაინაში [ვოლინში, იმიერკარპატეთში, ბუკოვინაში და ა.შ.]. ცხადია, ამ ყველაფერს ხელი უნდა შეუწყოს უსაფრთხოების დონის გაზრდამ - ინვესტორს იმის შიში არ უნდა ჰქონდეს, რომ მისი ახალი საწარმო დაბომბვებით ნანგრევებად იქცევა. აუცილებელია ეკონომიკური რეფორმების გატარება - ბიზნესის წარმოების გაუმჯობესება-გაიოლების მიზნით, კვალიფიკაციის ამაღლება, დაზღვევა და კორუფციასთან ბრძოლის გაფართოება, კანონის უზენაესობის დაცვა, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში.

ამ ყველაფრის რეალიზება, რასაკვირველია, პოლიტიკურ ნების გამოჩენას ითხოვს როგორც უკრაინის ხელისუფლებისაგან, ასევე მისი დასავლელი მეგობრებისგანაც. გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე საუკეთესო გარანტიას ნატოს წევრობა წარმოადგენს და როგორც მინიმუმი - აუცილებელია ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, თუ რისი შეთავაზება შეუძლია ევროკავშირს უახლოეს ხანში - იგულისხმება არამარტო ფული, არამედ ორგანიზაციაში გაწევრიანებაც. რა თქმა უნდა, ძნელია წარმოიდგინო ქვეყნის აყვავება მუდმივი დაბომბვის პირობებში - ასეთ სიტუაციაში ისრაელიც კი არ ყოფილა. მაგრამ უკრაინა, ისრაელისაგან განსხვავებით, ადრე თუ გვიან, თავისი საკუთარი რესურსების ეფექტური გამოყენებით, შეიძლება მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში მოხვდეს. ევროკავშირის წევრის სტატუსი კიევს განვითარებისათვის ქმედით დახმარებას გაუწევს (ისევე როგორც თავის დროზე გაუწია აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს).

ევროპასაც მოუწევს უკრაინის მიმართ თავისი მიდგომებისა და მეთოდების შეცვლა. მან უკვე მისცა თითქმის იმდენივე იარაღი უკრაინას, რამდენიც ამერიკამ და უფრო მეტი პირდაპირი ფინანსური დახმარება. მაგრამ მიღწეულზე არ უნდა გავჩერდეთ. თუ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მან შეიძლება უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა შეუმციროს. და მისი წაგების შემთხვევაშიც კი, საბოლოო ჯამში, ევროპას მოუწევს უკრაინის დახმარების დიდი ნაწილი თვითონ იკისროს.

უკრაინის დამარცხება ნიშნავს, რომ ევროკავშირის გვერდით არშემდგარი სახელმწიფო იქნება, მისგან გამომდინარე არასასურველი შედეგებით. უკრაინის გამარჯვება კი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს ახალი წევრი ეყოლება 30-მილიონიანი კარგად განათლებული მოქალაქით, ევროპაში ყველაზე დიდი და ბრძოლისუნარიანი არმიით და მძლავრი სამრეწველო და სასოფლო-სამურნეო ბაზის მქონე ქვეყნის სახით.

უკრაინაზე საუბრის დროს ხშირად ლაპარაკობენ „კონფლიქტის დასრულების“ თაობაზე.  ასეთ ლაპარაკს ბოლო უნდა მოეღოს. ილოცეთ სწრაფ გამარჯვებაზე, მაგრამ ემზადეთ ხანგრძლივი ბრძოლისათვის - რათა უკრაინა, ყოველივე პრობლემის მიუხედავად, გადარჩეს და აყვავდეს.

წყარო: https://www.economist.com/leaders/2023/09/21/ukraine-faces-a-long-war-a-change-of-course-is-needed

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати