USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინისადმი მხარდაჭერა დასავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც ნიშნავს“
Date:  311

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინისადმი მხარდაჭერა დასავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც ნიშნავს“, რომელშიც ობიექტურადაა შეფასებული უკრაინის მძიმე მდგომარეობა და აღნიშნულია, თუ რატომ უნდა დაეხმაროს აუცილებლად კიევს დასავლეთი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

რას გააკეთებთ იმ სიტუაციაში, როცა ვინმე რაღაცას გვპირდება და მოცემულ სიტყვას არ ასრულებს? ვოლოდიმირ ზელენსკის შემთხვევაში, რომლის გაბედულმა განცხადებებმა და გმირულმა წინააღმდეგობამ დასავლეთი უკრაინის დახმარების სურვილით განაწყო, პასუხი იმით გამოიხატება, რომ თქვენ გაბრაზდებით ან იმედგაცრუებული დარჩებით. შედეგიც სახეზეა: უკრაინის ლიდერის ძალისხმევის მიუხედავად, რომელმაც კონტრშეტევა დიდი ხმაურით დაიწყო და შემდეგ ფაქტიურად  წააგო, აშშ-ის კონგრესმა კიევისათვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფა გადადო, ხოლო ევროკავშირმა ოთხწლიანი დახმარების გრანტი - 50 მილიარდი ევროს ოდენობით -   ვერ დაამტკიცა. არადა, უკრაინას ჰაერივით ჭირდება ფული და იარაღი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო დროს გაღიზიანებული დადის და ბრაზიან განცხადებებს აკეთებს. ამას წინათ „ეკონომისტთან“ ინტერვიუს დროს იგი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ბრაზისაგან მაგიდას სულ მუშტს უტყამდა. უკრაინის პრეზიდენტი აღარ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ 2022 წლის მარტში ვნახეთ, რუსეთის არმიის შეჭრიდან სამი კვირის შემდეგ. დღევანდელი ბოლოდიმირ ზელენსკი სრულიად განსხვავდება იმდროინდელი ზელენსკისაგან. ამჟამად მისი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ დასავლეთი უკრაინას უნდა აუცილებლად დაეხმაროს, მისივე თვადაცვისა და ინტერესების გამო. „ჩვეთვის იარაღისა და ფულის მოცემით თქვენ საკუთარ თავს იცავთ“, - გვითხრა მან, - თქვენი დახმარებით მხოლოდ ჩვენს შვილებს კი არ იცავთ, არამედ საკუთარ შვილებსაც“. ვოლოდიმირ ზელენსკი მართალია, მაგრამ მისი სიგნალები დასავლელი პოლიტიკოსების ყურამდე არ მიდის.

ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანა ვოლოდიმირ ზელენსკის ორატორულმა ნიჭმა, მისმა განცხადებებმა და დაპირებებმა, რომ უკრაინა დასავლეთის დახმარებით გაიმარჯვებს, მაგრამ კონტრშეტევის წარუმატებლობამ აჩვენა, რომ კიევს გამარჯვება არ შეუძლია და დასავლეთი ფულს ტყუილად ხარჯავს და უმჯობესია, თანხები სხვა პრობლემის გადაჭრას მოხმარდეს, მაგალითად, თავდაცვას ჩინეთის მოსალოდნელი აგრესიისაგან. საბოლოო ჯამში, ასეთი რწმენა და არგუმენტები მცდარია.

კონტრშეტევის წარუმატებლობის მიუხედავად, უკრაინას კიდევ აქვს შანსი, რომ ომი მოიგოს. გამარჯვება არამარტო იმდენად ტერიტორიის დაბრუნებაში გამოიხატება, რამდენადაც იმით, რომ კრემლმა დაინახოს და იგრძნოს - სხვა სახელმწიფოზე თავდასხმა აგრესორისთვისაც მტკივნეული და დამაზიანებელია: რუსეთს მომავალი და პერსპექტივა ერთმევა.

თუ უკრაინას ამერიკა და ევროკავშირი საკმარის ფულს და იარაღს მისცემენ, თუ კიევს ევროკავშირში მიიღებენ, მაშინ ომში გამარჯვება უფრო მეტად იქნება მოსალოდნელი. 2024 წელს საომარი მოქმედებების ცენტრი, დიდი ალბათობით, ყირიმის ნახევარკუნძული იქნება, მატერიკზე კი - დონბასში და თავრიაში (ხერსონის ოლქში) - ფრონტის ხაზი ნაკლებად შეიცვლება. იმიტომ, რომ ყირიმი რუსეთის არმიისათვის მომარაგების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მისი ანექსია 2014 წელს ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტულ ტრიუმფს წარმოადგენდა და თუ უკრაინის არმია ყირიმს გააკონტროლებს, ეს კრემლის რეპუტაციისა და ძლიერებისათვის დარტყმას ნიშნავს.

პირიქით მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი დაინახავს, რომ დასავლეთმა უკრაინის მიმართ რწმენა დაკარგა. იგი არ შეჩერდება. ამას წინათ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ჰოსპიტალში დაჭრილი რუსი ჯარისკაცები მოინახულა, მან აღნიშნა, რომ „უკრაინა კი არ არის რუსეთის მტერი, არამედ დასავლეთი, რომელიც კიევს ეხმარება“. შესაბამისად, მათ, ვინც თვლის, რომ რუსეთი სუსტია და დასავლეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ავიწყდებათ, რომ რუსეთი უკრაინაში ახალ ტაქტიკას იყენებს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი სწრაფად ახდენს არმიის გადაიარაღებას - უფრო სწრაფად, ვიდრე დასავლეთი და იგი მართალს ამბობს.

მაგრამ მიღებულ თანხებსა და რესურსებს თუ სწორად გამოიყენებს, უკრაინასაც შეუძლია გაძლიერდეს. თვითონ განსაჯეთ: უკრაინისათვის გაწეული დახმარება აშშ-ის სამხედრო ხარჯების მხოლოდ 6,9%-ს შეადგენს. არც ევროკავშირისთვის იქნება მძიმე ტვირთი კიევისადმი დახმარება - ბრიუსელს რეზერვები საკმარისი აქვს.  

მოკლედ, დასავლელმა ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკის ზურგი არ უნდა შეაქციონ და უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ. მათ კიევი ფულით და იარაღით დაუყონებლივ უნდა უზრუნველყონ.

წყარო: https://www.economist.com/leaders/2024/01/04/how-backing-ukraine-is-key-to-the-wests-security

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way