USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Тбилиси
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინის კონტრშეტევის ნელი ტემპი საზოგადოებრივ განწყობას აუარესებს: ქვეყნის მთავრობა შეშფოთებულია“
дата:  593

ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის არმიის კონტრშეტევის ნელი ტემპი საზოგადოებრივ განწყობას აუარესებს: მთავრობა შეშფოთებულია“, რომელშიც განხილულია ქვეყანაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის არმიის კონტრშეტევის ტემპები იმედგამაცრუებელია. ეს განსაკუთრებით მწარეა ანასტასია ზამულასათვის, რომელიც უკრაინის ვოლონტერულ ქალთა ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და ფრონტის ხაზზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს დახმარებას უწევს. სამწუხაროდ, ბოლო დროს მის მოწოდებებს და აგიტაციას სასურველი შედეგები არ მოაქვს. რასაკვირველია, სასიხარულოა, როცა ფრონტიდან წარმატების აღმნიშვნელი ამბები მოდის, მაგრამ როცა წარუმატებლობის ამბავს გაიგებ, ძნელია კარგ განწყობაზე დარჩენა. „როცა კონტრშეტევას ტელევიზორით [ან ინტერნეტით] თვალს სავარძლიდან ადევნებ, ყველაფერი იოლი გგონია, მაგრამ როცა პირისპირ შეხედავ სიკვდილს თვალებში, მაშინ უკვე აცნობიერებ, რა საშინელებაა ომი“.

უკრაინულ საზოგადოებაში უღიმღამო განწყობა სუფევს. არ აფიშირდება, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ძლიერდება. უკმაყოფილების მიზეზები გასაგებია: მან მოსახლეობას ზარზეიმით აღუთქვა რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ყირიმის დაბრუნება, მაგრამ ახლა სხვანაირად ლაპარაკობს: „ჩვენ, რომლებიც აქ, კიევში ვზივართ, ფრონტზე მყოფი სამხედროების კრიტიკის უფლება არ გვაქვს“, - ამბობს სერგეი ლეშენკო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-მდივანი, რომელმაც ისინი, ვისაც კონტრშეტევის შედეგების სწრაფად დანახვა უნდა, კაფეში შესულ მოუთმენელ კლიენტებს შეადარა, - „კონტრშეტევა ცხენი არ არის, რომელიც შეიძლება სწრაფად გააჭენო. ყოველი მეტრით წინსვლისათვის ფასს საკუთარი სისხლით იხდი“.

უკრაინის ხელმძღვანელობა განსაკუთრებით გულგატეხილია იმით, რომ დასავლეთი შეპირებულ იარაღს საჭირო რაოდენობით არ აწვდის. კიევის შეშფოთებას აძლიერებს ისიც, რომ დახმარების მიწოდების საკითხი შეიძლება პოლიტიკური მოვლენის - არჩევნების შედეგების გამო ჩაიშალოს. არავინ იცის, როგორ განვითარდება სიტუაცია აშშ-ში, თუ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი იქნება არჩეული. გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბიდან ერთ-ერთი წყაროს თქმით, არმიამ მხოლოდ 60-მდე „ლეოპარდი“ (გერმანული ტანკი) მიიღო, არადა, დაპირება ისეთი იყო, რომ 100 მაინც იქნებოდა. იგრძნობა განნაღმვის სისტემების მწვავე უკმარისოა. „დასავლეთი გვეუბნება, რომ პირდაპირი, ფრონტალური იერიშები განახორციელეთო, მაგრამ ჩვენ ამის რესურსები არ გვაქვს“.

თითქმის სამთვიანი კონტრშეტევის წარუმატებლობა იმითაც აიხსნება, რომ უკრაინის არმიას ჰაერიდან მხარდაჭერა არ აქვს, არ ჰყავს ავიაცია. როგორც წყარო ამბობს, კიევი არასდროს თვალს არ ხუჭავდა იმ გარემოებაზე, რომ ავიაციის გარეშე პროგრესის მიღწევა ზალიან რთულია. მარტალია, 20 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დანიამ და ნიდერლანდებმა საჩუქრად 61 ავიაგანამადგურებლის F-16-ის („ფალკონის“) გადაცემა აღუთქვეს, მაგრამ ეს მხოლოდ 2024 წლიდან მოხდება. უკრაინის სარდლობა თვითმფრინავების მიღების იმედით, როგორც შეეძლო, ისე აჭიანურებდა ბოლო მომენტამდე  შეტევის დაწყებას, მაგრამ არ გამოუვიდა. ივნისში, როცა უკრაინის არმიამ რუსების მიერ დანაღმულ მინდვრებში, ცოცხალი ძალისა და დასავლური მძიმე ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგა, თავდაპირველი გეგმების კორექტირება მოხდა. კიევი დღეს ცდილობს არმიის პირად შემადგენლობას გაუფრთხილდეს. „ჩვენ უკვე აღარ მივდივართ ფრონტალურ შეტევაზე, „ტყვიას შუბლს აღარ ვუშვერთ“, რადგან დანაკარგები დიდი იქნება. ახლა აქცენტი გადაგვაქვს მტრის დასუსტებაზე - საარტილერიო-სარაკეტო დაბომბვებზე, უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით) დარტყმებზე, რადიოელექტრონულ ბრძოლაზე და ა.შ.“, - ამბობს წყარო.

მართალია, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ უკრაინის არმიის მოქმედება სრულიად უშედეგოა. კიევმა ფრონტის ზოგიერთ ადგილზე გარკვეულად წინ წაიწია, გადალახა რამდენიმე დანაღმული ველი, მაგრამ თითქმის სამთვიანი ბრძოლების შემდეგ უკრაინა ჯერ კიდევ შორსაა სტრატეგიული მიზნის მიღწევამდე - აზოვის ზღვის ნაპირზე გასვლამდე. მოახერხებს თუ არა კიევის არმია ყირიმ-დონბასის დერეფნის გადაჭრას და ქალაქების - მელიტოპოლ-ბერდიანსკის დაკავებას ოქტომბრამდე, როცა წვიმები დაიწყება და მძიმე ტექნიკის გრუნტზე გადაადგილება გაძნელდება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია.

ფრონტზე შექმნილი უსიხარულო განწყობა უკრაინის პოლიტიკაზეც შესაბამის გავლენას ახდენს. მართალია, ფაქტიურად ომის განმავლობაში ოფიციალური პოლიტიკური დებატები შეჩერებულია, მაგრამ მთელი ზაფხულის განმავლობაში დადის ხმები, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებამ შეიძლება ვადამდელი საპარლამენტო-საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს. ლოგიკა ასეთია: პრეზიდენტისათვის უკეთესია ახლა განახორციელოს საკუთარი თავის კიდევ ერთი ვადით არჩევა, როცა იგი ჯერ კიდევ რჩება ეროვნულ ლიდერად, ეროვნულ გმირად და არა იმის შემდეგ, როცა მას, სავარაუდოდ, სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამენ და არაპოპულარულ გადაწყვეტილებაზე თანხმობას აიძულებენ - ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიული დათმობის სახით. „ნებისმიერ არჩევნებს, თუ ისინი ჩატარდება, მათ, ყველა შემთხვევაში, რეფერენდუმის სახე ექნებათ ვოლოდიმირ ზელენსკის საქმიანობის შეფასების თვალსაზრისით“, - ამბობს ვლადიმერ ფესენკო, უკრაინელი პოლიტოლოგი, - გენერალ ვალერი ზალუჟნის გარდა, რომელიც უკრაინის არმიის სარდალია, ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად სხვა აშკარა კონკურენტი არ ჰყავს... მაგრამ ზელენსკის გუნდი აცნობიერებს, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს“.

ომის დროს არჩევნების ჩატარება, როცა უკრაინის ექვსი მილიონი მოქალაქე საზღვარგარეთ არის გახიზნული, ხოლო ასეულ ათასობით ჯარისკაცი მშობლიური სახლებიდან შორს იბრძვის, ძალიან ძნელი ამოცანა იქნებოდა. გარდა ამისა, უკრაინის ტერიტორიაზე გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს. იმ შემთხვევაში, თუ   ხელისუფლება გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, მაშინ პარლამენტს არჩევნების წესის შეცვლა მოუწევს. თავდაპ[ირველად ლაპარაკი იყო ორივე არჩევნების შემოდგომაზე ცატარების თაობაზე, მაგრამ დღეს აშკარაა, რომ ამის გაკეთება უკვე ძალიან დაგვიანებულია. და საერთოდ, როგორც საზოგადოებრივი გამოკითხვები ადასტურებს, ზელენსკის გუნდისათვის ძნელი იქნება მოსახლეობის დარწმუნება ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში. „ჯერ-ჯერობით, ამ ეტაპზე ელექტორატში ამის მოთხოვნა არ არის“, - ამბობს ლიუბომირ მისივი კიევის სოციოლოგიური ჯგუფიდან, - მოსახლეობა, უბრალოდ, გაკვირვებულია ამ იდეის წამოყენების გამო“.

მაგრამ როცა [ვოლოდიმირ ზელენსკის] სამხედრო წარმატება არ აქვს, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვა რთული იქნება. სხვათა შორის, ბოლო დროს [ხელისუფლებისათვის] მოულოდნელი სიმპტომები ჩნდება: აგვისტოს დასაწყისში უკრაინელმა ცნობილმა სნაიპერმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დაკარგული ტერიტორიების სრულად დაბრუნების იმედი ეწურება. მისი ვარაუდით, დღეს ბევრი უკრაინელი ჯარისკაცი მიესალმებოდა ცეცხლის შეწყვეტას, ანუ იმ ნაბიჯს, რომელიც ცოტა ხნის წინათ წარმოუდგენელი იყო. მაგრამ ხელისუფლებაში ამ განწყობას ცოტა თუ მიესალმება, რადგან უკვე დიდი სისხლია დაღვრილი; „ახლა ნებისმიერი მშვიდობა ომის გადადებას ნიშნავს, რომელიც ისევ იფეთქებს“, - ამბობს წყარო გენერალური შტაბიდან, - რატომ უნდა დავაკისროთ ეს პრობლემა მომავალ თაობას?“.

ბევრი უკრაინელ ახალგაზრდას ომისგან გამოწვეული საფრთხეები ემუქრება, რომელსაც დასასრული არ უჩანს. არმიაში გაწვევის უწყების მიღება მათზე დამთრგუნველად მოქმედებს. ვისაც ბრძოლა სურდა, ისინი მოხალისეებად დიდი ხნის წინ ჩაეწერნენ, დღეს კი ხელისუფლება არმიაში ძირითადად იწვევს იმათ, ვისაც ბრძოლა არ სურს. „ეს გარემოება დაძაბულობას ზრდის, რომელიც უკვე შესამჩნევი ხდება. სიკვდილი არავის არ სურს“, - ამბობს ანასტასია ზამულა, - ყველამ იცის, რომ ტერიტორიების დაბრუნება მრავალი ჯარისკაცის დაღუპვის ტოლფასია. კონტრშეტევის წარმატების იმედიც კი თვითგანადგურების აქტად გადაიქცა“.

წყარო: https://www.economist.com/europe/2023/08/20/ukraines-sluggish-counter-offensive-is-souring-the-public-mood

 

 

Тбилиси
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати