USD 2.7075
EUR 3.1583
RUB 3.3787
Tbilisi
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინის ცხოველთა სამყაროც ომის მსხვერპლი გახდა“
Date:  306

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) ყურადღებას აქცევს უკრაინაში ომით გამოწვეულ ეკოლოგიურ ზარალს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის ცხოველთა სამყაროც ომის მსხვერპლი გახდა“, რომელშიც განხილულია ის ეკოლოგიური ზიანი, რაც უკრაინის ფლორასა და ფაუნას მიადგა.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია გრძელდება, ადამიანების გარდა, ცხოველებსაც შეეხო, თუმცა სხვადასხვანაირად. დიდი ალბათობით, საომარი მოქმედებების მსხვერპლი გახდა ათობით ათასი შავი ზღვის დელფინი, თუმცა ომის დროს ნადირობის აკრძალვამ დადებიტად იმოქმედა მელიების პოპულაციაზე, რომელთა რაოდენობა მკვეტრად გაიზარდა. ომმა უზარმაზარი ეკოლოგიური ზარალი გამოიწვია: ტყეები და სტეპები გადაიწვა, მიწა და წყალი დანაგვიანებულია ნაღმების, ჭურვებისა და ბომბების ნამსხვრევებით, რაკეტების ძრავების ქიმიური მომწამლავი ნივთიერებებით. როგორც მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა უკრაინის მთავრობამ, ომმა გარემოს უკვე მიაყენა კატასტროფული ზიანი - დაახლოებით 56 მილიარდი დოლარის ოდენობით.

ორი წლის წინ, მარტში, როცა მილიონობით უკრაინელი მოქალაქე იძულებული გახდა ომს საზღვარგარეთ გაქცეოდა, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ეს იყო ხალხთა ისტორიაში ყველაზე მასობრივი გადაადგილება, რომლის დროსაც ადამიანებს თან ახლდათ შინაური ცხოველები. მგრძნობიარე და გულში ჩამწვდომი ისტორიები იმაზე, თუ როგორ პოულობდნენ მრავალსართულიანი შენობების ნანგრევებში გადარჩენილ ფისოებსა და ცუგოებს, ერთგვარად შეარბილეს იმ დროის ჟურნალისტთა მკაცრი სტატიების ატმოსფერო. მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ როცა ათასობით ადამიანი იღუპება, უკრაინის ველური ბუნების - ფლორისა და ფაუნის ბედი ნაკლებ ყურადღებას იპყრობს.

ომის შედეგები განსაკუთრებით საშინელი გამოდგა შავი ზღვის დელფინებისათვის. ივან რუსევი, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბესარაბიაში არსებული ეროვნული ბუნებრივი პარკის „ტუზლის ლაგუნის“ სამეცნიერო დირექტორი, ამბობს, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე დღეში პარკის პლაჟზე ტალღებმა მკვდარი დელფინების გამორიყა. მისი გამოთვლით, 2022 წელს დაახლოებით 50 ათასი დელფინი დაიღუპა. „დარწმუნებული ვარ 99%-ით, რომ დელფინების სიკვდილი რუსეთის სამხედრო ხომალდების ჰიდროლოკატორმა გამოიწვია, რომელმაც ცხოველები „დააბრმავა“, მათ ფსიქიკაზე იმოქმედა, საკვების მოპოვება გაუძნელა და დაასნეულა“, - ამბობს ივან რუსევი, - გარდა ამისა, თავისი ნეგატიური როლი შეასრულა თეთრფოსფორიანი საზღვაო ბომბების აფეთქებებმა, რომლებიც დელფინების კანს წვავდა“. გასულ წელს, როცა რუსეთის ფლოტის მოქმედების არეალი შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში მნიშვნელოვნად შევიწროვდა, დაღუპული დელფინების რაოდენობა შემცირდა.

ზამთრის ცივ დილას, კიევიდან დასავლეთით, 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე პატარა ქალაქ კვიტნევოსთან ახლოს შეკრებილი მონადირეები დუმილით მიაგებდნენ პატივს და ემშვიდობებოდნენ ფრონტზე დაღუპულ მათი საძმოს წევრს, შემდეგ ისინი ტყეში შევიდნენ და მელიების ძებნა დაიწყეს, მათი რაოდენობის შემცირების მიზნით. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, უკრაინაში გარეულ ცხოველებზე ნადირობა, იშვიათი გამონაკლისით, აიკრძალა. ახლა კი მელიებზე ნადირობა ნებადართულია - გრძელკუდიანი ცხოველები იმდენად გამრავლდნენ, რომ ტყიდან გამოდიან და „მაროდიორობენ“ - სოფლებში ქათმებს იტაცებენ, ძაღლებს თავს ესხმიან და კბენენ.

ვიქტორ ჩერვონი, უკრაინის მონადირეთა ასოციაციის პრეზიდენტი, თვლის, რომ მელიებზე ნადირობის აკრძალვამ მათი რაოდენობა ერთ წელიწადში 200 ათასამდე გაზარდა და ახლა, სავარაუდოდ, 500 ათასამდე იქნება მომატებული. ადრე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები ტყეებში ჰაერიდან იყრებოდა ხოლმე, მაგრამ ომის დროს უკვე ამის შესაძლებლობა შემცირდა. შესაბამისად, ადამიანებისათვის საშიში გახდა ცოფიანი მელიები და გაველურებული ძაღლები. ბოლო დროს ცოფით დაავადებამ მკვეთრად იმატა ადამიანებშიც (თითქმის 40%-ით), რომლებიც მელიებისა და ძაღლების მიერ იქნენ დაკბენილნი.

რაც შეეხება მგლებს და ენოტისებრ ძაღლებს, მათი რაოდენობაც სწრაფად მატულობს. ტყეებში გარეული ღორების (ტახების) რაოდენობის ზრდამ, თავის მხრივ, ღორების აფრიკული ჭირის შემთხვევები გაახშირა. ამიტომაც ადგილობრივი დაავადებული ღორები იმ წუთშივე იქვე ნადგურდება, სადაც კი აღმოჩენილი იქნება. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ომით დანგრეულ სოფლებში, უპატრონოდ მიტოვებული და გაველურებული მშიერი ძაღლები ხროვებს ქმნიან და ისე ნადირობენ მელიებზე და ღორებზე, რომლებისგანაც ავადმყოფდებიან და სნეულებას ავრცელებენ.

წყარო: https://www.economist.com/europe/2024/03/07/ukraines-animals-are-also-victims-of-the-war

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way