USD 2.5971
EUR 2.9090
RUB 3.2237
Tbilisi
"The Economist" (დიდი ბრიტანეთი): „თურქეთში და სირიაში მომხდარი სტიქიური უბედურების მასშტაბები: ხელისუფლება პრობლემებს შეიძლება ვერ გაუმკლავდეს“
Date:  1145

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთში და სირიაში მომხდარი სტიქიური უბედურების მასშტაბები: ხელისუფლება პრობლემებს შეიძლება ვერ გაუმკლავდეს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

„სიჩუმე ყველაზე ცუდია, როცა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენა ხდება. ყოველ 15 წუთში ბულდოზერები, ავტოამწეები და ექსკავატორები, რომლებიც ნანგრევებს წმენდენ, მუშაობას წყვეტენ, რომ მაშველებმა ადამიანთა ხმა გაიგონ. სამწუხაროდ, შენობათა ნარჩენებიდან კვნესა და ხმა აღარ ისმის, ახლობლები და ნათესავები კი ტირიან... თურქეთის ქალაქ ადანაში, სადაც 1,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან მხოლოდ დალეწილი კედლების, დამსხვრეული კარ-ფანჯრებისა და სამშენებლო ნარჩენების გროვა დარჩა. რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით იგივე სურათია - აქაც მაღლივი შენობა მთლიანად მიწასთანაა გასწორებული... ისევ ტირილი, ისევ გულისგამგმირავი ყვირილი...

ჯერ-ჯერობით იმ კატასტროფული ორბიძგიანი, 7,8 მაგნიტუდიანი მიწისძვრის სრული მასშტაბი, რომელიც თურქეთში და სირიაში 6 თებერვალს, დილაადრიან მოხდა, არავინ იცის. მსხვერპლი უკვე ათასობითაა და უწყვეტად მატულობს, რომ არაფერი ვთქვათ დაჭრილ-დაშავებულებზე. როგორც ჩანს, დაღუპულთა რაოდენობა, ნანგრევების გაწმენდის კვალობაზე, თანდათან გაიზრდება. თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მიწისძვრის შედეგად მხოლოდ ქალაქ ადანაში 6 ათასი მრავალბინიანი კორპუსი დაინგრა. სეისმოექსპერტ ოვგუნ ერჯანის თქმით, ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, 180 ათასი ადამიანია მოყოლილი და მათი უმრავლესობა, ალბათ, უკვე დაღუპულია. პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის 10 პროვინციაში, სადაც 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ადანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრის მოშორებით, სიტუაცია უფრო აპოკალიპტურად გამოიყურება: ხანძარი ბობოქრობს ისკანდერუნის ნავსადგურში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქში, შავი კვამლი იქაურობას წამლავს, მეხანძრეები კი არსად არ ჩანან. ავტოგასამართი პუნქტები იწვის... საავადმყოფოები დანგრეულია... აქა-იქ კარვები მოჩანს, სადაც გადარჩენილ მოსახლეობას და სამედიცინო სასწრაფო დახმარების მანქანებს დაღუპულებსა და დაჭრილები მიჰყავთ... ირგვლივ ქაოსი იგრძნობა.

უფრო სამხრეთით ანთაქია მდებარეობს, 400 ათას მცხოვრებიანი ქალაქი, რომელიც უძველესი ანტიოქიის მემკვიდრეა. ქალაქის ცენტრში პრაქტიკულად ყველა შენობა დანგრეულია, გარეუბნებში დაბზარულკედლებიანი კორპუსები ავარიულ მდგომარეობაშია და თანდათან ისინიც ინგრევიან. მოხალისეები დაშავებულებს საჭმელს და ტანსაცმელს ურიგებენ. ტროტუარზე ახლობლები დაღუპულ შვილებსა და ოჯახის წევრებს დასტირიან: „ძმაო, რატომ მიმატოვე... ჩვენ ხომ ბევრი რამ ერთად უნდა გაგვეკეთებინა...“. ცაში სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავენ და ტვირთებს ყრიან.

მაშველები გამალებული მუშაობენ, ისინი ტექნიკას იყენებენ, მაგრამ შიშველი ხელითაც ბევრს აკეთებენ, რომ ნანგრევებში ჩამარხული და ცოცხლად დარჩენილები ფრთხილად გამოიყვანონ. ამიტომ სამაშველო სამუშაოები ჭიანურდება. ბევრს უნდა, რომ უპირველესად მათი საცხოვრებელი შენობა გაიწმინდოს და ოჯახის წევრებს უშველონ...

მეზობელ სირიაშიც თითქმის იგივე მდგომარეობაა. იქ მიწისძვრამ მოიცვა როგორც ბაშარ ასადის ხელისუფლების მიერ კონტროლირებული პროვინციები (ალეპო, ტარტუსი, ლატაკია), ასევე ოპოზიციის მიერ კონტროლირებულიც - მაგალითად, იდლიბის პროვინცია, სადაც ლტოლვილები ცხოვრობენ და ე.წ. „თეთრი ჩაფხუტები“ - სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ჯგუფები მუშაობენ. ისინი იდლიბში დიდი ხანია იმყოფებიან და კარგად იციან თავიანთი საქმე - ომის შედეგად დანგრეული შენობებიდან დაშავებულების გამოყვანა და პირველი სამედიცინო დახმარების გაწევა, მაგრამ, სამწუხაროდ, „თეთრი ჩაფხუტები“ ცოტანი არიან - მხოლოდ 3000 მოხალისე ოთხმილიონი მოსახლეობის მქონე პროვინციაში, სადაც ყველა საავადმყოფო ჯერ კიდევ წლების წინ არის დანგრეული რუსეთისა და სირიის მთავრობის ავიაციისა და არტილერიის მიერ.

თურქეთის არმიამ, რომელსაც [რუსეთთან და ირანთან შეთანხმებით], სირიის იდლიბის პროვინციაში რამდენიმე მცირე ბაზა აქვს, რეგიონში პირველივე დრეს სამაშველო რაზმები გაგზავნა, მაგრამ სრულმასშტაბიანი დახმარების გაწევა ყოვნდება. იდლიბში აეროპორტი არ არის, უახლოესი კი, თურქულ ანთაქიაში, დახურულია, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაზიანების გამო, რკინიგზა არ მუშაობს, საავტომობილო გზები კი დანგრეულია, მოქმედებს მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამსვლელი პუნქტი, რომელიც მიწისძვრამ ძალიან დააზიანა. ფაქტიურად, იდლიბის მოსახლეობისათვის მაშველი რგოლის როლს თურქეთი ასრულებს, რომელსაც, სტიქიის გამო, თავისი პრობლემებიც აქვს.

გაერომ შვიდ თებერვალს განაცხადა, რომ სირიის იდლიბში ამჟამად თურქეთის მიერ ტრანსასაზღვრო დახმარების გაწევა შეწყვეტილია და ჯერ-ჯერობით, არავინ იცის, თუ როდის განახლდება. ცხადია, ასეთი სიტუაცია მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის პროცესს ძალიან შეაყოვნებს. იდლიბში მილიონობით ადამიანი განიცდის სურსათ-სანოვაგის, მედიკამენტებისა და პირველი მოხმარების საგნების მწვავე  უკმარისობას. სხვათა შორის, ბოლო დროს იდლიბელ ლტოლვილებს ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდათ - გავრცელდა სხვადასხვა ინფექციები, ზაფხულში გვალვა, სასმელი წყლის დეფიციტი, ახლა კი უჩვეული სიცივე და მიწისძვრა..

სიტუაცია უკეთესი არ არის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ბაშარ ასადის ხელისუფლება აკონტროლებს. ყველაზე მეტი მსხვერპლი ალეპოშია, რომელიც ისედაც ძალიან იყო დაზიანებული ომის შედეგად და ახლა მიწისძვრამ გადარჩენილი ავარიული შენობებიც დაანგრია. ლატაკიაში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე პროვინციაშიც მნიშვნელოვანი ნგრევა შეინიშნება, რაც ბაშარ ასადის რეჟიმისათვის განსაკუთრებით საგრძნობია: ლატაკია  ასადების ოჯახის ისტორიული სამშობლოა და აქაური მოსახლეობა სამოქალაქო ომის დროს ხელისუფლებისადმი ლოილური დამოკიდებულებას გამოხატავდა.

თვითონ ბაშარ ასადს, რომელსაც საერთაშორისო სანქციები აქვს გამოცხადებული, მეგობრები თითქმის არ ჰყავს. თუმცა დამასკოს რამდენიმე ქვეყანამ დახმარება მაინც შესთავაზა - უპირველესად, რასაკვირველია, რუსეთმა - იქ მისი ჯარისკაცები არიან და ნანგრევებს წმენდენ. სირიაში დახმარება თვითმფრინავებით გაგზავნეს არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ალჟირმა, ეგვიპტემ და ირანმა, მაგრამ ეს დახმარება ზღვაში წვეთია. როგორც ჩანს, სირიის ომით გაწამებულ მოსახლეობას ტანჯვა კიდევ უფრო გაუმწვავდება.

თურქეთში უკვე შეინიშნება მოსახლეობის იმედგაცრუების ნიშნები. ისეთი შეგრძნებაა, რომ ზოგიერთი რაიონი [ცენტრალური ხელისუფლების მიერ] თითქმის მიტოვებულია. მთავრობა აცხადებს, რომ მიწისძვრის რაიონებში 18 ათასი ჟანდარმი და 10 ათასი პოლიციელი გაგზავნა, ასევე ასობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, არმიის სატვირთო ავტომობილები, არმია აქტიურად მონაწილეობს მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ სამაშველო სამუშაოებში ძირითადად მხოლოდ მოხალისეები მონაწილეობენ. „მაგრამ მათ შესაბამისი ტექნიკა არ აქვთ“, - ამბობს მამაკაცი, რომელიც ანთაქიაში თავისი დანგრეული სახლის წინ დგას. „მოხალისეები იმდენს ვერაფერს გააკეთებენ, თუ მათ სახელმწიფო სტრუქტურა - საგანგებო სიტუაციების სააგენტო - არ დაეხმარება“ (წყარო: https://www.economist.com/europe/2023/02/07/the-scale-of-the-disaster-in-turkey-and-syria-keeps-growing).

მოამზადა სიმონ კილაძემ

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way