USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „სი ძინპინის მცდარი გეგმა ეკონომიკური სტაგნაციიდან გამოსვლისათვის: იგი იმედებს გაუცრუებს ჩინელ ხალხს, დასავლეთში კი აღშფოთებას გამოიწვევს“
Date:  172

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „სი ძინპინის მცდარი გეგმა ეკონომიკური სტაგნაციიდან გამოსვლისათვის: იგი იმედებს გაუცრუებს ჩინელ ხალხს, დასავლეთში კი აღშფოთებას გამოიწვევს“, რომელშიც გაანალიზებულია ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა და კომპარტიის ძალისხმევა უძრაობიდან (სტაგნაციიდან) გამოსვლისათვის: რეალურია თუ არა სი ძინპინის გეგმის - „ჩინური ოცნების“ - განხორციელება?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დღეისათვის ჩინეთი ყველაზე სერიოზული ეკონომიკური გამოცდის პროცესში იმყოფება მას შემდეგ, რაც 1990-იანი წლებში დენ სიაპონის მიერ ინიცირებული მასშტაბური რეფორმები დაიწყო. 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკამ 5%-იან ზრდას მიაღწია, მაგრამ ჩინური მრავალწლიანი სასწაულის საძირკველი  მყიფე გახდა: შრომისმოყვარეობით განთქმული ჩინური შრომითი რესრურსები მცირდება, უძრავი ქინების ბაზარზე ისტორიაში ყველაზე აქტიური ბუმი საბოლოო ჯამში, კრახით დასრულდა, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის გლობალური სისტემა, რომელიც ჩინეთს გამდიდრებაში ეხმარებოდა, იშლება. ქვეყნის ლიდერმა სი ძინპინი ცდილობს გაორმაგებული ენერგიით განახორციელოს ჩინური ეკონომიკის გარდაქმნის გაბედული გეგმა.

უთავსებს რა ერთმანეთს ტექნოუტოპიზმს, ცენტრალიზებულ დაგეგმვას და უსაფრთხოების დაცვას, ჩინეთის ხელმზღვანელობის ამგვარი მოქმედება ასახავს პეკინის სწრაფვას, რომ იგი ხვალინდელი დღის პერსპექტიულ დარგებში დომინირებდეს. მაგრამ ამგვარი მიდგომის წინააღმდეგობრივი ხასიათი იმასაც ნიშნავს, რომ სი ძინპინი ჩინელ ხალხს იმედს გაუცრუებს, დანარჩენ მსოფლიოსაგან კი რისხვას გამოიწვევს.

„ჩინური ოცნების“ ჰორიზონტები და...

იმასთან შედარებით, რაც 12 თვის წინ იყო (რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკურად  აქტიური განვითარების პერიოდზე), ჩინეთში განწყობა ძალზე ნეგატიურია. მართალია, მარტში წარმოება ცოტა გამოცოცხლდა, მაგრამ უარყოფითი პროცესები გრძელდება. დეფლიაციის გამო ბიზნესი იმედგაცრუებულია. სხვადასხვა პროგნოზებით, 2050 წლისათვის ჩინეთი თავისი შრომითი რესურსების 20%-ს დაკარგავს. უძრავი ქონებით ვაჭრობის ბაზარზე შექმნილი კრიზისული ვითარების გამოსწორებას (უძრავ ქონებაზე კი ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მეხუთედი მოდის) წლების დაჭირდება. თავის მხრივ, ეს დაარტყამს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, რომლებიც კომპანიებისათვის მიწების გაყიდვას იმედოვნებდნენ შემოსავლების მიღების მიზნით. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას: ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა შედარებით უფრო მდგრადი გახდა - გასულ კვირას სი ძინპინმა და ჯო ბაიდენმა ტელეფონით ისაუბრეს, მაგრამ პეკინ-ვაშინგტონის ურთიერთდამოკიდებულება მაინც მყიფეა. ჩინელი ოფიციალური პირები დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკა ჩინურ პროდუქციაზე დამატებით შეზღუდვებს დააწესებს და ბევრ ჩინურ კომპანიას დასჯის - იმის მიუხედავად, თუ ვინ დაიკავებს თეთრ სახლს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად.

ჩინეთის პასუხი იქნება ის სტრატეგია, რომელიც ეფუძნება „ახალ საწარმოო ძალებს“ და რაც საშუალებას მისცემს პეკინს უარი თქვას მომხმარებელთა სტიმულირების ტრადიციულ წესებზე ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად. ამის ნაცვლად სი ძინპინს სურს, რომ სახელმწიფო ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს გადამამუშავებელი მრეწველობის ახალ მოწინავე დარგების განვითარებას, რაც, თავის მხრივ, მაღალმწარმოებლურ სამუშაო ადგილებს შექმნის, ჩინეთს თვითკმარ ქვეყნად გადააქცევს და ამერიკული სავარაუდო სანქციებისაგან და აგრესიისაგან დაიცავს. ჩინეთი ნახტომს განახორციელებს ფოლადის წარმოებასა და ცათამბჯენების მშენებლობაში, ოქროს ერაში შეიყვანს ელექტრომობილების, აკუმულატორების, ბიომექანიკის პროდუქციის წარმოებას და მოსახლეობას დრონების ბაზაზე „მცირე სიმაღლის აპარატებით“ მომსახურების უმაღლეს დონეს შესთავაზებს.

ამ გეგმის მასშტაბები გასაოცარია: ყოველწლიური ინვესტიციები „ახალ საწარმოო ძალებში“ 1,6 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც მთელი ინსვესტიციების ერთ მეხუთედ ნაწილს შეადგენს და ორჯერ მეტს, ვიდრე ხუთი წლის წინ იყო. ეს არის 43%-იანი ექვივალენტი იმ ინვესტიციებისა, რაც 2023 წელს აშშ-ის ეკონომიკაში ჩაიდო. ზოგიერთ დარგებში 2030 წლისათვის საწარმოო ძალები შესაძლოა 75%-ით და მეტითაც გაიზარდოს. ნაწილობრივ ეს განხორციელდება მსოფლიო დონის ჩინური კერძო კომპანიების მეშვეობით, მაგრამ ბევრი რამ სახელმწიფოს სუბსიდიებით გაკეთდება. უცხოური ინვესტიციები მისასალმებელია, მაგრამ ბევრი უცხოური ფილმა ჩინეთში „უკვე დაიწვა“. სი ძინპინის საბოლოო მიზანია მსოფლიო ეკონომიკაში ძალთა ბალანნსის შეცვლა. ჩინეთი არა მხოლოდ თავიდან მოიშორებს დასავლურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას, თვითონ გააკონტროლებს მსოფლიოს ინტელექტუალური საკუტრების მნიშვნელოვან ნაწილს. ტრანსეროვნული კორპორაციები იძულებულნი გახდებიან თვითონ კი არ ასწავლონ ჩინელებს, არამედ ჩინური გამოცდილება თვითონ შეისწავლონ.

... ჩრდილოვანი მხარეები

მაგრამ ჩინეთის ოცნებები აუხდენელ-შეუსრულებელია - სი ძინპინის გეგმა ძირშივე მცდარია. მისი ერთ-ერთი ნაკლოვანება იმაში გამოიხატება, რომ არ ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესებს. მოსახლეობას რომ ხელი შეეწყოს შრომისათვის, ამისათვის აუცილებელია სტიმულები - უნდა გაუმჯობესდეს სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის დონე, უნდა განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ახალგაზრდებს დააკმაყოფილებს.  სი ძინპინი კი დახმარებას უძრავი ქონებით სპეკულაციურად მოვაჭრე კომპანიებს პირდება, ახალგაზრდებს კი მოუწოდებს - „ნაკლებად განებივრებულად იცხოვრეთ და მზად იყავით, რომ წინ მძიმე ცხოვრებას გაუძლოთო“.

კიდევ ერთი ნაკლოვანებაა ის რომ სუსტი შინაგანი მოთხოვნილების (მოხმარების) გამო ჩინეთი იძულებული იქნება წარმოებული პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტი მოახდინოს. სამწუხაროდ, მსოფლიო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს 2000-იანი წლებიდან დაშორდა, სხვათა შორის, თვითონ ჩინეთის მერკანტილური პოლიტიკის გამო. ამერიკა უეჭველად დაბლოკავს ჩინური მოწინავე ტექნოლოგიების იმპორტს და ასევე უეჭველად ხელს შეუშლის სხვა ქვეყნებში ჩინური კომპანიების საქმიანობას. ევროპა ისედაც პანიკაშია იმის გამო, თუ როგორ ანადგურებს ჩინური ავტომობილები ევროპულ ავტომრეწველობას და ცდილობს პეკინის შეზღუდვას. ჩინელი  ჩინოვნიკების თქმით, ისინი „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებზე გადაერთვებიან, მაგრამ თუ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა „ჩინური შოკით“ დაზარალდება, ისინიც სიფრთხილეს გამოიჩენენ.. ჩინეთზე მსოფლიო წარმოების 31% მოდის და განა რამდენად გაიზრდება ეს ციფრი პროტექციონიზმის ეპოქაში?

ჩინელი ბიზნესმენების შიში: „წმენდები და რეპრესიები“

სი ძინპინის გეგმის ბოლო ნაკლოვანება არის მისი არარეალისტური მიდგომა იმ მეწარმე-ბიზნესმენთა მიმართ, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩინური ეკონომიკის მოტორს წარმოადგენდნენ. ანუ ინვესტიციები იმ ახალ დარგებში, რომლებიც კომპარტიის პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობენ, გაიზრდება, მაგრამ სხვა ძველი ტრადიციული ე.წ. მოძველებული „კაპიტალისტური დარგების“ განვითარება სარისკო ხდება. ბევრი მსხვილი ჩინელი ბიზნესმენი უკმაყოფილოა სი ძინპინის არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გამო და შიშობენ - ვაითუ წმენდები და რესპრესიები დაიწყოსო. უცხოელი კომპანიებიც სიფრთხილეს იჩენენ: შეიმჩნევა კაპიტალის გადინების დაჩქარებისა და მაგნატების ემიგრაციის ნიშნები.

ჩინეთი შეიძლება 1990-იანი წლების იაპონიას დაემსგავსოს, რომელიც დეფლიაციის ხაფანგში მოექცა და უძრავი ქონების ბაზრის კრახი განიცადა. რაც უფრო უარესია, ჩინური ეკონომიკური ზრდის ცალმხრივ მოდელს საერთაშორისო ვაჭრობის ძირის გამოთხრა შეუძლია და თუ ასე მოხდება, ამით გეოპოლიტიკური დაძაბულობა გაძლიერდება. ამერიკას და მის მოკავშირეებს ასეთი სცენარი არ მოეწონებათ და ზომებს მიიღებენ.

სი ძინპინი არავის არ უსმენს

ისმება კითხვა: თუ ეს ნაკლოვანებები აშკარად ჩანს, მაშინ რატომ არ ცვლის ჩინეთი „ახალი საწარმოო ძალების“ განვითარების კურსს?

ერთ-ერთი მიზეზი იმაში გამოიხატება, რომ სი ძინპინი არავის არ უსმენს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩინეთი გახსნილი იყო ეკონომიკური დისკუსიებისათვის, უცხო სპეციალისტების მონაწილეობითაც. ჩინელი ტექნოკრატები სწავლობდნენ  მოწინავე მსოფლიო გამოცდილებას და მიესალმებოდნენ აქტიურ ტექნიკურ მოწინავე აზრებს. სი ძინპინის ცენტრალიზებული მართვის გაძლიერების პირობებში კი ეკონომიკის ექსპერტები კი გარიყულები აღმოჩნდნენ. ის აქტიური საქმიანი გამოძახილები კი, რომლებსაც ადრე ჩინეთის ლიდერები ექსპერტებისგან იღებდნენ, დღეს უკვე სუფთა პირფერობად და მლიქვნელობად გადაიქცა.

სი ძინპინის კიდევ ერთი შეცდომა არის ის, რომ იგი თვლის - ეროვნულ უსაფრთხოებას უფრო მეტი პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ცხოვრების კეთილდღეობის ზრდასა და აყვავებას. ანუ ჩინეთი მზად უნდა იყოს აშშ-სთან ბრძოლისათვის, თუნდაც ამისათვის განსაზრვრული მძიმე ფასის გადახდა გახდეს საჭირო. სხვათა შორის, 1990-იან წლებთან შედარებით ჩინეთის მიდგომებში ეს ძალზე მნიშვნელოვან და ღრმა ცვლილებას წარმოადგენს, რომლის ნეგატიურ შედეგებს თვითონ ჩინეთის გარდა, მსოფლიოც იგრძნობს.

წყარო: https://www.economist.com/leaders/2024/04/04/xi-jinpings-misguided-plan-to-escape-economic-stagnation

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way