ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 18 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთის არამზადა ხელისუფლება მხოლოდ უკრაინას კი არა, მთელ მსოფლიოს ემუქრება“. ანალიტიკურ პუბლიკაციაში ხაზგასმულია: „დასავლეთმა უნდა აჩვენოს, რომ მისი მტერი მხოლოდ ვლადიმერ პუტინის რეჟიმია და არა 143 მილიონი უბრალო რუსი მოსახლეობა“.
გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:
მეფეთა მსგავსად, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი ბაძავს, მას მალე აკურთხებენ რუსეთის მმართველად კიდევ ექვსი წლის ვადით. მართალია, არჩევნები, რომელიც, წინასწარი შედეგებით, მან მოიგო, პრაქტიკულად ფიქტიურია, მაგრამ, ამის მიუხედავად, თვით ფაქტი დასავლეთისთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს. რუსეთის რეჟიმი არამარტო არ დაემხო, არამედ თავისი მდგრადობა დაადასტურა. ვლადიმერ პუტინის ამბიციები გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს და უკრაინის ფარგლებს გარეთ ვრცელდება. მას შეუძლია დიდი განხეთქილება დათესოს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, ზიანი მიაყენოს გაეროს და კოსმოსში ბირთვული იარაღი განათავსოს. დასავლეთმა რუსეთი გარიყა, შეზღუდა, სანქციები გამოუცხადა, მაგრამ ისეთი სტრატეგია, რომელიც გრძელვადიანი უნდა იყოს, რომელიც არამარტო უკრაინის დახმარებაში იქნება გამოხატული კრემლის წინააღმდეგ, არამედ უფრო შედარებით ყოვლისმომცველ გლობალურ მოქმედებაში, ამჟამად დასავლეთს არ აქვს. დასავლეთმა უნდა აჩვენოს, რომ მისი მტერი ვლადიმერ პუტინის რეჟიმია და არა 143 მილიონი რიგითი რუსი მოსახლეობა.
რუსეთის რეჟიმის მდგრადობის მიზეზები
დასავლეთში ბევრი იმედოვნებდა, რომ სანქციები და ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის მიმართ დაშვებული შეცდომები, ათი ათასობით ახალგაზრდა რუსების უაზრო მსხვერპლის ჩათვლით, მის რეჟიმს ძირს გამოუთხრიდა და დაამხობდა, მაგრამ კრემლმა კრიზისი გადაიტანა. რეჟიმის მდგრადობას რამდენიმე საფუძველი აქვს: რუსეთის ეკონომიკა გარდაიქმნა - სამხედრო რელსებზე გადავიდა; ნავთობისა და გაზის ექსპორტი, სანქციების მიუხედავად, ისევ გრძელდება - ევროპის ნაცვლად, ენერგოშემცველები ახლა მილსადენებით და ტანკერების მეშვეობით, გამალებული ტემპით ჩინეთს, ინდოეთს და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს მიეწოდება; დასავლური ბრენდები მრავალმა ადგილობრივმა და ჩინურმა კომპანიამ ჩაანაცვლეს. მასმედიაში და სასწავლო სახელმძღვანელოებში უწყვეტად მიმდინარეობს რუსული ნაციონალიზმის შელამაზებული პროპაგანდირება - რუსები ისეთი ხალხია, რომელიც ყოველთვის მზად არის მსხვერპლი გაიღოს კაცობრიობის კეთილდღეობისათვის. ქვეყნის შიგნით სხვაგვარად აზროვნება ჩახშულია. ვლადიმერ პუტინის ყველაზე ქარიზმატული მეტოქე - ალექსი ნავალნი - თანამედროვე „გულაგში“ იქნა მოკლული.
დიდი ალბათობით, რაც დრო გავა, რუსეთის ხელისუფლების წინაშე სულ უფრო მეტი პრობლემები დადგება, გაიზრდება მოწყვლადობის დონე. დასავლეთთან ტექნოლოგიური კავშირების გაწყვეტა ნეგატიურად იმოქმედებს წარმოებაზე: გავიხსენოთ, რომ რუსული ავიაკომპანიების კუთვნილი ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავების „ბოინგების“ ცვეთის კოეფიციენტი სულ უფრო მატულობს, ხოლო მათი პროგრამული უზრუნველყოფა პირატული ვერსიებით ხორციელდება. ჩინურ ტექნოლოგიებზე მზარდი დამოკიდებულება შეიძლება საბოლოოდ რუსული ეკონომიკისათვის სუსტ ადგილად იქცეს. ეკონომიკის მილიტარიზაცია, რომელიც ამ ეტაპზე წარმოების ზრდას უზრუნველყოფს, მოგვიანებით ცხოვრების დონეს დააქვეითებს. საბოლოო ჯამში. ყველაფერი ერთად დემოგრაფიულ მდგომარეობას გააუარესებს - მოსახლეობის რაოდენობა უახლოეს ოცწლეულში ერთი მეათედით შემცირდება.
პუტინი - დემოკრატიის მტერი
ვლადიმერ პუტინი, რომელიც ახლა 71 წლისაა, ბერდება, სავარაუდოდ, დაიწყება ბრძოლა „ტახტის მემკვიდრეობისათვის“. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ტირანის სიკვდილის პროგნოზირება ხშირად რთულია, სავარაუდოდ, პუტინის მმართველობა, ალბათ, კიდევ ათეული წელი მაინც გაგრძელდება.
ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირი თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნებისათვის როგორც სამხედრო, ისე იდეოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენდა. დასავლეთი წარმატებით ახრხებდა კრემლის შეკავებას და საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ ხელს უწყობდა რუსეთში ლიბერალურ-დემოკრატიული და საბაზრო რეფორმების გატარებას. ვლადიმერ პუტინი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებაში 1999 წელს მოვიდა, რუსული დემოკრატია უკან დასწია - ჯერ ნელ-ნელა, შემდეგ კი უფრო სწრაფი ტემპებით - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის დიდი ქალაქების ახალგაზრდებმა 2010-იან წლებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოაწყეს. დასავლეთი პუტინს აკრიტიკებს იმ მიზეზით, რომ იგი, თავისი რეჟიმის დაცვის მიზნით, ცდილობს რუსეთი ისევ დახურულ ქვეყნად გადააქციოს და რუსი ხალხი აშშ-სა და ნატოსთან საბრძოლველად განაწყოს და გააერთიანოს.
დღეს რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ საშუალო ევროპული ქვეყნის მოცულობისაა და მისი წარმოება ხალხის კეთილდღეობაზე არ არის გათვლილი, იარაღისა და ენერგონედლეულის გარდა, მას ფართო მოხმარების საექსპორტო პროდუქცია თითქმის არ აქვს. და მაინც მოსკოვი მსოფლიოსათვის გლობალურ მუქარას წარმოადგენს. უშუალო საფრთხე იქმნება იმით, თუ ომში უკრაინა დამარცხდება. დიდი ალბათობით, რუსეთი თავს დაესხმება სხვებსაც - მოლდოვას და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თუმცა პუტინის ამბიციები მხოლოდ ამით არ მთავრდება.
რუსეთის მტრული ზრახვები და ანტიდასავლური პროპაგანდა
განვიხილოთ რუსეთის ახალი, არატრადიციული სამხედრო ზრახვები. ცნობილი ხდება, რომ კრემლი ექსპერიმენტებს აწარმოებს კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსების მიზნით. მისი დრონები და კიბერშეტევები საშუალებას იძლევა საფრთხე შექმნას რუსეთის ფარგლებს გარეთ. რუსეთის დეზინფორმაციის ინდუსტრია სიცრუეს ავრცელებს და ადამიანებში დაბნეულობას იწვევს. კრემლის ასეთმა პოლიტიკამ აფრიკული საჰელის ზონაში არსებული ქვეყნების დესტაბილიზაცია მოახდინა. გარდა ამისა, რუსეთი მხარს უჭერს სირიისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მმართველ დეპოტურ რეჟიმებს.
მიმდინარე წელს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია დაგეგმილი არჩევნების ჩატარება. კრემლს თავისი პოლიტიკით შეუძლია მათზე გავლენა მოახდინოს - რუსეთის მიერ შეთხზული ანტიდასავლური პროპაგანდა „გლობალური სამხრეთის“ ბევრი ქვეყნის მოსახლეობას სჯერა, მაგალითად ის, რომ რუსეთი უკრაინას ნაცისტებისაგან ათავისუფლებს, რომ ნატო ნამდვილი აგრესორია და რომ დასავლეთი ცდილობს ყველა სხვა ქვეყანას თავს მოახვიოს თავისი დეკადენტური სოციალური ნორმები და ყალბი ფასეულობები. სათანადოდ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ რუსეთს სეუძლია თავისი გავლენა გაავრცელოს 1945 წლის შექმნილ გლობალურ ინსიტუტებზე, მათ შორის გაეროზე და მის უშიშროების საბჭოზე. რუსეთი გადაიქცა ნიჰილისტურ და უპროგნოზო მტრად ლიბერალური მსოფლიო წესრიგისათვის, რომელსაც მიდრეკილება აქვს დანგრევისა და საბოტაჟისაკენ. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი წარმოადგენს ირანისა და ჩრდილოეთი კორეის სტეროიდულ ჰიბრიდს, რომლებიც ათასობით ბალისტიკური (ბირთვული) რაკეტით არიან შეიარაღებულნი.
რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა?
ამერიკამ და ევროპამ ფსონი ორ სტრატეგიაზე დადეს: უკრაინის დაცვაზე და ანტირუსულ სანქციებზე. ამ ორიდან კი კრემლის აგრესიული ზრახვების გასაუვნებლად მიმართულ ყველაზე ეკონომიკურად ეფექტურ საშუალებას უკრაინელი დამცველების შეიარაღება და დაფინასება წარმოადგენს. სამწუხაროდ, დასავლეთის სიმტკიცე და გაბედულება მოიკოჭლებს და ხშირად სკანდალურ უუნარობას აჩვენებს. რაც შეეხება სანქციებს, ისინი ნაკლებად ეფექტურნი აღმოჩნდნენ. როგორც კვლევები აჩვენებს, სანქციებს მსოფლიოს ქვეყნების 80% არ იცავს. ეს ისეთი ქვეყნებია, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მსოფლიო წარმოების 40%-ის ტოლფასია. ისინი ნებას აძლევენ რუსეთს თავისუფლად ივაჭროს და საჭირო პროდუქციის იმპორტი განახორციელოს. ამით, ბუნებრივია, სანქციებს ჯეროვანი შედეგები არ მოაქვს. დასავლეთი ერთგვარ წინააღმდეგობას აწყდება: თუ ვაშინგტონი და ბრიუსელი ზეწოლას მოახდენენ სანქციების დამრღვევ ქვეყნებზე, შეიძლება ზეწოლა უკან შეუბრუნდეთ - ვაითუ ზოგიერთმა უარი განაცხადოს დასავლურ ფინანსურ სისტემაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე სავარაუდო გზა საკმაოდ მორიდებულად გამოიყურება: მიზანმიმართული სანქციების შენარჩუნება იმ პირების მიმართ, რომლებიც კრემლთან არიან დაკავშირებულები და იმის უზრუნველყოფა, რომ დასავლური ტექნოლოგიები რუსეთისათვის ძნელად მისაწვდომი და შეუძლებელი გახდეს, კონტროლის გამკაცრების გზით.
ეს ნიშნავს, რომ ეფექტური ანტირუსული სტრატეგიის დროს ყურადღება უნდა დაეთმოს ორ ძირითად მომენტს: სამხედრო ძლიერების ზრდას და რუსული აგრესიის პერსპექტიულ შეკავებას. ევროპის სისუსტე აშკარაა - ქვეყნების დიდი უმრავლესობის ბიუჯეტებში სამხედრო ხარჯებისათვის 2%-ზე ნაკლებია გათვალისწინებული და თუ ამ ფონზე თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება, აშშ-ის ერთგულება ნატოს მიმართ შეიძლება შესუსტდეს. ევროპის ქვეყნებისათვის აუცილებელია, რომ სამხედრო ხარჯებს ბიუჯეტის მთლიანი მოცულობის 3% მოხმარდეს და მოემზადოს ბიძია სემის იზოლაციონისტური კურსისათვის.
დასავლეთი და რუსეთი: იდეების ბრძოლა
დასავლეთისათვის ასევე აუცილებელია ისარგებლოს მისი ერთ-ერთი ძლიერი იარაღით - უნივერსალური ლიბერალური ფასეულობებით. სწორედ მათ, აგრეთვე „ვარსკვლავურმა ომებმა“ და დოლარებმა დაამხეს საბჭოთა რეჟიმი, გამოამჟღავნეს მისი ტოტალური სისტემის არაადამინური ხასიათი. დასავლურმა დიპლომატიამ სათანადო წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსულ დეზინფორმაციას „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებში. დასავლეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს რუსულ საზოგადოებას, რუსეთის რიგით მოქალაქეებს და არ უნდა მოექცეს მათ, როგორც გარიყული ქვეყნის მოსახლეობას. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთმა ფართოდ გააშუქოს რუსეთის მმართველი რეჟიმის დარღვევევი ადამიანის უფლებების დაცვაში, ეს ნიშნავს დისიდენტების მხარდაჭერას და იმ რუსი მოქალაქეების მიმართ ყურადღების გამოჩენას, რომლებსაც თავიანთი ქვეყნის დატოვება და დასავლეთში ცხოვრება სურთ. ეს ნიჩნავს რუსეთში ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას სიტუაციის რეალური ასახვის გზით. და ბოლოს, ეს ნიშნავს იმას, რომ სანქციები არ უნდა გავრცელდეს ჰუმანიტარულ სფეროზე - აფთიაქებიდან და მედიკამენტებიდან დაწყებული, საგანმანათლებლო სფეროთი დამთავრებული.
მოკლევადიან პერსპექტივაში მცირე შანსებია იმისა, რომ რუსული ელიტა ან რიგითი მოქალაქეები ვლადიმერ პუტინის რეჟიმს დაამხობენ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღარ იქნება გარიყული ქვეყანა, თუ ამას მისი ხალხი მოისურვებს.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.economist.com/leaders/2024/03/14/rogue-russia-threatens-the-world-not-just-ukraine